პაციენტები წამლების დეფიციტის წინააღმდეგ გამოდიან

აქცია მთავრობის კანცელარიასთან

სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის კანცელარიაში წერილი შეიტანეს. ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ითხოვენ.

პაციენტები აცხადებენ, რომ წამლებისა და კვლევების დაფინანსების კუთხით პრობლემები წელიწადში რამდენჯერმე ექმნებათ, რის გამოც მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

„იმ მედიკამენტებიდანაც კი, რომლებიც დაფინანსებულია და გვეკუთვნის, ხან ერთია დეფიციტში, ხან - მეორე. ამის გამო მთელი წელი რომ უნდა ვსვათ რაღაც წამალი, ორ თვეში ერთხელ თუ ვიღებთ. აფთიაქებში გვეუბნებიან დეფიციტიაო, მერე რომ ავტეხთ ხოლმე ამბავს, „აღმოჩნდება“, რომ თურმე მარაგში ჰქონიათ. ეჭვი მაქვს, ამ გზით ფულს ზოგავენ“, - ამბობს გვანცა აფხაიძე, დამფუძნებელი ორგანიზაციისა „კავშირი სიცოცხლისთვის“, რომელიც ონკოპაციენტების ინტერესებს გამოხატავს.

„აპრილიდან მუდმივად ვაწყდები წამლების დეფიციტს. ერთ-ერთ წამალს, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ვსვა, საერთოდ არ აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ რასაც აფინანსებს, ისიც ხან არის, ხან - არა, ხან ცოტაა და უნდა მოუსწრო“, - ამბობს ონკოპაციენტი ეთერ ქურასბედიანი.

საქართველოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადების 10 ათასამდე ახალი შემთხვევა ვლინდება. მაგალითად, 2022 წელს, კიბოს დიაგნოზი 9914 ადამიანს დაუსვეს. ამავე წელს ამ დაავადებამ 4530 ადამიანი იმსხვერპლა.

„წელს 2200 ონკოპაციენტს აფინანსებს სახელმწიფო, წარმოიდგინეთ რამდენი რჩება მედიკამენტის გარეშე. ზოგი შეიძლება უკვე სიკვდილის პირას არის“, - ამბობს გვანცა აფხაიძე.

„ჩემი შვილი ონკოპაციენტი არ არის, მაგრამ სხვა უამრავი დაავადება აქვს… ახლა ვაბარებთ წერილს, ათი დღის განმავლობაში ველოდებით, რომ გამოგვეხმაურებიან. ან პრემიერმა გამონახოს დრო ან ჯანდაცვის მინისტრმა, მოგვისმინოს და ჟურნალისტებთან ერთად დადონ პირობა, რომ გაითავალისწინებენ…“, - ამბობს თამარ იარაჯული.

ასევე ნახეთ „მარტში სამი ადამიანი დავკარგეთ“ - ონკოპაციენტები ულიმიტო დაფინანსებას ითხოვენ

პრემიერის სახელზე დაწერილ განაცხადში პაციენტები საკითხის გამოსწორებას, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აცხადებენ, რომ კანცელარიასთან მუდმივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ამ დრომდე უცნობია ჯანდაცვის სამინისტროს დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, რადიო თავისუფლება მას შემოგთავაზებთ.