Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიარდერი ოპოზიციონერი სამველ კარაპეტიანი ციხეში დააბრუნეს


სამველ კარაპეტიანი ციხეში დააბრუნეს
სამველ კარაპეტიანი ციხეში დააბრუნეს

„ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელი, რუსეთთან კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, - რომელიც საახალწლოდ „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს, - ციხეში დააბრუნეს.

ეს ინფორმაცია 16 იანვარს, გვიან საღამოს დაუდასტურა რადიო თავისუფლებას ბიზნესმენის ერთ-ერთმა ადვოკატმა რუბენ ჰაკობიანმა.

შინაპატიმრობიდან ნიკოლ ფაშინიანის მეტოქის ციხეში გადაყვანას წინ უძღოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის დაკმაყოფილება 16 იანვარსვე.

სამველ კარაპეტიანს უკან დაუბრუნებენ გირაოს თანხას, 4 მილიარდ დრამს (დაახლოებით 10.5 მილიონი დოლარს).

კარაპეტიანი 30 დეკემბერს, წინასაახალწლოდ „წინასწარი პატიმრობიდან“ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს.

ციხეში გადაყვანამდე კარაპეტიანი კლინიკაში იმყოფებოდა - იგი, ადვოკატის ცნობით, სახლში დაბრუნებამდე, საპატიმროში, Covid 19-ით დაინფიცირდა და ორმხრივი პნევმონია განუვითარდა, რასაც კლინიკაში მკურნალობდა.

ბიზნესმენი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, 18 ნოემბერს კი მისი წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაახანგრძლივეს.

ამჟამად სასამართლო განიხილავს წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას.

სამველ კარაპეტიანს ბრალად ედება სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით საჯარო მოწოდება, გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება.

იგი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მისი დაპატიმრების შემდეგ სომხეთის მთავრობამ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG