გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხშაბათს, 2026 წლის 6 მაისს გამოაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა. მცირე ზომის სხდომათა დარბაზში, რომელშიც 25-მდე ადამიანი ეტევა, მხარეთა ოჯახების 10-10 წარმომადგენელი და მხოლოდ ერთი ჟურნალისტი დაუშვეს - სააგენტო "ინტერპრესნიუსიდან".
გადაწყვეტილებას ჯანგველაძეების ოჯახის ახლობლები მიესალმნენ.
მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა და განმარტა, რომ "ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება".
ვითარება სასამართლოს ეზოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ
სხდომის დაწყებამდეც სასამართლოს ეზოსა და მიმდებარედ დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, - ამ საქმეზე წინა არაერთი სხდომის პარალელურად/შემდეგ დაპირისპირებების გათვალისწინებით.
სამი მსჯავრდადებულიდან მხოლოდ გიორგი მიქაძე იმყოფება საქართველოში - იგი 2025 წლის 8 აგვისტოდან „წინასწარ პატიმრობაშია“.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან.
სამივე მათგანი უარყოფს ბრალდებას, - ბრალდებას, რომელიც ასევე უკავშირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს.
სამივე აცხადებს, რომ ჯანგველაძესთან დაპირისპირება და მისი მკვლელობის შეკვეთის ინტერესი არ ჰქონიათ და მიუთითებენ პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობაზე.
გიორგი მიქაძის სიტყვა
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ. ტვ "პირველის" მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, მიქაძემ თქვა, რომ მისთვის საუბარი იმ როლიდან რა როლშიცაა "არასახარბიელოა" "მაგრამ უნდა ვილაპარაკო, რაც სიმართლეა".
მისი სიტყვებით ეს ყველაფერი "ფაზლის აწყობას ჰგავს" "რაც ძალიან რთულია". საქმე კი, მიქაძის სიტყვებით "არის წინასწარ დაანონსებული ბრალდების ქრონიკა".
ასევე ნახეთ
„გამოგეკითხათ, იქნებ აღიარებს?“ - ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთად პროკურორმა „დედ ჰასანის“ შვილიშვილი დაასახელამიქაძის სიტყვებით, მთელი ამ დროის განმავლობაში მის დისკრედიტაციას ცდილობდნენ, მათ შორის, "თვალით არ უნახავს" ოთარ-რომანოვ ფარცხალაძე როგორც ამას ბრალდება ირწმუნება ე.წ. ქოლ-ცენტრების ეპიზოდთან დაკავშირებით.
"დაგვაკავშირეს უდიდეს თაღლითობასთან. თაღლითები მძულს ამქვეყნად ყველაზე მეტად და სწორედ ამიტომ დამაკავშირეს იმასთან, რაც ასე მძულს.
2020 წელს, როცა პანდემია დაიწყო, წავედი კანადაში და ბევრი თვის მერე დავბრუნდი საქართველოში. თვეების მერე ძლივს ჩამოვედი, კარანტინში ვიყავი კიდევ ზემოდან და ესენი მიმტკიცებენ, რომ თურმე ქოლ-ცენტრების ოფისებში დავდიოდი. მთელი ეგ წლები ფარცხალაძე თვალით არ მინახავს.
აქ რომ უძილაური მოვიდა და თქვა, 17 თებერვალს პოლიცია შემოვიდა ციხეში და მიქაძეებს ხელი დაადე მაიძულებდნენო და არ გამოუვიდათ, ზუსტად მეორე დღეს წამიყენეს ბრალი თაღლითურ ქოლ-ცენტრზე. რატომ ზუსტად მეორე დღეს?! აქ მოსიარულე ჩემი გულშემატკივრებიდან მეხუთე კაცს იბარებენ საგამოძიებოში სხვადასხვა რამეზე.
არის ოჯახები, რომელსაც ეუბნებიან, რომ აქ არ იარონ საერთოდ. რაც გარეთ ხდება ეს კიდე ცალკე ამბავია. რაც გარეთ ხდება, ეს ჩემი შეურაცხყოფა არაა, ეს გარდაცვლილის შეურაცხყოფაა. ეს ბუნებრივად არ ხდება, ეს რომ ბუნებრივი პროცესი იყოს და ადამიანს ლინჩის წესით ასამართლებდნენ, მაგ კიდე გასაგებია, მაგრამ ეს მართული პროცესია, რაც გარეთ ხდება"- თქვა მიქაძემ.
ფარცხალაძის განაჩენი წინაა
ეს არის ერთ-ერთი დასკვნითი ეპიზოდი ხანგრძლივ სასამართლო პროცესში, რომელშიც, ოფიციალური ბრალდებების შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ვლინდება საქართველოსა და რუსეთში არსებული კრიმინალური სუბკულტურის („კანონიერი ქურდების“ და მათ გარშემო არსებული სამყაროს), ელიტური ბიზნესისა და ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერესთა გადაკვეთა.
ჯერ კიდევ წინაა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განაჩენი: მას 2025 წლის 29 დეკემბერს წარუდგინეს ბრალი „მკვლელობის ორგანიზებისთვის“ და საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა. ბრალდებას ფარცხალაძეს უარყოფს.
პასუხისგებაში დღემდე არ არის მიცემული სასამართლოზე ორგანიზატორად პროკურორის მიერ დასახელებული ირაკლი უსოიანი, - „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი.
ასევე ნახეთ
ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა„განზრახ, შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა“
მიქაძეებსა და ჯოხაძეს ბრალად ედებოდათ შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი.
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძის მკვლელობიდან ერთი წლის, ერთი თვისა და ორი კვირის შემდეგ, მოსამართლე ტყეშელაშვილმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და მათ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატების პოზიციით, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ხოლო სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა.
ინფორმაცია განახლდება მხარეთა რეაქციებით.
ასევე ნახეთ
8 ახალი დეტალი ჯანგველაძის საქმეზე მორგოშიას დაკითხვიდან: Wildberries, „პოლიტიკაში ჩართვა“ და „ფარცხალაძის შფოთვა“ჯანგველაძის მკვლელობა და დაკავებები
ლევან ჯანგველაძე, - ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმა - 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.
მისი მკვლელობის ბრალდებით 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს, - გიორგი ჯოხაძის ყოფილ პირად მცველს.
მან მკვლელობა აღიარა, თუმცა შეკვეთას და მკვლელობის განზრახვას დღემდე არ აღიარებს.
იმავე წლის აპრილში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ ბრალდებით დააკავეს სანდრო (ჯანო) წივწივაძე; მას 12 თებერვალს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ასევე ნახეთ
ჯანგველაძის საქმე: წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - გამოძიების ვერსიით, „ქურდის“ ძმა მისი იარაღით მოკლესმკვლელობიდან ხუთ თვეში, 2025 წლის 12 აგვისტოში მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს გიორგი მიქაძე.
მის ძმასა (დავით მიქაძეს) და გიორგი ჯოხაძე კი დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი და დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა - იმავე ბრალდებით.
ამავე დროს დააკავეს გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელსაც გამოძიების მასალებით უწოდებენ ჯოხაძე-მიქაძეების „დაჯგუფების წევრს“ - იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით.
ასევე ნახეთ
„ენცოს“ ჯოხაძე-მიქაძეების საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა - ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გაგრძელებამკვლელობის შემდეგ შეიცვალა სახელმწიფო სტრუქტურების არაერთი ხელმძღვანელი - მათ შორის, სუსის, პროკურატურის, შსს-ისა და „ფინანსური პოლიციის“ ხელმძღვანელი პირები.
სულ ბოლოს, 2025 წლის 29 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ორგანიზატორად და შემკვეთად ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (წარსულში ოთარ ფარცხალაძე) დაასახელა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
ასევე ნახეთ
ჯანგველაძეს რუსეთი პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა, რაც ფარცხალაძეს აშფოთებდა - მორგოშიაასევე ნახეთ
„საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს“ - ფარცხალაძე დუმილს არღვევს, თუმცა ბევრს არაფერს ამბობსფარცხალაძის საჩივარი რუსეთში
ამ გადაწყვეტილების მიღებისას თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ფარცხალაძის და ძმები მიქაძეების წინააღმდეგ საქმეში ჩართული მოწმის, რუსეთის მოქალაქის მიერ რუსეთში გამოძიებისთვის მიცემული ახალი ჩვენება, რომ საქართველოში „ცრუ ჩვენების“ მიცემისთვის 3000 დოლარი გადაუხადეს.
ვიდეოჩანაწერი, სადაც რუსეთის მოქალაქე ილია მიკულსკი, სავარაუდოდ, გამომძიებელს ეუბნება, რომ საქართველოში ფარცხალაძე-მიქაძეების წინააღმდეგ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ფული გადაუხადეს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ 25 აპრილს გამოაქვეყნა.
27 აპრილს საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში ახსენა ეს ვიდეო, თუმცა პროკურორის პროტესტის შემდეგ, მოსამართლემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.
ბრალდების მხარის პოზიციით, - რაც მოსამართლემ გაიზიარა, - დასკვნით სიტყვაში მხოლოდ უკვე სასამართლო დარბაზში გამოკვლეული მტკიცებულებების ფარგლებში უნდა ესაუბრათ, ხოლო აღნიშნული ვიდეო არ გამოუკვლევიათ.
არ დაწყებულა არც ცალკე გამოძიება.
ასევე ნახეთ
„3000 დოლარი ცრუ ჩვენებაში“ - სასამართლომ არ მიიღო სკანდალური ვიდეო ჯანგველაძის საქმეზე„უსოიანმა წამოიწყო“ - პროკურორის პოზიცია
29 აპრილს, ბოლოსწინა სხდომაზე პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა:
„ირაკლი უსოიანმა გამოიყენა შანსი, რომ დაპირისპირებაში იყვნენ ძმებ ჯანგველაძეებთან მისთვის კარგად ცნობილი როგორც ოთარ ფარცხალაძე, ასევე დავით და გიორგი მიქაძეები“.
„უსოიანი არის პირველ რიგში ის, ვინც წამოიწყო ეს თემა [ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება], თუმცა შემდეგ უსოიანი დაუკავშირდა ერთდროულად ოთარ ფარცხალაძესა და დავით და გიორგი მიქაძეებს, - რომლებიც მისი ნათელმირონები არიან, - და, რახან იცოდა, რომ მათაც ჰქონდათ დაპირისპირება, მოახდინეს ორგანიზება“, - თქვა მან.
„უსოიანი არის კაცი, რომელსაც ჰქონდა ჯანგველაძესთან დაპირისპირება, რადგან სჯეროდა, რომ მისი ბაბუა მოკლეს ჯანგველაძეების შეკვეთით თუ დახმარებით“, - თქვა ვეფხვაძემ.
ამაზე პასუხად ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა: „პროკურატურამ თქვა, რომ იცის შემკვეთი, - ირაკლი უსოიანი - და მის მიმართ არ არის არანაირი სამართლებრივი ღონისძიება განხორციელებული“.
ადვოკატ კორძაძის შეფასებით, უსოიანის ამ კონტექსტში ხსენებით, „გამოდის, რომ [პროკურატურას სურს, რომ] სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაწეროს, რომ უსოიანია შემკვეთი“, - ოღონდ ისე, რომ უსოიანის ბრალეულობის საკითხზე ცალკე სიღრმისეული განხილვა არ ყოფილა. „ამას ითხოვს ამ ყველაფრით პროკურატურა“, - თქვა მან.
- „დედ ჰასანი“, იგივე ასლან უსოიანი, - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, თბილისელი ქურთი იეზიდი, - 2013 წელს მოსკოვში მოკლეს;
- ჯანგველაძეები უსოიანის მკვლელობასთან კავშირს - რაზეც სავარაუდო, დაუდასტურებელი ცნობები მედიაში წლების წინ ცირკულირებდა - უარყოფდნენ.