ფაშინიანმა „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა პუტინთან შეხვედრა, თუმცა რკინიგზაზე შეთანხმება არ შემდგარა

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები „ძალიან წარმატებული“ იყო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში მისი ვიზიტი, - რა დროსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე გამაფრთხილებლად ისაუბრა, - „ძალიან წარმატებული“ იყო.

„ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებას ჩვენი დღის წესრიგის ყველა სფეროში, კულტურიდან დაწყებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობით დამთავრებული“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 2 აპრილს.

„და მე ვიზიტს ძალიან წარმატებულად ვაფასებ“, - თქვა ფაშინიანმა წინა დღის ვიზიტის შეჯამებისას.

რკინიგზაზე შეთანხმება არ შედგა

ლიდერების მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას სომხეთის რკინიგზის რუსული მმართველობიდან ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

  • სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული [კონცესიის ხელშეკრულება არის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მესამე მხარეს შორის].
  • ფაშინიანს სურს რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების აღდგენა - ეს მისი ამბიციური „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ნაწილია, რაც შეავსებს „ტრამპის მარშრუტის“ ინიციატივასაც.

ფაშინიანმა შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთი, - ადრე მის მიერ ნათქვამის მიუხედავად, - ჯერ არ გეგმავს რკინიგზის მართვის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტას.

„სომხეთის რესპუბლიკას ეს ბერკეტი [რკინიგზის დაბრუნება] აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ და არც გვინდა ასეთი გზით წასვლა“, - თქვა დღეს ფაშინიანმა.

ასევე ნახეთ

თუ რუსეთი „დაპირებულ ინვესტიციებს“ არ ჩადებს, სომხეთმა შესაძლოა რკინიგზის სექციები დაიბრუნოს და თავად განაახლოს - ფაშინიანი

სანამ მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაგრძელდებოდა, პრესის თანდასწრებით, ვლადიმირ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ვრცელი სიტყვები წარმოთქვეს.

„გაფრთხილებები“

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, მასპინძელმა „უჩვეულოდ გრძელი და პირდაპირი განცხადებები გააკეთა“.

კერძოდ, მან გააფრთხილა სომხეთის ხელისუფლება, რომ არ აეკრძალათ ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება იმ ოპოზიციური პარტიებისა თუ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც პუტინმა დაახასიათა, როგორც „პრორუსული“.

ზოგიერთი მათგანი ამჟამად დაკავებულია, „მიუხედავად იმისა, რომ რუსული პასპორტები აქვთ“, - თქვა პუტინმა, რითაც მკაფიოდ მიანიშნა სამველ კარაპეტიანზე, რუს-სომეხ მილიარდერზე, რომელიც პატიმრობაშია.

ასევე ნახეთ

მილიარდერი ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი ციხეში დააბრუნეს

ფაშინიანმა პასუხად განაცხადა, რომ სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, როგორიცაა კარაპეტიანი, არ შეუძლიათ პრემიერ-მინისტრობა ან თუნდაც პარლამენტში ადგილების დაკავება.

მეორე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფაშინიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პუტინს არ ჰქონდა ინფორმაცია ამ კონსტიტუციური შეზღუდვის შესახებ.

„რუსეთის პრეზიდენტი, განსაკუთრებით მისი ქვეყნის მასშტაბისა და იმ დღის წესრიგის გათვალისწინებით, რომელსაც ის განიხილავს, დეტალებში ვერ შევიდოდა, თუნდაც ამის სურვილი ჰქონოდა“, - თქვა მან. „ვფიქრობ, რომ ის ამ ნიუანსის შესახებ ინფორმირებული არ იყო“.

ასევე ნახეთ

„რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება“ სომხეთის არჩევნებში - რა გეგმა აქვს ევროკავშირს

მორიგი გაფრთხილება ევროკავშირზე

პუტინმა ასევე გაიმეორა მოსკოვის პოზიცია სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების შესახებ.

მან აღნიშნა, რომ სომხეთი რუსეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მხოლოდ ვაჭრობის, არამედ რუსული ბუნებრივი მარაგების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.

პუტინმა ფაშინიანს უთხრა, რომ სომხეთი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი.

პასუხად ფაშინიანმა გაიმეორა ის, რაც საჯაროდ არაერთხელ უთქვამს:

„როდესაც პროცესები იმ დონემდე განვითარდება, რომ გადაწყვეტილების მიღება იქნება საჭირო [ევრაზიული კავშირი თუ ევროკავშირი], დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, - ვგულისხმობ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, - ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მივიღებთ“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

პუტინი ფაშინიანს: „სომხეთი არ შეიძლება იყოს ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი“

ფაშინიანი დემოკრატიაზე

„რაც შეეხება ჩვენს შიდაპოლიტიკურ პროცესებს, მოგეხსენებათ, სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ თითქმის ყოველთვის გვაქვს პოლიტიკური პროცესები, ეს ჩვენთვის უკვე ნორმალური მოვლენაა“, - თქვა ფაშინიანმა.

„გვყავს ისეთი მოქალაქეებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ სომხეთში ზედმეტი დემოკრატიაა. მაგრამ ეს ჩვენთვის პრინციპის საკითხია. მაგალითად, სოციალური ქსელები ჩვენს ქვეყანაში 100%-ით თავისუფალია, საერთოდ არ არსებობს შეზღუდვები და ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ ეს ძალიან ბევრია“, - განუცხადა მან პუტინს, რომლის ხელმძღვანელობითაც 2025 წელს რუსეთში დაიწყო მობილური ინტერნეტის მასშტაბური ბლოკადა.

ასევე ნახეთ

რუსეთში ფსბ უფრო იოლად დაბლოკავს ინტერნეტს

ამასთან, ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით.

„ჩემი აზრით, კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მექანიზმები უნდა ამოქმედებულიყო [აზერბაიჯანის თავდასხმისას], მაგრამ ისინი არ ამოქმედდა და ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ის სიტუაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ამჟამად ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

მან ამის საფუძვლად „მარტივი მიზეზი“ დაასახელა: „ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავუხსნით ჩვენს ხალხს, ჩვენს მოქალაქეებს, თუ რატომ არ უპასუხა „კუხომ“ სომხეთის თხოვნას, უსაფრთხოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად“.

ბოლოს, ფაშინიანმა თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი არჩევნების შედეგად, სომხეთში დემოკრატია და ხალხის ძალაუფლება კიდევ უფრო გაძლიერდება, ჩვენი ურთიერთობებიც გაძლიერდება და არჩევნების შედეგებით დინამიკურად გაგრძელდება ამ ურთიერთობების განვითარება“.

ასევე ნახეთ

ომის შიში - მსგავსი სიტყვები, განსხვავებული შინაარსი სომხეთსა და საქართველოში