სიბერე და ნუგეში

"თანამედროვე „პოლიტიკური გერონტოფილიის“ ფონზე, ამბავი იტალიის ასაკოვანი პრეზიდენტის შესახებ, რომელსაც მმართველობის ვადის ამოწურვამდე 6 თვე რჩება, უაღრესად დროულია..."

„გრაცია“ (2025, იტალია, რეჟისორი პაოლო სორენტინო)

საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ პაოლო სორენტინოს „გრაციას“, რომლითაც შარშან გაიხსნა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი. სიტყვა „გრაცია“ ფილმში იმდენად ხშირად იცვლის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით, რომ სათაურს აღარც თარგმნიან ხოლმე. „გრაცია“ სორენტინოსთან ხან მოწყალებაა, ხან ნუგეში, ხან მადლი და ხანაც დახვეწილის, ფილიგრანულის, გრაციოზულის გამომხატველი. გრაციოზული და ელეგანტურია სორენტინოს, როგორც რეჟისორის სტილიც. უფრო მეტიც, ერთ დროს იტალიური კინოს ლიდერის ბოლო ფილმების წარუმატებლობას სწორედ „გადაჭარბებული გრაციოზულობით“, მეტისმეტი ბრწყინვალებით ხსნიდნენ ხოლმე. „ფორმა გაექცა და გადაფარა შინაარსი“ - არაერთხელ უთქვამთ სორენტინოს ფილმებზე „ღმერთის ხელი“ და „პარტენოპე“.

„გრაციაში“ სორენტინოს სტილის ეს ნაკლი - პათეთიკურობა, ზედაპირულობა და „ფელინიზმები“ - თითქმის მთლიანად გადალახულია. შეიძლება იმიტომ, რომ სორენტინოს ახალ ფილმში მეტია თვითირონია, ან იმიტომ, რომ მხატვრული თვალსაზრისით „გრაცია“ უფრო მთლიანია. არ არის გამორიცხული, რომ ფილმის წარმატება მის აქტუალურობას უკავშირდებოდეს -

ასევე ნახეთ

ვენეციის კინოფესტივალი - სკანდალი, პოლიტიკა, ხელოვნება

თანამედროვე „პოლიტიკური გერონტოფილიის“ ფონზე, ამბავი იტალიის ასაკოვანი პრეზიდენტის შესახებ, რომელსაც მმართველობის ვადის ამოწურვამდე 6 თვე რჩება, უაღრესად დროულია... თანაც, მსოფლიოში დღეს აშკარად იგრძნობა ისეთი მმართველის ნაკლებობა, როგორიც „გრაციის“ მთავარი გმირი, პრეზიდენტი მარიანო დე სანტისია, სორენტინის საყვარელი მსახიობის, ტონი სერვილოს შესრულებით. ამ როლისთვის სერვილომ, რომელიც უკვე მეშვიდედ ჩნდება პაოლო სორენტინოს ფილმში, „ვოლპის თასი“ მოიპოვა ვენეციის კინოფესტივალზე.

„გრაციაში“ სერვილოს გმირი მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება - საპრეზიდენტო ვადა იწურება, მან კი სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: ხელი მოაწეროს ევთანაზიის შესახებ კანონს და შეიწყალოს ქალი, რომელმაც მოკლა თავისი მოძალადე ქმარი, ასევე უნდა შეიწყალოს ისტორიის ხანდაზმული პროფესორი, რომელმაც ალცჰაიმერის დაავადებით დატანჯული ცოლი მოკლა. პრეზიდენტის ქალიშვილი, პროფესიით იურისტი, რომელიც ამავე დროს მარიანო დე სანტისის თანაშემწეა, სთხოვს მოაწეროს ხელი კანონს ევთანაზიაზე, მაგრამ პრეზიდენტის კათოლიკური რწმენა და მეგობრობა რომის პაპთან არ აძლევს უფლებას, გადადგას ეს ნაბიჯი.

ტონი სერვილო შესანიშნავი მსახიობია. გარკვეული თვალსაზრისით მან გადაარჩინა კიდეც ფილმი, რომელშიც სორენტინო ერთდროულად ბევრ თემას ეხება - მარტოობას, სიბერეს, ოჯახს, ერთგულებას, რწმენას, სიკვდილს... ავტორი ზოგჯერ უბრალოდ ვერ ასწრებს განავითაროს ამდენი რამე ერთად, ამიტომ ხანდახან რჩება ზედაპირულობის შთაბეჭდილება. უფრო მეტიც, იმის შეგრძნება, რომ სორენტინო საკუთარი თავის პაროდირებას მიმართავს (ასაკი, მოხუცებულობა მისი თითქმის ყველა ფილმის თემაა). მაგრამ როგორც კი რეჟისორი თავისი ფორმალისტური ტრიუკებით კეკლუცობას იწყებს (პანორამული გადაღება ფილმის შესავალ სცენაში, სიმეტრიული კადრის კომპოზიციები „კუბრიკის სტილში“), „მაშველის“ როლში სორენტინოს ალტერეგო, ტონი სერვილო მოგვევლინება ხოლმე. მისი გარეგნული სიმკაცრე და შენიღბული იუმორი, ამავე დროს მუდმივი სევდა მზერაში, აბსოლუტურად ზუსტად აირეკლავს ჟანრს ფილმისა, რომელშიც დაცულია ბალანსი კომედიას, საოჯახო დრამას და პოლიტიკურ კინოს შორის - ირონიას და მელანქოლიას შორის.

ასევე ნახეთ

კაცური კინო

„გრაცია“ არის ფილმი ძალაუფლებაზე და პასუხისმგებლობაზე, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ. მისი მთავარი გმირი ჩვენთან ერთად გაიაზრებს, რომ სამართლის ენციკლოპედიური ცოდნა არ არის საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად და რომ სიცოცხლე უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც საუკეთესოდ დაწერილი კანონი. მართალია, ფილმის მსვლელობის პროცესში ჩვენს თანაარსებობას ტონი სერვილოს გმირთან დროდადრო ხელს უშლის სორენტინოს სურვილი, ყველაფერი აგვიხსნას და დაგვიკონკრეტოს, მაგრამ მთავარ შთაბეჭდილებას ეს არ ვნებს. მით უმეტეს, რომ მსახიობებს ეხმარება ოპერატორ დარუა დანტონიოს მიერ შექმნილი ხავერდოვანი ფაქტურის ახლო ხედები და სრულიად არაჩვეულებრივი საუნდტრეკი, რომელიც დროდადრო კონტრასტულია გამოსახულების სტილთან. რეპი პრეზიდენტის შესრულებით, ისევე როგორც ვეტერანების ვახშამი, საუბარი ასტრონავტთან, რომლის ცრემლი... ჰაერში ლივლივებს - ეს ეპიზოდები, ალბათ, დიდხანს გემახსოვრებათ ფილმის ნახვის შემდეგ.

ყოყმანი, ეჭვი, საკუთარ გადაწყვეტილებასთან ბრძოლა, რომელზეც აგებულია „გრაციის“ დრამატურგია, ფილმის ავტორების მიერ გაგებულია, როგორც აუცილებელი ქმედება ნებისმიერი მმართველისთვის და ნებისმიერი დემოკრატიული მმართველობისთვის. მაგრამ ვინაიდან ასეთი მმართველი დღევანდელ მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება, „გრაციის“ მთავარი გმირი, პოლიტიკური ფიგურა ძველი ეპოქიდან, რომელიც ვერ ეგუება თანამედროვე მოთხოვნილებებს, ეს საყვარელი, დაბნეული მოხუცი სორენტინოს ფილმს ანიჭებს ზუსტად იმ მელანქოლიურ ინტონაციას, რომელიც თანამედროვე კინოხელოვნებამაც დაკარგა. თუმცა ჩვენთვის, ალბათ, პაოლო სორენტინოს ფილმი სხვა მხრივაც საინტერესოა - სორენტინოს ფილმის მთავარი თემა ხომ შეწყალებაა... პრეზიდენტის ხელის მოწერა საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანები ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ამ ქმედებას შეიძლება ვუწოდოთ მოწყალებაც, ნუგეშიც, მადლიც... ანდა, უბრალოდ, „გრაცია“.