ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევის წინააღმდეგ
"უნგრეთმა შესაძლოა შეწყვიტოს უკრაინაში ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტი, თუ კიევი არ განაახლებს რუსული ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენის მეშვეობით", - განაცხადა გერგეი გულიაშმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
18 თებერვალს უნგრეთმა და სლოვაკეთმა შეწყვიტეს დიზელის საწვავის მიწოდება უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენი “დრუჟბა” მწყობრიდან გამოვიდა.
ბუდაპეშტი და ბრატისლავა, რომლებიც დიდწილად დამოკიდებულნი არიან მილსადენით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე, კიევს ადანაშაულებენ იმაში, რომ პოლიტიკურ მიზეზთა გამო შეგნებულად აჭიანურებს სარემონტო სამუშაოებს.
ევროკომისიის პრესსპიკერმა ანა-კაისა იტკონენმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ევროპის კავშირიც ითხოვს 2026 იანვრის ბოლოს დაზიანებული ნავთობსადენის შეკეთებას.
„ნავთობსადენის შეკეთების ვადებთან დაკავშირებით ჩვენ ვიმყოფებით უწყვეტ კონტაქტში უკრაინასთან, ვცდილობთ გავარკვიოთ, რამდენად სწრაფად შეძლებს „დრუჟბა“ მუშაობის განახლებას“, - განმარტა ევროკომისიის პრესსპიკერმა, რომლის თქმითაც, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მზად არის, მოიწვიოს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი შესაბამის მხარეებთან ერთად, საწვავის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განსახილველად.
ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომელიც რუსეთს, ბელარუსს, უკრაინასა და ევროპის ნაწილს გადის.
იტკონენმა ასევე თქვა, რომ „მოკლევადიან პერსპექტივაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ არსებობს“, რადგან უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის 90-დღიანი მარაგი აქვთ.
ნავთობსადენის მწყობრიდან გამოყვანამ და ნავთობის მილსადენით მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია დაძაბულობა უკრაინასა და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას - უნგრეთსა და სლოვაკეთს - შორის.
19 თებერვალს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოიწვევს საგანგებო სხდომას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის, სლოვაკეთისა და ხორვატიის წარმომადგენლები.
„ჩვენ მოვიწვიეთ ნავთობის საკითხებში საკოორდინაციო ჯგუფის სპეციალური სხდომა, რათა განვიხილოთ მიწოდების შეფერხების შედეგები და საწვავის მიწოდების შესაძლო ალტერნატიული ვარიანტები“, — განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა-კაისა იტკონენმა.
ასევე ნახეთ რუსული კვლევა: რუსეთის მიმართ საქართველოს "მეგობრულობის" ხარისხი გაზრდილიაევროკომისია: „არანაირი ზეწოლა უკრაინაზე“
ევროკომისიამ საჭიროდ ჩათვალა, გამიჯვნოდა გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ის, მილსადენის აღდგენის დაჩქარების მიზნით, უკრაინაზე ზეწოლას ახდენს.
„ჩვენ კონტაქტში ვართ უკრაინის ხელისუფლებასთან მილსადენის შეკეთების ვადებთან დაკავშირებით. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს არასწორად განმარტებული, ისე, თითქოს ჩვენ რაიმე ზეწოლას ვახორციელებთ უკრაინაზე“, — განაცხადა ანა-კაისა იტკონენმა.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობის საკმარისი მარაგები აქვთ და მათი მომარაგების უსაფრთხოებას მოკლევადიან პერსპექტივაში პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გამოხატა შეშფოთება უკრაინაში არსებული უფრო ფართო ენერგეტიკული მდგომარეობის გამო.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ უკრაინის ენერგომომარაგების უსაფრთხოებით. მკაცრი ზამთრის პირობებში უკრაინა უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, - განაცხადა ევროკომისიის მთავარმა წარმომადგენელმა პაულა პინიომ.
ასევე ნახეთ გაყინვა, როგორც მასობრივი განადგურების იარაღი - განსჯის თუ არა რუსულ იერიშებს ენერგეტიკის სექტორზე ტრიბუნალი?კიევის მტკიცებით, ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ 27 იანვარს დაწყებული შეფერხების მიზეზი რუსული დრონის თავდასხმაა. თუმცა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ 15 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინამ ნავთობის მიწოდების აღდგენა შეგნებულად შეაყოვნა, რათა ზეწოლა მოახდინოს უნგრეთზე და აიძულოს ის, უარი თქვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვაზე. ფიცომ კიევის ასეთ ქცევას „პოლიტიკური შანტაჟი“ უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსული ნავთობის იმპორტზე (მათ შორის მილსადენების საშუალებით) შეზღუდვები დააწესა, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, გამონაკლისი დაუშვა. 2026 წლის 16 თებერვალს ბუდაპეშტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ასევე დროებით გამონაკლისი იქნას დაშვებული ზღვაზე გასასვლელის მქონე ხორვატიისთვისაც, რათა ნავთობსადენ „ადრიას“ (Adria) საშუალებით ბუდაპეშტმა შეძლოს რუსული ნავთობის მიღება.
„ჩვენ ვთხოვთ ხორვატიას, უზრუნველყოს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება უნგრეთსა და სლოვაკეთში „ადრიას“ ნავთობსადენის მეშვეობით, რადგან სანქციებიდან მიღებული გამონაკლისი გვაძლევს შესაძლებლობას, მილსადენის შეფერხების შემთხვევაში ნავთობი ზღვით შემოვიტანოთ“, - დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში.
თავის მხრივ, ხორვატიის ეკონომიკის მინისტრმა ანტე შუშნარმა განაცხადა, რომ ზაგრები დახმარებას გაუწევს მეზობლებს და „ხორვატია არ დაუშვებს ცენტრალური ევროპის საწვავით მომარაგების საფრთხის ქვეშ დაყენებას“.
თუმცა სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან ასევე გააკრიტიკა ბრატისლავა და ბუდაპეშტი იმის გამო, რომ ისინი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას. შუშნარის თქმით, „ადრიას“ ნავთობსადენი სრულ მზადყოფნაშია, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის აღარ არსებობს ტექნიკური მიზეზები რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების გასაგრძელებლად.
"რუსეთისგან შეძენილი თითოეული ბარელი შესაძლოა იაფი ჩანდეს, მაგრამ ამით ფინანსდება ომი და თავდასხმები უკრაინელ ხალხზე. დროა ბოლო მოეღოს ამ სპეკულაციას ომზე“, - დაწერა ხორვატიის ეკონომიკის მინისტრმა.
16 თებერვალს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც მომზადდა ბულგარეთში მდებარე “დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ (CSD) მიერ, ასევე ნათქვამია, რომ უნგრეთს რეალურად არ სჭირდება რუსული ნავთობი, რადგან არსებობს სხვა, ადვილად ხელმისაწვდომი არაერთი წყარო.
„არ არსებობს არც ტექნიკური და არც ეკონომიკური საფუძველი ცენტრალურ ევროპაში რუსული ნავთობისთვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისის გაგრძელებისთვის. უნგრეთის მიმდინარე დამოკიდებულება რუსეთის ნავთობზე პოლიტიკური არჩევანია, რომელიც ასუსტებს ევროკავშირის ერთიანობას და აზიანებს სანქციების რეჟიმის სანდოობას. რუსული ნავთობის ეტაპობრივი ჩანაცვლება 2026 წლის ბოლოსთვის როგორც შესაძლებელი, ისე აუცილებელია ევროპის გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა CSD-ის ენერგეტიკისა და კლიმატის პროგრამის დირექტორმა მარტინ ვლადიმიროვმა.
ასევე ნახეთ ორბანის თქმით, ევროკავშირი უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე პუტინი"მეგობრობა" გზად და ხიდად?
"დრუჟბა" (რუს. Дружба - მეგობრობა) - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობსადენთა სისტემაა, რომელიც საბჭოთა პერიოდში (1960-64 წწ.) აშენდა და დღემდე გამოიყენება. ოპერატორები - "ტრანსნეფტი" (რუს.), "გომელტრანსნეფტი დრუჟბა" (ბელ.), "უკრტრანსნაფტა" (უკრ.). ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
- სიგრძე - 5,500–6,000 კმ;
- ძირითადი მარშრუტი - რუსეთი, ბელარუსი;
- ჩრდილოეთის განშტოება - პოლონეთი, გერმანია;
- სამხრეთის განშტოება - უკრაინა, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უნგრეთი;
- გამტარობა - 1,2–1,4 მლნ ბარელი დღეში;
- წლიური მოცულობა - 60–70 მლნ ტ;
- მილების დიამეტრი - 720 მმ–1020 მმ;
- სატუმბი სადგურები - 45–50.
ფოტო არქივიდან: ნავთობსადენი "დრუჟბა"
2022 წელს, როდესაც ევროკავშირმა რუსული ნავთობის შეძენის აკრძალვა გადაწყვიტა, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ავსტრიისთვის დროებით გამონაკლისი დაუშვეს იმის გამო, რომ ამ ქვეყნებს ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ და ნავთობს ტანკერებით ვერ მიიღებდნენ. თუმცა კიევიც და ბრიუსელიც მიიჩნევენ, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს საკმარისი დრო ჰქონდათ რუსული ნავთობისგან გასათავისუფლებლად.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ავსტრიამ შეძლო მიწოდების დივერსიფიკაცია, უნგრეთმა კი პირიქით, გაზარდა რუსული წილი: თუ 2021 წელს 61%-ით იყო დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, 2024 წელს ეს რიცხვი 86%-მდე გაიზარდა. სლოვაკეთში ეს დამოკიდებულება 2024 წელს დაახლოებით 87%-ს შეადგენდა.
2025 წლის აგვისტოში, როცა „დრუჟბაზე“ რამდენიმე იერიში განხორციელდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს ჟურნალისტებმა, ხომ არ სჭირდებოდა ეს თავდასხმები უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე ზეწოლისთვის.
„ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინისა და უნგრეთის მეგობრობას, - თქვა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა, - მაგრამ ახლა „დრუჟბის“ (მეგობრობა, რუს.) არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული“.
ამ განაცხადების პასუხად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელყოფა სუვერენიტეტის ხელყოფაა. ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევა ვერაფრით გამართლდება ომით, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აკავშირებს. მოვუწოდებთ ზელენსკის, შეწყვიტოს უნგრეთის მუქარა და დაასრულოს უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე!“
ანდრიი სიბიჰა (მარცხენა) და პეტერ სიიარტო
ზელენსკის ნაცვლად პეტერ სიიარტოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ უპასუხა, თანაც უპასუხა მკვეთრად:
„გიპასუხებთ უნგრულ სტილში: თქვენ უკრაინის პრეზიდენტს კი არ უნდა მიუთითოთ, რა როდის გააკეთოს ან თქვას. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის. უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენსავე ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით დამოუკიდებელი რუსეთისგან, როგორც დანარჩენი ევროპა“.
ევროკავშირს კი გადაწყვეტილი აქვს, 2027–2028 წლამდე სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობსა და გაზზე.
ასევე ნახეთ შეუძლიათ თუ არა ნატოს ქვეყნებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის ყიდვა, როგორც ამას ტრამპი ითხოვს?უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2014 წლიდან, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყო. ბუდაპეშტი ჯერ უკრაინისადმი მიძღვნილ ნატოს სხდომებს ბლოკავდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უნგრეთმა ნატოში პოზიციები ნაწილობრივ დათმო, მაგრამ სამაგიეროდ ევროკავშირი ამოიღო მიზანში, რაც გამოიხატა უკრაინის კავშირში მიღების პროცესისა და რუსეთისათვის სანქციების დაწესების შეფერხებაში.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა გააფრთხილეს კიევი, რომ თუ მილსადენი არ იქნება აღდგენილი, შესაძლოა მათ მიერ მიღებული ზომები ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებაზეც გავრცელდეს.
უკრაინას სერიოზული პრობლემები აქვს ელექტროენერგიის გათიშვებითა და გათბობის სისტემის შეფერხებების გამო, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია რუსეთის მუდმივი თავდასხმებით ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ძირითადად იღებს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს: ელექტროენერგია - 2024 წელს უკრაინაში იმპორტირებული დენის 38,4% (1 705 000 მვტ. სთ.) მოდიოდა უნგრეთზე, ხოლო სლოვაკეთზე 23,4% (1 036 500 მვტ. სთ.). დანარჩენი ელექტროენერგია უკრაინამ მიიღო რუმინეთიდან, პოლონეთიდან, მოლდოვიდან და სხვა ქვეყნებიდან. ბუნებრივი აირი - 2025 წელს უკრაინა გაზის იმპორტს მნიშვნელოვანწილად უნგრეთიდან იღებდა. მხოლოდ იანვრის თვეში უნგრეთის წილმა იმპორტში 38%, ხოლო სლოვაკეთისამ დაახლოებით 20% შეადგინა.
კიევმა რამდენჯერმე მოუწოდა ორივე ქვეყანას, რომ უარი ეთქვათ რუსულ ნავთობზე, თუმცა ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ უარი განაცხადეს, რადგან, მათი თქმით, მიწოდების ალტერნატიულ გზებზე გადასვლა ძვირი ჯდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ტიჰიმ ორივე ქვეყნის მთავრობები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი განაგრძობენ რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გახანგრძლივებას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ამ „ნემსზე“. ეს ძალიან ჰგავს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას“, — განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა გიორგი ტიჰიმ.
ასევე ნახეთ როგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი "ვიქტორზე": “...იმსახურებს კინწისკვრას“