პრატასევიჩის „აღიარება“ - საბჭოთა კაგებეს ხელწერა, რომლისაც არავის სჯერა

Raman Pratasievič, Ryanair

„ტელაგრამის” არხ Nexta-ს ყოფილი რედაქტორის, ბელარუსის რეჟიმის მიერ საერთაშორისო სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულების წესით დასმის შედეგად დაპატიმრებული აქტივისტის, რამან პრატასევიჩის მამა აცხადებს, რომ მას არ აქვს არავითარი საფუძველი, ენდოს ბელარუსის პროსახელისუფლებო „ტელეგრამის” არხით გავრცელებულ ვიდეოს.

24 მაისის საღამოს ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრატასევიჩი ამბობს, რომ იმყოფება მინსკის ნომერ პირველ იზოლატორში, მას კორექტულად ექცევიან, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს.

ასევე ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტმა ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა სამარცხვინო თავდასხმაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა როგორც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე, ისე პრესის თავისუფლებაზე „სამარცხვინო თავდასხმა“ უწოდა ვიდეოჩანაწერს, რომელიც, როგორც ჩანს, პრატასევიჩზე ზეწოლის შედეგია. ზუსტად ასე ფიქრობენ პრატასევიჩის კოლეგები და ბელარუსი უფლებადამცველები, რომლებიც ბელარუსის უშიშროების იზოლატორში თანამშრომელთა მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ.

ასევე ნახეთ ბელარუსში 20 დღით დააპატიმრეს „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი, რომელიც საპატიმროში წამების შესახებ იუწყება

„ყველაზე საშინელება ისაა, როცა არ იცი, თუ სად არის და რა ხდება მის თავს“

რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ პრინციპულად უარი თქვა ამ ვიდეოს გამოქვეყნებაზე, რადგან უცნობია, თუ რა ვითარებაში არის ჩაწერილი ეს საუბარი და ეკუთვნის თუ არა ეს განცხადება თავად რამან პრატასევიჩს, რომლის ადგილსამყოფელს მკაცრად ასაიდუმლოებს ბელარუსის რეჟიმი და უარს ამბობს დაპატიმრებულთან ადვოკატისა და უფლებადამცველების შეშვებაზე.

ამასთან, არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ წინასწარი გამოძიების პროცესში ბელარუსი სამართალდამცველები წამებით და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულებენ განსასჯელებს, მისცენ გამოძიებას აღიარებითი ჩვენებები.

„ბოლო ხანებში ხელისუფლებას "უყვარს" თავის კონტროლირებად არხებზე ტელეკამერების წინ ოპონენტების მიერ დანაშაულის აღიარების ჩვენება. მაგრამ, ისევე როგორც საბჭოთა დროს, ასეთი აღიარებებისა არავის სჯერა. მით უფრო, რომ არსებობს სხვადასხვა მეთოდი, ძალისმიერი მეთოდი ადამიანების დამუშავებისა და ჩვენ კიდევ დავინახავთ, რომ რამან პრატასევიჩს ალაპარაკებენ იმას, რისი თქმაც მას არ ენდომებოდა, რადგან ასეთი "ალაპარაკება" ხდება წამების ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების შედეგად. არსებობს ჩვენებები ბელარუსის კაგებედან გათავისუფლებული ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ ცუდად გახდომის შემთხვევაში გულის წვეთების ნაცვლად მათ ასმევდნენ ისეთ პრეპარატს, რომლის მიღების შემდეგაც ისინი გაუგებრად იქცეოდნენ და ლაპარაკობდნენ. ამიტომ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს აქცია "გადავარჩინოთ რამან პრატასევიჩი"“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი ჰანა სოუსი.

რამან პრატასევიჩი

24 მაისის საღამოს ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ბელარუსის ოპოზიცია და რამან პრატასევიჩის მამა, დმიტრი, დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტის „აღიარებითი ჩვენება“ ძლიერი ზეწოლის შედეგია.

„ვიცნობ რა ჩემს შვილს, ვეჭვობ, რომ ის ახლა ნორმალურად იყოს, რადგან ვიდეოზე აშკარად ჩანს ცემის კვალი, ის შესამჩნევად ნერვიულობს, არ ლაპარაკობს თავისი სიტყვებით, მაგიდაზეც კი არ უდევს ის სიგარეტი, რომელსაც ის ეწევა. დღეისთვის ჩვენ არ ვიცით, თუ სად იმყოფება ის. საქმე ისაა, რომ ვიდეოს გამოქვეყნების წინა დღით ჩვენი ადვოკატი იყო კა-გე-ბეს იზოლატორში, სადაც უთხრეს, აქ არ იმყოფებაო. ადვოკატი ან ბელარუსის ხელისუფლების ტრადიციული პასუხით გაისტუმრეს, ან ვიდეო იყო ადრე ჩაწერილი, შემდეგ კი მას [რამან პრატასევიჩი] სცემეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას და ეს, ალბათ, არის ყველაზე საშინელება, როცა არ იცი, თუ სად არის და რა ხდება მის თავს“, - უთხრა დმიტრი პრატასევიჩმა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ პროექტს.

აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ მინსკს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რამან პრატასევიჩი და ის ასზე მეტი პოლიტპატიმარი, რომლებიც ბელარუსის ციხეში იმყოფებიან პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე.

მათ რიცხვს 15 მაისს კიდევ 7 პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული აქტივისტი შეემატა.

25 მაისს ქალაქ მოგილიოვის სასამართლომ დახურულ სხდომაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა ცნობილ ბელარუს პოლიტიკურ მოღვაწეს, პავალ სევერინეცს, ორგანიზაცია „ევროპული ბელარუსის“ აქტივისტებსა და 2 ბლოგერს.

ასევე ნახეთ ბელარუსში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს 7 აქტივისტსა და ბლოგერს

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს რამან პრატასევიჩის საქმის გარემოებების დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და მიესალმება ევროკავშირის განზრახვას სანქციების ამოქმედების თაობაზე. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მან საკუთარ გუნდს სთხოვა, ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშაონ დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვარიანტები.

მანამდე, 24 მაისს, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ ახალ სანქციებზე ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის, ბლოკის საჰაერო სივრცის დახურვაზე ბელარუსის ავიახაზებისთვის - მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა კომერციული თვითმფრინავის იძულებას ბელარუსში დაფრენილიყო ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის რეისის შესრულებისას, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით.

კოლექტიური დასავლეთის ასეთ ნაბიჯებს მიესალმება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც ევროკავშირს ბელარუსის რეჟიმის სრული იზოლაციისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმის ყველა თანამზრახველის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე - სახელდობრ, იმ მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ, რომლებმაც სპეცოპერაცია განახორციელეს TUT.BY-ის წინააღმდეგ. ჩვენ ვლაპარაკობთ წერტილოვან ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებზე, შეზღუდვების დაწესებაზე იმ საწარმოებისა და ცალკეული ოლიგარქების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ და აფინანსებენ ლუკაშენკას რეჟიმს“, - განუცხადა ფრანაკ ვიაჩორკამ, საერთაშორისო საკითხებში სვიატლანა ციხანოუსკაიას მრჩეველმა, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

18 მაისს ბელარუსში სამართალდამცველებმა უდიდესი პორტალის, TUT.BY-ის, თანამშრომლების სახლებსა და ასევე რედაქციის ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც „განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების გადახდაზე უარის თქმის მუხლით“ არის აღძრული. სამართალდამცველების რეიდს თან ახლდა ასევე პორტალ TUT.BY-ის დომენის ბლოკირება პროვაიდერ „ბელტელეკომსა“ და მობილურის ოპერატორ МТС-ზე.

ასევე ნახეთ ბელარუსში ბლოკირებულია საიტი TUT.BY. თანამშრომლები კი დააკავეს „გადასახადების გადაუხდელობის“ ბრალდებით

დღეისათვის ბელარუსის ხელისუფლებას დაკავებული ჰყავს TUT.BY-ის 15 თანამშრომელი, რომლებიც, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 25 მაისს უფლებადაცველებმა პოლიტპატიმრებად აღიარეს.

რას უფრთხის ციხანოუსკაის გარემოცვა?

23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის ვითომ არსებობის საბაბით, ავიაგამანადგურებლის გამოყენებით, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი, და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.

რამან პრატასევიჩი

ამ ინციდენტის შემდეგ, რამაც პოტენციური საფრთხე შეუქმნა ასზე მეტი მგზავრის სიცოცხლეს, ბელარუსის რეჟიმის მხრიდან რეალურ საფრთხეში აღმოჩნდნენ უცხოეთში გახიზნული ბელარუსის ოპოზიციონერი აქტივისტები და ლიდერები, მათ შორის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია. ფრანაკ ვიაჩორკას თქმით, რამან პრატასევიჩის ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს უცხოეთში მყოფი ბელარუსის რეჟიმის ნებისმიერი ოპონენტი. მით უფრო, რომ უკვე დანამდვილებით არის ცნობილი, რომ რამან პრატასევიჩს ჯერ კიდევ ათენში ყოფნის დროს უთვალთვალებდნენ საეჭვო პირები, სავარაუდოდ, ბელარუსის კაგებეს (KGB) თანამშრომლები, რომლებმაც Nexta-ს ყოფილი რედაქტორის პასპორტს სურათიც კი გადაუღეს.

„ამიტომ ჩვენ ვუშვებთ, რომ ვილნიუსში, კიევშიც და ვარშავაშიც უნდა იყოს ლუკაშენკას ხალხი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ გამჭვირვალე, ამაშია ჩვენი ძალა და ამით განვსხვავდებით ჩვენ ლუკაშენკასგან. ჩვენ ვლაპარაკობთ ღიად იმის შესახებ, რასაც ვაკეთებთ, ჩვენს ფასეულობებზე, ჩვენს იდეებზე, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს სიფრთხილეს და ფიზიკურ უსაფრთხოებას. და აქ ლაპარაკია არა მხოლოდ სვიატლანა ციხანოუსკაიაზე, არამედ ყველა იმაზე, ვინც იძულებული გახდა, 2020 წლის აგვისტოს შემდეგ დაეტოვებინა ქვეყანა“, - ამბობს ფრანაკ ვიაჩორკა.

სვიატლანა ციხანოუსკაია

23 მაისის ინციდენტის შემდეგ, სვიატლანა ციხანოუსკაიას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის დაცვამ უკვე მიიღო ინსტრუქცია, რომ მომავალში საავიაციო ბილეთის აღების დროს ზუსტად დაადგინოს თვითმფრინავის მოძრაობის მარშრუტი.

„ჩვენ უკვე გვქონდა კონსულტაციები დაცვის სამსახურთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდება ბელარუსის ტერიტორიაზე გადაფრენა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამე მოხდებოდა. სინამდვილეში, ეს რაღაც ჰოლივუდია. რთული წარმოსადგენია ის, რაც 23 მაისს მოხდა და რაც ახლა ხდება. ჩვენ ვიცოდით, რომ ლუკაშენკა არაადეკვატური იყო, მაგრამ არავის შეეძლო წარმოდგენა, რომ ის საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა, დაარღვევდა ყოველგვარ საერთაშორისო ნორმას, 26 წლის ბიჭის გულისთვის გამანადგურებელი თვითმფრინავის გამოყენებით დასვამდა თვითმფრინავს მინსკში. მაგრამ ახლა უკვე გვესმის, რომ ის არაადეკვატურია, რეჟიმი გახდა ტერორისტული, ამიტომ გავაკეთებთ ყველაფერს საიმისოდ, რომ რეჟიმი დაისაჯოს იმისთვის, რაც ჩაიდინა და, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი ხალხი“, - ამბობს ფრანაკ ვიაჩორკა.

რა სასჯელს უმზადებს რეჟიმი რამან პრატასევიჩს?

ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, პოპულარული ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელმა რამან პრატასევიჩმა ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში.

ეს არის ყველაზე გავრცელებული ბრალდება, რომელსაც ლუკაშენკას რეჟიმი ყველა თავისთვის მიუღებელი აქტივისტის, პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის მიმართ იყენებს. ასეთად ბელარუსის რეჟიმისათვის ჯერ კიდევ 2011 წლიდან იქცა რამან პრატასევიჩი, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, როდესაც პირველად მიიღო მონაწილეობა ანტისამთავრობო აქციაში.

„რამან პრატასევიჩი ეს არის 26 წლის ახალგაზრდა კაცი. ის იყო ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიატი და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა რადიო თავისუფლებაში, სადაც დაკავებული იყო სოციალური ქსელებით და, როგორც უშტატო კორესპონდენტი, თანამშრომლობდა ძალიან ბევრ მასობრივი ინფორმაციის საშუალებასთან. ის არის ძალიან კარგი ფოტოგრაფი და გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, დონბასში, როდესაც იქ აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ეს იყო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. რამანი ფოტოკამერით აღბეჭდავდა იქ მომხდარ მოვლენებს. ბევრ მის ფოტოს, როგორც ვიცი, უკრაინის ეროვნული გვარდიაც იყენებდა. მაგრამ პრეზიდენტის არჩევნებამდე 6 თვით ადრე რამანმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო პოლონეთში. ეს გრძელი ისტორიაა და ის უკავშირდებოდა მეორე ბელარუსი ჟურნალისტის, ამჟამად ციხეში მყოფი ვლადიმირ ჩუდენცოვის, საქმეს. (2020 წლის ნოემბერში მინსკის სასამართლომ ჟურნალისტ ჩუდენცოვს, შეთითხნილი ბრალდებით, პორნოგრაფიული მასალის ინტერნეტით გავრცელებისთვის 5,5 წლით პატიმრობა შეუფარდა - რედ.). რამანი თანამშრომლობდა ჩუდენცოვთან და როდესაც საფრთხე მის თავისუფლებასაც დაემუქრა, წავიდა პოლონეთში და იქ სტეფან პუტილასთან ერთად მუშაობდა ბელარუსში ყველაზე პოპულარულ და ბელარუსის საპროტესტო აქციებისათვის ძალიან მნიშვნელოვან „ტელეგრამის“ არხ Nexta-ზე. თუ რატომ წამოვიდა რამანი ამ არხიდან, უცნობია, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც ადამიანები იცვლიან სამსახურის ადგილს, მით უფრო, რომ ეს არ უკავშირდებოდა არანაირ სკანდალს და თითოეული თავის საქმეს აკეთებდა“, - იხსენებს ჰანა სოუსი.

ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან. რაც შეეხება მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებას, რაზეც რამან პრატასევიჩი, სავარაუდოდ, კაგებეს თანაშრომლების მიერ ჩაწერილ და პროსახელისუფლებო „ტელეგრამის“ არხის „ჟიოლტიე სლივის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ლაპარაკობს, ამ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, „ტელეგრამის“ არხ Nexta-ს ყოფილ მთავარ რედაქტორს 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

რამან პრატასევიჩი