მონათმფლობელებისა და კონფედერატების დამხობილი ძეგლები

პირბადიანი მუშები ხსნიან რობერტ მილიგანის,  შოტლანდიელი მონათმფლობლის ძეგლს, რომელიც ლონდონის ნავსადგურთან, მუზეუმის წინ, იდგა. აშშ-ში, მინეაპოლისში, აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ლონდონის მერმა, სადიღ ხანმა, გამოაცხადა, რომ უნდა გადაიხედოს ბრიტანეთის დედაქალაქში მდგომი ყველა ძეგლის არსებობა, ასევე ქუჩების დასახელებები და იმ შემთხვევებში, თუკი შესაბამის პირებს კავშირი ჰქონდათ მონობასთან, ძეგლები უნდა მოიხსნას და დასახელებები შეიცვალოს.

  2020 წლის 7 ივნისს ბრიტანეთში, ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, მონებით მოვაჭრე ედუარდ კოლსტონის ძეგლი დაამხეს და წყალში გადააგდეს. აქცია მოჰყვა დემონსტრაციას, რომელიც გაიმართა „The Black Lives Matter“-ის მოძრაობის მიმართ სოლიდარობის ნიშნად.

 ბრისტოლში წინა დღით ჩამოგდებული  მე-17 საუკუნის ინგლისელი მონებით მოვაჭრის, ედუარდ კოლსტონის ძეგლის პოსტამენტის  წარწერაზე  მიამაგრეს პლაკატი: „ეძღვნება მონებს, რომლებიც მათი სახლებიდან წაიყვანეს“. კოლსტონის, მონებით ცნობილი მოვაჭრის,  ძეგლის დამხობას სიხარულით შეეგებნენ ბრისტოლში, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ  ქალაქში, გამართული დემონსტრაციის მონაწილეები.

კენტაკიში, ლუისვილში, მოსახსნელადაა გამზადებული  აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს  კონფედერატების არმიის ოფიცრის, ჯონ კასელმანის, ქანდაკება. ძეგლი ოფიცრისა, რომელმაც ბრიგადის გენერლობას მიაღწია, ასი წლის განმავლობაში იდგა ქალაქის „ჩეროკის სამკუთხედის“ რაიონში, სადაც  რასობრივი უთანასწორობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო გამოსვლებს მართავდნენ 2020 წლის 8 ივნისს.  

ვირჯინიის შტატში, ალექსანდრიაში მდგომი ეს პოსტამენტი ნაშთია ქანდაკებისა, რომელიც კონფედერაციის პერიოდს უკავშირდებოდა და რომელიც ვირჯინიის ადგილობრივმა ხელისუფლებმა მოახსნევინეს. კონფედერატების ძეგლების ჩამოხსნა ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა აშშ-ში და მისი მიზეზი ის იყო, რომ ეს ძეგლები ადიდებდნენ თეთრკანიანების აღმატებულებას და მთავრობას, რომელიც მონობის გავრცელების პრინციპს ემყარებოდა.

ეს ფოტო ბელგიის ტელარხ ATV-ს მიერ გადაღებული ვიდეოს ერთი კადრია, რომელიც ასახავს 9 ივნისს ანტვერპენში ქალაქის მუშების მიერ ბელგიის მეფის, ლეოპოლდ მეორის, ძეგლის დემონტაჟს. ძეგლი რამდენიმე დღით ადრე საღებავით მოთხვარეს ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა. ის ადრეც იყო აქტივისტების სამიზნე, რადგან ლეოპოლდის მმართველობა უკავშირდება ბელგიის კოლონიალიზმს აფრიკაში, სადაც ის მართავდა და ექსპლუატაციას უწევდა „კონგოს თავისუფალ სახელმწიფოს“, როგორც საკუთრებას.  მოძრაობა ბოლო ხანს გააქტიურდა მას მერე, რაც აშშ-ში, მინეაპოლისში, პოლიციის მიერ დაკავების დროს დაიღუპა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი და მის სიკვდილს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელ მსოფლიოში.  

ეს ბელგიის მეფის, ლეოპოლდ მეორის, ძეგლია, რომელიც გრაფიტითაა მოხატული და რომელიც დგას  ბრიუსელთან, ტერვურენში, აფრიკის მუზეუმის პარკში. ფოტო გადაღებულია 2020 წლის 9 ივნისს.

 საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა წააქციეს ედუარდ კარმეკის ძეგლი ნეშვილში, ტენესის შტატში, 31 მაისს, როცა მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა. კარმეკი მეოცე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური მოღვაწე და რედაქტორი იყო, რასისტული სანტიმენტებით.

პოსტამენტი, რომელზეც კონფედერატების დროინდელი გენერლის, მე-19 საუკუნეში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარდლის, რობერტ ედუარდ ლის ძეგლი იდგა ქალაქ მონტგომერიში, ალაბამაში, ცარიელია. პოლიციის მიერ დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომლის დროსაც ლის სახელობის სკოლის წინ მდგარი ძეგლი დაამხეს 2 ივნისს. მომხდარის გამო საქმე აღიძრა და ოთხ პირს წაუყენეს ბრალი. აფრიკელ ამერიკელთა  უფლებების დამცველთა აზრით,  უნდა გადაიხედოს ლის მიმართ დამოკიდებულება, რადგან, როგორც ისინი აღნიშნავენ, გენერალი  დაკავშირებული იყო მონობასა და რასიზმთან.

კონფედერატების არმიის გენერლის,  რობერტ ედუარდ ლის ქანდაკების გარშემო  ხალხი შეკრებილა რიჩმონდში, ვირჯინიის შტატში, 2020 წლის 4 ივნისს, როცა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა. იმავე დღეს ვირჯინიის გუბერნატორმა, რალფ ნორტჰემმა, გამოაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს მოიხსნას კონფედერატების არმიის გენერლის ძეგლი და დაავალა შესაბამის სამსახურს, რაც შეიძლება მალე გააკეთონ ეს. 

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა 9 ივნისს რიჩმონდში, ვირჯინიის შტატში, ჩამოაგდეს ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, რაც მოჰყვა მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავებისას ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს. ფოტოგრაფია სოციალური მედიით გავრცელდა. კოლუმბს აშშ-ში საუკუნეების განმავლობაში აფასებდნენ მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი უკავშირდება კოლონიალიზაციას, მონობას და ადგილობრივი ამერიკელების მიმართ ძალადობას.

ფოტოზე, რომელიც 2020 წლის 30 მაისსაა გადაღებული,  გამოსახულია  ფილადელფიის ყოფილი მერის, ფრენკ რიცოს, საღებავით დათხვრილი ძეგლი, რომელსაც პოლიციელები არტყიან გარს ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლის დროს.  მალევე,  3 ივნისს, მუშებმა ძეგლი აიღეს.


რიცო ფილადელფიის პოლიციის კომისარი იყო 1968-1971 წლებში და ქალაქის მერად მსახურობდა  1972 წლიდან 1980 წლამდე. ის ცნობილი იყო რასისტული და ჰომოფობიური მიდრეკილებებით და პოლიტიკით.
 

ამ პოსტამენტზე  რაფაელ სემსის, სამოქალაქო ომის მონაწილის, „კონფედერატების ნელსონად“ წოდებული ადმირალის, ძეგლი იდგა 5 ივნისამდე, სანამ მას ქალაქ მობაილის მთავრობა არ აიღებდა ყოველგვარი გამოცხადების გარეშე. სემსის ძეგლის მიმართ, რომელიც აფრიკელი ამერიკელების მონებად შენარჩუნებისთვის იბრძოდა,  ყოველთვის იყო წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება.

დემონსტრანტები მოითხოვენ ბრიტანელი იმპერიალისტის, კოლონიალიზმის აქტიური მონაწილის,  სესილ როდსის, ძეგლის აღებას.  ძეგლი დგას ოქსფორდში, ბრიტანეთში, ორიელის კოლეჯის გარეთ. 9 ივნისს ათასობით ადამიანი მოითხოვდა როდსის ძეგლის მოხსნას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ძეგლი შეუთავსებელია   „ანტირასიზმისადმი ქალაქის ერთგულებასთან“,  როგორც ეს  ოქსფორდის  26 მრჩევლის მიერ ხელმოწერილ წერილში წერია.   

ბრიტანელი იმპერიალისტის,  სესილ როდსის, ძეგლი ორიელ კოლეჯის გარეთ - 9 ივნისი, 2020 წელი.  
როდსის სახელი უკავშირდება სამხრეთ აფრიკის კოლონიალიზაციას,  სამხრეთ და ჩრდილოეთ როდეზიას მის გამო უწოდეს ასე. 

ვირჯინიის ქალაქ პორტსმუთის ცენტრში კონფედერატების ქანდაკება ნაგვის ტომრებითა და ქსოვილით შეფუთეს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა 10 ივნისს, 2020 წელს, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ქალაქის საბჭოს წევრებმა გამოაცხადეს, რომ მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ გადაიტანონ ძეგლები.

ჯეფერსონ დეივისის საღებავითა და გრაფიტით დაფარული ქანდაკება რიჩმონდში, ვირჯინიაში, 7 ივნისს, პოლიციის სისასტიკისა და რასიზმის წინააღმდეგ გამართული გამოსვლებისას. ჯეფერსონ დეივისი სამოქალაქო ომის დროს აშშ-ის კონფედერაციული შტატების პრეზიდენტი იყო.

კონფედერაციის პრეზიდენტის, ჯეფერსონ დეივისის, დასვრილი ძეგლი ჩამოგდების შემდეგ ასახულია ფოტოზე, რომელიც რიჩმონდში 10 ივნისს გადაიღეს და რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა.

სახელმწიფო საპატრულო სამსახური საგუშაგოზე დგას,  როცა მინეაპოლისისა და სენტ-პოლის სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებს გადააქვთ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი, რომელიც  10 ივნისს ჩამოაგდეს და რომელიც  მინესოტის შტატის კაპიტოლიუმზე  იდგა.  

ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს, რომელიც მასაჩუსეტში, ბოსტონში, დგას,  თავი მოაცალეს 10 ივნისს, როცა რასობრივი უთანასწორობის საწინააღმდეგო დემონსტრაციები  იმართებოდა  მინეაპოლისში 25 მაისს, პოლიციის მიერ დაკავებისას, აფრიკელ ამერიკელი ჯორჯ  ფლოიდის სიკვდილის შემდეგ.