საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: რა გვასწავლა პანდემიამ საკვების მიწოდების გლობალური ქსელის არაეფექტიანობაზე

დრამატულად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც პანდემიასთან საბრძოლველი ზომების გამო შიმშილი ემუქრებათ. ამავე დროს, გლეხებს მთელ მსოფლიოში უჭირთ თავიანთი პროდუქციის სავაჭრო ქსელებში გატანა, მიწოდების ქსელებში შეფერხებებისა და მოთხოვნის შემცირების გამო. შექმნილი კრიზისი აჩვენებს, რაოდენ ურთიერთდამოკიდებულია საკვების მიწოდების ქსელი და გვაიძულებს ვიფიქროთ, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ ქსელის არაეფექტიანობა, - წერენ საერთაშორისო პრესაში.

13 აპრილის მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტმა, იმანუელ მაკრონმა, თქვა, საფრანგეთმა დამოუკიდებლობა უნდა დაიბრუნოს სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულების თვალსაზრისითო. პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანება საფრანგეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Les Echos: ჯანდაცვის, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში შექმნილი სამმაგი კრიზისი გვაიძულებს გადავსინჯოთ სოფლის მეურნეობის ჩვენი მოდელი. ... საკვების მიწოდების სამომავლო ქსელმა უნდა მოიცვას გამოსავალი ფერმერებისთვის, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან, ისევე, როგორც ინოვატორებისთვის: ბოსტნეულის გასაზრდელი ადგილების გაუმჯობესება, აგრომეტყევეობა, კონსერვაციის მიწები, მიწოდების მოკლე ქსელები და დამკვიდრებული პროდუქტების ინოვაციური ალტერნატივები. .... საკვების პოლიტიკის გამართულ ხედვას ესაჭიროება არა მხოლოდ გუშინდელი ეკონომიკური ინტერესების დაცვა, არამედ, უწინარესად, სახვალიო პერსპექტივის გამომუშავება“.

ასევე ნახეთ საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან?

ბელგიაში გამომავალ ლიბერალური ორიენტაციის ფრანგულენოვან გამოცემა La Libre Belgique-ში 28 მაისს წერილს აქვეყნებს ენჯიოთა კოალიცია contre la Faim-ი, რომელიც გამოდის საკვების მიწოდების ჯაჭვის უფრო ეფექტიანი და კრიზისგამძლე ფორმების შემუშავების მოწოდებით, განსაკუთრებით სამხრეთის რეგიონებში: თუკი მოკლევადიანი პრიორიტეტი ისაა, რომ შენარჩუნდეს ვაჭრობა და ხელმისაწვდომი ფასები საკვებზე, სამხრეთულ ქვეყნებში ბელგიის ინვესტიციებმა ცენტრალურ მიზნად უნდა დაისახოს მდგრადობა და საკვების უსაფრთხოება. მათი პრიორიტეტი უნდა იყოს საკვების სისტემის აგროეკოლოგიური ტრანსფორმაცია და ფასების ადგილობრივი ჯაჭვების შემუშავება. ამგვარმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მთლიანად უნდა მოიცვას საკვების სისტემები საიმისოდ, რომ ვუპასუხოთ საზოგადოებების წინაშე ამჟამად შექმნილ მწვავე გამოწვევებს: კლიმატის ცვლილებებს, სოციალურ უსამართლობას და სიღარიბეს“.

შიმშილი მოვლენების მანკიერ წრეს იწვევსო, წერს უნგრეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის Hvg 28 მაისის ნომერში და ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის ღორის ხორცის მრეწველობაში შექმნილ კრიზისზე - იქ ბევრ ცხოველს იმის გამო ხოცავენ, რომ ფერმებში, უბრალოდ, ადგილი აღარ არის: აშშ-ში შინაური ცხოველების სასწრაფო წესით დაკვლას თუ გავაანალიზებთ, შიმშილის გავრცელება, რომელმაც წარსულში ბევრი არეულობა და კატასტროფა მოიტანა, კიდევ უფრო სევდიანი ხდება. ... ახლო აღმოსავლეთში ბევრი ლაპარაკობს ათი წლის წინ დაწყებულ ამბოხების ტალღაზე და შემდეგ დამდგარ კრიზისზე, როგორცშიმშილის რევოლუციაზე“. ამან გამოიწვია სამოქალაქო ომები სირიაში, ლიბიასა და იემენში, ისევე როგორც ლტოლვილთა ტალღა 2015 წელს, რამაც ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში პროპაგანდის მშვენიერი საშუალება შეუქმნა პოპულისტ ნაციონალისტურ ძალებს“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით