ავტობუსის მგზავრების 95% „ქართველები იყვნენ“, - ამბობს ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.
ავარია 30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან და დასახლებულ პუნქტ ინოზემცევოსთან ახლოს მოხდა. თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა.
რუსული მედიის ცნობით, ავტობუსში 47 მგზავრი იჯდა. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი.
დაღუპულები და დაშავებულები
რადიო თავისუფლება ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავს ესაუბრა. მისი თქმით, ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად მოსკოვში ბრუნდებოდნენ, საქართველოში დასვენების შემდეგ. 1 სექტემბერს ბავშვები სკოლაში უნდა მისულიყვნენ.
- ავარიაში დაიღუპა 45 წლის ვალერი მაჭავარიანი, სამი შვილის მამა.
- მისი მეუღლე მრავლობითი მოტეხილობებითა და სხვა დაზიანებებით კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.
- უმცროს - 6 წლის შვილს ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს.
- შუათანა შვილი კომაშია, მას თავის მძიმე დაზიანება აქვს.
- უფროსი შვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია - მას დაბეჟილობები აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე ნახეთ
ავტოავარია რუსეთში: ქართველი დიპლომატი „საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად გაემგზავრა“დაღუპულთა შორის არიან:
- ავტობუსის მძღოლი აკაკი ტოფაძე;
- მძღოლი თემურ ბანცაძე;
- მგზავრი, ოთხი შვილის მამა გელა ბულესკერია.
ჩვენთვის უცნობია კიდევ ორი დაღუპულის ვინაობა.
ასევე უცნობია, მძღოლთაგან რომელი მართავდა ავტობუსს ავტოავარიის დროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველი დიპლომატი, რომელიც რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მუშაობს, სტავროპოლის ოლქში ავარიაში დაშავებულების დასახმარებლად გაემგზავრა.
ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას საგარეო უწყება არ გვაწვდის.
„გადმოსვენებისა და ჯანმრთელობის საკითხებს რუსული მხარე აგვარებს“, - გვითხრა ავტობუსში მყოფი ოჯახის ნათესავმა.
„ორთაჭალიდან გავიდა“
ჩვენი რესპონდენტისთვის უცნობია, რომელი კომპანიის ავტობუსი ასრულებდა თბილისი-მოსკოვის რეისს, თუმცა ამბობს, რომ ავტობუსი ორთაჭალიდან გავიდა.
ორთაჭალაში, „თბილისის ცენტრალურმა ავტოსადგურმა“ 30 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ეს არ იყო ავტოსადგურიდან გასული რეგულარული რეისი“.
„შესაბამისად, ჩვენ - ორთაჭალის ავტოსადგური - არ ვყოფილვართ ჩართული მის ოპერირებაში, როგორც საწყისი პუნქტი“, - წერია ამ დოკუმენტში.
დიდი ალბათობით, რეისს შპს „გუდ ლაინს ბასის“ ავტობუსი ასრულებდა. რადიო თავისუფლება ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.
სოციალურ ქსელში „გუდ ლაინს ბასის“ გვერდებზე მითითებულ ნომრებზე მოპასუხე ადამიანი კომპანიასთან და ავარიასთან კავშირს უარყოფს.
საჯარო რეესტის მონაცემებით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი ვახტანგ ბანცაძეა, - დაღუპული თემურ ბანცაძის შვილი. რეესტრში მითითებული მისი სატელეფონო ნომერი გამორთულია.
ასევე ნახეთ
2025 წელს 469 ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს - 2018 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი რიცხვია„უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა“
ავტოავარიის შემდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსული მედია ამბობს, რომ გამოძიება პირად კონტროლზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა აიყვანა.
„წინასწარი მონაცემებით, თბილისი-მოსკოვის რეისის ავტობუსის მძღოლი მოძრაობდა სიჩქარით, რომელიც გზაზე ვითარების მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას არ იძლეოდა. მან წინ, იმავე მიმართულებით მოძრავ „კამაზთან“ უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის წარმომადგენელმა ვლადიმირ გერასიმოვმა.
რუსული ტელეკომპანია REN TV ერთ-ერთ დაშავებულ მგზავრს, ქამრანს ესაუბრა.
„ყველას გვეძინა, არაფერი დამინახავს. მაშინ გაგვეღვიძა, როცა უკვე შევეჯახეთ. ველოდებოდით, რომ ვინმე ფანჯარას ჩაამტვრევდა. ვყვიროდით, კარი გაეღოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო. ვყვიროდით, არაფერი ისმოდა და არაფერი ჩანდა“, - უთხრა მან ტელეკომპანიას.
31 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიის შედეგად დაშავებული 3 მგზავრი კლინიკიდან გაწერეს. პიატიგორსკის საქალაქო საავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში, 22 ადამიანი რჩება.