175 წლამდე პატიმრობა ემუქრება საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებულ რუსეთის მოქალაქეს, 36 წლის ვებდეველოპერ სერგეი ფილიმონოვს, 175 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 8 სექტემბერს განაცხადა.

ფილიმონოვი აშშ-ში 4 სექტემბერს წარდგა სასამართლოს წინაშე. მას საბანკო ანგარიშებზე უნებართვო წვდომისა და თანხების მოპარვის ტრანსნაციონალურ კიბერთაღლითურ სქემაში მონაწილეობას ედავებიან. ის ბრალს არ აღიარებს.

რაში ედება ბრალი?

გამოძიების თანახმად, 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე ფილიმონოვი და მისი თანამზრახველები იყენებდნენ ყალბ ვებსაიტებს, რომლებიც ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების ვებსაიტებს ჰგავდა. ისინი საძიებო სისტემებში დასპონსორებულ ბმულებს ყიდულობდნენ და მომხმარებლებს ყალბ საბანკო გვერდებზე გადაამისამართებდნენ, სადაც მათ ანგარიშზე შესასვლელი მონაცემები შეჰყავდათ.

გამომძიებლების ვერსიით, მოპარული მონაცემებით ბრალდებულები საბანკო ანგარიშებზე შედიოდნენ, ამოწმებდნენ ანგარიშებზე არსებულ თანხებს და უნებართვო საბანკო გადარიცხვებს ახორციელებდნენ.

პროკურატურის თანახმად, ფილიმონოვმა ასევე შექმნა და მართავდა სქემისთვის საჭირო ონლაინ-ინფრასტრუქტურას, მათ შორის მონაცემთა ბაზებს, სადაც 5 000-ზე მეტი მოპარული ავტორიზაციის მონაცემი ინახებოდა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ჯგუფი დაზარალებულთა ანგარიშებიდან მილიონობით დოლარის მითვისებას ცდილობდა.

ფილიმონოვს ბრალად ედება, მათ შორის, საბანკო და ელექტრონული თაღლითობის მიზნით შეთქმულება, საბანკო და ელექტრონული თაღლითობის რამდენიმე ეპიზოდი, უნებართვო წვდომის საშუალებების ფლობა და გამოყენება, ასევე პირადობის მონაცემების დამამძიმებელ გარემოებებში მითვისება.

„თუ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, მას მინიმუმ ორი და მაქსიმუმ 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, - აცხადებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო.

ასევე ნახეთ

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს $1,3 მილიარდის თაღლითობის სქემაში მონაწილეობისა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს

თანამშრომლობა საქართველოსთან

საქმეს FBI-ს ატლანტის (ჯორჯიის შტატი) ოფისი იძიებს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, გამოძიებასა და ფილიმონოვის აშშ-ში ექსტრადირებაში მნიშვნელოვანი დახმარება გასწიეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა.

პროცესში ასევე მონაწილეობდნენ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისი, FBI-ს სამართალდამცავი ატაშეს ოფისი თბილისში, ესტონეთის გენერალური პროკურატურა და ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის სამსახური.

როდის განხორციელდა ფილიმონოვის ექსტრადიცია, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ 4 სექტემბერს ის უკვე ატლანტაში, ჯორჯიის შტატის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში წარდგა.

იუსტიციის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ფილიმონოვის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ამ ეტაპზე მხოლოდ ბრალდების მხარის ვერსიაა და ის უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დამტკიცდება.

წინა შემთხვევები

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ აშშ-ს რუსეთის მოქალაქე გადასცა.

2018 წლის სექტემბერში საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებული იყო რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი. ის საქართველოში ამერიკული მხარის მოთხოვნით დააკავეს. ტიურინს ბრალად ედებოდა მასშტაბურ ჰაკერულ კამპანიაში მონაწილეობა, რომლის სამიზნე ამერიკული ბანკები, საბროკერო კომპანიები, მედიასაშუალებები და სხვა კომპანიები იყვნენ. მოგვიანებით, 2021 წელს, აშშ-ის სასამართლომ მას 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე ნახეთ

რა ვიცით რუს ჰაკერზე, რომელიც საქართველომ აშშ-ს გადასცა

2023 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებული იყო კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე, დარი პანკოვი. ის ქართულმა სამართალდამცავებმა 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს. აშშ-ის გამოძიების თანახმად, პანკოვმა შექმნა მავნე პროგრამა NLBrute, რომელსაც ათიათასობით კომპიუტერზე წვდომის მონაცემების მოსაპოვებლად იყენებდა. მოპოვებულ მონაცემებსა და თავად პროგრამას ის სხვა კიბერდამნაშავეებზეც ყიდდა. მოგვიანებით მას აშშ-ში 5 წლით პატიმრობა მიესაჯა.