მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება

19 აპრილს, თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და წერს, რომ პირველ სართულზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ელექტროენერგია გათიშული იყო. მისივე თქმით, ბიბლიოთეკა აქტიურადაა ჩართული ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების საკითხში, რაც იწვევს გარკვეულ ეჭვებს:

„დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის "მფლობელებს"! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ რა მოხდა ზუსტად".

19 აპრილს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი წაეკიდა 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებულ საოფისე ინვენტარს.