"ლურჯ-თეთრი ფარები" ირანის კულტურის ძეგლებზე - ნიშანი აშშ-ის და ისრაელის რაკეტებისთვის

"ლურჯ-თეთრი ფარი" ირანში, ერთ-ერთ შენობაზე

ირანში შენობების სახურავებზე გამოჩნდა სიმბოლო, რომელიც 1954 წლის - ომის დროს კულტურის ძეგლების დაცვის შესახებ - კონვენციის თანახმად შემოიღეს.

10 მარტს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა შენობების სახურავებსა და ისტორიულ ძეგლებთან დადგმული "ლურჯ-თეთრი ფარების" ფოტოები, ასევე ინფორმაცია, რომ ეს ფარები "ირანის მასშტაბით 120-ზე მეტ მუზეუმსა და რამდენიმე ისტორიულ შენობასთან" მოთავსდა.

ოფიციალურად ეს სიმბოლო “ლურჯი ფარის” სახელითაა ცნობილი. ირანის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უწყების ხელმძღვანელმა, მოჰსენ თოუსიმ, ირანულ მედიას განუცხადა, რომ სიმბოლო „ძვირფასი კულტურული და ისტორიული აქტივების დასაცავად“ გამოიყენება.

“ლურჯი ფარის” სიმბოლო ბაბა თაჰირის აკლდამის წინ, ჰამადანში, დასავლეთ ირანში.

“ლურჯი ფარი”, როგორც ემბლემა, შეიქმნა 1954 წლის ჰააგის კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ კონვენციის თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად. სიმბოლო მიზნად ისახავს ისტორიული ობიექტის მონიშვნას ისევე, როგორც ჰუმანიტარულ ობიექტს აღნიშნავს "წითელი ჯვრის" სიმბოლო.


მართალია, ამ სიმბოლომ ვერ მოიპოვა ისეთივე საყოველთაო აღიარება, როგორც "წითელმა ჯვარმა", მაგრამ 1996 წელს დაარსდა ორგანიზაცია „ლურჯი ფარი", რომელიც ცდილობს 1954 წელს შექმნილი სიმბოლოთი დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა ომების და სამხედრო დაპირისპირების დროს.

"ლურჯი ფარი" ირანში - ერთ-ერთ შენობაზე

პიტერ სტოუნი ორგანიზაცია „ლურჯი ფარის“ პრეზიდენტია. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ირანში სიმბოლოს გავრცელება „ძალიან პოზიტიურია“, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მისი ორგანიზაცია ვერ აკონტროლებს სიმბოლოს გამოყენებას.

გარდა ამისა, არ არსებობს მექანიზმი იმის გასარკვევად და შესამოწმებლად, აღინიშნება თუ არა სიმბოლოთი ირანის სამხედრო სამიზნეები.

„თანამედროვე ომში მუზეუმის სახურავზე დიდი სიმბოლოს განთავსება, რეალურად საკმაოდ უაზრო ქმედებაა“, - ამბობს სტოუნი და დასძენს, რომ ბევრ თანამედროვე არმიას აქვს საკუთარი საიდუმლო სიები ობიექტებისა, რომლებსაც არ უნდა დაარტყან.

თუმცა, მისი თქმით, მემკვიდრეობის ძეგლების ასეთი მკაფიო მონიშვნა „თავდამსხმელებს მათი დაცვის დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს თავდასხმების დროს".

მემკვიდრეობის დაცვის ბრიტანელი ექსპერტის თქმით, თუ სიმბოლო განთავსდება კანონიერად დაცულ კულტურის ობიექტზე, რომელსაც არ აქვს სამხედრო დანიშნულება, მას პოტენციურად აქვს გარკვეული იურიდიული წონა, რადგან იცავს [1954 წლის ჰააგის კონვენცია]“, რომელიც რატიფიცირებულია როგორც ისრაელის, ასევე აშშ-ის მიერ.


თეირანში გოლესთანის სასახლის ბომბით დაზიანებული ინტერიერი, რომელიც 2 მარტს არის გადაღებული. საჰაერო თავდასხმების შედეგად აფეთქებებმა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა.

ადრინდელ, უფრო ბოლო პერიოდის კონფლიქტებში, მათ შორის 2003 წელს ერაყში აშშ-ის შეჭრის დროს, ,,ლურჯი ფარის” სიმბოლო გამოიყენებოდა, ხშირად სახურავზე საკმარისად დიდი გამოსახულებით, რათა ის მფრინავებს დაენახათ. კონფლიქტის დროს ამ სიმბოლოთი მონიშნული ზოგიერთი შენობა დაზიანდა, ზოგი კი - არა.
სტოუნის თქმით, შეუძლებელი იყო რეალურად იმის დადგენა, როგორ ზემოქმედებდა ეს სიმბოლო მათზე, ვინც სამიზნეებს ირჩევენ, რადგან ამ გადაწყვეტილებას სამხედროები დახურულს კარს მიღმა იღებენ.

ბაღდადში, ერაყის ეროვნული მუზეუმის სახურავზე გამოსახული გაფერმკრთალებული “ლურჯი ფარი”, რომელიც 2003 წელს აშშ-ის შეჭრამდეც იყო გამოსახული.

სტოუნის თქმით, ომების შემდეგ “ლურჯი ფარის”, როგორც სიმბოლოს, გამოყენება „დამატებითი წყარო იქნება იმ ადამიანების პოტენციური სისხლისსამართლებრივი დევნისას, რომლებიც დარტყმას ახორციელებენ სხვადასხვა ობიექტზე ყოველგვარი სამხედრო აუცილებლობის გარეშე“.
სტოუნი აღიარებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი კონცეფცია, რომელზეც “ლურჯი ფარის" პრინციპია დაფუძნებული, დღეს არამყარ მდგომარეობაშია, მაგრამ ამბობს, რომ მისი გამოყენება „უნდა გავაგრძელოთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ვერავის მოსთხოვთ პასუხს”.

ასევე ნახეთ მოჯთაბა ხამენეის უმაღლეს სასულიერო ლიდერად არჩევა - „დაუმორჩილებლობის“ გზავნილი ირანიდან