4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე დაკავებულ ნიკოლოზ გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სხდომა სააპელაციო სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე იყო.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, რომლის პირობებიც 14 სექტემბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ნიკოლოზ გვენცაძე ერთ წელს ციხეში გაატარებს, სამი წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.
ციხეში ყოფნის ერთი წელი ნიკოლოზ გვენცაძეს ორ კვირაში უსრულდება. ის საპატიმროს საპროცესოს საფუძველზე ორ კვირაში დატოვებს.
ნიკოლოზ გვენცაძე მსჯავრდადებულია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. მას 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ნიკა გვენცაძე ცნობილი მარკეტერია, ის წლების განმავლობაში „ჯეოსელის“ მარკეტინგის მენეჯერი იყო. ასწავლიდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის (EMS) სკოლა.
ნიკოლოზ გვენცაძის საქმე ოთხი ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეებთან ერთად განიხილებოდა. განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მათი საქმის განხილვა სააპელაციოში გრძელდება. მოსამართლე თეა ლეონიძეა.
ასევე ნახეთ
4 ოქტომბრის საქმე სააპელაციოშია - საპროცესო გაუფორმდება კიდევ ერთ მსჯავრდადებულსპოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 22 დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს. ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
ასევე ნახეთ
საპროცესო გაუუქმეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.