ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ნათესავმა მიაყენა. როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოში უთხრეს, შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა.

მაღალაშვილის თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

„ვუთხარი, რომ ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედი? გარანტიები სად არისო? დერეფანში რომ გავიდა, დედა შემაგინა და ამაზე მეც გავედი, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა“, - ამბობს გოგი მაღალაშვილი.

ექიმს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას/ძალადობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჯერ არავინაა.