ვალია ვანიშვილი ქმრის, დათა ვანიშვილის გვერდით 21 მაისს დაკრძალეს - ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე, სადაც, წლების განმავლობაში, ცოლ-ქმარი სხვების მკვდრებს პატრონობდა - აღდგომაზე წითელი კვერცხები, სანთლები მიჰქონდათ.
„შემოუშვით ჩემი ნათესავები... ადამიანები არა ხართ?! დათა მამიკვდა“, - ამაოდ ითხოვდა ვალია ვანიშვილი 2021 წლის მარტში, როცა ქმარი გარდაეცვალა; მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ნათესავებისა და ახლობლების ძირითადი ნაწილი საოკუპაციო რეჟიმმა არ გაატარა. მათგან მხოლოდ ნაწილს დართეს ნება - საათობით ლოდინის შემდეგ.
ვერ შევიდნენ თბილისის კონტროლირებად ნაწილში დარჩენილი მეზობლები; თბილისიდან ჩასული ხალხი.
მათი მიტანილი ყვავილები მავთულხლართებზე დარჩა.
ჭირისუფლების დიდმა ნაწილმა ახლაც იცოდა, რომ იოლად ვერ გაივლიდა მავთულხლართებით გადაკეტილ გზას; მაგრამ დამწუხრებული ხალხი ხურვალეთში მაიც ჩავიდა, მათ შორის - თბილისიდან.
როგორც მოსალოდნელი იყო, სპეციალური ნებართვით, მავთულხლართებზე გადასვლა მხოლოდ ნათესავების მცირე ნაწილმა შეძლო. ისევე, როგორც 13 წლის წინ დათა პაპას დაკრძალვაზე, ახლა ჩასულებიც ვალია ბებოსაც შორიდან ემშვიდობებოდნენ.
როგორც ადგილობრივებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, ბოლოს დედასთან სახლში იყო ორივე ქალიშვილი, რომელთაგან ერთი ვლადიკავკაზში ცხოვრობს; ხოლო მეორე - თბილისში.
დედა ბოლო დროს ავადმყოფობდა და საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
- "ჩვენი ბოლო გმირი იყო საოკუპაციო ხაზს მიღმა".
- "წავიდა ვალია ბებო დათა პაპასთან - პირნათელი".
- "ზუსტად ისევე იბრძოლა ვალია ბებომ, როგორც მისგან დათა პაპა ელოდა".
- "სიმამაცის, პატრიოტიზმისა და სიყვარულის სიმბოლოები აღარ არიან..."
- "წავიდა ოკუპირებული სოფლის ბოლო მცველი - ახლა ვინღა გაამაგრებს იქაურობას".
ამ დღეებში სოციალურ ქსელებში ბევრმა დაწერა, რომ ვანიშვილების ორსართულიანი სახლი საქართველოს ოკუპაციასთან შეურიგებლობის, ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ცოლ-ქმარმა სახლი არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ დატოვა და არც 2011 წელს, როდესაც, უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდნენ.
მაშინ სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთის ნაწილთან ერთად.
ვანიშვილებმა რამდენჯერმე თქვეს უარი ,,სამხრეთ ოსეთის” მოქალაქეობაზე და იქაური პენსიის მიღებაზე - ოჯახი ვერ ეგუებოდა ოკუპაციას. საქართველოს სახელმწიფოს პენსიას იღებდნენ - თუმცა ლარს ადგილზე მაინც ვერ იყენებდნენ.
რადიო თავისუფლების არქივშია არაერთი სიუჟეტი, რომლებიც დათა და ვალია ვანიშვილების გაუტეხელ წინააღმდეგობაზე მეტყველებს.
“მე გაბრაზებული ვალია ბებოც არაერთხელ მინახავს... ერთხელ, როცა ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ მავთულხლართებთან გამოვიდა, ახლოს ჩასაფრებულები - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევამჩნიეთ და თვითონაც ხედავდა. ვალია ბებო ხმამაღლა ლაპარაკობდა მათზე - რა უნდათ, თავს არ გვანებებენო… ძალიან იყვნენ მათგან შეწუხებული... ხან ჩასაფრებულები იყვნენ მათ სახლთან, ხან ღიად ემუქრებოდნენ - განსაკუთრებით, როცა საერთაშორისო დონის ლიდერები და ელჩები ჩადიოდნენ მათთან... მაგრამ ისინი [ცოლ-ქმარი] მაინც გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ - გაგვაფრთხილეს, რომ არ დაგელაპარაკოთო, რაღაც არ გითხრათო, მაგრამ მაინც ახერხებდნენ, მოსულიყვნენ და თავის გულისტკივილზე ელაპარაკათ“, - იხსენებს გოგა აფციაური - ჟურნალისტი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებულ საკითხებს რადიო თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში აშუქებდა და ვანიშვილების ოჯახსაც არაერთხელ შეხვედრია.
აფციაური იხსენებს, რომ, სხვადასხვა დროს, მათ შორის - საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის გამო - საოკუპაციო რეჟიმმა არაერთხელ დააკავა თავად დათა პაპა, ვანიშვილების მომვლელი შვილიშვილი მახო [მალხაზი] და მისი მეუღლე თათიაც. ვანიშვილებს წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ, უწერდნენ ოქმებს, აჯარიმებდნენ, ჩხრეკდნენ მათ სახლს.
“იმ დღესაც იყვნენ რუსები, ჯერ ორნი მოვიდნენ და გავაგდე, მერე ოთხნი მოვიდნენ, ჩხრეკა დაიწყეს”, - უყვებოდა ვალია ვანიშვილი რადიო თავისუფლებას 2020 წლის აპრილში, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა მახო და თათია ცხინვალში გადაიყვანა.
ასევე ნახეთ
მავთულხლართებს მიღმა დამალული ქართველი ცოლი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ცოლ-ქმრის ისტორიავანიშვილების ოჯახის გასაცნობად სხვადასხვა დროს ხურვალეთში ჩასული არიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, პარლამენტარები, დიპლომატები, ელჩები.
- 2017 წლის 1 იანვარს დათა პაპას ოჯახს ახალი წელი პირადად მოულოცა აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა.
- ამავე წელს ჩასული იყო ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი;
- ნაწილობრივ ოკუპირებულ სოფელში ნამყოფი არიან ევროპარლამენტის, ეუთოსა (OSCE) თუ გაეროს (UN) ხელმძღვანელი პირები.
ვანიშვილების ოჯახს უცხოელი სტუმრების მიმართ ერთადერთი სათხოვარი ჰქონდა - მავთულხლართების აღებაში დახმარებოდნენ. ამ ნატვრის ასრულება ცოლ-ქმრის სიცოცხლეში ვერ მოესწრო.
ასევე ნახეთ
დათა ვანიშვილის ანდერძი: „სახლი არ დატოვო“„სახლი არ დატოვო, არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვან, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგეხმარებიანო“, - ვალია ვანიშვილი ხშირად იმეორებდა ქმრისგან გაგონილ ბოლო სიტყვებს.
“ქართველებმა დათა პაპას პირობა შევუსრულეთ, წამით არ მიგვიტოვებია! ძალიან დიდი და მტკივნეული ისტორია დამთავრდა ვალია ბებოს გარდაცვალებით!” - სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ფეისბუკპოსტში იხსენებს, რომ, თუკი გასაჭირი ჰქონდა, ვალია ვანიშვილი მასაც თავისუფლად ურეკავდა და მისი სათხოვარი უყურადღებოდ არასოდეს დარჩენილა.
სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში ვანიშვილების სახლი დაცარიელდა. ოჯახის წევრებიდან იმ სახლში აღარავინ ცხოვრობდა. მათ მომვლელ შვილიშვილს "გადაპარვა" უწევდა.