მსხვერპლშეწირვა უფლის სახელით - გიორგობა გორიჯვარზე

გოჩა ონეზაშვილმა კასპიდან გორამდე დიდი გზა გამოიარა. გორიჯვრის მთაზე ოჯახთან ერთად ფეხით ავიდა. სალოცავში მოზრდილი ცხვარი აიყვანა, ეკლესიას სამჯერ შემოატარა და ბოლოს ღმერთს, ოჯახის საკეთილდღეოდ, მსხვერპლად შესწირა. ტაძართან ახლოს მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოზე მისი ცხვარი დაკლეს და რამდენიმე წუთში გაატყავეს. ოჯახმა საკლავი სახლში წაიღო. გოჩა ამბობს, რომ შვილიშვილის დაბადებისას ჩაუთქვა და დღეს ღმერთისთვის მადლობის სათქმელად მოვიდა.

ახალგაზრდები წინაპართა ამ ტრადიციას განსხვავებულად აფასებენ. დღეს ისინი გორიჯვარზე ცხვრებით და მამლებით არ ასულან.

6 მაისს მართლმადიდებლები წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავენ. გორის მუნიციპალიტეტში გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს, აღნიშნავენ. 1920 წლის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, გადმოცემის თანახმად, გორის მფარველად ითვლება, ხოლო გორიჯვრის ჯვარს სხვადასხვა სასწაულსაც მიაწერენ, ამიტომ, ტრადიციულად, გორელების დიდი ნაწილი გორიჯვრის მთაზე ადის, შესაწირის სახით კი ძირითადად ცხვრები და მამლები მიჰყავთ.

ბოლო რამდენიმე წელია ადგილობრივი სასულიერო პირები მრევლს აფრთხილებენ, რომ მსხვერპლშეწირვას საერთო არაფერი აქვს ქრისტიანობასთან. გარდა ამისა, ბინძურდება ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ზაფხულში იქ გაჩერება შეუძლებელია. გორი-ატენის ეპარქიის მღვდელი ლუკა კარელიძე აცხადებს, რომ, სასულიერო პირების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ ტრადიციას მოქალაქეების ნაწილი ჯიუტად აგრძელებს, თუმცა ახალგაზრდების ცნობიერება შეცვლილია და მათ არ მოსწონთ ეს მსხვერპლშეწირვა.

ტრადიციულად, გორელების დიდი ნაწილი გორიჯვრის მთაზე ადის, შესაწირის სახით კი ძირითადად ცხვრები და მამლები მიჰყავთ.

ახალგაზრდები წინაპართა ამ ტრადიციას განსხვავებულად აფასებენ. დღეს ისინი გორიჯვარზე ცხვრებით და მამლებით არ ასულან. ბევრი მათგანისთვის ცხოველთა მასობრივი კვლა და ბუნების დაბინძურება მიუღებელია. ლინა ბერიანიძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები ამ მსხვერპლშეწირვას ისევ მისდევენ, მაგრამ მას ეს არ მოსწონს.

გორის მუნიციპალიტეტში გიორგობას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს და 23 ნოემბერს, აღნიშნავენ.

ეთუნა კიკნაძე გორიჯვარზე მეგობრებთან ერთად ავიდა. ეკლესიაში სანთელი აანთო. მისი აზრით, მსხვერპლშეწირვას საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან.

იქვე, მონასტრის ძირში მოწყობილია ცხოველთა სასაკლაო, ტერიტორია სისხლითაა შეღებილი და ყასბები ამ დღეს არცთუ მცირე გასამრჯელოს იღებენ. ხვიჩა საათაშვილს აღარც ახსოვს, დღეს რამდენი ცხვარი და მამალი დაკლა. ხელები სისხლიანი აქვს. სასაკლაოს ფარდულთან მიყენებულ "ვილისში" ცხვრის ტყავებს ტვირთავს. ამბობს, რომ ტერიტორიას არ დააბინძურებენ, მერე წყალსაც ამოიტანენ და სისხლისაგან მოსვრილ ადგილებს გადარეცხავენ.

მონასტრის ძირში მოწყობილია ცხოველთა სასაკლაო, ტერიტორია სისხლითაა შეღებილი და ყასბები ამ დღეს არცთუ მცირე გასამრჯელოს იღებენ.

ყასბები ყოველთვის პირობას დებენ, რომ ტერიტორიას დაასუფთავებენ, მაგრამ გიორგობის შემდეგ იქ სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები მიდიან და ტაძრის მიმდებარე ქედს ნარჩენებისგან ასუფთავებენ ხოლმე.