„მალევიჩი თავს უკრაინელად აღიქვამდა“

მალევიჩის ავტოპორტრეტი

2023 წლის გაზაფხულზე მთელი მსოფლიოს მუზეუმებს რეკლასიფიკაციის საჭიროების შესახებ შეატყობინეს. ეს მუზეუმის კატალოგებსა და ეტიკეტების აღწერაში ცვლილებებს ნიშნავს. რეკლასიფიკაცია ერთბაშად რამდენიმე მხატვარსა და ნამუშევარს შეეხო. ამგვარად, ამსტერდამის სტედელეიკის მუზეუმში ავანგარდისტ კაზიმირ მალევიჩის ეროვნებად რუსის ნაცვლად უკრაინელია მითითებული. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში უკრაინელებად ჩაწერეს ილია რეპინი, არქიფ კუინჯი და ივან აივაზოვსკი. თუმცა, აივაზოვსკის ეროვნების რეკლასიფიკაციას სომხური თემის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ტექსტი ისევ ჩაასწორეს, მიუთითეს, რომ აივაზოვსკი რუსეთის იმპერიაში (ახლანდელ უკრაინაში) დაბადებული სომეხი იყო.

ეს რეკლასიფიკაციის პირველი შემთხვევა არ არის: უკრაინელი ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტები უკვე დიდი ხანია ამისთვის იბრძვიან. რაც ომი დაიწყო, მათი ხმა საერთაშორისო ინსტიტუციებსაც მისწვდა. მუზეუმების კოლექციების დეკოლონიზაციის აპოლოგეტია ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი ოკსანა სემენიკი, წამყვანი „პოპულარული ბლოგისა“. ამ პროცესის მხარდამჭერია უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკოც.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტი მსხვილ მუზეუმებს დაუკავშირდა და სთხოვა, განემარტათ, როგორ მიმდინარეობს რეკლასიფიკაციის პროცესი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას.

ლონდონის ეროვნული გალერეა

„რუსი მოცეკვავეები“ - ამ წარწერით ინახებოდა ედგარ დეგას ნამუშევარი მუზეუმის ფონდში.

„ამ ნამუშევარზე დაწერილ სამეცნიერო ლიტერატურაში ყოველთვის აღინიშნებოდა, რომ მოცეკვავეები სინამდვილეში უკრაინელები იყვნენ. ეროვნულმა გალერეამ ეს ეტიკეტის ტექსტში ასახა, ასევე ინტერნეტპუბლიკაციებში და სულ ახლახან კატალოგშიც: „ფერადი გრაფიკა: დეგა ბერლინის კოლექციიდან (2017), - უთხრეს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ეროვნულ გალერეაში, - 1998 წელს გადავწყვიტეთ, აღნიშვნა „რუსი მოცეკვავეები“ შეგვენარჩუნებინა, რადგან მაშინ პარიზში ასეთი დასები რუსულ დასებად იწოდებოდა. დეგას ნახატების ჯგუფი (შედგება პასტელისა და ფერადი გრაფიკის თოთხმეტამდე ნამუშევრისგან) სამეცნიერო ლიტერატურაში „რუსი მოცეკვავეების“ სახელით არის ცნობილი.

ედგარ დეგა, „უკრაინელი მოცეკვავეები“, ლონდონი.

არ არსებობს მტკიცებულება, რომ თავად დეგა ამ ნახატებს „რუს მოცეკვავეებად“ მოიხსენიებდა. ჩანს, ეს სახელწოდება მისმა დილერმა პოლ დიურან-რიუელმა მიანიჭა.

იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება, დრო მოვიდა, ამ ნამუშევარს სახელწოდება შეეცვალოს. თემასთან ასე უფრო ახლოს იქნება.

ახლა ნახატი გამოფენილი არ არის“.

სტოკჰოლმის ეროვნული მუზეუმი

შვედეთის ეროვნული მუზეუმი მხატვრების ნაწილის რეკლასიფიკაციის საკითხს განიხილავს. ამის თაობაზე „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კოლექციების დირექტორმა მარტინ ოლინმა უთხრა.

„ხშირად რეკლასიფიკაციის მიზეზი ის ხდება, რომ გამოფენისთვის ეტიკეტი უნდა მოვამზადოთ ან რამე ამის მსგავსი. შესაძლოა საჯაროდ გამოტანამდე ნახატი კურატორმა შეისწავლოს და მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია შეცვალოს. შესაძლოა შესწორებები სამეცნიერო კატალოგის გამოქვეყნების შემდეგ შევიდეს. იშვიათად გვაქვს რესურსი, ინფორმაცია დავამუშაოთ, რადგან ჩვენს კოლექციაში 700 000 საგანია. რა თქმა უნდა, ვცდილობთ, მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ, თვალი ვადევნოთ, რას წერს პრესა, მაგრამ ჩვენ წინაშე ასევე უამრავი პუბლიკაციაა ხელოვნების ისტორიაზე. ისინი ახალ ფაქტებზე წერენ, რაც ჩვენს მონაცემთა ბაზებში უნდა ავსახოთ.

ჩემი აზრით, რეკლასიფიკაცია გვაიძულებს დავინახოთ ის, რასაც ძველი ტერმინის შემთხვევაში ვერ ვხედავდით.

ბევრი მხატვარი ერთ ქვეყანაში დაიბადა და მეორეში მოღვაწეობდა. ან დაიბადა ქვეყანაში, რომელიც დღეს აღარ არსებობს (ლოთარინგია, ესპანეთის ნიდერლანდები, ბურგუნდია, ტოსკანა და ა.შ.) ან მაშინ არ არსებობდა (ბელგია, იტალია). ვფიქრობ, ეროვნების აღსანიშნავად ერთი განსაზღვრება - მაგალითად, „იტალიელი“ ან „შვედი“ - ბევრი არაფრის მომცემია. დაბადებისა და გარდაცვალების ადგილი რეალობას ბოლომდე არ ასახავს. როცა ხუთი წლის წინ მუზეუმი ხელახლა გავხსენით, ვფიქრობდით, საერთოდ გვეხსენებინა თუ არა მხატვრების წარმომავლობა. მიზეზი, რომლის გამოც გადავწყვიტეთ ამ მოძველებული სისტემისთვის გვეერთგულა, ის იყო, რომ ის ადვილი აღსაქმელია, აუდიტორიას შესაძლებლობას აძლევს გაიგოს, რა პირობებში ცხოვრობდა მხატვარი... თუ ცვლილება სიმბოლურია და ზუსტ ისტორიულ ინტერპრეტაციას არ ძლევა, ის მნიშვნელოვანი არაა.

ედგარ დეგა, „სამი მოცეკვავე უკრაინულ კოსტიუმებში“, სტოკჰოლმის კოლექცია.

როდესაც კოპენჰაგენის Statens Museum for Kunst-თან ერთად გამოფენაზე ვმუშაობდით (გამოფენა „დანიის ოქროს ხანა“ წარმოდგენილი იყო სტოკჰოლმში, კოპენჰაგენსა და პარიზში, 2019-2020 წლებში), გავაანალიზეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეროვნების საკითხი იმ მხატვრებისთვის, რომლებიც დანიის გერმანულენოვან ნაწილში (შლეზვიგი და გოლშტეინი) დაიბადნენ. 1848 და 1864 წლებში, დანია-გერმანიის ომების დროს, მათ მოუწიათ იდენტობა აერჩიათ, მანამდე ჩვეულებრივ ორივე ენას იყენებდნენ.

ამან გამოიწვია ის, რომ დანიური წარმოშობის გერმანულენოვანი მხატვრები ხელოვნების ისტორიის დანიური შრომებიდან ამოიღეს. ამის გამო ისტორიის ამ პერიოდზე არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა. შეცდომის გამოსწორებას დანიელი ხელოვნებათმცოდნეები ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ. მსგავს მხატვრებს შორის არიან: დიტლევ კონრად ბლანკი და ლუი გურლიტი, იოჰან ლ. ლუნდი და ერნსტ მეიერი.

[უკრაინულ ხელოვნებას რაც შეეხება], ჩვენმა კურატორმა შეადგინა იმ მხატვრების სია, რომლებიც შესაძლოა რეკლასიფიკაციას დაექვემდებარონ. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. იმ ნამუშევრების კოლექცია, რომლებიც რუსეთიდან ან უკრაინიდანაა, საკმაოდ მცირერიცხოვანია, ამიტომ არ გვყავს შტატიანი სპეციალისტი, ვინც ამით დაკავდებოდა. გვინდა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე გადავამოწმოთ ჩვენს კოლეგებთან სხვა მუზეუმებიდან“.

ახლა შვედეთის ეროვნული მუზეუმის საიტზე 363 ნაწარმოები კლასიფიცირებულია, როგორც რუსული. მათ შორის არის ილია რეპინის ნამუშევრები, ასევე მისი მოსწავლის მიხაილ ვერბოფისაც, რომელიც 1896 წელს ეკატერინოსლავში (ახლანდელი დნეპრი, უკრაინა) დაიბადა. „რუსად“ არის კლასიფიცირებული მოქანდაკე პაოლო ტრუბეცკი, ის იტალიაში დაიბადა და იქ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. „რუსულის“ ძირითადი ნაწილი მუზეუმში მართლმადიდებლური ხატებია.

სტედელეიკის მუზეუმი

მუზეუმმა უარი თქვა კაზიმირ მალევიჩის „რუს მხატვრად“ წარდგენაზე და წარწერა „უკრაინელი მხატვრით“ შეცვალა. ასევე სტედელეიკი უკვე აღარ იყენებს ზოგად ტერმინს „რუსული ავანგარდი“. ცვლილებას მუზეუმში ასე განმარტავენ:

„მალევიჩს „რუსს“ აღარ ვუწოდებთ. 2022 წლის შუა თვეებიდან მალევიჩს წარვადგენთ, როგორც ადამიანს, რომელიც პოლონელი მშობლებისგან უკრაინის დედაქალაქ კიევში 1879 წელს დაიბადა, მაშინ, როცა ქალაქი რუსეთის იმპერიაში შედიოდა. აუცილებლობის შემთხვევაში მივუთითებთ, რომ ის მუშაობდა: კიევში, მოსკოვში, ლენინგრადსა და ვიტებსკში.

კაზიმირ მალევიჩის ნახატი

ნაცვლად ტერმინისა „რუსული ავანგარდი“, ვამბობთ, „მე-20 საუკუნის ავანგარდისტი, რომელიც მეფის რუსეთსა და საბჭოთა კავშირში მუშაობდა“.

ვაღიარებთ, რომ ბევრი მხატვარი-ავანგარდისტი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში მოღვაწეობდა, რუსეთის მიერ დაპყრობილი რეგიონებიდან იყო. ეს რეგიონები შემდეგ დამოუკიდებლები გახდნენ, მაგალითად, უკრაინა.

მხატვრობის მხრივ უკრაინის მიმართ ინტერესი 1970 წლებიდან იზრდება. საბჭოთა კავშირის დაშლამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მხატვრობის ახალ ისტორიას დაუდო სათავე. ხელოვნებათმცოდნეების სიღრმისეულმა შრომებმა ცხადყო, რომ აუცილებელია კორექტირება, უფრო ზუსტი განსაზღვრება. ომმა, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარეობს, ასევე რუსეთის შემზარავმა თავდასხმამ უკრაინაზე 2022 წელს, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

კაზიმირ მალევიჩის „შეშისმჭრელი“

ჩვენს ეტიკეტებზე მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებია მითითებული. თუ საჭიროა, უფრო ვრცელ ტექსტში დაბადებისა და გარდაცვალების ადგილებსაც ვწერთ. თუ ნაწარმოებს ეხება, იმასაც მივუთითებთ, სად მუშაობდა მხატვარი, ან რა ეროვნებისა იყო. მალევიჩის შემთხვევაში ეს იქნებოდა: „უკრაინელი მხატვარი“.

ბრუკლინის მუზეუმი

მიუხედავად უკრაინელი ხელოვნებათმცოდნეების მოწოდებისა, მუზეუმმა თავის კოლექციებში „რუსები“ „უკრაინელებად“ არ შეცვალა. თუმცა ეტიკეტები განავრცო და მათ დაბადებისა და გარდაცვალების ადგილები დაამატა. მაგალითად, ილია რეპინის ბიოგრაფიული შტრიხები ასეთია: „ჩუგუევი, უკრაინა (ყოფილი რუსეთის იმპერია), 1844-1930, რეპინო, სანქტ-პეტერბურგი (ყოფილი კუოკალა, ფინეთი)“.

მუზეუმის დირექტორმა ან პასტერნაკმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ განმარტა, რომ:

„ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ უკრაინაში ომმა იმპერიის მემკვიდრეობის საკითხი რთული და გადაუდებლად მოსაგვარებელი გახადა. გვგონია, ასეთი მიდგომა უკეთ წარმოაჩენს ომების, კოლონიზაციისა და დამოუკიდებლობის ისტორიას, რაც ეროვნების მიხედვით კლასიფიცირებისას შეიძლება დაიკარგოს“.

კაზიმირ მალევიჩის „შავი და თეთრი“

სტოკჰოლმის მუზეუმი

ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კოლექციაში ცვლილებები შეიტანა და კაზიმირ მალევიჩი „უკრაინელ მხატვრად“ მოიხსენია. ფრედერიკ ლიუ, მუზეუმის მთავარი მცველი, Dagens Nyheter-თან საუბარში განმარტავს:

„ასეთი წარწერა რეალობასთან უფრო ახლოსაა. ვიცით, რომ მალევიჩი კიევში დაიბადა და თავს უკრაინელად აღიქვამდა. 100 წლის განმავლობაში 140 000 ნამუშევარი შევიძინეთ. ამის გამო ჩვენს ბაზაში ინფორმაცია ხშირად მოძველებულია, შესაძლოა მცდარიც იყოს. იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, ინფორმაციას მუდმივად ვაახლებთ“.