"მეორადი ჩარიცხვა" სხვაგან გადასვლის იმედით - აბიტურიენტები ვაკანტურ ადგილებს შეავსებენ

თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 6 თებერვალი, 2026

“სულერთია, სად მოვხვდები”, “მთავარია, სადმე ჩავირიცხო”, “სტუდენტი გავხდები, მიხარია” - აბიტურიენტები ელოდებიან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ახალ შანსს, რომელიც მათ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის სახელით შესთავაზეს.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერები თვლიან, რომ ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლების მიღმა წინდაუხედაობის გამო აღმოჩნდნენ და ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის ხელისუფლების მადლიერი უნდა იყვნენ.

“ქართულ ოცნების” ხელისუფლებას არ ეკუთვნის მადლობა მისივე გაფუჭებული საქმის გამოსწორების მცდელობისთვის - საპირისპიროს ამბობენ განათლების სფეროს სპეციალისტები, რომლებიც მომხდარს განათლების რეფორმის არასწორად გათვლილი და გაუაზრებელი გეგმით ხსნიან;

სიახლე ეხება მხოლოდ მათ, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა.

როგორ ხედავენ მეორე შანსს აბიტურიენტები

“ისე ცუდად გავხდი, სულ კანკალმა ამიტანა” - თბილისელი კესო ნიჟარაძეს [სახელი და გვარი შეცვლილია] სასწრაფო დახმარება დასჭირდა, როცა ჩარიცხულთა სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ “მეცადინეობაში გათენებული ღამეებისა” და დიდი შრომის შემდეგ - არჩეული 21 უმაღლესიდან - ვერცერთში ვერ ჩაირიცხებოდა 1695 ქულით.

“ძალიან მინდოდა ილიას უნივერსიტეტში [ილიაუნი] მოხვედრა ქართულ ფილოლოგიაზე და პირველი მეწერა; მერე მეწერა - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და შემდეგი ყველა ასევე კერძო მეწერა, მაგრამ ვერცერთში ვერ მოვხვდი. რაზეც მინდა, იმაზე ვერ ვისწავლი - ეგრე გამოვიდა… შემცირებული იყო წელს მიღება”, - კესომ ქართულ ენაში 60-დან 40 წულა მიიღო; თუმცა იცნობს არაერთ თანატოლს, მასზე გაცილებით დაბალი ქულებით სხვა უმაღლეს სასწავლებლებში რომ ჩაირიცხნენ.

ამიერიდან რას იზამს, ჯერ არ იცის. “ველოდები, რომ შევარჩიო, სად დარჩა ადგილები. თუ ეს რეფორმა დარჩება, შეიძლება ვერც მომავალ წელს ჩავირიცხო - სადაც მინდა იქ, და უკვე იმ აზრზე ვარ, რომ სულერთია, სადაც ჩავირიცხები, მთავარია ჩავირიცხო... სხვა ქალაქში ვერ წავალ ფიზიკურად”, - გვეუბნება კესო.

ასევე ნახეთ

ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს „მეორადი ჩარიცხვის“ შესაძლებლობა მიეცემათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით: 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა 39 689 აბიტურიენტი.

• 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა - უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

• 1 795 აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე;

• 3 744 აბიტურიენტმა ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

16 წლის ანა მამალაძეც [სახელი და გვარი შეცვლილია] ერთ-ერთია იმ 1795 აბიტურიენტს შორის, რომელსაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხად კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა - მას შემდეგ, რაც შერჩეული 11 უმაღლესი სასწავლებლიდან ვერცერთში ვერ მოხვდა.

“ბათუმელი ვარ მე და პირველ რიგში - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინდოდა სწავლის გაგრძელება - სამართალი და ჟურნალისტიკა მქონდა მითითებული. მერე კავკასიის უნივერსიტეტი მქონდა მითითებული, თუმცა თბილისში - დიდი ხარჯია და ძნელი იქნებოდა ჩვენთვის. მაგრამ ვერც ბათუმში ჩავირიცხე და ვერც თბილისში”, - ახლა ანასთვისაც სულერთია, სად აღმოჩნდება - მთავარია სტუდენტი გახდეს.

სტუდენტობის მეორე შანსს ელოდება 18 წლის თამარ ზურაბაშვილიც - კახეთიდან, რომელსაც ყველაზე მეტად ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ანდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდოდა ჩაბარება; თუმცა ვერც ამ და ვერც სხვა ორ უმაღლეს სასწავლებელში, რაც მითითებული ჰქონდა [2-2 ფაკულტეტით] ვერ ჩაირიცხა.

“ჩემმა ქართულის მასწავლებელმა დამალაგებინა ეს ჩემი უნივერსიტეტები და გამომითვალა საკონკურსო ქულები. 100%-ით დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩავაბარებდი - მაგრამ ფაქტია, რომ ვერ… ძალიან განერვიულებული ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ კიდევ გვაქვს ჩარიცხვის შესაძლებლობა. სადაც შანსი მექნება, ახლა ყველგან ვცდი. თუ ისეთ ადგილზე მოვხვდები, რაც არ მომეწონება - მერე გადავალ”, - გვეუბნება თამარი.

მეორე შანსის მაძიებელ აბიტურიენტის უმრავლესობას, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, მობილობის იმედი აქვს - რომ იძულებით არჩეული უმაღლესი სასწავლებლიდან, ერთ დღეს - მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლას შეძლებენ.

მობილობა ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლას ეწოდება და სტუდენტს გადასვლის უფლება პირველი სასწავლო წლის გავლის შემდეგ ეძლევა. თითოეული უმაღლესი სასწავლებელი თავად განსაზღვრავს თავისუფალი ადგილების რაოდენობას კონკრეტულ ფაკულტეტებსა და პროგრამებზე.

განათლების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს იოლი არ იქნება.

“აბიტურიენტებმა არ იციან, რომ ამ დამანგრეველი რეფორმით მობილობის შესაძლებლობებიც შეზღუდულია. როდესაც ჩვენთან უნივერსიტეტები ევროპულ-ამერიკული მოდელით იყო აგებული, მაშინაც კი არ იყო ასე თავისუფლად მობილობა - პოპულარულ ფაკულტეტებზე. იქაც კონკურსია ჩვეულებრივად. ახლა, “ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის” პირობებში სად წავლენ?! რეგიონში რომ გამოჩნდეს ადგილი იქ წავლენ?! მაშინ რატომ არ დარეგისტრირდნენ იქ?!” - განათლების სპეციალისტი მანანა ნიკოლაიშვილი ვარაუდობს, რომ - მობილობის მსურველთა რიგი წელს ძალიან გრძელი იქნება და ამ რიგში იდგებიან როგორც უკვე ჩარიცხული სტუდენტები - რომლებიც მათთვის არასასურველ უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, ასევე - სტატუსშეჩერებული სტუდენტები; რაც “მეორადი" წესით ჩარიცხულებისთვის მობილობის პერსპექტივებს ამცირებს.

ასევე ნახეთ

10 ათასამდე აბიტურიენტი გარეთ დარჩა - რას აჩვენებს გამოცდების შედეგები?

“ქართული ოცნების” განათლების რეფორმას, მანანა ნიკოლაიშვილი გაუთვლელსა და დამანგრეველს უწოდებს, ხოლო დღეს შექმნილ ვითარებას - ლოგიკურს, რადგან, მისი თქმით, რეფორმის შედეგად - "უმაღლესი სასწავლებლები გამოშიგნეს".

“მოთხოვნადი ადგილებია კატასტროფულად შემცირებული. ათასობით ადგილი შეამცირეს და რაც დარჩა, შეივსო - როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე კერძო უნივერსიტეტში. საქართველოში პოპულარულია - სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, ფინანსები, ბიზნესადმინისტრირება - ეს ადგილები შემცირდა. მართალია სამედიცინო უნივერსიტეტში 900-მდე გაზარდეს ადგილები, მაგრამ ესეც გაუთვლელი იყო და 379 ადგილი შეივსო. ან რატომ წაართვეს უცხოელი სტუდენტების მიღების საშუალება თსსუ-ს?!” - მანანა ნიკოლაიშვილის თქმით, დიდი უსამართლობაა, როცა აბიტურიენტებს აბრალებენ - რომ თითქოს მათ რაღაც სწორად ვერ გათვალეს ანდა არ მიუთითეს საჭირო რაოდენობის უმაღლესი სასწავლებელი:

"თავი რომ იმართლონ ამ ე.წ. რეფორმატორებმა საზოგადოების და ბიძინა ივანიშვილის წინაშე, რადგან ის კაციც აკვირდება, რა მოიმოქმედეს ამათმა - ახლა მოიგონეს, რომ სასოწარკვეთილმა ბავშვებმა ვერ დაალაგეს თურმე უნივერსიტეტები... რა მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტის დალაგებას, როდესაც არ არის საკმარისი ადგილები, სადაც მათ ჩაბარება უნდოდათ".

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აბიტურიენტებმა, რომლებმაც გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ მაინც ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში იმის გამო, რომ აირჩიეს “მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი”, მათ მიერ შერჩეულ პროგრამებზე - “მაღალი კონკურსის გამო”.

“მეტი რა ქნას ხელისუფლებამ?” “ახალგაზრდებო, ამას დაფასება სჭირდება”, "ჩათვალეთ, ეს საჩუქარია!" “დაფიქრდით, რამხელა რამ გაგიკეთათ ხელისუფლებამ”... – წერენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში.

ასევე ნახეთ

„ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ - კობახიძემ „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ წარადგინა

ასევე ნახეთ

„ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტია

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ აბიტურიენტებისთვის მეორე შანსი მიეცა?

პოლიტიკურ ოპოზიციაში თვლიან, რომ - ამით მღელვარება აირიდა თავიდან და პროტესტმაც შედეგი გამოიღო. თუმცა საზოგადოების პროტესტი - სოციალურ ქსელებს, დახურულ ჯგუფებსა და ანონიმურ შეტყობინებებს არ გასცდენია.

დისკუსიებში გამოკვეთილი მეორე ვერსიით, ხელისუფლება ცდილობს, რომ - რეფორმის პირველი ხილული მარცხის შედეგები გამოასწოროს - სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ადგილები შეავსოს და ამით, იქ დასაქმებული, „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურ ადამიანების გული მოიგოს.

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, საგამონაკლისო წესის დაშვება იმის გამო გახდა საჭირო, რომ - „მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისთვისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს”.

რა აჩვენა ბოლო გამოცდებმა?

განათლების საკითხების მკვლევრის, „სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, შალვა ტაბატაძის საჯარო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების შეზღუდვის გამო, აბიტურიენტების ნაკადი ფასიანი კერძო უნივერსიტეტებისკენ წავიდა.

  • სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა შემცირდა - 2017-ით; კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობა კი გაიზარდა 1452-ით;
  • 2026 წელს საჯარო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე გამოყოფილი ადგილებიდან შეუვსებელი დარჩა 3847 ადგილი;
  • საჯარო უნივერსიტეტებიდან ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა, 2025 წელთან შედარებით, მკვეთრად გაეზარდათ თსუ-სა და სამედიცინო უნივერსიტეტს, ხოლო შეუმცირდა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რეგიონულ უნივერსიტეტებს (ბათუმი-ქუთაისის გარდა).


პირველადი მონაცემებით, 2026 წელს, საბაკალავრო საფეხურზე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 17 862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებელში – 11 586.

“თუკი მონაცემებს შევხედავთ, ერთი ნათელი და ცალსახა სურათია - მთელი ეს რეფორმა დაკავშირებული იყო ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის განადგურებასთან”, - უთხრა შალვა ტაბატაძემ რადიო თავისუფლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ.

ილიაუნიმ 2025 წელს - 3829 სტუდენტი მიიღო; წელს კი - მხოლოდ - 338.

2025 წლის შემოდგომაზე, როცა განათლების რეფორმა ჯერ კიდევ ახალი დაანონსებული იყო, ბევრმა ივარაუდა, რომ რეფორმის მთავარი სამიზნე სწორედ ილიაუნი იქნებოდა - ხელისუფლებისთვის მიუღებელი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის გამო.

2026-27 სასწავლო წლისთვის ილიაუნის 20 პროგრამა გაუუქმეს, მათ შორის: სოციოლოგია; ფსიქოლოგია; ფილოსოფია; კინომცოდნეობა; რუსისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ლიტერატურათმცოდნეობა; პოლიტიკის მეცნიერება; საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი; ხელოვნებათმცოდნეობა; ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი).

ასევე ნახეთ

92%-იანი შემცირება - ილიაუნის მომავალ წელს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღების უფლება დაუტოვეს

“წარმატებებს ვუსურვებთ ყველა იმ აბიტურიენტს, რომელსაც ხელისუფლების უკან დახევის შედეგად მიეცა შესაძლებლობა, გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება უშედეგოდ არ ჩაივლის!”, - წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფუძნებული მოძრაობის - „დაიცავი ილიაუნის“ განცხადებაში.

თუმცა, ტექსტის თანახმად, “ეს მხოლოდ ერთი პრობლემის დროებითი გადაწყვეტაა” და “თუ რეფორმა ამავე გზით გაგრძელდა”, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემები შეექმნება როგორც აბიტურიენტებსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას, ისე მთელი ქვეყანა.

“პოლიტიკურად მოტივირებული და გაუაზრებელი ცვლილებები ყველას დაგვაზიანებს. რეფორმის შრომის ბაზრის დაუზუსტებელ კვლევაზე დაყრდნობა, დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილებები, უნივერსიტეტებში კვოტების შემცირება, აკადემიური საზოგადოების პოზიციების უგულებელყოფა და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა საბოლოოდ განათლების ხარისხის გაუარესებას გამოიწვევს”, - “დაიცავი ილიაუნი” განათლების რეფორმის შეჩერების, ფართო საჯარო განხილვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვის საჭიროებას უსვამს ხაზს. ამ მოთხოვნებით პეტიციაზე ხელმოწერებიც გროვდება.