მერიამ ორჯერ შეისყიდა იურიდიული მომსახურება დავის გადასაწყვეტად, რომელიც 4,3 მლნ დოლარის გადახდით დამთავრდა

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, მერის 2019 წლის მარტში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გამოიყო 80 000 ლარი, რომლის მიზანიც შპს „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინტერესების დაცვის მიზნით, იურიდიული მომსახურების შესყიდვა იყო.

ამ დროს თბილისის მერიას უკვე შესყიდული ჰქონდა ანალოგიური მომსახურება 800 000 ლარად პირდაპირი შესყიდვის წესით (SMP180001078) , რომელზე ნებართვაც 2018 წლის 10 მაისს მიიღო. გამარტივებულ შესყიდვას 2018 წელს თბილისის მერია სახელმწიფოებრივი და საზოგადო მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით ხსნიდა.

აი, რა არგუმენტი აქვს მოხმობილი მერიას 2018 წელს 800 000-ლარიანი შესყიდვის განსახორციელებლად ნებართვის მოსაპოვებლად: „შპს „სი-ტი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება შეწყვიტა უსაფუძვლოდ, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია. შპს „სი-ტი პარკმა“ როგორც წერილობით, ასევე, ზეპირსიტყვიერად არაერთგზის დააფიქსირა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი გეგმავს დავის წარმოებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ“ შეთანხმებაზე (ძალაში შესვლის თარიღი: 18/02/1997) დაყრდნობით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სი-ტი პარკის“ პარტნიორები (წილის მფლობელები) არიან ისრაელის მოქალაქეები.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2018 წლის 12 მარტის და 17 აპრილის წერილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მომართა საერთაშორისო იურიდიულმა ფირმამ - „Freshfields Bruckhaus Deringer”, რომელიც წარმოადგენს და იცავს შპს „სი-ტი პარკისა“ და მისი პარტნიორების ინტერესებს თბილისის მთავრობასთან დავის ფარგლებში. ზემოაღნიშნული წერილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დავა ვერ გადაწყდება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, შპს „სი-ტი პარკი“ და მისი პარტნიორები დაიწყებენ საარბიტრაჟო პროცედურებს.

შპს „სი-ტი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში არსებული სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელება (ზემოხსენებულ საერთაშორისო იურიდიულმა ფირმასთან კომუნიკაციის წარმოების ჩათვლით) მოითხოვს სათანადო სამართლებრივ ცოდნასა და კვალიფიკაციას, მათ შორის, საერთაშორისო საინვესტიციო სამართლისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების იურიდიული კომპანიისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე შპს „სი-ტი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის თბილისის მთავრობისთვის წარდგენა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის მთავრობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სი-ტი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის/კორესპონდენციის წარმოება, წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.“

შესყიდვას თან ახლავს მთავრობის განკარგულებაც, რომლიდანაც ირკვევა, რომ მერია იურიდიული მომსახურების მიღებისას კონტრაქტში დებდა შემდეგ პირობას: კონტრაქტორი კომპანია მიიღებდა ე.წ. ბონუსს, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის დავა დასრულდება საერთაშორისო არბიტრაჟში დავის არსებითი განხილვის გარეშე, 2 მილიონ აშშ დოლარამდე დანახარჯების ფარგლებში. თანხები ამ იურიდიული მომსახურებისთვის თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო.

ასევე ნახეთ როგორია პარკინგი თბილისში და ევროპის ქალაქებში

საბოლოოდ თბილისის მერიამ „სითი პარკს“ 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა.

ასევე ნახეთ „სითი პარკს“ 4.3 მილიონი დოლარი გადაუხადეს - კომპანიამ დავა შეწყვიტა


ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თბილისის მერმა არ შეასრულა არც ერთი ის პირობა, რაც „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტისას დადო: კერძოდ, არ მოაწყო ახალი პარკინგის ადგილები და გადაიხადა სოლიდური თანხა კონტრაქტის გაწყვეტისთვის.

ასევე ნახეთ "ევროპული საქართველო": მერიამ არ შეასრულა "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტისას დადებული პირობები