"ნაგვის გროვა ნაგვის ურჩხულად იქცა" - ომის მოწინააღმდეგეთა შიში და უიმედობა რუსეთში

მოსკოვი, ომის საწინააღმდეგო სტიკერი ხეზე. 2023 წელი

ერთი წლის შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, მოსკოვში ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. ბევრისთვის ყველაფერი იგივე დარჩა. ისინი დიდად არ განიცდიან, რომ ათას კილომეტრში ხალხი მხოლოდ იმიტომ წყდება, რომ მათმა ქვეყანამ ომი წამოიწყო.

ომის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის რუსეთში ხალხს სულ უფრო მკაცრად დევნიან. მოსკოველები, რომლებიც ქვეყნიდან არ გაქცეულან და ცდილობენ ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ, იძულებულები არიან ეს ჩუმად გააკეთონ ისე, რომ ვიდეოკამერებმა ვერ აღბეჭდონ. ისინი ქალაქში ომის საწინააღმდეგო სტიკერებს აკრავენ.

საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა მხოლოდ ომის მხარდამჭერებს შეუძლიათ, ან იმათ, ვინც ამ ომს არ იმჩნევს, რადგან „პოლიტიკისგან შორსაა“.

რესპონდენტი N1 - ნაგვის ურჩხული

კამერებს უკვე კეფითაც კი ვგრძნობ. თუ გინდა, შენი სტიკერი ბევრმა ნახოს [ხალხმრავალ ადგილას უნდა გააკრა], იქ კი კამერაც იქნება. მეტროში, სვეტებს შორისაც შეიძლება კამერა იყოს. თუმცა, ხანდახან ვხედავდი, რომ კამერა ყველაზე შეუმჩნეველ ადგილასაც კი არის. დავითვალე, თანამედროვე ტრამვაიში 14 კამერა აყენია. ზოგ ადგილას ძელებზე აყენია კამერები. ალბათ ბევრმა კამერამ დამაფიქსირა.

წელი გავიდა და ახალი ჩვევები დამჩემდა: პოლიტიკით ყოველდღიურად ვინტერესდები, ყოველდღე რაღაცას მაინც ვაკეთებ ომის დასასრულებლად, მისი შედეგების აღმოსაფხვრელად.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახელმწიფო ადრე ნაგვის გროვად გვაჩვენებდა თავს, 24 თებერვალს კი, ბოლოს და ბოლოს იქცა კიდეც ნაგვად, ნაგვის ურჩხულად. ჯერაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სრული სიმაღლით წამოიმართა ფეხზე. ასეთი წარმოდგენა მაქვს ჩვენს საზოგადოებაზე.

ომი რომ დაიწყო, მაშინვე სხვა ქვეყანაში მინდოდა წასვლა, რომ უბრალოდ არ ვყოფილიყავი იმ სახელმწიფოში, რომელიც ამ ყველაფერს სჩადის. ხან წასვლა მინდოდა, ხან დარჩენა. დიდხანს ვიყავი ასე, ბევრნაირი არგუმენტი მქონდა. ახლა უფრო იმისკენ ვიხრები, რომ აქ ვიარსებებ. შესაძლოა ჩვენთან სამოქალაქო ომი დაიწყოს. ყველაფერი ცუდად იქნება, მაგრამ უკრაინაში ომი უკვე დაიწყო და იქ ხალხი ხომ ცხოვრობს? ბახმუტშიც კი ცხოვრობენ. მე რატომ ვერ უნდა გავძლო აქ?

ვინც დავრჩით, შევიკრიბეთ. ახალ მეგობრებს შევხვდი, ამან შთამაგონა სტიკერები გამეკეთებინა. ჯერ ძალიან მეშინოდა, რამდენიმე დღის მერე, როცა არავინ დამიჭირა, შიშმა ცოტა გადაიარა. თითქოს კომპიუტერულ თამაშში ვარ, 3D-ში. მისიას ვასრულებ და ზომბებს ხელიდან უნდა დავუსხლტე. ზომბები სასტიკი, უხეშო კაცები არიან, პოტენციურად საშიშები, პენსიონერებიც საშიშები არიან.

ანონიმი რესპონდენტი

გეტყვით, რა სარგებლობა მოაქვს სტიკერებს: [ვიღაც ფიქრობს], სადღაც ჩვენი ხალხია, მარტო არ ვარ. ისინი კი, ვინც არ ფიქრობენ ომზე, ამას ნახავენ და დაფიქრდებიან. სტიკერებმა რომ გაამართლა, იმით მივხვდი, რომ მათი ჩამოხევა დაიწყეს. ხალხისთვის სულერთი რომ იყოს, არ ჩამოხევდნენ. რადგან ხევენ, ესე იგი მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ იმასაც მნიშვნელობა მიეცა, სტიკერი რამდენად კარგადაა მიწებებული, ზოგი იმდენად მყარია, რომ ვერ ჩამოხევ, მხოლოდ გადაფხეკ.

რესპონდენტი N2 - „თავი ბრიყვი მგონია“

ვიღაცები საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში წავიდნენ, ვიღაცები შიდა ემიგრაციაში, მათ საერთოდ არაფერი ეხებათ. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მოსკოვში ყველაფერი ძველებურად გრძელდება, და ეს იმის ფონზე, რომ გვერდით ყოველდღე ტრაგედია ხდება. კიდევ ერთი საოცრება ისაა, რომ ომი გრძელდება. გვეგონა, სადღაც ერთი-ორი თვე გაგრძელდებოდა, სამშვიდობო შეთანხმება იქნებოდა, თითქოს მიდიოდა კიდეც ამისკენ ყველაფერი. მეორე, რასაც არ ველოდი, ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკა ასეთი მდგრადი აღმოჩნდა. გვეუბნებოდნენ, რომ ივლისში ჩამოიქცევა, ნოემბერში ჩამოიქცევა. და საერთოდ რომ არაფერი შეცვლილა, ეს ფანტასტიკის სფეროა, არ მესმის ეს როგორ მოხდა. პირველი, რაც გავაკეთე, ნაცნობ ფერმერს დავურეკე, ვუთხარი, კიდევ ერთი-ორი ჰექტარი კარტოფილი დავთესოთ-მეთქი. ახლა ჩემს მეგობარ ფერმერს უამრავი კარტოფილი აქვს, მისი ფასი ეცემა, მე კი თავი ბრიყვი მგონია.

შოკი იყო, პუტინის თაობა რას წარმოადგენს? ყოველ წელს ცხოვრება უკეთესი ხდებოდა. გეუბნებიან - კარიერა გაიკეთე, ფული იშოვე, თავისუფლების ქვეყანა, შესაძლებლობები, რაც გინდა. ევროპა, ამერიკა ჩვენი მეგობრები არიან, ევროპა მალე ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე იქნება. ეს თაობა არაფრით შეუმზადებიათ იმისთვის, რაც მერე მოხდა. ახლა ირკვევა, რომ ფული უნდა იშოვო, კარიერა გაიკეთო, დასავლეთი კი მართლაც ცდილობს რუსეთი გაანადგუროს. ეს ყველაფერი სერიოზულად როგორ უნდა აღიქვა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში საპირისპიროს გიმტკიცებდნენ?

რესპონდენტი N3 – „ვინც ეს მოაწყო, იმას ფეხებზე კიდია“

როდესაც 2001 წელს დავიბადე, პუტინი უკვე იყო. მთელი ჩემი ცხოვრება მისი მმართველობის ქვეშ გავატარე.

[ომი] გრძელდება, არაფრით დამთავრდა. ამის დატევა ჩემს ტვინს არ შეუძლია. იქ ყოველდღე ხალხს ესვრიან, ხოცავენ. მე წარმოდგენაც კი არ შემიძლია, რომ ეს ყოველდღე ხდება და ვინც ეს მოაწყო, იმას ფეხებზე კიდია.

რეპრესიები! მათი მასშტაბი შეიძლება გაიზარდოს. ტიპმა ქალაქის ადმინისტრაციაში ღამით „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდო. იქ არავინ იყო, მაგრამ 10 წლით ჩასვეს. არადა, მხოლოდ 25 წლისაა. უცებ გავიაზრე, რომ ჩემი უფროსი ძმა 26 წლისაა. წარმოვიდგინე, რამდენია 10 წელი და აქ უბრალოდ...

სტიკერები მშვიდობისადმი მოწოდებით

დაქალთან ერად დამაკავეს. შსს-ს მთელ განყოფილებაში შუქი იყო გამორთული. როცა გიძახებენ, ბნელი დერეფნებით მიდიხარ. დაველაპარაკე ოპერს, რომელიც დაკითხვას მიწყობდა. ვკითხე: „არ [მოგბეზრდათ] ამის კეთება?“, ის მიპასუხებს: „სულ არ მსიამოვნებს, სხვა ბევრი საქმეც მაქვს. არადა, თქვენისთანა უამრავი მოჰყავთ, უნდა გააფორმო, დაწერო“... რაღაც მომენტში კოლეგა ურეკავს: „მიტინგიდან ერთი ავტობუსი ხალხი მოიყვანეს. ქვეყანაა, მთელი ღამე აქ ვისხდებით“. მართლა საშინელება იყო, როდესაც მივხვდით, რომ ბიჭები გაჰყავთ და მათზე ძალიან დიდი ზეწოლაა, რომ იქიდან პირდაპირ სამხედრო კომისარიატში გაუშვან. მათ ცალკე კითხავდნენ.

რესპონდენტი N4 - „არც გამახსენდებოდა“

არც შემიმჩნევია, თქვენ რომ არ გეთქვათ, არც გამახსენდებოდა, რომ წლისთავია. არ მაინტერესებს პოლიტიკა და ეკონომიკა, ეს ჩემს სფეროსთან არაფერ შუაშია.

რესპონდენტი N5 - „ეს სწორია“

სპეცოპერაცია დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ტარდება და ეს სწორია.

რესპონდენტი N6 - ომი აშშ-თან?

როდესაც პირველად გავიგე სპეცოპერაციის შესახებ, მაშინვე ვთქვი, რომ აშშ-თან ომი იქნება. ეს თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის. ბევრი სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს, მაგრამ მე ამ აზრზე ვარ და ჯერჯერობით არ შემშლია.

რესპონდენტი N7 - „სისხლი სისხლია“

იძულებულები ვიყავით ეს ზომები მიგვეღო. ომს და სისხლს არავინ ემხრობა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო მეტი სისხლი დაიღვრება, დამნაშავეების თუ უდანაშაულოების. სისხლი სისხლია.

რესპონდენტი N8 - „ისევ მრცხვენია“

ისევ მრცხვენია. მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი მოგვარდება, რაღაც პოზიტიურ ბოლოს ვხედავ.

რესპონდენტი N9 - „შეეძლო ევროპაში საუკეთესო ყოფილიყო“

24 თებერვალს რომ დავიწყე ტირილი, ერთი თვე ვტიროდი. ახლა უკვე ცრემლები გამომელია, მაგრამ შინაგანად ისევ ვტირი. ძალიან ბევრი დაიღუპა. ორივე მხრიდან. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვფიქრობ, შეეძლო ევროპაში საუკეთესო ყოფილიყო.

რესპონდენტი N10 - „შესაძლოა ომი ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყოს“

2022 წლის მთავარი შედეგი ისაა, რომ პირველად ვიგრძენით, ეკონომიკა ეს ჩვენ ვართ, ჩვენ გავუძელით, ესე იგი შეიძლება მომავალშიც განვვითარდეთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ეკონომიკის გადაწყობა დავიწყეთ. მუდმივად ვხვდები ბიზნესმენებს და ვხედავ, სულ სხვა განწყობა აქვთ. ხალხი რეალურად გრძნობს, რომ მათ წინაშე სივრცე გაიხსნა, ჰორიზონტი. ამ წლის განმავლობაში უფრო ძლიერები გავხდით და კიდევ უფრო გავძლიერდებით.

ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა, ეს ერთადერთია, რაც ამ სიხარულს ჩრდილავს. შევშფოთდი, როდესაც დანაკარგის შესახებ გავიგე. მაგრამ, მეორე მხრივ, კოვიდის ეპიდემიის დროსაც, სხვადასხვა გათვლით, 350-500 ათასი ადამიანი დავკარგეთ. ეკონომიკური ზრდის კუთხით ახლა უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შესაძლოა უფრო მძიმე მოვლენებისთვისაც უნდა მოვემზადოთ. შესაძლოა ომი ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყოს. შესაძლოა ბრძოლაში კიდევ სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ ანუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდეს. ამის მეშინია.

რესპონდენტი N11 - „წყვდიადია“

როდესაც ყველაფერი დაიწყო, ლიფტში ლოზუნგი დავწერე და ამით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. რაღაც დროის შემდეგ ლიფტში სხვა წარწერა გაჩნდა. რამდენიმე თვე ვუყურებდი ამ წარწერას და ვფიქრობდი, რომ სადღაც სახლში კიდევ ვიღაც არის ჩემნაირი. რაღაც დროის შემდეგ ლიფტში ჩემს პარტნიორ ბიჭთან ერთად შევედი, სიტყვას მოჰყვა და გაირკვა, რომ მეორე წარწერა მას ეკუთვნის. ანუ ეს ყველაფერი ილუზია იყო.

მიტინგი რომ იყო, სამსახურის შემდეგ მივედი და დავაგვიანე. დაშლილი დამხვდა, აღარავინ იყო. ვიღაც კაცი თავისთვის მიდის ქუჩაში, პოლიციელები იჭერენ და ურტყამენ. შემეშინდა, ვერ მივუახლოვდი, გავაცნობიერე, რომ მზად არ ვარ მისახმარებლად. რამდენიმე წლის წინ ასე არ ავწონ-დავწონიდი, იმიტომ რომ ასეთი შედეგები არ მოსდევდა, თუ დაგიჭერდნენ, გაგათავისუფლებდნენ. ახლა კი წონი ყველაფერს და ხანდახან ირჩევ, არ დაეხმარო ადამიანს, რომელსაც ახლა სტკივა. ეს, რა თქმა უნდა, წყვდიადია. ეს ის სიტუაციაა, როდესაც მთელი წელია ვერ გაგვიგია რა ხდება, რა ბედი გვეწევა. რა თქმა უნდა, ამას ყველანი ძალიან განვიცდით.