რუსეთის მასირებული საჰაერო შეტევა უკრაინაზე 14 ივნისის საღამოს დაიწყო და 15 ივნისის დილამდე გაგრძელდა. დაიღუპა 11 ადამიანი, 53 კი დაშავდა. რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს კიევში, ხარკოვში, სუმსა და დნიპროში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე, კულტურისა და განათლების დაწესებულებებზე.
უკრაინის დედაქალაქში დაზიანდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - კიევ-პეჩერის ლავრა. კიევს მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ცეცხლი გაუჩნდა კომპლექსის მთავარი ეკლესიის, მიძინების ტაძრის სახურავს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ ლავრაში მიძინების ტაძრის სახურავზე ხანძარი დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა, ხოლო ახლომდებარე „მისტეცკის არსენალის“ (მხატვრული არსენალი) სამუზეუმო კომპლექსის შენობაში დაიწვა 1000 კვადრატული მეტრი.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ. კივ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი. 2026 წ, 15 ივნისი
მარიან კუშნირი, რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის თანამშრომელი მთელი ღამე აშუქებდა კიევში განვითარებულ მოვლენებს:
ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მტრის ტყვია მომხვდა პირდაპირ გულში" - ტაძრის წინამძღვარი.
„დრონის პირდაპირი მოხვედრის შედეგად კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარს სახურავი დაეწვა. სასულიერო პირები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ისტორიული რელიკვიებისა და ტაძარში არსებული სიწმინდეების გადარჩენას. ჩვენ ლავრის წინამძღვართან, ეპისკოპოს აბრაამთან ერთად ავედით სამრეკლოზე, სადაც ვკითხე: „რა იგრძენით, როცა შეიტყვეთ, რომ ტაძარს ჭურვი მოხვდა? როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია?“ აბრაამი წამით შეჩერდა და მიპასუხა:
„იცით, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მტრის ტყვია მომხვდა პირდაპირ გულში. პირდაპირ გულში... და ეს იმდენად მტკივნეულია... მათ კარგად გამოსდით ტკივილის მიყენება, ეს ნამდვილად გამოსდით. მაგრამ მინდა ვუთხრა მათ: თქვენ ჩვენ წინააღმდეგ კი არ აწარმოებთ ბრძოლას, არამედ თქვენ აწარმოებთ ბრძოლას ღმერთის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვიცით, რა შედეგები მოჰყვა უღმერთო, ათეისტურ პერიოდს და რა დაემართათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებდნენ.“
ეპისკოპოს აბრაამის თქმით, 15 აგვისტოს კიევ-პეჩერის წმინდა ლავრას უსრულდება დაარსების 975 წელი, მაგრამ რუსების მორიგი ბარბაროსობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის წმინდა არაფერი არსებობს.
“სიმბოლურია ისიც, რომ მიძინების ტაძარი – ეს არის მთავარი ტაძარი კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე - სწორედ მან განიცადა დღეს ეს დარტყმა, რუსული თავდასხმა. და იცით, სიმბოლურია ისიც, რომ ეს მოხდა... გუშინ, კვირას, ჩვენ გვქონდა უკრაინელთა ყველა წმინდანის ხსენების დღე. რუსებს ძალიან არ მოსწონთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ის, რომ უკრაინამ აიღო სრული კურსი რუსეთისგან განცალკევებისკენ, და ჩვენ ვხედავთ კიდეც შედეგებს. მაგრამ ჩვენ გაუტეხელი ხალხი ვართ, ჩვენ ამას გადავლახავთ – ყველა ამ განსაცდელს. ეს დარტყმა ადასტურებს, რომ რუსეთისთვის არაფერია წმინდა. მათ ტკივილის მიყენება შეუძლიათ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ისინი სიმართლისა და ღმერთის წინააღმდეგ მიდიან. ისტორიიდან ვიცით, რა ბედი ეწევათ ასეთებს“, - უთხრა ეპისკოპოსმა გაბრიელმა რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ
აღდგომა დანგრეულ ტაძრებშიმთელი ღამის განმავლობაში კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ივან ვერბიცკი, უკრაინის კულტურის მინისტრის მოადგილე, რომლის თქმითაც, მიძინების ტაძრის ერთ-ერთ შენობაში მოწყობილი გამოფენიდან სასწრაფოდ გამოიტანეს ყველა ექსპონატი, უმეტესწილად, ხატები და სხვა რელიგიური საგნები:
„აი, ეს მოქმედი ეკლესიაა და, შესაბამისად, აქ გადმოვიტანეთ ყველაზე ძვირფასი რელიგიური ნივთები, რომლებიც იქ ინახებოდა და რომელთა გამოტანაც მოხერხდა. და, შესაბამისად, სამუზეუმო ექსპონატებიც.“
მაქსიმ ოსტაპენკო, კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის დირექტორი: „უნიკალური საგნებიდან ევაკუირებულია წმინდა სტეფანეს ლუსკუმაც. აი, აქ შეგიძლიათ მისი ნახვა. და ყველაფერი, რაც ამ გამოფენაზე იყო, მათ შორის XVI და XVII საუკუნეების ნივთები. ანუ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ექსპონატები“.
ცეცხლი უკიდია კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარს. კიევი. 2026 წლის 15 ივნისი
მწერალმა ეკატერინა მარგოლისმა გაიხსენა, რომ კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი ბოლოს 1941 წელს ააფეთქეს შინსახკომელებმა, რომლებმაც უკან დახევისას ნაღმები ჩააწყვეს:
“დღეს რუსმა ფაშისტებმა იმავეს გაკეთება მოახერხეს. 4 მოკლული. 30-ზე მეტი დაჭრილი. ხარკოვში მაშველებზე მიიტანეს იერიში, 5 მაშველი ადგილზე დაიღუპა. მათ ვერც დააბრუნებ და ვერც აღადგენ. ომის, მკვლელობის, დაპყრობისა და მშვიდობის კულტურის განადგურების „დიდი“ რუსული კულტურა. ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები, ბოროტების იმპერია”.
კიევ-პეჩერის ლავრის დაზიანებული ნაწილი მოინახულა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლავრისა და „მისტეცკი არსენალის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მაშველებმა უკვე ჩააქრეს.
“მადლობელი ვარ ყველა სამსახურის, რომლებიც დაბომბვის ადგილებზე მუშაობს, და თითოეული ადამიანის, რომლებიც დახმარებას უწევენ დაზარალებულებს. დადასტურებულია, რომ ორმა რუსულმა დრონმა მიზანმიმართულად შეუტია ქალაქის იმ ნაწილს, სადაც ლავრა და „მისტეცკი არსენალი“ მდებარეობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევში 35 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით კი ამ მასშტაბური რუსული იერიშის შედეგად 53 ადამიანი დაიჭრა და 11 ადამიანი დაიღუპა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, რათა განვიხილოთ ამ რუსული თავდასხმის შედეგები და საჭირო რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, საზოგადოებრივი ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები დუმილს არ ინარჩუნებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთელ ჩვენს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, დღეს მაქსიმალურად გაააქტიურონ ყველა კონტაქტი პარტნიორებთან, რათა ამ და მომდევნო კვირის საერთაშორისო ღონისძიებებმა რეალური შედეგები მოიტანოს ჩვენი თავდაცვის გაძლიერებისა და ამ ომის გამო რუსეთზე გლობალური ზეწოლის გასაძლიერებლად. ამ რუსულ თავდასხმას სამართლიანი პასუხი სჭირდება”, - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას თქმით, ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეზე, კიევ-პეჩერის ლავრაზე იერიშით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“.
სიბიჰა ყველას შეახსენებს, რომ კიევ-პეჩერის ლავრა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, იუნესკოს ფარგლებში სასწრაფოდ იწყებენ შესაბამისი პროცედურების ინიციირებას და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებას.
სიბიჰას განცხადებით, უკრაინა მოითხოვს „დაუყოვნებლივ და ადეკვატურ პასუხს სახელმწიფოებრივ ბარბაროსობაზე“ და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მსოფლიოს დედაქალაქებისგან მოელის მკაცრ რეაქციას და არა ბუნდოვან სიტყვებს, დუმილს ან სუსტ ნაბიჯებს.
ანდრი სიბიჰა
15 ივნისის ღამით კიევზე განხორციელებული მასირებული თავდასხმის დროს კიევ-პეჩერის ლავრაზე მიტანილი იერიში დაგმეს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მას სამხედრო დანაშაული უწოდეს. მათი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს „არავითარი წითელი ხაზი“ არ გააჩნია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
„ჩვენთვის, ფრანგებისთვის, ეს იგივე იქნებოდა, რაც ნოტრ-დამის ან სენ-დენის ბაზილიკის დაბომბვა.“
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ქმედებების სისასტიკე, როდესაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს — კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარს — მძიმე დაზიანება მიაყენა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, კიევში მდებარე ტაძართა კომპლექსი, რომელსაც ეროვნული ნაკრძალის სტატუსი აქვს, არაერთხელ დაზიანდა რუსული თავდასხმების შედეგად. 2026 წლის იანვარში კიევ-პეჩერის ლავრა მორიგ ჯერზე მოექცა დარტყმის ქვეშ. მაშინ ყველაზე მეტად დაზიანდა “შორეულ მღვიმეებთან” (სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი საკრალური ნაწილი) დამაკავშირებელი გალერა. ჯერ კიდევ 2023 წელს იუნესკომ ოფიციალურად აღიარა, რომ უკრაინის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის კიევის სოფიის ტაძარი და კიევ-პეჩერის ლავრა, რუსეთის თავდასხმების გამო საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დარტყმების შედეგად უკრაინაში დაზიანდა ან განადგურდა კულტურული მემკვიდრეობის დაახლოებით 1600 ობიექტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად“(მოსკოვი ასე უწოდებს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს) კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და რამდენიმე სამხედრო აეროდრომს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Telegram-არხზე გამოქვეყნდა დარტყმის სამიზნე ათამდე საწარმოს ჩამონათვალი. ამ სიაშია დრონების წარმოების და გამოყენებისთვის მოსამზადებელი საამქრო, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, კიევში, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ტერიტორიაზეა.
რაც შეეხება კიევ-პეჩერის ლავრას, რუსეთმა რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, დარტყმაზე პასუხისმგებლობა დააკისრა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ლავრის შენობების კომპლექსზე დარტყმა იყო ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ რაკეტით და ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ „დასავლეთის სახელმწიფოებმა კიევის რეჟიმს ვადაგასული რაკეტები გადასცეს“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით კი, კიევ-პეჩერის ლავრაზე იერიში მიიტანა რუსულმა დრონმა „გერან 2-მა".
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს, დღისით სოციალური ქსელებით გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც, მისი ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნი ამ დრონის ფრაგმენტებია ასახული.
უკრაინული მხარის თანახმად, დადგენილია, რომ 15 ივნისს, ადგილობრივი დროით 01:50 საათზე, რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრას დაარტყა უპილოტო საფრენი აპარატით „გერან 2”, რომელიც ირანული ე.წ. კამიკაძე-დრონის, „შაჰედის” რუსული ვერსიაა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე დააზიანეს ან გაანადგურეს კულტურული მემკვიდრეობის თითქმის 2000 ძეგლი, მათგან 100-ზე მეტი კი იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი ობიექტია.