„2020 წლის შემდეგ იყო უკვე ორი შემთხვევა, ხელისუფლება შეცვლილიყო არა საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის - უკანონო გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 12 აპრილს, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ის „აგენტების კანონის“ დაცვას ცდილობდა.
მანამდე, ოლაფ შოლცმა მკაფიოდ განმარტა, რომ გერმანია იზიარებს ევროკავშირის კრიტიკულ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის [„აგენტების კანონი“] შესახებ, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების როლს ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვნად თვლის.
„„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს [„აგენტების კანონს“ - რ.თ.] არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და სხვების კრიტიკულ პოზიციას“, - თქვა გერმანიის კანცლერმა.
ასევე ნახეთ „ევროპაში მსგავსი კანონი არ გვაქვს“ - გერმანიის კანცლერი პრემიერ კობახიძეს
"არეულობა, ხელისუფლების დამხობა"
ამერიკელი და ევროპელი დონორების ფულით არასამთავრობო სექტორისთვის დაფინანსებულ რევოლუციურ სცენარზე „ქართულმა ოცნებამ“ იმაზე ბევრად ადრე დაიწყო ლაპარაკი, ვიდრე 3 აპრილს „აგენტების კანონს“ გააცოცხლებდა.
ბოლო თვეებში მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იყო.
USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებში დაინახა „ოცნებამ“ ხელისუფლების „ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადება“. 2023 წლის შემოდგომაზე CANVAS-ის „ტრენინგების საქმის“ გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ.
12 აპრილს, რადიო თავისუფლებას სუსში უთხრეს, რომ ამ საქმეზე კვლავ „მიმდინარეობს გამოძიება“.
„შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია "დროას", "ფრანკლინის კლუბის", "კანვასის" ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს გააკეთა, როცა საგანგებო ბრიფინგზე, „აგენტების კანონის“ კვლავ წარდგენის საჭიროებაზე ლაპარაკობდა.
მის მიერ ჩამოთვლილ ორგანიზაციებს არაერთხელ გაუკეთებიათ განცხადება „ქართული ოცნების“ მსგავსი ბრალდებების აბსურდულობის შესახებ.
„პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდებიან საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება "მოლოტოვის კოქტეილის" რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით“, - განაცხადა 5 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის [„აგენტების კანონის“] განმარტებით ბარათში არ არის მითითებული „ქართული ოცნების“ მიერ ზეპირ განცხადებებში გამოკვეთილი შიში და ბრალდებები საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ტექსტში დასახელებულია ერთადერთი მიზანი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა“.
- სამოქალაქო სექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიმართ ანგარიშვალდებულებას პირნათლად ასრულებს და ყველაფერი ისედაც საჯაროა.
- საერთაშორისო პარტნიორები კი, ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ გამჭვირვალობის მიზანს განიხილავენ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მექანიზმად; რის გამოც „აგენტების კანონი“ ხშირად „რუსულ კანონად“ მოიხსენიება.
დემოკრატიის შიში?
„ვინ უპირებს გადატრიალებას [ხელისუფლებას]? ეს არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა. რისი თქმა უნდა "ქართულ ოცნებას", რომ სტრატეგიული პარტნიორები უპირებენ გადატრიალების მოწყობას?!... ყველაზე აბსურდული კი ის არის, რომ - თუკი ის ორგანიზაციები [დონორები] საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, მაშინ რატომ იღებს თავად სახელმწიფო მათგან გრანტებს. არანაირ ლოგიკაში არ ეწერება ბრალდებები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე - საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსი მკვლევარი. მისი შეფასებით, „აგენტების კანონი“ „თეთრი ძაფებით არის ნაკერი“ და „სახელმწიფოს აზიანებს“.
„თუკი სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობენ, სისხლის სამართლის დანაშაულია ეს და მაშინ რა შუაშია რამდენიმე ათასი ორგანიზაციის უცხოეთის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირება და თან მოღალატეების ძახილი?! ამიტომ ეს კანონპროექტი არის კუდიანებზე დევნა და სხვა არაფერი“, - ამბობს ფხალაძე.
პოლიტოლოგი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის ეშინია და ამიტომ ებრძვის კრიტიკულ აზრს სამოქალაქო სექტორისა და მედიის სახით.
„დემოკრატიის შემთხვევაში მას მოუწევს დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარება - თავისუფალი სასამართლოს, ძლიერი არასამთავრობო სექტორისა და მედიის პირობებში "ქართული ოცნება" ვერ შეინარჩუნებს საკუთარ ძალაუფლებას“, - ამბობს ჩიტაძე.
"ოცნება" საერთაშორისო პარტნიორებს სუვერენიტეტის ხელყოფაშიც ადანაშაულებს.
„ჩვენ რა პრინციპის რეალიზების წინაშე ვართ ახლა, იცით? საქართველო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ მიაღებინებენ“, - უთხრა 11 აპრილს ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ და საკუთარი ხელისუფლების სითამამეც შეაქო.
„ეს ქვეყანა ბედავს, რომ მეგობრებს, პარტნიორებს ეკამათება მიუხედავად იმისა, რა ზომის და გავლენის არ უნდა იყოს ეს ქვეყანა თუ მეგობარი. ეს ძალიან კარგია, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეროვნულ თავმოყვარეობის ხარისხს მაღლა სწევს. ვიღაცებს ეს ანტიევროპულად მიაჩნიათ, რას ჰქვია თანაბრად ელაპარაკები შენ ევროპელს ან ამერიკელსო, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი. "მოყვარეს პირში უძრახე", თუკი რამე არ მოგვწონს, უნდა გავუბედოთ და ვუთხრათ“, - თქვა მდინარაძემ და დასძინა, რომ მოსაწონია მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების „გვერდში დგომა“ და „პარტნიორული დამოკიდებულება“.
ნიკა ჩიტაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ იგნორირებას უკეთებს მთავარს - რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ძირითადი გარანტი სწორედ დასავლური მხარდაჭერაა, რაც მათ შორის - რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების არაღიარების პოლიტიკასაც მოიცავს.
„დემოკრატიულ დასავლეთსა და დამპყრობელ რუსეთს ერთ ქვაბში ხარშავს "ქართული ოცნება"... როცა ევროკავშირსა და რუსეთს ერთნაირად უწოდებ ბატონს - აქ კომენტარი ზედმეტია“, - ჩიტაძისთვის ეს ქვეყნისთვის მეტად სახიფათო გზით სიარულს ნიშნავს.
გასულ წლებშიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობდა „ხელისუფლების აყირავებაზე“, „დამხობასა“ თუ „გადატრიალების“ მცდელობებზე და ყველაფერს ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებდა.
ყველაფერი დაიწყო „საბურავების საქმით“, 2014 წელს, როცა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ირწმუნებოდა, რომ ოპოზიცია ე.წ. ევრომაიდნის მოწყობასა და ამ მიზნით - ტრენინგების ჩატარებასაც გეგმავდა.
2021 წლის 29 ოქტომბერს - არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ იძიებს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტს, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით: მტკიცებულებების სახით გამოქვეყნდა 6-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც სუსის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში“ იყო ჩაწერილი.
12 აპრილს სუსში ამ გამოძიების შედეგიც მოიკითხა რადიო თავისუფლებამ.
კიდევ იყო არაერთ სხვა მსგავს საქმეზე დაწყებული გამოძიებები - დამნაშავეები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილან და დასჯილან.