მინისტრების ნამდვილი და ყალბი პორტრეტები ტორტებსა და პერანგებზე

Facebook-ზე ქართული ოცნების მხარდამჭერი ერთ-ერთი გვერდი ავრცელებს ფოტოს, სადაც ასახულია “ბოლო ზარის” პერანგზე დახატული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. გვერდის ინფორმაციით ის მოსწავლეებმა მადლიერების ნიშნად დაახატეს სკოლის დამთავრებისას თეთრ პერანგზე, როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების ინიციატორი.

ინფორმაცია გაავრცელა რამდენიმე მედია საშუალებამაც.

ფოტო ქართული ოცნების მხარდამჭერ გვერდზე სხვა გვერდიდან მოხვდა - პოპულარული მიმებიდან, რომელიც ნაკლებად პოლიტიკური და მეტად გასართობი გვერდია; ამ გვერდზე პრემიერის გამოსახულებიანი პერანგის კომენტარებში ერთ-ერთმა სკოლადამთავრებულმა დუშეთის რაიონიდან საკუთარი ბოლო ზარის ტორტი დაპოსტა - საქართველოს განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გამოსახულებით.

როგორც საშაბუროს საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმ სკოლაში, სადაც ბანკეტისთვის ტორტი მინისტრის ფოტოთი მორთეს, მეთორმეტე კლასი სულ 6-მა ბავშვმა დაამთავრა და მათგან ყველა მადლიერი იყო გამოცდების გაუქმების გამო, ვინაიდან “ნერვიულობა აღარ მოუწევდათ და შესაბამისად, ბანკეტიც დამშვიდებულებმა დაგეგმეს.”

სოფელი საშაბუროს სკოლის მოსწავლეების ტორტი ერთადერთი არ იყო, სადაც მინისტრის სახე დახატეს. თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე მაისურებზე ბეჭდვის ჯიხურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბოლო ზარისთვის არაერთმა ბავშვმა დაიხატა მიხეილ ბატიაშვილი თეთრ პერანგზე.

და მაინც, ნამდვილად დაიხატეს თუ არა პრემიერ-მინისტრი ბავშვებმა პერანგზე?

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ფეისბუქ გვერდი, რომელიც პრემიერის პორტრეტიან პერანგს აზიარებდა, არაოფიციალური და ეკლექტურია, ვეცადეთ გადაგვემოწმებინა, რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსწავლეები მადლიერების ნიშნად მამუკა ბახტაძის სურათს იბეჭდავენ “ბოლო ზარის” მაიკებზე.

ფოტოზე ზედაპირული დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ ფოტო მანიპულაციების შედეგად არის აწყობილი ფოტორედაქტორების პროგრამებში და მასში სამი დონე იკვეთება:

  • ფონი;
  • მოსწავლის სილუეტი თეთრი პარანგით, რომელზეც მართლაც არის წარწერები ფლომასტრით გაკეთებული და რომელიც ამოჭრილი და ისე ჩასმულია ფონურ სურათში;
  • მამუკა ბახტაძის შავთეთრი გამოსახულება წარწერით “მადლობა გამოცდების გაუქმებისთვის”

ფოტო გადავამოწმეთ ონლაინ პლატფორმებზეც, რომლებიც გამოიყენება იმის დასადგენად, რამდენად ავთენტურია ესა თუ ის ფოტო. Fotoforensic-ის ანალიზმა იგივე სამი ფენა აჩვენა, რაც ჩვენმა ზედაპირულმა დაკვირვებამ.

თეთრი ჩარჩოები და კონტურები აღნიშნავს ფოტოში ასახულ ჩასმულ ნაწილებს

ის, რომ პრემიერის გამოსახულება ფოტოშია ჩასმული და არა პერანგზე დახატული, ჩანს ფოტოს მასშტაბის ცვლილებითაც. გადიდებისას ვარდება ხარისხი დანარჩენი გამოსახულების და შედარებით კარგად ჩანს ბახტაძის ნაწილი.

მადლიერი მოსწავლეები თუ პოლიტიკური პიარი?

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ თუკი ბავშვებმა სერიოზულად დაიხატეს პრემიერ-მინისტრის ფოტო სკოლის დამთავრებისას, როგორც მხარდაჭერა სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ, მაშინ ბუნებრივად ჩნდება ასოციაცია საბჭოთა კავშირთან, როდესაც მოსწავლეები მონაწილეობას იღებდნენ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში და თუკი იუმორით უდგებიან, შედარებით გასაგებია მათი მოტივი.

“თუმცა ჩემ ბავშვობაში, როცა სკოლას ვამთავრებდით, ცოტა სხვა გამოსახულებები გვქონდა მაისურებზე, მეტალიკას და აირონ მეიდანს ვიხატავდით. შეიძლება ისიც იყოს, რომ განათლების სფეროში იმდენად ცოტა რამ ხდება, რომ ბავშვებს ერთადერთი, რაც გაახსენდათ სკოლის დამთავრებისას, გამოცდების გაუქმება იყო.”

სიმონ ჯანაშია ამბობს იმასაც, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმება გარკვეულწილად მართლაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმისათვის რომ მმართველ გუნდ ახალგაზრდების სიმპატია დაემსახურებინება და ეს ნახატები ბოლო ზარის ატრიბუტიკაზე თუკი გულწრფელია, შეიძლება “ქართული ოცნების” მიღწეულ მიზანსაც გამოხატავდეს.

განათლების კიდევ ერთი ექსპერტი, რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებისთვის არაერთი არგუმენტი არსებობდეს და ის თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებების პოლიტიკურ კონტექსტში მოქცევა არასწორია.

“ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე სამოქალაქო სექტორიდან, რომ მაქსიმალურად უნდა დაიცალოს განათლების სისტემა პოლიტიკური კონტექსტიდან.ნებისმიერი რეფორმა უნდა იყოს ეროვნული მნიშვნელობის და საზოგადოების კუთვნილება უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის. არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის განათლების თემები არ უნდა იყოს პოლიტიკური დივიდენდების დაწერის საშუალება და ჩვენი პოლიტიკური კულტურა უნდა მივიდეს იქამდე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე მოხდეს შეთანხმება და განათლება არის სწორედ ასეთი სფერო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი შვილების განათლება გვეხება ყველას, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა.

რევაზ აფხაზავა ამბობს იმასაც, რომ თუკი სკოლის მოსწავლეები მართლაც ვალდებულად თვლიან თავს იყვნენ მადლიერები პოლიტიკოსების მიმართ, ეს არა იმდენად ამ კონკრეტული ბავშვების პრობლემაა, რამდენადაც სკოლის და საზოგადოების, რომლებსაც მათთვის სწორი ღირებულებების მიწოდება ევალება.

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა მხარი 2019 წლის 8 აპრილს დაუჭირა. კანონპროექტის მესამე მოსმენაზე პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი ვერ დაუჭირა, რაც დარბაზში ცუდი აკუსტიკით ახსენეს და გამოსაშვები გამოცდების გაუქმებისთვის დამატებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.