ილია II-ის დაკრძალვა: შეხვდებიან ერთმანეთს სამებაში კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიები?

კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

ამბავმა იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ილია მეორის დაკრძალვაზე სამგლოვიარო ლიტურგიას ბართლომეოს I - კონსტანტინოპოლის პატრიარქი გაუძღვებოდა, საქართველოს პატრიარქის დაკრძალვას დამატებითი ვნებები შესძინა.

მართალია, საპატრიარქომ ეს ინფორმაცია მალე უარყო და თქვა, რომ "ეს დაგეგმილიც კი არ ყოფილა", თუმცა ვერ გააქრო უხერხული კითხვა - თუკი მსოფლიო პატრიარქი საქართველოში ჩამოვა, როგორ დაესწრება პატრიარქის დაკრძალვას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია?

ამ სტატიაში ვეცადეთ გვეპასუხა კითხვებზე:

  • რა მოხდება, თუკი გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან კონსტანტინოპოლისა და მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები მაშინ, როცა ამ ორ ცენტრს შორის, ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა;
  • რა როლი ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას - მასპინძლის? შუამავლის? თუ სამებაში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მხოლოდ ხანმოკლედ გადაიკვეთება სხვადასხვა ინტერესი?


რა ქმნის ახლა დაძაბულობას?

“ვინ იქნება ყურადღების ცენტრში, ვინ იქნება ამ დღის მთავარი პერსონა, თუ ილია მეორის დაკრძალვაზე მოსკოვიდანაც ჩამოვა დელეგაცია?” ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგიის დოქტორი მირიან გამრეკელაშვილი.

ამავე კითხვას, ჩვენთან საუბარში მკაფიო პასუხს სცემს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე: “ბართლომეოსი”.

თეოლოგების აზრით, წინასწარ დაძაბულობას მაინც არაერთი სხვა ფაქტორიც ქმნის.

მათ შორის, სიმბოლური ჟესტებიც. მაგალითად, რუსეთის პატრიარქმა სამძიმრის წერილში ილია მეორე მოიხსენია “სრულიად საქართველოს პატრიარქად” - აფხაზეთის ხსენების გარეშე.

ან ის ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესია მსოფლიოს საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაწყვეტის შემდეგ, ღვთისმსახურების დროს მას აღარ ახსენებს.

"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" დამფუძნებელი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი თავიდანვე ეჭვობდა, რომ მსახურება, თუ ის მართლაც მსოფლიო პატრიარქს უნდა ჩაეტარებინა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად), ჩაიშლებოდა:

„რადგან ამას რუსული მხარე აუცილებლად გაუწევდა წინააღმდეგობას. ხოლო საქართველოს ეკლესიის მესვეურები, ველოდი, რომ რუსეთის პოზიციას გაატარებდნენ“.

ასევე ნახეთ მსოფლიო პატრიარქი ჩამოვა, მაგრამ არ გაუძღვება მსახურებას ილია II-ის დაკრძალვაზე

მსოფლიო პატრიარქის მიერ სამგლოვიარო ლიტურგიის გაძღოლა გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში, ის აღასრულებს ლიტურგიას, ხოლო სხვები არიან თანამწირველები - ის პირველია თანასწორთა შორის. მსახურების დროს, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების გვერდით, მოიხსენიებს უკრაინის მართლმადიდებელ, ავტოკეფალიურ ეკლესიას და მის მეთაურს.

ბექა მინდიაშვილის თქმით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაციას, რომელიც თითქოს გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, ამ ამბის მიმართ წინააღმდეგობა გაუჩნდა და ეს არ ყოფილა მოულოდნელი რუსული ეკლესიისგან.

"უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გამო და იმის გამოც, რომ მას [რუსულ ეკლესიას] აქვს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ილუზია, ის იყოს წინამძღოლი მართლმადიდებელი სამყაროსი, დიდი ხანია აქვს წინააღმდეგობა მსოფლიო პატრიარქთან. კრეტის კრების ობსტრუქციაც ამის დასტური იყო. იმ კრებაზე, გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა საქართველოს საპატრიარქომაც, როცა კრებაზე დაგეგმილი ვიზიტი ჩაშალა".

ამ მოვლენის წაკითხვა, თეოლოგის შეფასებით, მხოლოდ რუსული ინტერესის გატარების კონტექსტში შეიძლება.

საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დასვენებულია სამების საკათედრო ტაძარში.

რა მოხდება 22 მარტს საქართველოში?

“წინასწარ ამის თქმა რთულია", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სერგო ვარდოსანიძე და 1990-იანი წლების ბოლოდან ერთ ამბავსაც იხსენებს - როგორ არ მოიხსენია საქართველოში მყოფმა რუსეთის მაშინდელმა პატრიარქმა ალექსიმ სიონის ალბიონიდან მსოფლიო პატრიარქი (ამ პერიოდშიც, როგორც ისტორიკოსი გვიყვება, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიას შორის მცირე ხნით არსებობდა გაუგებრობა) და როგორ გამოვიდა შემდგომ ილია მეორე ხელმეორედ და მან მოიხსენია მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი.

“ამით პატრიარქმა ხაზი გაუსვა, აქ მასპინძელი მე ვარ და არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი სიმპათია-ანტიპათიის მიხევდით არ მოიხსენიოთო”.

ასევე ნახეთ ილია II-მ უკრაინაში რუსეთს დაქვემდებარებული ეკლესიის ბედზე მსოფლიო პატრიარქს მისწერა

საქართველოს ეკლესია მსახურების დროს დღემდე ორივეს მოიხსენიებს - როგორც კონსტანტინოპოლის, ისე რუსეთის საპატრიარქოს.

“ამიტომ, რუსებისთვის, თუ ბართლომეოსი წაუძღვებოდა ლიტურგიას, ამ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა უხერხული მომენტი იქნებოდა, - უთხრა მირიან გამრეკელაშვილმა რადიო თავისუფლებას, - "ამავე დროს, რუსებს, ალბათ, არც ის სურთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებს გამოაკლდნენ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მომავალი პატრიარქის პოზიცია, ასევე ისიც, ვინ გახდება საქართველოს ეკლესიის მეთაური”.

თეოლოგის ვარაუდით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ ელოდა კონსტანტინოპოლიდან ასეთი მაღალი რანგის დელეგაციას თავად მსოფლიო პატრიარქის მეთაურობით.

"რუსეთიდან, ალბათ, რომელიმე ეპისკოპოსს გამოგზავნიან - სასულიერო პირების თანხლებით. ვფიქრობ, პატრიარქი კირილე არ ჩამოვა. მათ იციან, რომ ყურადღების ცენტრში მსოფლიო პატრიარქი იქნება”.

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებისგან. 2019 წლის 5 იანვარს, კონსტანტინოპოლისა და მსოფლიოს პატრიარქმა, ხელი მოაწერა ტომოსს, რითაც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა ავტოკეფალია (თვითმმართველობა). ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მსოფლიო საპატრიარქოსთან ერთობის გაწყვეტა, რომელიც მოინიშნა როგორც “მოსკოვ-კონსტანტინოპოლის სქიზმა”.

ასევე ნახეთ რატომ დუმს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიაზე - ღია და დაფარული არგუმენტები

შეიძლება, რომ მსოფლიო პატრიარქის საქართველოში ვიზიტის გამო, თბილისში რუსეთის ეკლესიის დელეგაცია საერთოდ არ ჩამოვიდეს?

თეოლოგი გვპასუხობს, რომ გამორიცხული არც ეს არის:

„ისიც შესაძლებელია, კიდევ ერთი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნონ და მასში ჩამოსვლისგან თავის შეკავების მიზეზიც განმარტონ... მაგრამ, მეორე მხრივ, დაკრძალვა ის რიტუალია, სადაც გარდაცვლილისთვის პატივის მიგების გარდა, შესაძლებლობა გაქვს, მოხვდე საჭირო დროს, საჭირო ადგილას და მხარდაჭერა გამოუცხადო პატრიარქობის შენთვის სასურველ კანდიდატს. მსგავს ვიზიტებს მუდამ ახლავს ასეთი „კულუარული ფენომენები“. ცხადია, არც მსოფლიო პატრიარქის მხრიდან არის ეს მხოლოდ კაცთმოყვარეობის ჟესტი“, - შენიშნავს მირიან გამრეკელაშვილი.

თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, - გვეუბნება ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე, - პატრიარქის პატივისცემის ნიშნად, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია უნდა ჩამოვიდეს.

„მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის პატრიარქი ამ ჯერზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ის პატრიარქი გახდა, ამ რანგში ის საქართველოში არასოდეს ჩამოსულა“.

უკრაინისა და დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსი კირილეს ბრალს სდებს ომის მხარდაჭერაში. რუსეთის პატრიარქი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში შეიყვანა. მას სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ, კანადამ და უკრაინამ, ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, ჩეხეთმა და ესტონეთმა.

ასევე ნახეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები

როგორი იქნება ამ პროცესში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი?

ის მასპინძელია, რომელიც ახლა “ორ ცეცხლს შუაა”, - გვეუბნება მირიან გამრეკელაშვილი.

თუმცა, როგორც თეოლოგები და ისტორიკოსების შენიშნავენ, ბართლომეოსის ჩამოსვლა გარდაცვლილი პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, იმდენად დიდი სიმბოლური ჟესტი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ მასთან რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი “მოსატანიც არ არის”.

“თუ სრული ეკლესიის განწყობაზე ვილაპარაკებთ, ისევ და ისევ, ახალი თაობის სასულიერო პირების თვალთახედვით, მათთვის, ცხადია, დღეს მსოფლიო პატრიარქთან ურთიერთობა უფრო საინტერესოა. თუმცა, თუ რუსულ ეკლესიასთან ხანგრძლივ კავშირებსაც გავითვალისწინებთ, დღეს არც რუსეთის უხეშად მოცილება გამოუვა პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირს”, - ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

ასევე ნახეთ რუსეთისკენ თუ უკრაინისკენ - რა წერია და რა იკითხება პატრიარქის წერილში

თეოლოგი ჩვენთან საუბარში იხსენებს, როგორი გულდაწყვეტა და იმედგაცრუება მოჰყვა 2016 წელს, მსოფლიო საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თავშეკავებას და რუსეთის თხოვნის გათვალისწინებას - არ დასწრებოდნენ კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებას.

მაშინ, ორი დიდი ეკლესიის ინტერესები კვლავ საქართველოს ეკლესიის “ტერიტორიაზე” გადაიკვეთა.

თუმცა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ, იმ ეტაპზე, უკან დახევას საქართველოს საპატრიარქოსთან კავშირის შენარჩუნება არჩია. რამაც, როგორც თეოლოგები შენიშნავენ, დიდი ბიძგი მისცა შემდგომ ურთიერთობებს. თუნდაც, ქართული სამრევლოს დაარსებას კონსტანტინოპოლში, რომელსაც მსოფლიო პატრიარქიც სტუმრობს ხოლმე.

კრეტის კრებაზე მიუსვლელობის, მერე კი, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაზე თავშეკავების შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქოს, უარესის მოლოდინი ჰქონდა - რომ საქართველოს საპატრიარქო მათ მიმართ მკვეთრად მტრულ პოზიციას დაიკავებდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. კონსტანტინოპოლს ესმის, რატომ იკავებს თავს საქართველოს ეკლესია ამ საკითხზე ხისტი პოზიციონირებისგან. მას არ სურს არსებული ურთიერთობების დაკარგვა და მომავალზე ფიქრობს. მომავალი კი მხოლოდ უკრაინის ავტოკეფალიის სასარგებლოდ მუშაობს. ჩვენმა ეკლესიამაც იგივე გზა განვლო, როცა 1917 წელს ავტოკეფალია გამოაცხადა - მას დიდი ხნის განმავლობაში არავინ ცნობდა. ამიტომ, დღეს, მსოფლიო პატრიარქი ეცდება გაამხნეოს ახალგაზრდა სასულიერო იერარქია, რომ ის საბოლოოდ მოწყდეს რუსეთის გავლენას” - ეუბნება მირიან გამრეკელი რადიო თავისუფლებას.

ამიტომ, მსოფლიო პატრიარქის ჩამოსვლა დიპლომატიურ განაცხადიცაა.

ასევე ნახეთ პატრიარქის პოლიტიკური მისია?

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებდნენ კონტაქტს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან.

ილია მეორის დაკრძალვაზე საქართველოში სტუმრად ელიან საეკლესიო დელეგაციებს სხვადასხვა ქვეყნიდან - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის სიტყვებით, საქართველოს საპატრიარქომ სამძიმრის წერილები მიიღო თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან.

19 მარტს მან ისიც თქვა, რომ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი ბართლომეოსი წაუკითხავდა საქართველოს პატრიარქს "მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენდა ამ მართლმადიდებლურ მსახურებას".

თუმცა, მოგვიანებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჩვენს დამაზუსტებელ კითხვაზე, ნამდვილად იგეგმებოდა თუ არა ლიტურგიის გაძღოლა მსოფლიო პატრიარქის მიერ, გვიპასუხა, რომ მსგავსი რამ არც დაგეგმილი ყოფილა და ეს "იმთავითვე არაზუსტი ინფორმაცია იყო".

მან რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ მსახურებას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

20 მარტს ასევე გაირკვა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოში კვირას, 22 მარტს ილია II-ის დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოვა და ის საქართველოს პატრიარქისთვის წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

"ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად“, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

ასევე ნახეთ ცნობილია, ვინ ჩამოვა ილია II-ის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქთან ერთად

ადგილი სიონის ტაძარში, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ

ასევე ნახეთ მსოფლიო პატრიარქი სამძიმარს გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

ბელარუსის ეგზარქოსი?

ამ დროისთვის ბოლომდე ცხადი არ არის, ჩამოვა თუ არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ილია მეორის დაკრძალვაზე, ვინ უხელმძღვანელებს მას ან ვინ იქნება მის შემადგენლობაში.

ოფიციალური ცნობები ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

18 მარტს, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი პროპაგანდისტული სააგენტო “სპუტნიკი” მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკზე დაყრდნობით მხოლოდ იმას წერდა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაგანისაზღვრება ილია II-ის დაკრძალვის თარიღის დადგენის შემდეგ”.

ხოლო 19 მარტს, ამავე გამოცემამ დაწერა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ილია მეორის დაკრძალვაზე, სავარაუდოდ, გამოგზავნის მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტს, ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსს, ბენიამინს (ტუპიეკას).

'რუსული ეკლესია ზუსტად ისე ხედავს საქართველოს ეკლესიას, როგორც პუტინი თუ დუგინი ხედავენ საქართველოს - არსებითად რუსული იმპერიის საზღვრებში. ამიტომ ეგზარქოსის აქ, დელეგაციის ხელმძღვანელად გამოგზავნას, იმპერიული შეტყობინებაც თან ახლავს", - ასე გამოეხმაურა ამ ამბავს ბექა მინდიაშვილი.

რუსეთის პატრიარქი კირილე თავისი სამძიმრის წერილში ილია მეორესძვირფას ძმასა და თანამსახურს” უწოდებს. თუმცა მას, არც ამჯერად მოიხსენიებს სრული ტიტულით და არ ახსენებს, რომ მას “ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ წოდებაც ჰქონდა.

ასევე ნახეთ რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმარს გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო

ეს არ არის ასეთი პირველი შემთხვევა. რუსეთის პატრიარქი, ილია მეორეს, საშობაო, აღსაყდრების იუბილეს თუ სხვა სხვა მილოცვებშიც მოიხსენიებდა როგორც ” უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მთავარეპისკოპოსს მცხეთა-თბილისისა“ - აფხაზეთის გარეშე.

სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს, ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილს, რომელიც17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა, კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ასევე ნახეთ 15 წელი ღმერთისა თუ პუტინის სამსახურში?!
ასევე ნახეთ ქალი პატრიარქ კირილეს ცხოვრებაში - ცოლი თუ გარე ბიძაშვილი?