ელისო კილაძეს, ფარცხალაძესა და მიქაძეებს „ქოლცენტრებზე“ ედავებიან

„ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

„ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელ ელისო კილაძეს, - რომელიც დღეს დილას დააკავეს, - ედავებიან ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და ბიზნესმენ ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებთან ერთად თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. ბრალდება „ქოლცენტრებს“ უკავშირდება.

პროკურატურაში დღეს დილას გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებამ „დანაშაულებრივი ქოლცენტრების მასშტაბური საქმე გამოავლინა“.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ“, - თქვა მან.

პროკურატურის თანახმად, ბრალდებულები 2020-23 წლებში 9,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ - თუმცა არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად ვის რა მოცულობის თანხის გათეთრებას თუ თაღლითობით შოვნას ედავებიან.

მორიგი ბრალდება ფარცხალაძესა და მიქაძეებს

ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ:

  • ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, - რომლისთვისაც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული;
  • მის გარემოცვას - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს.

ოთხივე მათგანი მიმალვაშია - სავარაუდოდ, საზღვარგარეთ.

ასევე ნახეთ ვინ არის ფარცხალაძის მეგობარი, რომლის სეიფებიდანაც $2,9 მილიონი ამოიღეს

პროკურატურა მათ უწოდებს ფარცხალაძის „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს“.

პროკურორ სადრაძის თქმით, ბრალი უშუალოდ წარედგინება პატიმრობაში მყოფ გიორგი მიქაძეს.

ფარცხალაძე და მიქაძეები „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის არიან პასუხისგებაში მიცემული. ისინი ბრალდებებს უარყოფენ.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის საქმე: სასამართლოში მიქაძეების საქმის განხილვისას დაპირისპირება იყო

„ორგანიზებული ჯგუფის წევრი“ - პროკურატურა კილაძეზე

„ამავე ["ქოლცენტრების" - რ.თ.] სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, ელისო კილაძე“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

დაკავების შემდეგ გავრცელდა ელისო კილაძის ხელნაწერი, წერილი, სადაც იგი ბრალდებას მოგონილს უწოდებს და თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

კილაძე: „ცხადია, ბრალს არ ვაღიარებ“

„რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ“, - წერია კილაძის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის ადვოკატის საშუალებით გაგზავნილ წერილში.

„ბრალი მედება [თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით] კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში, კონკურენტებს ანადგურებსო“, - ასეთია კილაძის ინტერპრეტაცია ბრალდებასთან დაკავშირებით.

კილაძე ასევე წერს, რომ „ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა“ და მან „ყველა შეკერილი ბრალი ამხილა“, რის გამოც „საჭირო ახალი ბრალი, რათა საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე“.

„ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს“, - წერს კილაძე.

„არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი“, - აცხადებს იგი.

ფარცხალაძის მორიგი სავარაუდო დანაშაული

ეს არ არის პირველი ბრალდება, რომელიც ოფიციალურად აქვს წაყენებული ოთარ ფარცხალაძეს.

აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას/შეკვეთას ედავებიან.

მისთვის დაუსწრებლად აქვთ „წინასწარი პატიმრობა“ მისჯილი და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ოფიციალური ბრალის მიღმა, ფარცხალაძე ფიგურირებს რამდენიმე ეპიზოდში, რომლებშიც სავარაუდო კანონდარღვევის ნიშნები იკვეთება, მათ შორისაა: ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემა, სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ჩაყვანა“ და ა.შ..

ასევე ნახეთ „დავალება სხვამ შეასრულა“ - ოთარ ფარცხალაძის დაკარგული იარაღის გადაფორმების ისტორია
  • ოთარ ფარცხალაძე 2013 წელს, 37 წლის ასაკში გახდა საქართველოს მთავარი პროკურორი. პოსტზე მხოლოდ 39 დღე დაჰყო;
  • მისი თანამდებობაზე ყოფნისას პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, - რომელიც ასევე პატიმრობაშია.
  • ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლია არის ბერა ივანიშვილი;
  • ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძის ახლო მეგობარია.
ასევე ნახეთ რატომ წავიდა ღარიბაშვილი ციხეში ადრე, სწრაფად და უბრძოლველად - „ის, რაც უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს“

სამმა „დანაშაული აღიარა“

„ქოლცენტრების“ ახალ საქმეზე ბრალის დადგენილება წარედგინებათ პირებს, რომლებსაც პროკურატურამ „ჯგუფის სხვა წევრები“ უწოდა:

  • ბენ ანორი - ბიზნესმენი, რომელთანაც ელისო კილაძეს ბოლო პერიოდში დავა ჰქონდა; მის ადვოკატს კილაძის წინააღმდეგ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საჩივარი ჰქონდა შეტანილი პროკურატურაში;
  • თორნიკე ჯანელიძე;
  • გიორგი კამლაძე.

ამ სამმა პირმა, პროკურორ სადრაძის თქმით, „ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან“:

„მათ არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“, - განაცხადა პროკურორმა.

ასევე ნახეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს

კილაძის დაკავება

ელისო კილაძე, - გამოცემების, „ქრონიკა პლუსის“ და „სინიუსის“ მთავარი რედაქტორი, - ოთხშაბათ დილას, 18 თებერვალს, დილის 9-დან 10 საათამდე შუალედში დააკავეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა.

  • ელისო კილაძე ბოლო პერიოდში აქტიურად აშუქებდა კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ მიმდინარე გამოძიებასა და სასამართლო პროცესებს.
  • ის ამბობდა, რომ არის ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალდებული, ძებნაში მყოფი დავით მიქაძის მეგობარი.

ბოლო პერიოდში უძრავ ქონებასთან/ოფისთან დაკავშირებით დავა ჰქონდა ბენ ანორთან, - ქუთაისელ ბიზნესმენთან, რომელიც პროკურატურამ დღეს სქემის ნაწილად დაასახელა (ამჟამად ბენ ანორი ისრაელის მოქალაქეა).

„ქოლცენტრები“ - „ოპოზიციისა“ და „ფარცხალაძე-ლილუაშვილის“

პროკურორის განცხადებით, „2020-2023 წლებში ქოლ-ცენტრებთან გამოცხადებული სამართლებრივი ბრძოლის“ მიუხედავად, ქვეყანაში მაინც არსებობდა „რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი“.

სადრაძის თქმით, მათი უმრავლესობა „ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა“.

ხოლო „შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ“.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

დღეს პროკურატურა აცხადებს, რომ „ფინანსურ პოლიციასთან“ ერთად ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2020-2023 წლებში, ფარცხალაძის მფარველობით „ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა“.

ვინ რას აკეთებდა - პროკურატურის ვერსია

პროკურატურის განცხადებით, ოთხნი - გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე

  • „უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას,
  • იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით,
  • საქმეს ზედამხედველობდნენ,
  • შემოსავლებს და ხარჯების აღრიცხავდნენ;
  • ხელფასებს და ბონუსებს გასცემდნენ;
  • პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელ თანხებს ითვლიდნენ და ანაწილებდნენ“.

მიქაძეების ბრალი ამ ნაწილში

პროკურატურის მტკიცებით, დანარჩენი ოთხი ადამიანი:

  • გიორგი მიქაძე,
  • დავით მიქაძე,
  • ირაკლი სეხნიაშვილი და
  • მიხეილ ჩოხელი

„ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას“.

ეს გულისხმობდა, გამოძიების თანახმად, „სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას“.

ამასთან, ისინი „მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც“.

  • ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან ოთარ ფარცხალაძესთან და გიორგი ჯოხაძესთან ერთად;
  • მიხეილ ჩოხელი ფარცხალაძის მეგობარია, - მისი კუთვნილი უძრავი ქონების ჩხრეკის შედეგად 2025 წლის ოქტომბერში 2,9 მილიონი აშშ დოლარი ამოიღეს.
ასევე ნახეთ ვინ არის ფარცხალაძის მეგობარი, რომლის სეიფებიდანაც $2,9 მილიონი ამოიღეს

რას ედავებიან კილაძეს

პროკურატურა აცხადებს, რომ "ქოლცენტრის" საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, საქმეში ელისო კილაძე ერთვებოდა:

„სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას“, - განაცხადა სადრაძემ.

„ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა“, - ასეთია პროკურატურის ბრალდება.

„9,5 მილიონის კრიპტოვალუტა“

გამოძიების თანახმად, 2020-2023 წლებში „ორგანიზებული ჯგუფის წევრები“ „მოტყუებით დაეუფლნენ“ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.

პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ ეს არის ის, „რაც მხოლოდ ამ ეტაპზე“ არის „დადგენილი“.

არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად ვის რა მოცულობის თანხის გათეთრებას თუ თაღლითობით შოვნას ედავებიან.

გამოძიების ვერსიით, ვირტუალური აქტივები „დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე“.

ამ საფულეებს განკარგავდნენ „ჯგუფის წევრები“, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული „ხმარდებოდა … ხელფასების და ბონუსების გაცემას“.

„ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად“, - განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

შენიშვნა: ინფორმაცია 18 თებერვალს 17:00 საათზე განახლდა ელისო კილაძის წერილის დეტალებით.