Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანის თქმით, ევროკავშირი უფრო მეტი საფრთხეა, ვიდრე პუტინი

ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „პუტინის მიმართ შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი „საფრთხის უშუალო წყაროს“ წარმოადგენს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „პუტინის მიმართ შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი „საფრთხის უშუალო წყაროს“ წარმოადგენს.

ვიქტორ ორბანმა კვლავ მკვეთრად გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

„უნდა შევეგუოთ აზრს, რომ მათ, ვისაც თავისუფლება უყვარს, აღმოსავლეთის კი არა, ბრიუსელის უნდა ეშინოდეთ“, - განაცხადა ორბანმა 14 თებერვალს ბუდაპეშტში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას. მისი თქმით, „პუტინისადმი შიშის გაღვივება პრიმიტიული და არასერიოზულია“, ხოლო ბრიუსელი წარმოადგენს „უშუალო საფრთხის წყაროს“.

ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა ასევე დაადანაშაულა მისი მთავარი კონკურენტის, პარტია TISZA-ს ლიდერის, პეტერ მადიარის მხარდაჭერაში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. უნგრეთის პრემიერის ვერსიით, TISZA-ს პოპულარობის ზრდის უკან დგანან ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი მანფრედ ვებერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„სრულიად აშკარაა, რომ უნგრეთში ნავთობის ბიზნესი, ბანკირები და ბრიუსელის ელიტა მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ემზადებიან, - განაცხადა ორბანმა. - მათ უნდათ უნგრეთში ისეთი ადამიანი, რომელიც არასოდეს იტყვის „არას“ ბრიუსელის მოთხოვნებზე. <…> ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები უნგრეთის ოპოზიციური პარტიები არ არიან. ჩვენი ნამდვილი მოწინააღმდეგეები არიან მათი პატრონები არიან ბრიუსელში“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც მიუნხენის კონფერენციაზე თავის გამოსვლაში ახსენა „ვიქტორი“, რომელიც საკუთარი ქვეყნის არმიის გაძლიერებაზე კი არა, „სავარაუდოდ, საკუთარი მუცლის გაზრდაზე“ ფიქრობს.

ორბანმა ამ ფრაგმენტის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და ირონიულად გადაუხადა მადლობა „ძვირფას ვოლოდიმირს“ „ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი მორიგი წინასაარჩევნო სიტყვისთვის“. „ეს უნგრელებს დაეხმარება, უფრო ნათლად დაინახონ ვითარება, - დაწერა ორბანმა, - თუმცა თქვენ რაღაც არ გესმით: ეს დისკუსია არც ჩემზეა და არც თქვენზე. ის უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალზეა. სწორედ ამიტომ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი“.

2026 წლის იანვარში ორ ლიდერს შორის უკვე მოხდა მსგავსი სიტყვიერი დაპირისპირება. მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა, დავოსის ფორუმზე გამოსვლისას, ირიბად ახსენა „ვიქტორი“, რომელიც „ცდილობს ევროპული ინტერესების გაყიდვას“. ორბანმა ამის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის არის „თავისუფალი ადამიანი, რომელიც უნგრელ ხალხს ემსახურება“, ხოლო ზელენსკი, მისი თქმით, „სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და უკვე მეოთხე წელია ვერ ან არ სურს ომის დასრულება“.

ვიქტორ ორბანი პირველად არ აკრიტიკებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას. მისი მთავრობა თანმიმდევრულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში მიღებას. გარდა ამისა, ბუდაპეშტი ხშირად ბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის დახმარების გაწევას.

ბუდაპეშტის დაფუძნებული GKI ინსტიტუტის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ (2004 წლიდან) უნგრეთმა ბრიუსელისგან სულ მცირე 67,8 მილიარდი ევრო მიიღო, რაც . 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის მეოთხედს შეადგენს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG