გარდა ამისა, „ხელისუფლების არაღიარება“ ემატება სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის ჩადენის თანმდევ „დამამძიმებელ გარემოებებს“.
შედეგად, ამა თუ იმ მუხლისთვის გათვალისწინებულ საპატიმრო წლებს კიდევ ერთი წელი დაემატება.
ცვლილებები ორშაბათს, 16 თებერვალს, წარადგინეს პარლამენტის სასახლეში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას და დაამტკიცეს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ.
კანონპროექტის განახლებული ვერსია წარადგინა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა არჩილ გორდულაძემ, - რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ახალი დანაშაული - „არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება“
სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი მოწოდებებისთვის, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია:
- „საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ,
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ,
- საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ“
და თუკი ეს მოწოდებები კეთდება „სისტემატიურად“ და „საჯაროდ“.
ასევე დაისჯება „ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატიურად წარმოჩენა“;
დაისჯება „ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედებაც“, რომელიც:
- „მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებისკენ და
- აზიანებს საქართველოს ინტერესებს
- ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს“.
სასჯელის ზომად გათვალისწინებული იქნება:
- ჯარიმა - მოცულობა არ დასახელებულა,
- საზოგადოებრივი შრომა 400-დან 600 საათამდე,
- 3 წლამდე პატიმრობა.
იურიდიული პირების შემთხვევაში - იგივე ქმედება დაისჯება „ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“.
ასევე ნახეთ „ოცნება“ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონების გამკაცრებას აანონსებს - ყველა დეტალი ერთად„სისტემურობა და საჯაროობა“
არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ მთავარი საკითხია „სისტემურობა, სისტემატიურობა და საჯაროობა“.
„ერთი პირის მიერ გამოხატული პერფორმანსი, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად“, - განაცხადა მან.
ჯერჯერობით შესწორებული კანონპროექტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა და ეფუძნება არჩილ გორდულაძის მიერ საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებულ განცხადებებს.
ეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსს 316-ე პრიმა მუხლად ემატება.
316-ე მუხლი ეხება „სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდებას ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას“.
ასევე ნახეთ „ოცნებაში“ მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზებას განიხილავენ„დამამძიმებელი გარემოება“
ხელისუფლების არაღიარება „დამამძიმებელ გარემოებებსაც“ დაემატება.
„სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება არის საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა“, - ასე განმარტა გორდულაძემ ცვლილების არსი.
ამავე ცვლილების ძალით, მოსამართლემ სასჯელის დანიშვნისას ამა თუ იმ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ვადა კიდევ ერთი წლით უნდა გაუხანგრძლივოს ადამიანს.
„რუსეთი“ და „ძალები ქვეყნის შიგნით“
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია შეადარა ოპოზიციური პარტიების მიერ „ქართული ოცნებისთვის“ „არალეგიტიმური ხელისუფლების“ წოდებას.
„თქვენ იცით, რომ არის რუსეთი და კიდევ ოთხი კონკრეტული ქვეყანა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ხოლო ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც დანარჩენ 80%-ზეც არ აღიარებენ საქართველოს იურისდიქციას“, - განაცხადა მან.
„ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც“, - განაცხადა მან.
„ექსტრემიზმი“
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისას დაისვა საკითხი ექსტრემიზმთან დაკავშირებით“, - თქვა დღეს გორდულაძემ.
აღნიშნული ცვლილებები 3 თებერვალს პლენარულ სესიაზე "გრანტების კანონის" ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვისას შესთავაზა თანაგუნდელებს ერთ-ერთმა დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა. ინიციატივა მაშინვე გაიზიარა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა არჩილ გორდულაძემ.
მაჭავარიანმა მაშინ მაგალითად დაასახელა გერმანიის მიერ „ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის“ აკრძალვა ისე, რომ სახელწოდება არ დაუსახელებია.
დღეს იგივე გაიმეორა არჩილ გორდულაძემ, - გარემოებების მოკლე აღწერით დაადასტურა, რომ იგულისხმება რადიკალური მემარჯვენე-ექსტრემისტული „სამეფო გერმანია“. ეს იყო „რაიხსბიურგერების“ მოძრაობის ნაწილი - რომლის წევრებიც თავს „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად მიიჩნევდნენ.
რადიო თავისუფლება თავიდანვე იუწყებოდა, რომ ეს მაგალითი განსხვავდება საქართველოში არსებული ოპოზიციური მოძრაობისგან, - რომლის წევრების მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების ძირითადი საფუძველიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არცნობაა.
„გერმანიის მაგალითი“
გერმანიაში 2025 წლის მაისში აკრძალეს პოლიტიკური მოძრაობა „სამეფო გერმანია“ - ეს მემარჯვენე ექსტრემისტების მოძრაობის, ე.წ. რაიხსბიურგერების ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია იყო.
მაგრამ აკრძალვის საფუძველი არ ყოფილა ამა თუ იმ ხელისუფლების ლეგიტიმურობის „არაღიარება“, როგორც პოლიტიკური პოზიცია.
მოძრაობა არ აღიარებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც სახელმწიფოს, არსებობის ლეგიტიმურობას და შექმნილი ჰქონდა ალტერნატიული სტრუქტურები.
2025 წლის 13 მაისს, დილით გერმანელმა სამართალდამცავებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩხრიკეს ორგანიზაციის ოფისები და წამყვანი წევრების სახლები. პროკურატურამ დააკავა გაერთიანების ოთხი ხელმძღვანელი, მათ შორის დამფუძნებელი პეტერ ფიტცეკი, რომელიც თავს „გერმანიის მეფეს“ უწოდებს.
„სამეფო გერმანია“ 2012 წელს დააფუძნა პეტერ ფიტცეკმა, რომელიც პროფესიით მზარეულია. ე.წ. რაიხსბიურგერების ამ დაჯგუფების ინფორმაციით, „სამეფო გერმანიას“ 6000-მდე წევრი ჰყავს.
- ე.წ. რაიხსბიურგერების მოძრაობა 1980-იან წლებში ჩამოყალიბდა.
- მისი წევრები არ აღიარებენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას;
- ისინი თავს მიიჩნევენ „გერმანიის რაიხის“ მოქალაქეებად და აქვთ არარსებული იმპერიის მოქალაქის პირადობისა და მართვის ალტერნატიული მოწმობები, რომლებსაც გერმანიის მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს.
- გერმანიის სპეცსამსახურების მონაცემებით, ქვეყანაში 20 ათასამდე „რაიხსბიურგერია“. მათგან თითქმის 2300 ძალადობისკენ მიდრეკილია.
- „რაისხბიურგერებს“ აერთიანებთ დემოკრატიის მიუღებლობა და მონარქისტული, ქსენოფობიური და ანტისემიტური შეხედულებები.
ოპოზიციური მოძრაობის, „მოძრაობა სოციალ-დემოკრატიისთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერდა, რომ „ქართული ოცნება“ „მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს“.
„საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა და გერმანიის შემთხვევა საერთოდ არაფერ შუაშია ჩვენთან. იქ აკრძალული ორგანიზაციები დემოკრატიას უპირისპირდებოდნენ, აქ - წინააღმდეგობა დემოკრატიისთვის იბრძვის“, - წერდა იგი.
საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
- ოთხმა მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ (4, 5, 9 და 25 საარჩევნო ნომრებით) გაყალბებულად მიიჩნია არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, პარლამენტში უმრავლესობა (89 მანდატი) „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა;
- დაიწყო საპროტესტო აქციები, რომლებსაც დამატებითი იმპულსი შესძინა 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებამ, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დამდგარიყო ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. აქციებს რამდენიმე დღის განმავლობაში არბევდნენ.
- მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, - ერთ-ერთმა ოპოზიციონერ ლიდერებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, - პრეზიდენტის სასახლე 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დატოვა, 6-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. თავდაპირველად განაცხადა, რომ „თან მიაქვს“ ლეგიტიმაცია, თუმცა 2025 წელს განაცხადა: „არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
- ევროპის პარლამენტმა 2024 წლის შემდეგ რამდენიმე რეზოლუციით საქართველოს პარლამენტს უწოდა „არალეგიტიმური პარლამენტი“ და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა;
- თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ 2022 წლის შემდეგ მსხვილ საპროტესტო მოძრაობებს უწოდებს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს“, - პროცესს, რომელსაც მართავს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც გავლენა აქვს მსოფლიო ლიდერებზე, მათ შორის ევროკავშირზე.