„მუდმივად რატომ გვატყუებენ?“ – 16 წელი ბესლანის ტრაგედიიდან

2004 წლის 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში ტერორისტები N1 სკოლაში შეიჭრნენ. სკოლაში მისული 1200 ადამიანიდან 1128 ბავშვები, მათი მშობლები და მასწავლებლები იყვნენ.

სხვა მონაცემებით, ტყვეების რაოდენობა 1180 ადამიანს აღემატებოდა. რეალური მონაცემები ხელისუფლებას არ გაუსაჯაროებია. თავიდან ამტკიცებდნენ, დატყვევებული სულ 100 კაციაო, შემდეგ - 300-350-ო, თუმცა მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. თითქმის ყველა ადილობრივ მცხოვრებს სკოლაში ახლობელი ან ნაცნობი მაინც ეგულებოდა.

ტერორისტებს სკოლა ორ დღეზე მეტხანს ჰქონდათ დაკავებული. 3 სექტემბერს მდგომარეობა შეიცვალა. ტერაქტმა და ქაოსურმა შეტაკებამ, რომელიც დღემდე რატომღაც შტურმად არის მონათლული, 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი იმსხვერპლა. დაჭრილების რიცხვმა 800-ს გადააჭარბა, მათგან 72 ბავშვი და 69 ზრდასრული შშმ პირებად იქცნენ. დაიჭრა ძალოვანი სტრუქტურების 62 თანამშრომელი. დაზარალებულად სულ1343 ადამიანია ცნობილი.

2004 წლის 2 სექტემბერს ბესლანში მოძრაობენ სხვადასხვა ფორმაში გამოწყობილი მილიციონერები. ბევრი 58-ე არმიის ჯარისკაცია. ამ ხნის განმავლობაში მათ შორის არავის უნახავს ერთი ოფიცერიც კი, იყვნენ მხოლოდ ჯარისკაცები და სერჟანტები, რომლებსაც თავადაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა. დროდადრო ოქტომბრის ქუჩაზე უაზროდ მოძრაობდა ბეტეერი. უკვე ტერაქტის მეორე დღე იყო, მაგრამ ჩანდა, რომ არანაირი ერთიანი ხედვა, არანაირი შტაბი, რომელიც რეალურად იმუშავებდა, არ არსებობდა. არავინ იცოდა, როდის რა გაეკეთებინა.

მოედანი კულტურის სახლის წინ

ალაქი ჩაკვდა. ისე ჩანდა, თითქოს ყველა, ვინც კი ქალაქში იყო, კულტურის სახლის წინ იდგა. ხალხით სავსე მოედანზე სიჩუმეს მხოლოდ ახალი ამბები არღვევდა, რომელსაც მუდმივად ჩართული რადიომიმღები გადმოსცემდა. ხალხი მოვლენების ეპიცენტრიდან 100 მეტრში იდგა, ამბავს კი მხოლოდ რადიოსა და ტელევიზორის მეშვეობით იგებდნენ. თითქმის ყველას, ვინც მოედანზე იყო, სკოლაში ახლობელი ან ნაცნობი მაინც ეგულებოდა.

გაუგებრობა მეორე დღესაც გრძელდება. ხალხი ჩუმად ელოდება. იმედი აქვთ, რომ მათთან, ბოლოს და ბოლოს, მთავრობა გამოვა, გამოვა რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ძასოხოვი და ყველაფერს იტყვის, ყველაფერს ნათელს მოჰფენს... არ გამოვიდა, არ თქვა, არ განმარტა...

მხოლოდ 2 სექტემბრის საღამოს ხალხთან გამოვიდა ჩრდილოეთ ოსეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ურუზმაგ ოგოევი. მან წაიკითხა სია იმ 11 ქალისა და მეძუძური ბავშვის სახელებით (სულ 26 ადამიანი), რომელთა გამოყვანა ინგუშეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსლან აუშევმა, მოახერხა. ჩინოვნიკის უკან მდგარი ბიჭი ატირდა და სახეზე ხელები აიფარა: ახლობელი ადამიანის სახელი ამ სიაში არ აღმოჩნდა.

მოედანზე შეკრებილი ხალხი ყვირის: „ძასოხოვი ჩვენთან რატომ არ გამოდის? რატომ გვატყუებენ? რატომ არ გვეუბნებიან სიმართლეს დატყვევებულების რაოდენობაზე? თუ არ გინდათ ან არ შეგიძლიათ ჩვენი ბავშვების გადარჩენა, გვერდზე გაიწიეთ! ჩვენ თვითონ მივხედავთ, ჩვენ ვიხსნით ჩვენს შვილებს!“ ხალხის ხმას დროდადრო ყუმბარების ხმა ახშობს, ტერორისტებს მიმდებარე ტერიტორიებზე ცეცხლი აქვთ გახსნილი. უკვე მაშინ არჩევენ ხმებს ერთმანეთისგან. შედარებით იშვიათი და ყრუ ხმებიცაა, აშკარად სკოლის შიგნიდან მოდის. შემდეგ გაიგეს, რომ „ბოევიკებმა“ რამდენიმე ტყვე დახვრიტეს.

ცოლის გვარი სიაში არ არის

3 სექტემბერს, დღისით, კოლეგასთან ერთად კაფე „ირბისში“ შევედი, რომელიც სკოლიდან არცთუ შორს მდებარეობდა. ამ დროს სკოლის ტერიტორიაზე აფეთქების ხმა გაისმა ორჯერ თუ სამჯერ. მას ავტომატის ჯერი მოჰყვა. კაფესთან ტყვიები ზუზუნებდნენ. რამდენიმე წამის შემდეგ საიდანღაც 12-13 წლის ბიჭი შემოვარდა, გასისხლიანებულს მხოლოდ ტრუსები ეცვა. ზურგზე დამწვრობა და ჭვარტლი ეტყობოდა.

მაშინ გადაღებული კადრების მიხედვით მოვლენების ქრონოლოგია აღვადგინე: ყველაფერი 13:04 წუთზე დაიწყო... ამ ბიჭს მაშინვე უკან მოჰყვა მამაკაცი, რომელსაც ხელში გოგონა ეჭირა. ის რომელიღაც შეუმჩნეველი კარიდან გამოვარდა. უკვე შემდეგ, სახლში მიბრუნებულმა, დავითვალე, რომ მხოლოდ პირველ წუთში ამ კარიდან 14 ადამიანი გამოიყვანეს ან გამოიტანეს, შიშვლები ან ნახევრად გახდილები, სისხლში ამოთხვრილები... კანკალებდნენ და ყვიროდნენ: „წყალი, წყალი! ჩვენს შარდს ვსვამდით, წყალი დაგვალევინეთ!“ ბიჭებმა, რომლებიც იქვე იყვნენ, ბავშვების დასარწყულებლად ავტომატის კონდახებით კაფეს კარი გაიტანეს და წყლის შეკვრები გამოათრიეს. წყალს დამწვარ ზურგებზეც ასხამდნენ. შემდეგ ამ ბილიკს კაფემდე, რომელიც ნიკოლაი კოკაევის სახლის წინ გადიოდა, „სიცოცხლის გზა“ დაარქვეს. ის გზა, დაახლოებით, 70-მა ადამიანმა გაიარა.

მიუხედავად იმისა, რომ 2004 წლის 2 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი ანდრეევმა, განაცხადა, „ბოევიკები“ საკვებისა და წყლის მიღებაზე დაგვთანხმდნენო, ბავშვები მაინც მშივრები და მწყურვალები იყვნენ.

ნიკოლაი კოკაევი იხსენებდა: „როდესაც ბავშვები ჩემს ეზოში შემორბოდნენ, წვიმის წყლით სავსე ქვაბი დაინახეს, მისცვივდნენ, თავები ჩაყვეს და წყალს დაეწაფნენ. როცა წავიდნენ, წყალი სისხლიანი დარჩა“.

13:19 სთ: გამოჰყავთ, თითქმის გამოაქვთ მოხუცი თავზე შლაპით, რომელსაც გასისხლიანებული პიჯაკი ჩაუბღუჯავს. ეს 85 წლის ზაურბეკ გუტიევია, ფიზიკის ყოფილი მასწავლებელი, ომის ვეტერანი და სტალინგრადის ბრძოლის მონაწილე - 1 სექტემბერს მშობლიურ სკოლაში მივიდა და ისიც ტყვედ აიყვანეს. პიჯაკზე, რომელსაც ხელს არ უშვებდა, მისი ჯილდოები აღმოჩნდა. ტერორისტებს რომ არ დაენახათ, გაიხადა და გადმოაბრუნა.

3 სექტემბერი. სკოლის სახურავი, რომელიც აფეთქებებისგან ჩამოინგრა.

სპეცრაზმის დაჭრილი მებრძოლების ევაკუაცია

შემდეგ გავიგე, რომ ეს შტურმის მონაწილეების ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი რაზუმოვსკი იყო: მისი ჭრილობები, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა.

ბესლანის მკვიდრი სკოლაში დაღუპული ცოლის ცხედართან

საავადყოფო, ალბათ, ერთადერთი ადგილი იყო ამ ქაოსში, სადაც წესრიგი სუფევდა. შესასვლელს ავტომატით შეიარაღებული პირები იცავდნენ, თუმცა არც არავინ ცდილობდა პალატაში მათი გვერდის ავლით შევარდნილიყო.

საავადმყოფოსთან შეკრებილი ხალხი შოკში და ისტერიკაშია, მაგრამ უკანასკნელი ძალებით ცდილობენ თავი ხელში აიყვანონ. სუფთა ჰაერზე მოსაწევად ან, უბრალოდ, ჰაერის ჩასასუნთქად გამოსული ექიმები ამბობენ, რომ მათთან ახლა 200 კაცია. „ჭრილობები ძირითადად ან ნაღმების აფეთქების შედეგია, ან ნამსხვრევები აქვთ მოხვედრილი. არიან დამწვრები და ტყვიით დაჭრილები. თითქმის ყველა შოკშია. კიდევ 400-მდე ადამიანი ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს“.

2017 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განიხილა საინიციატივო ჯგუფ „ბესლანის დედების“ რამდენიმე საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ ვერ მოახერხა ადამიანების სიცოცხლე საფრთხისგან დაეცვა, ასევე ვერ დაგეგმა 3 სექტემბრის შტურმი ისე, რომ ტყვეებისთვის სასიცოცხლო საფრთხე მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი. რუსეთის მთავრობა ბევრ რამეს უარყოფდა. მაგალითად, ამბობდნენ, რომ შტურმის დროს ყუმბარმტყორცნები არ გამოუყენებიათ.

3 სექტემბერი. ნახმარი ყუმბარმტყორცნები და (მსგავსი ყუმბარმტყორცნისა - РПГ-18 „Муха“) ცეცხლმტყორცნები (РПО-А „Шмель“) აკურატულად არის დალაგებული კედელთან, სკოლის მთავარი შესასვლელის ახლოს. პირველ დღეს მას რომელიღაც სპეცდანაყოფის მებრძოლი იცავდა, შემდეგ კი, უბრალოდ, მიყარეს და ბავშვები თამაშობდნენ. რუსეთის მთავრობა ოფიციალურად აცხადებდა, რომ ყუმბარმტყორცნები და ცეცხლმტყორცნები შტურმის დროს არ გამოუყენებიათ.

ბავშვები ყუმბარმტყორცნის ცარიელი მილებით თამაშობენ

ტანკები, იმავე ოფიციალური ვერსიის თანახმად, ასევე „არ ისროდნენ“. იმის მტკიცებაც კი დაიწყეს, რომ ისინი საერთოდ არ იყვენ ბესლანში. მაგრამ ტანკებთან დაკავშირებით საქმე ჩაიშალა. ძალიან ბევრმა ნახა ტანკებიც და ისიც, თუ როგორ ისროდნენ ამ ტანკებიდან. იძულებული გახდნენ მათი არსებობა ეღიარებინათ. ოფიციალური ვერსიის კორექტირებისას განაცხადეს, რომ ტანკები მხოლოდ საღამოს ისროდნენ, როდესაც სკოლაში ცოცხალი ტყვეები უკვე აღარ იყვნენ. ოფიციალურად აღიარებულია, რომ სკოლის მიმართულებით 7 მაღალფეთქებადი ფრაგმენტაციის ჭურვი გაუშვეს, თუმცა პირადად მე გაცილებით მეტი დავთვალე. რისთვის გახდა საჭირო ტანკებიდან ესროლათ ცეცხლწაკიდებული სკოლისთვის? ეს ტყვეებსა და შტურმის მონაწილეებს რაში დაეხმარებოდა?

აი, ეს ტანკები, რომლებიც ბესლანში 4 სექტემბერს არის გადაღებული.

პირველი ოფიციალური ვერსიით, არც ეს ტანკისტები ყოფილან იქ.

ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ საინფორმაციო სააგენტოები აქა-იქ აცხადებდნენ, რომ სანაგვეზე ბესლანის შემოგარენში იპოვეს სხვადასხვა ნივთები, რომლებიც იქ სკოლის შტურმის შემდეგ გადაყარეს. მათ შორის იყო: მერხების ნამტვრევები, დამწვარი ბოძები, ბავშვების ტანსაცმლის ნაგლეჯები, ფეხსაცმელი, არაფეთქებული ყუმბარა, ჩანთა, რომელიც შესაძლოა ტერორისტს ეკუთვნოდა, ადამიანის სხეულის ნარჩენები... იმ საშინელი ნაგვის გროვაში ბევრმა იპოვა და ამოიცნო თავისი დაღუპული თუ დაკარგული ბავშვის ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი. მმართველი სტრუქტურები უარყოფენ, რომ ნაპოვნ საგნებს რაიმე კაშირი ჰქონდა სკოლასთან. ჩინოვნიკების ლოგიკა გასაგებია: შეუძლებელია აღიარო, რომ შტურმის შემდეგ ყველაფერს, უბრალოდ, ხელი მოუსვეს და გადაყარეს. მარტო ესეც დანაშაულია - ნივმთმტკიცებებისა და სამხილების განადგურება.

ამ სიტყვების ავტორი საკუთარი თვალით ხედავდა, ამას როგორ აკეთებდნენ. 2004 წლის 4 სექტემბერს სკოლას ჯერ კიდევ ბოლი ასდიოდა, ეზოში გვამები გამოჰქონდათ და მზისგან დასაცავად ფოლგით ფარავდნენ. ცხედრების ნაწილი საკაცეებით გაიტანეს. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები რაღაც ქაღალდებს ავსებდნენ, საგანგებო სიტუაციის სამინისტროს თანამშრომლები კი შენობიდან ყველაფერს ეზოში ეზიდებოდნენ. შემდეგ მთელ ამ „ხარახურას“ ტრაქტორი აგროვებდა და „კამაზის“ ძარაზე ცლიდა.

2019 წლის მარტში საიტზე „სიმართლე ბესლანზე“ რუსეთის ზედამხედველობის სამსახურმა წაშალა გვერდი, სადაც გამოქვეყნებული იყო იმ წერილების ასლები, რომელთაც ტერორისტები სკოლიდან გზავნიდნენ. ორივე ტექსტი სასამართლოს საქმეებშია და სასამართლოზე წაიკითხეს კიდეც, თუმცა ინტერნეტში მათი გავრცელება მაინც აიკრძალა. ერთ-ერთი ვერსიით, დოკუმენტები მეტყველებს, რომ ტერორისტები რუსეთის მთვარობასთან მოსალაპარაკებლად მზად იყვნენ. ერთი წერილი შამილ ბასაევის მიერ იყო ხელმოწერილი. ის ბესლანში არ ყოფილა, მაგრამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.

ყველას, ვინც კი ვლადიკავკაზის აეროპორტში ჩამოფრინდება, მემორიალური სასაფლაოს „გლოვის ხის“ გვერდით გავლა მოუწევს. ტრაგედიის მასშტაბი რომ იცოდე, მის საშინელებას ბოლომდე მხოლოდ ამ სასაფლაოზე აღიქვამ, როცა ხედავ ერთნაირი საფლავების რიგს და თითქმის ყველას გარდაცვალების თარიღად 2004 წლის 3 სექტემბერი აწერია. დაბადების წლები კიდევ უფრო შემზარავია: 1992... 1996... 2002...

ექვს ქვაზე ერთი და იგივე გვარია ამოტვიფრული - ტოტიევი. 2004 წლის 1 სექტემბერს ტოტიევები რვანი წავიდნენ სკოლაში, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა.

ქალი და ჭაღარა მამაკაცი სასაფლაოს ალაგებენ. ქალი ვედროს იღებს და ახლა მეორე საფლავისკენ მიდის: „საშა, იქ ბელკას ლარნაკი გაუტეხიათ, უნდა გავასწოროთ“. რიმა და საშა გუმეცოვები თავის აზასთან ყოველდღე მოდიან, ბელკა კი ბელა კოკოითია, მეზობელ რიგში დაკრძლული აზას დაქალი. „ისეთი კარგები იყვნენ, - ძლივს ამბობს რიმა. - ჩვენი გოგო ლექსებს წერდა, ელა ლექსებს მონოსპექტაკლებად აქცევდა ხოლმე. ბელკა, უბრალოდ, ვუნდერკინდი იყო მათემატიკაში. სვეტა... ახლა ყველა ერთადაა. ყოველდღე მოვდივართ, სხვაგან სად უნდა წავიდეთ?“

აზას საფლავის ქვაზე ამოკვეთილია:

„ყველაფერი ასე მოხდა

არც ადრე და არც გვიან,

იმიტომ რომ სამუდამოდ,

იმიტომ რომ ძალიან

რთული არის ყველაფერი...

ბილეთი მაქვს სამოთხის

და იქამდე მივალ მალე,

პირველივე რეისით“...

ეს სტრიქონები აზა გუმეცოვამ ტრაგედიამდე დაწერა, მაშინ 12 წლისაც არ იყო.

საშა გუმეცოვი შვილს იხსენებს.

2004 წლის 4 სექტემბერი. საავადმყოფოს კედლებზე გამოკრულია სიები შემოყვანილი დაჭრილების სახელებით და გვარებით. ხალხი ახლობლებს ეძებს, თუნდაც დაჭრილს, მაგრამ ცოცხალს...