საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ცვლილებები, რომელთა ავტორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.
დღევანდელი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლი განსაზღვრავს სხვადასხვა ასაკის ავტომობილების შემოყვანის ტარიფს.
რა იცვლება კონკრეტულად?
ძრავის მოცულობის ყოველ ერთ კუბურ სანტიმეტრზე ტარიფი დადგენილია 80 თეთრიდან 2.4 ლარამდე. ეს ტარიფები შემდეგნაირადაა დადგენილი:
- 1 წლამდე - 1.5 ლარი;
- 1 წლის - 1.5 ლარი;
- 2 წლის - 1.5 ლარი;
- 3 წლის - 1.4 ლარი;
- 4 წლის - 1.2 ლარი;
- 5 წლის - 1.0 ლარი;
- 6 წლის - 0.8 ლარი.
თუკი ცვლილებებს პარლამენტში დაამტკიცებენ და ძალაში შევა, 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის საერთო განაკვეთი, 1.5 ლარი დაწესდება.
ცვლილება ფაქტობრივად არ ეხება 2 წლამდე ავტომობილებს, თუმცა გაძვირდება 2-დან 6 წლამდე ავტომობილების განბაჟება.
მაგალითად:
თუკი გსურთ, განაბაჟოთ 3 წლის ავტომობილი, რომლის ძრავის მოცულობაც არის 2000 კუბური სანტიმეტრი (2.0), განბაჟება ამჟამად 2800 ლარი დაგიჯდებათ.
ცვლილებების შემდეგ ეს ფასი 3000 ლარამდე გაიზრდება.
კვლავ 2.0 ძრავის მქონე ავტომობილის მაგალითზე:
- 4 წლის ავტომობილის შემთხვევაში, განბაჟების ახლანდელი საფასურია 2400 ლარი, ცვლილებებით კი - 3000 ლარი.
- 5 წლის ავტომობილზე - 2000 ლარს 3000 ლარი ანაცვლებს;
- 6 წლის ავტომობილზე - 1600 ლარს 3000 ლარი ანაცვლებს.
რა შეიცვალა აქამდე?
თავდაპირველად ხელისუფლება მთლიანად გეგმავდა 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვას, რამაც ავტომობილების მფლობელებსა და ინდუსტრიაში უკმაყოფილება გამოიწვია.
თუმცა 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ ამის ნაცვლად დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური 6 წელზე ძველი ავტომობილებისთვის.
განბაჟების საფასური კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი დაწესდა.
„ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანის ტარიფი კუბურ სანტიმეტრზე 0,8 ლარიდან 2,4 ლარამდე მერყეობდა, ასაკის მიხედვით.
ასევე ნახეთ 6 წელზე ძველი ავტომობილების აკრძალვის ნაცვლად მათი განბაჟება გაძვირდებაორივე ცვლილება, - როგორც 6 წლამდე, ასევე 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების ტარიფზე, - პირველი აპრილიდან შედის ძალაში. ცვლილებებს დღეს, 17 მარტს დაუჭირეს მხარი პარლამენტში.
რას ამბობენ ინდუსტრიის წარმომადგენლები
17 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებმა და ხელისუფლებას შესთავაზეს, რომ:
- 6-წლიანი შეზღუდვა გაიზარდოს 10 წლამდე ავტომობილებზე;
- 0-დან 10 წლამდე ავტომობილების განბაჟების ტარიფი ერთ კუბურ სანტიმეტრზე იყოს 1.5 ლარი;
- 10 წელზე მეტი ავტომობილების შემთხვევაში ტარიფი დარჩეს ერთ კუბურ სანტიმეტრზე 4.5 ლარი.
მათი თქმით, უმჯობესია, რომ ადრინდელი ტარიფები დაბრუნდეს, თუმცა ამ ინიციატივით მთავრობას მიმართავენ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
ისინი ცვლილებების შედეგად ავტომობილების გაძვირებას ელოდებიან.