მიკი მაუსის მიღმა

თუ ერთხელ მაინც მოხვედრილხართ ან მოხვდებით ტაიმზ-სკვერზე, აუცილებლად შეამჩნევთ სხვადასხვა ზღაპრის გმირების ფორმაში გადაცმულ ადამიანებს.

მათთან ფოტოს გადაღება 3-დან 10 დოლარამდე ღირს ან სულაც უფასოა.

ხშირად თქვენი სურვილის მიუხედავად მოვლენ, გვერდით დაგიდგებიან, ფოტოს გადაიღებენ და შემდეგ ფულსაც მოგთხოვენ.

ჩემი დაკვირვების საგანი სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ამ ხერხით შოულობენ ფულს. მათი უმრავლესობა წარმოშობით მექსიკიდანაა, აშშ-ის სამხრეთ სამეზობლოდან.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირველ თვეებში, ქვეყნის ახალი მეთაურის რიტორიკამ და პოლიტიკამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ საზღვართან მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა.

2017 წელს მიგრანტთა რაოდენობის მაჩვენებელმა 40-წლიან მინიმუმს მიაღწია.

„ტრამპის ფაქტორი“ დიდხანს არ გაგრძელებულა და 2018 წლის ზამთარში საზღვარზე მიგრანტების რაოდენობამ ისევ იმატა.

მას შემდეგ ზრდა გაგრძელდა და 13-წლიან მაქსიმუმსაც მიაღწია - მაისში აშშ-ის ტერიტორიაზე ცხოვრების მსურველთა რიცხვი დაახლოებით 133 000 იყო.

მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მექსიკიდან შემოსული მიგრანტების უმრავლესობა, დაახლოებით 29 %, მომსახურების სექტორშია დასაქმებული; შემდეგ მოდის მშენებლობები - 26%; 21% მუშაობს გადამზიდავ კომპანიებში ან სატრანსპორტო საშუალებების მძღოლად; ხოლო 12% საქმიანობს მენეჯმენტში, მეცნიერებასა და ხელოვნების დარგებში.

2017 წელს მექსიკის მოქალაქეების დეპორტაცია 192 334-ჯერ მოხდა.