რა აფერხებს საქართველოს საპატრიარქოს

რამდენად საფუძვლიანია საქართველოს საპატრიარქოს ყოყმანი, ცნოს თუ არა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

რა ფაქტობრივი ან სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია რუსეთის ეკლესიას, თუკი საქართველოს ეკლესია ცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.

რა ფორმით შეუძლია რუსეთის ეკლესიას იმოქმედოს საქართველოს ოკუპირებელ ტერიტორიებზე.

ხელეწიფება თუ არა რუსეთის ეკლესიას საქართველოსთვის მეტი ზიანის მიყენება.

ვის მიმართ მეტი მართებს საქართველოს ეკლესიას - რუსეთის ეკლესიისა თუ მსოფლიო საპატრიარქოსი.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი არ ჩქარობს ოფიციალური პოზიციის გამოხატვას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა ამგვარი ხაზგასმული დუმილი და დაყოვნებაც ერთგვარი პოზიციაა.

არც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვა გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი.
მეუფე გრიგოლი

​„საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეკლესია ავტოკეფალიურია იმ შემთხვევაში, თუ ის არის სამოციქულო ან თუ მას ანიჭებს ავტოკეფალიას თავისი დედაეკლესია”, - ასეთია სინოდის წევრთა ერთი ნაწილის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი უკრაინის „დედაეკლესიის“, ანუ რუსეთის ეკლესიის, გადასაწყვეტია. სინოდის წევრთა ეს ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესიამ არ უნდა იჩქაროს აღიარების საკითხში და პოზიციის გამოხატვაში არ უნდა დაასწროს დიპტიქში მის წინ მდგომ ხუთ ეკლესიას, თუმცა ასე არ ფიქრობს სინოდის ყველა წევრი. 13 იანვარს, ქადაგებისას, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ეროვნული ეკლესიის არსებობა არ არის მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მოვლენა, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება არ იყო მხოლოდ რელიგიური აქტი.

„არც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვა გახლდათ რუსეთის ეკლესიის რელიგიური ახირება; არც უკანონოდ დამცრობილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გახლდათ მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის მატარებელი. ჩვენთვის ამას ჰქონდა განუზომლად დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც. არსებითად ასეა ჩვენი დიდი ხნის ერთგული მეგობარი ქვეყნისა და ხალხისთვისაც“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

„უკრაინის უწმინდეს ეკლესიას მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში მიკუთვნებული აქვს მეთხუთმეტე ადგილი და ამით ყველაფერია ნათქვამი: უკრაინის ეკლესია არის მართლმადიდებელი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, რომლის თქმითაც, უკრაინელ ხალხს სრული დამოუკიდებლობისათვის უფალმა მიანიჭა ჯილდო, რითაც ის გათავისუფლდა ყველაზე დიდი მონობისგან.

მიტროპოლიტი პეტრე

„როგორც ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი კირიონი ამბობდა, ყველაზე დიდი მონობა, ეს არის მონობა ეკლესიური. დარწმუნებული ვარ და გარდაუვალიცაა, საქართველოს ეკლესია და წმინდა სინოდი დადგებიან სიმართლის მხარეს და აუცილებლად შეუერთდებიან უკრაინელი ხალხის სიხარულს. სასურველია, რომ სინოდის სხდომა მოწვეული იქნეს ადრე და ძალიან არ დაგვიანდეს. სინოდმა უნდა მიიღოს ღირსეული და სამართლიანი გადაწყვეტილება. უკრაინის ეკლესიის საკითხმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა ღვითსმეტყველების ჭეშმარიტება: არა ძალაში, არამედ სიმართლეშია ღმერთი!“ - უთხრა მიტროპოლიტმა პეტრემ რადიო თავისუფლებას.

რა შეუძლია რუსეთის ეკლესია

დავუშვათ და მართლა გამოაცხადეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, მისცეს ტომოსი. ჩვენ, ბუნებრივია, ვიტყვით, რომ ეს უკანონოა. მსოფლიო პატრიარქიც, ალბათ, იტყვის, რომ ეს უკანონოა, მაგრამ ფაქტი ხომ შედგება!
ლევან აბაშიძე

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწინააღმდეგეები თავიანთი პოზიციის გასამყარებლად ასევე იშველიებენ რუსეთის ეკლესიის შესაძლო საპასუხო ნაბიჯებს, მაგალითად, ასეთს: თუკი საქართველოს ეკლესია ცნობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ რუსეთის ეკლესია აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, ხოლო ცხინვალის რეგიონს მოაქცევს თავის კანონიკურ საზღვრებში.

თეოლოგი ლევან აბაშიძეც ფიქრობს, რომ ამგვარი ვარაუდი უსაფუძვლო არ არის და რომ რუსეთის შესაძლო საპასუხო ნაბიჯი მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს.

„არ არის უმნიშვნელო ის, რომ რუსეთი არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებელ ეკლესიას და რომ რუსეთი აღიარებს ჩვენს კანონიკურ საეკლესიო ტერიტორიას. თუ ეს დაირღვევა, შესაძლოა, მერე რუსეთის გავლენით იგივე გააკეთონ სხვა ეკლესიებმაც, მაგალითად, სიტყვაზე ვამბობ, სერბეთის ეკლესიამ ან სხვა რომელიმემ. ანუ შეიძლება ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო პროცესები დაიწყოს. ცხადია, ამ ყველაფერს ითვალისწინებს ჩვენი ეკლესია, როცა არ ჩქარობს“, - უთხრა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

ლევან აბაშიძის თქმით, ეკლესიები მოქმედებენ კანონიკური სამართლის შესაბამისად, თუმცა არ არსებობს ერთიანი ინსტიტუცია, ვინც მათ მოქმედებას განსჯის:

შესაძლებელია არამართლზომიერი მეთოდებით იმოქმედოს, რაც იქნება კანონგარეშე ზნეობისა და მორალის მიღმა. ეს არის სეპარაციის მეტად გამძაფრება და წახალისება, რუსეთს, როგორც ვიცით, მივლენილი ჰყავს მღვდელმთავარი აფხაზეთში.
გიორგი ტიგინაშვილი

„თეორიულად ვამბობთ, რომ ეს არის საერთო საეკლესიო კრება, მაგრამ სად არის ეს საერთო საეკლესიო კრება? 12 საუკუნეა ვერ ჩაატარეს! ამის გამო, დავუშვათ და მართლა გამოაცხადეს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, მისცეს ტომოსი. ჩვენ, ბუნებრივია, ვიტყვით, რომ ეს უკანონოა. მსოფლიო პატრიარქიც, ალბათ, იტყვის, რომ ეს უკანონოა, მაგრამ ფაქტი ხომ შედგება! არ არსებობს ინსტანცია, სადაც ჩვენ ვიჩივლებთ და გადაწყვეტილების უკან წაღებას ვაიძულებთ. ამიტომ გვმართებს სიფრთხილე“.

თუმცა ამგვარი სიფრთხილის საფუძველს ვერ ხედავს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, რომლის თქმითაც, კანონიკური სამართლისა და იურიდიული ნორმების მიხედვით, რუსეთის ეკლესიას არავითარი ხელმწიფება და სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ეკლესიაზე და გარკვეული წნეხი და ზეწოლა აწარმოოს.

„შესაძლებელია არამართლზომიერი მეთოდებით იმოქმედოს, რაც იქნება კანონგარეშე ზნეობისა და მორალის მიღმა. ეს არის სეპარაციის მეტად გამძაფრება და წახალისება. რუსეთს, როგორც ვიცით, მივლენილი ჰყავს მღვდელმთავარი აფხაზეთში, რომელიც თვითნებურად მოღვაწეობს, მას თან ახლავს სამღვდელო დასის 15-კაციანი შემადგენლობა. შესაძლოა, უბრალოდ გამძაფრდეს ვითარება, გარკვეული ინციდენტები მოხდეს, გაგრძელდეს ექსპანსიისა და ასიმილაციის პოლიტიკა, რომელსაც იქ ისედაც აწარმოებს რუსეთი, მიუხედავად საქართველოს ეკლესიის „ზომიერი“ პოზიციისა. სხვა რამე სახის ხელმწიფება მას არ გააჩნია, რომ კონიუნქტურა შეცვალოს ან საერთაშორისო გავლენა მოახდინოს რომელიმე ეკლესიაზე, რომელიც შემდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართ იქნება დესტრუქციული“, - უთხრა გიორგი ტიგინაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გიორგი ტიგინაშვილი

ასევე საქართველოს ეკლესიისა და მისი კანონიკური ტერიტორიის ნაწილის - აფხაზეთის - მიმართ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ისიც, რომ რუსეთის ეკლესია დემონსტრაციულად ამბობს უარს საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქის სრული ტიტულით მოხსენიებაზე, უწოდებს მას მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, უწმინდესსა და უნეტარესს, მაგრამ არასოდეს არ ახსენებს, რომ ილია მეორე ასევეა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.

გიორგი ტიგინაშვილის თქმით, სეპარატიზმის გაღვივების, მისი გამძაფრების გარდა, რუსეთს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ სხვა არაინაირი ბერკეტი არ გააჩნია:

„უტოპიაა ის, რომ მას შეუძლია ავტოკეფალიური წარმონაქმნების გაჩენას შეუწყოს ხელი, რადგანაც, საეკლესიო კანონიკის თვალსაზრისით, ამის დისკრეცია რუსეთის ეკლესიას არ გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება იქნება ანულირებული. მას არ ექნება არავითარი მხარდაჭერა და აღიარება. დე ფაქტოდ კი აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში ახლაც დესტრუქციულად მოქმედებს და აძლევს საშუალებას „ადგილობრივ ეკლესიებს“ იმოქმედონ „დამოუკიდებლად“.

ილორის ეკლესია

თუ საქართველოს ინტერესების დაზიანებაზე მიდგება საქმე, რუსეთზე მეტად აფხაზეთში მოქმედების საფუძველი და საშუალება მსოფლიო საპატრიარქოს აქვს. რეალურად, სწორედ კონსანტინოპოლს ხელეწიფება დამოუკიდებელი საეკლესიო ერთეულის ჩამოყალიბება, რადგანაც სწორედ მას ჰქონდა მე-10 საუკუნემდე თავისი ეპარქია აფხაზეთში სავსებით კანონიკურად.

კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორი

ჩვენმა პატრიარქმა სთხოვა რუსეთის საპატრიარქოს, რომ ვინაიდან ჩვენი სამღვდელოება ვერ შედის და ხელი არ მიგვიწვდება ჩვენს მორწმუნეებთან, რათა განვახორციელოთ ლიტურგია და ევქარისტიის საიდუმლო, შესაბამისად, გთხოვთ, რომ ეს რუსეთმა გააკეთოსო.
პაატა ზაქარეიშვილი

„აფხაზეთი, ისტორიულ საფუძველს თუ მივყვებით, რეალურად მართლა იყო კონსტანტინოპოლის ქვემდებარე, მაგრამ, სადღეისოდ, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვევს თანამედროვე საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, რაც მოიცავს თავის თავში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებს“, - ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

14 იანვარს, ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში სტუმრობისას, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გაიხსენა ექვსი წლის წინანდელი ამბავი, როცა აფხაზეთში გააქტიურებული იყვნენ ის სასულიერო პირები, რომლებიც რუსეთის ნაცვლად კონსტანტინოპოლისკენ იყურებოდნენ და მათ ხალხის მხარდაჭერაც ჰქონდათ. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მან სცადა საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის დარწმუნება აფხაზეთში „კონსტანტინოპოლის დროებითი იურიდისდიქსის“ უპირატესობაში, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

პაატა ზაქარეიშვილი

​„მანამდე ჩვენმა პატრიარქმა სთხოვა რუსეთის საპატრიარქოს, რომ ვინაიდან ჩვენი სამღვდელოება ვერ შედის და ხელი არ მიგვიწვდება ჩვენს მორწმუნეებთან, რათა განვახორციელოთ ლიტურგია და ევქარისტიის საიდუმლო, შესაბამისად, გთხოვთ, რომ ეს რუსეთმა გააკეთოსო. ამაში თავისთავად ტრაგედია არაა, მაგრამ როცა უფრო ლეგიტიმურია კონსტანტინოპოლი, რატომ სთხოვ რუსეთს? ... ბიძინამ მითხრა, რომ ძალიან კარგია და სწორია… რაკი პრემიერისაგან უფლებამოსილება მივიღე, წავედი საპატრიარქოში, სადაც სერიოზული კამათი მქონდა. იქ, როგორც წესი, ძალიან კარგად მიღებენ, რადგან ჩემი ბევრი მეგობარია, მე სასულიერო აკადემია მაქვს დამთავრებული და ეპისკოპატში ბევრი მეგობარი მყავს. მივიღე მკაფიო და ცალსახა უარი. არგუმენტი იყო ის, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებსო”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების მოწინააღმდეგე მღვდელმსახურთა ამგვარი შიშები უსაფუძვლოდ მიაჩნია პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომლის თქმითაც, რეალური მიზეზი რუსეთის ინტერესების მსახურებაა და არა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთხელ დაკარგვის შიში.

„მღვდელმთავართა დიდი ნაწილი ან რუსეთის აგენტია (ამ სიტყვის ყველაზე ძველი და პრიმიტიული გაგებით), ანუ რუსეთზე მუშაობს და ამაში ფულს იღებს, ან ინსტინქტურად და ემოციურად პრორუსია. სათქმელად რა აქვთ, მეორეხარისხოვანია“, - ამბობს გია ნოდია.