„მოვითხოვ ჯარების გაყვანას“. რატომ არ ჩანს ომის საწინააღმდეგო პროტესტი

პლაკატი: „არ მინდა სამყაროს აღსასრული. მშვიდობა მსოფლიოს“.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ - ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე - სოციალურ ქსელებში სრული უკმაყოფილების მიუხედავად, რეალური საპროტესტო აქციები რუსეთში არ ეწყობა. გამოდიან ერთეული პიკეტებით, ისიც ყველაზე გაბედულები და მთელ ქვეყანაში ასეთი მხოლოდ ორიოდ ათეული ადამიანი მოიძებნა.

2014 წლისგან განსხვავებით, როცა მშვიდობის მსვლელობაზე 15 მარტს ყირიმის „რეფერენდუმამდე“ ერთი დღით ადრე, მოსკოვში 20 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, 2022 წელს ომის საწინააღმდეგო პროტესტი რუსეთში არ არის: როგორც ექსპერტები და აქტივისტები ამბობენ, ხალხი დაშინებულია.

აქტივისტებმა გორსტკინის ხიდზე სანქტ-პეტერბურგში დაკიდეს უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო ბანერი. ამის შესახებ იტყობინება Sota.
როგორც გამოცემა წერს, აქცია აქტივისტებმა სამშობლოს დამცველის დღეს დაამთხვიეს. მათ დაგმეს სამთავრობო მედიის პროპაგანდა და სიცრუე უკრაინის გარშემო არსებული ვითარების შესახებ. „ჩვენ უბრალო მოქალაქეებამდე მიგვაქვს ომის ჭეშმარიტი სახე - და ეს სახე სისხლისფერია“, - განაცხადეს აქტივისტებმა.

„ომის შიშმა სძლია დაკავების შიშს“

როგორც კი რუსეთის ქალაქების ქუჩებში აქტივისტები გამოდიან ომის საწინააღმდეგო პლაკატებით, ისინი მაშინვე შინაგან საქმეთა ორგანოების უახლოეს განყოფილებაში მიჰყავთ და დარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ. ხშირად პიკეტის მონაწილეები პლაკატის გახსნასაც ვერ ასწრებენ.

სანქტ-პეტერბურგში, სასახლის მოედანზე, 21 თებერვალს, დააკავეს ნიკიტა ვოლკოვი. ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადადგომის პლაკატით გამოვიდა და ამ პლაკატით იდგა სამი წუთი. ამის შემდეგ ვოლკოვი დაახლოებით ერთი საათი გააჩერეს პოლიციის ტრანსპორტში, სიცივეში, და შეადგინეს ოქმი მაღალი მზადყოფნის რეჟიმის დარღვევის მუხლით, იუწყებოდა „ოვდ-ინფო“ (აღიარებულია „უცხოეთის აგენტად“).

პიკეტის კიდევ ერთმა მონაწილემ, პიოტრმა, რომლის გვარის დადგენა ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს, 20 თებერვალს ანიჩკოვის ხიდზე, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, დაახვია პლაკატი წარწერით „მოვითხოვ ჯარების გაყვანას უკრაინის საზღვრიდან“.

ასევე თვალსაჩინო შედეგების გარეშე მოახერხა 20 თებერვალს თავისი ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა ფსიქოლოგმა, სოციოლოგმა და მხატვარმა, ლიონია ცოიმ (როგორც თავად მოითხოვა, გვეწოდა მისთვის). 2014 წელს ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა მშვიდობის მარშებში.

ლიონია ცოი პლაკატით „მე არ მინდა სამყაროს აღსასრული. მშვიდობა მსოფლიოს“.

- შემდეგ, როგორც ცნობილია, მათი მთავარი ორგანიზატორი, ბორის ნემცოვი, მოკლეს, - უამბობს ცოი „სევერ.რეალიის.“, - ახლა საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებული ვითარება გაცილებით უფრო დაძაბული და შემაშინებელია, მაგრამ ომის შიშმა სძლია დაკავების შიშს. არ მსურს ვიყო ადამიანი, რომელსაც მოკრძალებული პლაკატიც არ დაუხატავს, როცა უკრაინაში მეგობრებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება.

ამასთანავე, ბოლო ხანს პრეზიდენტი ბირთვული შანტაჟის სტრატეგიას მიმართავს, რაც ზიზღსა და შიშის ზარს იწვევს და საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს პლანეტაზე. იმის ნაცვლად, რომ მართლა მნიშვნელოვანი პრობლემები გადაწყვიტოს - სიღატაკის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების, განათლებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, - ჩვენი სახელმწიფო იარაღს აჟღარუნებს და კბილებს აღრჭიალებს. მე ბევრს ვიცნობ უკრაინაში და ისინი ჩემთვის ძალიან ახლობლები არიან, აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანებით.

დიდი საპროტესტო გამოსვლები არ ეწყობა, იმიტომ რომ ხელისუფლებამ მოახერხა საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილი ნაწილის დაშინება და დემორალიზება, არავინ არ ჩქარობს სათავეში ჩაუდგეს მოძრაობას, როცა კარგად ახსოვთ ნემცოვისთვის ზურგში ნასროლი ტყვიების შესახებ და „ნოვიჩოკის“ შესახებ ერთი „ნაკლებად ცნობილი ბლოგერისთვის“. მაშინ, როცა ამორფულ უმრავლესობას არ აქვს წვდომა მართალ ინფორმაციაზე და მნიშვნელოვანწილად დეზინფორმირებულია, სათანადოდ ვერ აფასებს არსებული საფრთხეების სერიოზულობას.

პიკეტის მონაწილეთა დაკავება იმ დღეს არ შედიოდა პოლიციელების გეგმაში, ამბობს ცოი. აქტივისტთან გამვლელებიც კი მიდიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ, მაგრამ პიკეტი მიმდინარეობდა „შეშინებულ ფორმატში ადგილმდებარეობის ცვლით“.

- ამის მიუხედავად, პოლიციელებს არ შეეძლოთ, ზომები არ მიეღოთ, ჩვენ რომ დაგვინახეს - თვითონ მათ წინააღმდეგ რომ არ მიეღოთ დისციპლინარული ზომები. ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ ბრალდება უკანა თარიღითაც შეიძლება გაფორმდეს. მათ ჩვენი საბუთების ასლები გააკეთეს და დიდხანს ესაუბრებოდნენ ვიღაცას ტელეფონით. თავაზიანად საუბრობდნენ და ცნობისმოყვარეობითაც კი, ახალი ამბებით დაინტერესდნენ.

მათთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო ინფორმაცია ბირთვული წვრთნებისა და ჩეჩენი ძალოვნების მუქარების შესახებ ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების მისამართით, ეჭვიც კი შეეპარათ მის ავთენტიკურობაში და როგორც მე მომეჩვენა, შოკირებულები იყვნენ, - ამბობს აქტივისტი.

„კვერცხებს ცალობით ვყიდი“

ოპოზიციონერმა აქტივისტმა რუსკო-ვისოცკიდან, ლენინგრადის ოლქიდან, დმიტრი სკურიხინმა, თავისი მაღაზიის შენობაზე განაახლა წარწერა „მშვიდობა უკრაინას. თავისუფლება რუსეთს“. სკურიხინი ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატია, მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო დუმის არჩევნებში. საკუთარი პოზიციის ასეთი ფორმით გამოხატვა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლების უკმაყოფილების მიუხედავად, სკურიხინმა სწორედ ყირიმის ანექსიის დროიდან დაიწყო. იქამდე თავის ავტომობილზე აკრავდა ლოზუნგებს: ადრე „ისააკის ტაძარი - ქალაქს“, შემდეგ - „უთხარი პუტინს, არა“, ახლა აპირებს მხარი დაუჭიროს „მეგობარს, ანდრეი პივოვაროვს, რომელსაც 6 წლით სვამენ ციხეში“.

დმიტრი სკურიხინი მაღაზიას „აახლებს“

- მე არ ვთვლი, რომ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, ეს „პუტინშჩინაა“, - ამბობს სკურიხინი, - საოკუპაციო რეჟიმი ჩვენ თავად ქვეყნის მიმართაც კი გვაქვს. მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ის, რასაც გადააბრალებენ თავიანთ სრულ მარცხს რუსეთის განვითარების საკითხში. ომი ყველაფერს ჩამოწერს, და ვინ იკითხავს, რა ხდება ჩვენს თავს ფასებთან დაკავშირებით, სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, ან ნებისმიერ სხვა რამესთან დაკავშირებით?

პასუხი მარტივია: აგერ, თავს გვესხმიან დასავლეთიდან! და დემოკრატიაც შეგიძლია მთლიანად მიასრისო ამ ნიშნით: რა არჩევნები, როცა მტერი მოგვადგა კარს. თუმცა ძია ვოვა არც თავმოყვარეობის დაკმაყოფილების წინააღმდეგია. მისთვის დემოკრატიული, დინამიკურად განვითარებადი უკრაინა - ყველაზე საშინელი სიზმრის ახდენაა.

ამიტომ, სანამ ის ხელისუფლებაშია, ან სანამ მთელ მის ე.წ. კომპანიას სათანადოდ არ უთავაზებენ, ეგენი უკრაინას არ დაეხსნებიან. უკრაინელების ადგილას მეც ჩავთვლიდი, რომ რუსეთი ესხმის თავს უკრაინას, იმიტომ რომ სად არის დამოკიდებულების თუნდაც რაიმე გამოვლინება, ჩვენი, რუსული საზოგადოებისგან? არ არის! იმიტომ რომ მოკლეს, გააგდეს და ჩასვეს ლიდერები, ახლა კი რაღაცნაირად საშიშია.

აი მე, მაგალითად, ერთი წლის წინ 20 დღე ვიჯექი, ახლა არ შემიძლია თავს უფლება მივცე, კიდევ ერთი თვით ან ნახევარი წლით ჩავჯდე. მაღაზიაზე წარწერა კი სულ სხვა საქმეა. ჰოო, ჩემმა მაღაზიამ აქ ყველას მოაბეზრა თავი. პლაკატს ხელისუფლება ჩამოხსნიდა, მე კი ისე გავაკეთე, რომ ამას ვერ ჩამოხსნიან. ლოზუნგი „მშვიდობა უკრაინას, თავისუფლება რუსეთს“ აგერ უკვე ხუთი წელია კიდია, მე მესმოდა, რომ ეს ხანგრძლივი პრობლემაა. პუტინის ხელისუფლება - ტერორისტულია.

როცა სკურიხინი რვა წლის წინ ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ გამოვიდა და პირველად გამოხატა თავისი პოზიცია მაღაზიის შენობაზე, ადგილობრივი მცხოვრებლები შიშობდნენ, რომ მას ციხეში ჩასვამდნენ. რვა წელიწადში ვითარება შეიცვალა, უკმაყოფილება კი არის, მაგრამ ხალხი დაშინებული და შებოჭილია.

- სოფელში ხალხი ძალიან ცუდად ცხოვრობს. მე კიდევ ერთი პატარა მაღაზია მაქვს მეზობელ სოფელში. იქ კვერცხებს ცალობით ვყიდი. ეს ხომ მაჩვენებელია. იქ არის „მაგნიტი“ და „პიატეროჩკა“, მაგრამ ჩვენ იმის ხარჯზე გაგვაქვს თავი, რომ ნისიად ვაძლევთ და ასე, ცალობით ვვაჭრობთ, - ამბობს დმიტრი, - ადამიანს სამი დღე დარჩა პენსიამდე ან ხელფასამდე, საჭმელი არაფერი აქვს და მოდის სასესხებლად.

და ეს სულ სხვადასხვანაირი ხალხია: ხანდაზმულებიც არიან, მშრომელებიც, ქალებიც 40-50 წლის. როცა ყირიმი მიიერთეს და მე პლაკატი გამოვფინე, მთელმა დასახლებამ ზურგი შემაქცია. ხალხი აღარ მესალმებოდა. ახლა კი პუტინს დედას აგინებენ. ყველა მხრივ. მაგრამ ჩვენი ხალხი მშიშარა, დაბეჩავებული, შებოჭილია.

როცა რვა წლის წინ ჩემს ცოლს საჩუქრად პლაკატების გამოფენა გავუკეთე ჩვენს დასახლებაში, დიდად არ დაუფასებია, პოლიციამ და ხელისუფლებამ - კიდევ უფრო ნაკლებად დააფასა. მაგრამ ერთი კვირის მერე ხალხი შოკირებული მოდიოდა ჩემთან და მეკითხებოდნენ: „სკურიხინ, შენ კიდევ ცოცხალი ხარ? ჯერ არ ზიხარ?“ სოფელში ხელისუფლებას აგინებენ, მაგრამ მასობრივ ღონისძიებებს არ უნდა ელოდე. ისინი მაშინ დაიწყება, როცა ხალხი ელემენტარულად საჭმლის ყიდვას ვეღარ შეძლებს. მაგრამ ჩვენთან საქმე აქამდე არ მივა, ეკონომიკა საბაზროა. უბრალოდ, სულ უფრო და უფრო უარესი პროდუქციის ყიდვას დაიწყებენ.

„გამოსვლა უკვე აღარ შემიძლია“

22 თებერვალს, იმ დღეს, როცა სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ პრეზიდენტის ბრძანების რატიფიცირება მოახდინეს, პეტერბურგში უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოვიდა „მკვდრების პარტია“. აქტივისტებმა, რომელთაც თავის ქალის გამოსახულებიანი ნიღბებით ჰქონდათ სახე დაფარული, პიკეტი პისკარიოვის სასაფლაოზე გამართეს პლაკატებით „მათ გვამები ეცოტავებათ“.

„უნდა შევაჩეროთ ეს თავზეხელაღებული სისხლისმსმელი ბაბუები, ეს 70-იანი წლების ყაჩაღები, რომლებიც უკვე წლებია სავარძლებში სხედან და იმდენი აქვთ მოპარული, რომ რეალობასთან უკვე ყველანაირი კავშირი დაკარგეს“, - ნათქვამია ჩატარებული აქციის შესახებ ამ მოძრაობის ფეისბუკის გვერდზე.

მკვდრები მკვდრებს ეკითხებიან: თქვენ მხარს უჭერთ ომს? მხარს დაუჭერთ თუ უკვე მხარს უჭერთ? პირდაპირ თქვით - კი თუ არა? მკვდრების სამყარო - ცოცხლების სამყაროს კოლონიაა, ამას აღიარებთ?
და მკვდრები უპასუხებენ: არ ვაღიარებთ, იმიტომ რომ ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა, და მკვდრები ომის წინააღმდეგ არიან, ცოცხლების აგრესიის წინააღმდეგ - ვითომ მსოფლიოს დაცვის მიზნით. როგორც ამბობენ, ეს მკვდრებს არ სჭირდებათ, ეს ცოცხლებს სჭირდებათ - პუტინს და მის მეგობრებს, „ეფ-ეს-ბე-შნიკებს“, ერთიან რუსეთის მომხრეებს და სხვებს, რომლებსაც იარაღის ჟღარუნი სურთ გაზის მილის გარშემო.
უკრაინის და რუსეთის ცოცხალი მოსახლეობა, ფაქტობრივად, აღმოჩნდა მძევალი ვამპირთა ხროვისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი არასდროს დაიხოცებიან. უნდა შევაჩეროთ ეს თავზეხელაღებული სისხლისმსმელი ბაბუები, ეს 70-იანი წლების ყაჩაღები, რომლებიც უკვე წლებია (სავარძლებში) სხედან და იმდენი აქვთ მოპარული, რომ რეალობასთან უკვე ყველანაირი კავშირი დაკარგეს. უნდა გავაჩეროთ ეს სიცრუით სავსე ურჩხული-სახელმწიფო
პეტერბურგი, 22022022

მხატვარი ელენა ოსიპოვა - ცნობილი აქტივისტი სანქტ-პეტერბურგში, ადრე ცდილობდა, ყველა საპროტესტო ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა. თებერვლის დასაწყისში, როცა უკრაინასთან ვითარება გამწვავდა, საპენსიო ფონდისკენ მიმავალ გზაზე, მან უკრაინის საკონსულოს თავისი პლაკატი, „ზეციური ასეული“ გადასცა. ელენა ანდრეევნა უკვე 77 წლისაა.

„ბევრს ვავადმყოფობ, მხოლოდ მაღაზიაში გასვლა შემიძლია ხანდახან“, - ამბობს ის. მაგრამ ბორის ნემცოვის ხსოვნის დღეს პენსიონერი შეეცდება, „აუცილებლად გავიდეს“, რათა ომის საწინააღმდეგო პოზიციაც გამოხატოს. მოკლული პოლიტიკოსისთვის პეტერბურგში პატივის მისაგები გეგმების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ჩვეულებრივ, აქციები სამების მოედანზე მთავრდება „გულაგის“ პატიმრების „სოლოვეცკის ქვასთან“ - საბჭოთა კავშირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლთან.

მე აუცილებლად გავალ 27 თებერვალს, - ამბობს ოსიპოვა, - ეს უკანასკნელი იმედია იმის, რომ საერთოდ ვინმე გამოვა და იტყვის, რასაც ფიქრობს... ისინი ხომ არ ზრუნავენ მომავალ თაობაზე. მე ბევრჯერ ვყოფილვარ პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში, უკვე ყველა პოლიციელი მიცნობს, ჩივიან კიდეც, თითქოს რამის გაკეთება შემეძლოს. მაგალითად, მათ საშინელი ტუალეტები აქვთ. ქალაქის ცენტრშია, მაგრამ საზარელი სუნი დგას, თვითონ ჰყვებიან ამას. როცა ის-ის იყო, დაიწყეს ჩემი დაპატიმრება, მაშინ ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ, და ხალხი იქ სამ-სამი უმაღლესი განათლებით მუშაობდა. წასასვლელი არსად ჰქონდათ „პერესტროიკის“ მერე. იქ ბევრი კარგი ადამიანია.

ისინი თავად ამბობენ, რომ ადრე მოსახლეობა უნდა დაეცვათ, ახლა კი - ხელისუფლება მოსახლეობისგან. მაგრამ იქ ისეთებიც არიან, ვისაც ძალის გამოყენება უყვარს.

ელენა ოსიპოვა და მისი ომის საწინააღმდეგო პლაკატი

„ანშლუსი დაიწყო... და გაგრძელდება... გიხაროდეთ, ვისაც გიხარიათ, მეტი ჭამეთ, ნავთობი და გაზი თქვენს თაობას ეყოფა“, - ასე აღიქვამს ელენა ოსიპოვა უკრაინასთან დაკავშირებულ ვითარებას.

მოსკოვში ნემცოვის ხსოვნის აქცია მისი მკვლელობის მეშვიდე წლისთავზე ჩატარდება, როგორც ყოველთვის, მდინარე მოსკოვის - დიდ ხიდზე. ოპოზიციონერი ილია იაშინი სოცქსელების მეშვეობით იტყობინებოდა, რომ მერია პოლიტიკოსის დაღუპვის ადგილზე ყვავილების მიტანის წინააღმდეგი არ არის. იმის შესახებ, რომ ამასთანავე, უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოეხატათ, არაფერი იყო ნათქვამი:

„როგორც წესი, ამ დღეს ჩვენ ვატარებდით მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ დიდ მსვლელობებს. თუმცა, ახლა მოსკოვში სანიტარული შეზღუდვებია კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ქალაქის მერის განკარგულებით, მთლიანად აკრძალულია ნებისმიერი მსვლელობა, მიტინგი და ცალკეული პიკეტებიც კი.

ამის მიუხედავად, მე დარწმუნებული ვარ: ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, პატივი მიაგოს ადამიანის ხსოვნას, რომელმაც სიცოცხლე ჩვენი თავისუფლებისთვის გასწირა“, - დაწერა იაშინმა 17 თებერვალს.

სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ვილნიუსში, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციას ომის საწინააღმდეგო ხასიათი ექნება.

27 თებერვალს ვილნიუსში ვატარებთ ბორის ნემცოვის ხსოვნის აქციას. ყირიმის ანექსიისა და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ, ბორის ეფრემოვიჩი გახდა რუსეთის ანტისაომარი მოძრაობის დე ფაქტო ლიდერი. და დღეს, რუსეთ-უკრაინის დიდი ომის ზღურბლზე, ცხადია, რომ ღონისძიებას უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ხსოვნის, არამედ ანტისაომარი განწყობაც.
აქცია დაიწყება 14:00-ზე, ბ. ნემცოვის სახელობის სკვერში - რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს.
მსგავსი ინფორმაცია განთავსდება „ღონისძიებებში“ ფეისბუკზე.

მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქციაზე 20 თებერვალს ექვსი ადამიანი გავიდა, ყველა მათგანი ინდივიდუალური პიკეტის ფორმით. მათ შორის იყვნენ უფლებადამცავი ლევ პონომარიოვი (რუსეთში ის „უცხოეთის აგენტად“არის მიჩნეული), ასევე იური სამოდუროვი, მიხაილ კრიგერი, ნიკოლაი რეკუბრატსკი, მიხაილ უდიმოვი და ოლგა მაზუროვა. ყველა დააკავეს, მათ შორის პორომარიოვიც, რომელმაც ვერც კი მოასწრო გაეშალა თავისი პლაკატი, წარწერით - „,რუსეთო, ხელი არ ახლო უკრაინას!“ ამ პიკეტებისთვის ხელის შეშლა სცადეს რადიკალური გაერთიანება SERB-ის (South East Radical Block) წარმომადგენლებმა. კიდევ ორმა აქტივისტმა, მაგალითად, კონსტანტინ კოტოვმა, ცალკე პიკეტი მოაწყო ერთი დღით ადრე.

ნიკოლსკის ქუჩაზე დააკავეს აქტივისტები - ალექსეი კოპტელოვი პლაკატით „უკრაინასთან ომი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია“, და დმიტრი ლენი, რომელიც ნავალნის უჭერს მხარს. ლენი მის მიერ ადრე ჩადენილი კანონდარღვევის გამო დააკავეს, იტყობინებოდა Sota. ერთკაციანი პიკეტები მოეწყო ასევე რუსეთის სხვა ქალაქებში, სამარაში, ეკატერინბურგში, ვოლგოგრადში, კიროვსა და პეტროზავოდსკში. პარტია „იაბლოკომ“ 13 თებერვალს დაიწყო შეგროვება უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ხელმოწერებისა, რომელთა რიცხვი 19 ათასამდე იყო. ხელის მომწერთა შორის იყვნენ: ოლეგ ბასილაშვილი, ილია გინზბურგი, ევგენი გონტმახერი, სერგეი განდლევსკი, ვერა რეზნიკი, სერგეი კრიჩევსკი და სხვები. პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინიკოვი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობა აღარ დარჩა. მისი აზრით, ამის მიზეზი დაშინება და შეკრების დაშლის ძალადობრივი მეთოდებია და ისიც, რომ პროტესტის გამომხატველთა ლიდერები აღარ არსებობენ: ისინი ან ხიდზე მოკლეს, ან საპატიმროში არიან. ყველა, ვინც თვლის, რომ რუსეთში საპროტესტო გამოსვლების ნაკლებობაა, უნდა ჩამოვიდეს მოსკოვში, ან რუსეთის სხვა ქალაქში და მოაწყოს გამოსვლა. მაშინვე გაქრება ყველა შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. პროტესტს ადამიანები იქ და მაშინ გამოხატავენ, სადაც მათ ამისთვის არ სჯიან და სადაც ამ ქმედებას სოციალური მხარდაჭერა აქვს. რუსეთში ტერორი ბატონობს, ლოგიკურია, რომ რუსეთში ხალხს აღარ სურს საპროტესტოდ ქუჩაში გასვლა. და იგივე ვითარებაა ბელარუსში, სადაც ამავე მიზეზით აღარ გამოთქვამენ პროტესტს. ტერორის ეფექტის უარყოფა და ხალხის დადანაშაულება ამ ვითარებაში, დაცინვაა, ვთვლი მე. ყველა ლიდერი, ვინც დარჩა, საპატიმროშია. ვინც გარეთ დარჩა, ან არაა ლიდერი, ან რუსეთში აღარ არის. ვინც ახლა გამოდის ქუჩაში და პროტესტს გამოთქვამს, ან ბოლოს და ბოლოს ჩაჯდება, ან დამცირების შემდეგ უცხოეთში წავა, ფიქრობს ფიოდორ კრაშენინიკოვი.