რა ხდება, როცა ხელისუფლება საკუთარი ხალხის გაბრიყვებას ცდილობს

აბრაამ ლინკოლნს მიეწერება ფრაზა, რომ შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.

„მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სამთავრობო აქტორები სოციალურ მედიას იყენებენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის, არასასურველი მოსაზრებების ჩახშობისა და საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის დაზიანებისთვის“, - ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის კვლევაში, რომელიც 2019 წელს სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასა და მანიპულაციებს შეეხება.

კომპიუტერიზებული პროპაგანდა - ალგორითმების, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ბაზების საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის გამოყენება - ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ და გარდაუვალ ფენომენად ყალიბდება.

სოციალური მედია ბევრი ავტორიტარული რეჟიმის ინსტრუმენტად იქცა. მსოფლიოს 28 ქვეყნის შესწავლისას კომპიუტერიზებული პროპაგანდის საინფორმაციო კონტროლის იარაღად გამოყენების სამი ძირითადი მიმართულება იკვეთება:

  • ადამიანის ხელშეუვალი უფლებების შეზღუდვა;
  • პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია;
  • განსხვავებული აზრის ჩახშობა.

ვინ არიან ხელისუფლების კიბერაქტივისტები - ყალბი თუ აუთენტური მომხმარებელები

ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერიზებული პროპაგანდის კვლევის პროექტმა მსოფლიოს 28 ქვეყნის შესწავლის შემდეგ გამოავლინა, რომ თითქმის ყველა ავტორიტარული რეჟიმი საკუთარ მოსახლეობაზე ზეგავლენისთვის საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებდა სოციალურ მედიაში. რამდენიმე მათგანი სასურველი გზავნილების გავრცელებას ქვეყნის გარეთაც ცდილობდა.

ავტორიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, დემოკრატიული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში სახელმწიფოების სოციალური კამპანიის სამიზნე ძირითადად საერთაშორისო აუდიტორიაა, საკუთარ ამომრჩევლებზე მიმართული სოციალური მედიის კამპანიები, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების მიერ იმართება.

გლობალური ტენდენციის თანახმად, სამთავრობო სტრუქტურების მიერ მართულ სოციალური მედიის კამპანიებში ჩართული კიბერაქტივისტების ნაწილი არა ყალბი, არამედ აუთენტური მომხმარებელია. მაგალითად, ვიეტნამსა და ტაჯიკეთში, სამთავრობო სტრუქტურები სამთავრობო პროპაგანდის გავრცელებისთვის, პოლიტიკური ოპონენტების ტროლინგისა და არასასურველი ინფორმაციის მასობრივი „დარეპორტებისთვის“ ნამდვილი პროფილების მფლობელებს იყენებენ. სოციალური მედიის კომპანიების მიერ ყალბი პროფილების გაუქმების კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, სავარაუდოა, ნამდვილი პროფილებით მოქმედების ფენომენი გააქტიურდეს.

კიბერაქტივისტები სოციალური მედიის მომხმარებლებზე ზეგავლენის მრავალგვარ მეთოდს იყენებენ. პოლიტიკური კამპანიების შესახებ 2019 წლისთვის მომზადებულ მოხსენებაში საუბარია ონლაინაქტივობის შემდეგ ნაირსახეობებზე:

  • სამთავრობო ან პარტიული პროპაგანდის გავრცელება;
  • ოპოზიციაზე შეტევა და ცილისმწამებლური კამპანიები;
  • მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა;
  • პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გამწვავება;
  • აქტიურობის პიროვნული შეტევებითა და შევიწროებით ჩახშობა.

იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის ცხადი იყოს, ვინ დგას ამა თუ იმ რეკლამისა და საინფორმაციო კამპანიის უკან, მაგალითად, ფეისბუკში დაწყებულია მსჯელობა იმაზე, რომ აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა. კერძოდ, პოლიტიკურ რეკლამებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია იმ ჯგუფის ან პიროვნებების შესახებ, ვინც მის უკან დგას. ეს იქნება ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ვისი სახელით რომელი ჯგუფი მოქმედებს, რამდენს ხარჯავს და რა გზავნილებით ცდილობს, მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა გულის მოგებას. გაუმჭვირვალე პოლიტიკური რეკლამის გაშიფვრის საჭიროება ფეისბუკის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცხადი გახდა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ფეისბუკგვერდების რეკლამები ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით 10 მილიონმა ადამიანმა ნახა. ამ პროცესის გაგრძელება იყო Twitter-ის მიერ რუსული პროპაგანდისტული არხების, Russia Today-სა და Sputnik-ისთვის, რეკლამის აკრძალვა.

სად ვართ ჩვენ სოციალური მედიის რუკაზე

ადგილობრივი სოციალური და პოლიტიკური პროცესების დამკვირვებლებისთვის ცხადია, რომ ის, რაზეც ამ ანგარიშებშია საუბარი, ჩვენი ყოველდღიურობისთვისაც ნაცნობია. საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მხარდაჭერის მოპოვებისთვის, დადასტურებულად ვიცით, რომ შემდეგი ინსტრუმენტები გამოიყენება:

ეს ინსტრუმენტები ძირითადად ანტიდასავლური განწყობების გასაღვიძებლად, კრემლისთვის სასურველი ნარატივის გასავრცელებლად ან კრიტიკული განწყობების მარგინალიზებისთვის გამოიყენება და რიგ შემთხვევაში აჩენს ეჭვს, რომ წახალისებული ან მხარდაჭერილია ხელისუფლების მხრიდან.

მკაფიო კითხვები - ბუნდოვანი პასუხები

ამ მოცემულობაში, როცა ქვეყანაში ხელისუფლების კრიზისის ნიშნებია და 2020 წელს ქვეყანას წინ აქვს საპარლამენტო არჩევნები, რთულია მკაფიო პასუხების მოძებნა ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე, როგორიცაა:

  • ვინ ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს?
  • როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას ისე, რომ არ დავაზარალოთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
  • რამდენად მოახდენს არჩევნების შედეგებზე გავლენას „თრეშ“ კონტენტის მწარმოებელი და გამავრცელებელი ფეისბუკჯგუფების ნარატივი?
  • რამდენი და ვისი ფული იხარჯება ცრუ ამბებისა და პოლარიზაციის გამამწვავებელი კონტენტის გავრცელებისთვის?
  • უნდა ჩაითვალოს თუ არა უკანონო შემოწირულებად სხვადასხვა, არასამთავრობო და არაოფიციალური გვერდის მხრიდან სამთავრობო ნარატივის გავრცელება?

სხვადასხვა ქვეყანაში, ამ კითხვებზე პასუხად, სხვადასხვა გზას ირჩევენ. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა ორ რუსულ პროპაგანდისტულ საინფორმაციო საშუალებას - Russia Today-სა და Sputnik-ს.

ჩეხეთში ფუნქციონირებს ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების ცენტრი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების აუდიტის რეკომენდაციით შეიქმნა და სოციალურ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციისა და სხვა „ჰიბრიდული საფრთხეების“ სკრინინგს ახდენს.

გერმანიაში ონლაინპლატფორმებს აქვთ ვალდებულება, გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში წაშალონ ისეთი კონტენტი, როგორიცაა სიძულვილის ენა, ცილისწამება და ძალადობის წაქეზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქსელები შესაძლოა დაჯარიმდნენ.

ევროკომისიამ მიიღო ინტერნეტში უკანონო სიძულვილის ენასთან ბრძოლის ქცევის კოდექსი, ევროკავშირმა შექმნა სტრატეგიული კომუნიკაციების სამუშაო ჯგუფი, ევროპარლამენტი კი დეზინფორმაციის ხელოვნური ინტელექტით რეგულირების საკითხებზე მუშაობს.

თავის მხრივ, მეტი დაცულობისა და გამჭვირვალობისთვის მუშაობს ფეისბუკი, რომელიც 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატებს მეტ დაცულობას, ინტერნეტმომხმარებლებს კი ნაკლებ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ჰპირდება.

ასევე ნახეთ მოდი, ვისაუბროთ ჭეშმარიტ “ფეიკებზე” - კრემლის მედიადესანტი თბილისში 

ავი ქარები

ჩამოთვლილი ცალკეული ინიციატივები, ცხადია, სრულად ვერ აღმოფხვრის ცრუ ინფორმაციების გავრცელებას ციფრულ სამყაროში და ვერ გაანეიტრალებს სიძულვილის ჯგუფების განწყობებს, თუმცა აჩვენებს მზაობას ქვეყნებისა და ინსტიტუციების მხრიდან, თვალი გაუსწორონ და ებრძოლონ პრობლემას, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებს, არამედ დემოკრატიებსა და ლიბერალურ დღის წესრიგს უქმნის საფრთხეს.

საქართველოს პარლამენტში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის შეჯამებისას, მთავარმა მომხსენებელმა, პარლამენტარმა ნინო გოგუაძემ რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის შემცირებისთვის საჭირო ნაბიჯებზე საუბრისას მთავარი აქცენტი ჯგუფში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატების ცუდ ქცევაზე გააკეთა.

ამ ჯგუფს, პირველადი გეგმის თანახმად, 2019 წლის მაისში, შემდეგ კი ნოემბერში უნდა ჰქონოდა დასკვნა და რეკომენდაციები. ამ ტიპის დოკუმენტი ამ დრომდე არ არსებობს და, შესაბამისად, პარლამენტის შიგნით მომუშავე ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც კვლევის შედეგად უნდა შეემუშავებინა რეკომენდაციები ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთვის უცხო ქვეყნის საინფორმაციო ზეგავლენებთან გასამკლავებლად, ქმედითი არ აღმოჩნდა. ამ ჯგუფის მიერ გაკეთებულ ყველაზე მსუყე სამუშაოდ შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან ინფორმაციის შეკრება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითზებზე, რომლებშიც მკაფიოდ არის ფორმირებული ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც ქვეყანა ამ მიმართულებით დგას. საკანონმდებლო ორგანოში არსებული ჯგუფის ამგვარი უშედეგო მუშაობა ერთგვარი გზავნილია საზოგადოების მიმართ და ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას და მზაობას საინფორმაციო საფრთხეებთან ბრძოლის საქმეში.

დემოკრატიების მკვლევარი, სოციოლოგი ლარი დაიმონდი თავის წიგნში „ავი ქარები“ ინტერნეტში არსებულ დემოკრატიის საფრთხეებზე, პოლარიზაციასა და სიძულვილის ენის გამოყენების შემცირებაზე საუბრისას, წერს: „სიძულვილის ენასთან საბრძოლველად საუკეთესო გზაა უკეთესი ენის გამოყენება - ისეთი გზავნილები და ისტორიები, რომლებიც არ არის ტენდენციური, იცავს უმცირესობებს და ხელს უწყობს ჩართულობას. ეს ციფრულ სამყაროშიც უნდა წახალისდეს და ჩვენს ფიზიკურ სამყაროშიც. თუ მიმღებლობას, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებას სიღრმისეულად არ ვასწავლით და გულწრფელად არ ვაჩვენებთ სკოლებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებში, მათ ვერც კიბერსივრცეში დავამკვიდრებთ“.

პასუხი კითხვაზე, როცა ხელისუფლების წარმომადგენლების ქცევა რიგ შემთხვევაში დეზინფორმაციის გამავრცელებლებისას ჰგავს და როცა ტროლებს ხელისუფლება თავისი მიზნებისთვის იყენებს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, სპეციალისტების პასუხები სხვადასხვაგვარია.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სილვია შტოებერი, გამოსავალს ძლიერ და დამოუკიდებელ მედიაში ხედავს; სოციალური მედიის ანალიტიკოსი, ლუკა ჰამერი, მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონების მიღება და ცრუ ინფორმაციების მუდმივი აღმოჩენა, რაც უსასრულო პროცესია, შესაძლოა ბრძოლის სწორი სტრატეგია იყოს; კაროლინ შვარცი კი, რომელმაც ცრუ ინფორმაციებთან ბრძოლისთვის პლატფორმა hoaxmap შექმნა, კანონებს ნაკლებად საიმედოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ამგვარი რესურსები და ცრუ ინფორმაციების პოვნაში კარგად მომზადებული ჟურნალისტები მნიშვნელოვან შედეგს იძლევა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში.