რა მოჩანს მოსკოვიდან?

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რამდენჯერმე გამოეხმაურა თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ამავე საკითხზე მისცა არაერთი ინტერვიუ რუსულ არხებს. რუსმა დიპლომატმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაფუჭებაში ბრალი დასდო როგორც საქართველოს ოპოზიციურ პარტიებს, ასევე პრეზიდენტს, მთავრობას.

რა მოხდა თბილისში? - რუსი დიპლომატის ვერსია

ტელეკომპანია „როსია-1“-ის ეთერში ჩართვისას მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ 20-22 ივნისს, როცა სოჭში კუთვნილ და კანონიერ შვებულებაში იმყოფებოდა, ვერ აუდიოდა სატელეფონო ზარებს.

„მეკითხებოდნენ, რა გავაკეთოთ, შეიძლება თუ არა საქართველოში წასვლა, როგორია თქვენი რეკომენდაცია? ხალხი შოკში იყო! უბრალოდ, შოკში! ეს არ იყო პოლიტიკოსების შოკი! ეს იყო უბრალო ხალხის შოკი! რაც წავიკითხე, რაც მოვისმინე, ეს არის, პირველ რიგში, შოკი ქართული დიასპორისთვის! ჩვენ გავხდით მოწმენი უმსხვილესი პროვოკაციისა, რომელზეც, როგორც მეგონა, ვეღარავინ წამოაგებდა ქართველებსა და საქართველოს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ეს არის უბინძურესი და უხეში პროვოკაცია, რომელშიც ჩართული იყო ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა. ყველაფერი იქნა გამოყენებული: ფეიკები, დეზინფორმაცია, აშკარა სიცრუე, წაქეზება... ზუსტადაც, ეს იყო წაქეზება! ქუჩაში გამოიყვანეს ხალხი: ახალგაზრდები, ხანდაზმულებული... დააჯერეს ისინი, რომ ჩამოსული არიან [რუსი დეპუტატები], ლამის დამპყრობლები, რომ ჩამოსულთა შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც თითქოსდა პირადად ხოცავდნენ ქართველებს. ეს სიყალბეა! ეს თავხედური ტყუილია! ყოველივე ამას ეწოდება ერთი სიტყვა: დეზინფორმაცია! მიზანი აშკარაა! დესტაბილიზაციის მოწყობა საქართველოში! პოლიტიკური ბატალიები! ბრძოლა ძალაუფლებისათვის! გადანაწილება ამ სახელმწიფოსი, ვინ დაითვლის უკვე მერამდენედ...“, - განაცხადა მარია ზახაროვამ, რომელმაც 20 ივნისის თბილისის მოვლენების შესახებ ასევე დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე:

მარია ზახაროვა

„მიიწვიეს რუსი დეპუტატი, მშვიდობიანი მიზნებით ჩაიყვანეს ადამიანი, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ანტიქართულ საქმიანობაში, ჩასვეს სავარძელში და ისიც ჩაჯდა, რადგან იცოდა, რომ მასპინძლის წყენინება არ შეიძლება. საბოლოოდ კი ყველამ ვნახეთ, როგორ დასრულდა საქართველოს განთქმული სტუმარმასპინძლობა. ყველაფერი ეს გაკეთდა გაგანია ტურისტული სეზონის დროს. აქედან სამწუხარო დასკვნა: 20 ივნისის დარბევებმა ყველაზე მეტი ზიანი თვითონ საქართველოს მიაყენა, თუმცა პარადოქსი ამაშიც კი არაა. დაიზარალეს თავი და დაიზარალეს. ევროპამ რუსეთს „სანქციების ომი“ გამოუცხადა და მეხუთე წელია თვითონ იტანჯავს თავს. რატომ არ უნდა სცადოს საქართველომ თავისი კუმირის გმირობის გამეორება?“ - რუსი დიპლომატის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება განსაზღვროს თავისი ქვეყნის შიდაპოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, ზახაროვას აზრით, ეხება რუსეთსაც, რომელმაც 90-იან წლებში ათობით ათას ქართველ ლტოლვილს მისცა თავშესაფარი.

ახალგაზრდების უცოდინრობა, როგორც აგრესიის ფაქტორი

მარია ზახაროვა დარწმუნებულია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა არ იციან, თუ როგორი დახმარება გაუწია რუსეთმა საქართველოს 90-იან წლებში და ამიტომ იოლად იჯერებენ რუსეთზე შეთხზულ მითებს.

„ეს ახალგაზრდები, რომლებმაც არაფერი არ იციან, გამოდიან ქუჩაში პლაკატებით, რომელთა შინაარსის გამეორებაც კი არ მინდა... არ იციან, რამდენი ათასი ქართველი მიიღო რუსეთმა, რამდენს მისცა სამუშაო, შეიფარა ფრთის ქვეშ, მისცა ცხოვრების, შრომის, შვილების გაზრდის შესაძლებლობა... რუსეთმა არ მიატოვა ეს ხალხი 90-იან წლებში. მე ამას ვამობობ, არა როგორც საგარეო ურთიერთობებით დაკავებული ადამიანი, არამედ როგორც ადამიანი, რომლის მეზობლებად ერთი წლის განმავლობაში ათობით ქართული ოჯახი დასახლდა, ახლა კი დადიან თბილისში ამ საზიზღარი პლაკატებით და გაიძახიან, გაეთრიოს რუსეთიო და ა.შ.“, - ამბობს რუსი დიპლომატი, რომელიც არაფერს ამბობს იმაზე, რომ 90-იანი წლების კომფლიქტებში აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა სეპარატისტულ „მთავრობებს“ და რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ომი აწარმოვა საქართველოს წინააღმდეგ და მისი ორი რეგიონის ოკუპაცია მოახდინა.

მთავრობა, რომელიც თავის ხალხს ესვრის

მარია ზახაროვა უკიდურესად აღშფოთებულია იმით, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხშირად გაისმის რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მტრის სახელი.

„ვინ მისცა მათ უფლება გამოვიდნენ და ილაპარაკონ რუსეთზე!“ - ამბობს ის და ერთ-ერთ არგუმენტად იმისა, თუ რატომ მოუწოდა რუსეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს არ ჩავიდნენ საქართველოში, დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოჩენილი სისასტიკე.

„ერთი შეხედეთ, რას უკეთებდნენ თავის ხალხს, როგორ ესროდნენ თავიანთ მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს... საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ დაეხოცათ საქართველოს მოქალაქეები! რაღა უნდა ვთქვათ სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე? ნახეთ, რა რაოდენობის ჟურნალისტი იქნა დაკავებული იმისათვის, რომ არ გვენახა იქ დატრიალებული სისხლიანი კალო. თანაც, განა პირველად ვხედავთ ამას? არა, ცხადია, მრავალჯერ გვინახავს ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ სხვა რეკომენდაციის გაცემა ჩვენ არ შეგვეძლო, იმიტომ რომ მშვენივრად გვესმის, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მსგავსმა პროვოკაციამ, როცა იქ იქნებიან რუსეთის მოქალაქეები“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

საქართველოს პრეზიდენტი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი განსაკუთრებით აღაშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის პოზიციით.

„საქართველოს პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, როგორც ხალხის მიერ ძალაუფლებით აღჭურვილ ლიდერს, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებით აღჭურვილ ლიდერს, რომ პირადად იძლევა გარანტიას, ყველა ადამიანი, რომელიც მის ქვეყანაში ჩადის, არ გახდება ძალადობის მსხვერპლი; დაგმოს ის, რაც მოხდა, დაარქვას საგნებს თავისი სახელი... მაგრამ ამის ნაცვლად გამოდის და ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია. რა შუაშია რუსეთი?“ - კითხულობს მარია ზახაროვა.

რუსი დიპლომატი გამოეხმაურა ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს უთქვამს: „ტურისტები რუსეთიდან უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგანაც მათ უყვართ...“ მარია ზახაროვამ ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეს ნაწილი გამოაქვეყნა და იქვე დაურთო სარკასტული კომენტარი.

ასევე ნახეთ მარია ზახაროვა: რუსმა ტურისტებმა საქართველოში თავი ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ

"ძვირფასო (cher), „უნდა“ ჩამოვიდნენ რუსი ტურისტები? რატომ უნდა ჩამოვიდნენ, თქვენი ვალი აქვთ? უკვე ჩანს, რომ ძალიან ცდილობთ, მაგრამ უფრო მეტი უნდა ეცადოთ არა რუსი ტურისტებისთვის, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც თქვენ აგირჩიათ", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. - "რუსმა ტურისტებმა საქართველოში არა მარტო უსაფრთხოდ, ყველაზე ძვირფას სტუმრებად უნდა იგრძნონ თავი და დაისვენონ. მათ არ უნდა იკითხონ ცნობები შიდაპოლიტიკური ცხოვრების შესახებ და გვერდი აუარონ ხალხმრავალ ადგილებს, როგორც ეს მათ ურჩია საქართველოს ტურიზმის სამინისტრომ“, - წერს მარია ზახაროვა.

რადიო თავისუფლება რუსი დიპლომატის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებების კომენტირებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში გვითხრეს, რომ უწყება ამ ეტაპზე არ აკეთებს კომენტარს.

უბრალოდ, მარია

მარია ზახაროვა პირველი ქალია რუსეთის ისტორიაში, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს (Мид) ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დაიკავა. დაინტერესებულ პირებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ ზახაროვას დანიშვნის შემდეგ რუსეთის Мид-ი განსხვავებულ ენაზე ალაპარაკდა, თუმცა ასევე აშკარაა, რომ შეიცვალა სათქმელის ფორმა (მშრალ, უსიცოცხლო ოფიციალურს შეერია ვულგარული ტონი - ხუმრობებისა და პოლიტიკური ანეკდოტების სახით), მაგრამ უცვლელი დარჩა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სათქმელი.

მარია ზახაროვა ასევე წერს ლექსებსა და სიმღერებს (როგორც პატრიოტულს, ასევე ლირიკულს), კამერების წინ ცეკვავს „კალინკას“, ბრიფინგების დროს ჰყვება ანეკდოტებს და ა.შ. თუმცა, როგორც მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, შეუძლებელია რამე განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს მარია ზახაროვას ფაქტორს.

ასევე ნახეთ იგივე რუსული დიპლომატია, უბრალოდ მარია

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიმომხილველი იაროსლავ შიმოვი ამბობს, რომ მარია ზახაროვას პუბლიცისტური სტილი და აგრესიული ტონი მას ახსენებს საერთაშორისო თემებზე საბჭოთა გაზეთების მეწინავე სტატიებს. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანების, ჯენი ნორტონისა და ოლგა ივშინას დაკვირვებით კი, მარია ზახაროვას დასავლეთთან ურთიერთობის სტილი გამაოგნებლად არადიპლომატიურია.

კიდევ უფრო ნაკლებად დიპლომატიურია მარია ზახაროვა მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე რუსი დიპლომატი შემდეგი შინაარსის ანეკდოტს მოჰყვა:

„თავს ნებას მივცემ, მოგიყვეთ ანეკდოტი, რომელიც მიმაჩნია მოცემული ვითარების შესაბამისად. უკრაინის არცთუ უცნობი ხელმძღვანელი ლოცვებში მიმართავს უზენაესს, დამეხმარე ყირიმის დაბრუნებაშიო, პასუხად კი ესმის, ყირიმი უკვე დააბრუნეთ, ახლა ფულის დაბრუნების დროაო!“