Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოდი, ვისაუბროთ ჭეშმარიტ “ფეიკებზე” - კრემლის მედიადესანტი თბილისში 


კრემლის მიერ დაფინასებული მედიასაშუალებები RT (იგივე Russia Today - "რუსეთი დღეს") და Sputnik-ი ("თანამგზავრი") ქართველ ჟურნალისტებს ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას ასწავლიან.

“უნდა გახსოვდეთ, რომ ობიექტური ინფორმაცია არ არსებობს: არსებობს განსხვავებული მოსაზრებები” - უთხრა RT-ის რედაქტორის მოადგილემ ანა ბელკინამ თბილისში შეკრებილ აუდიტორიას.

შეხვედრა, რომელიც რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიაორგანიზაცია "სპუტნიკის" ოფისში 7 ივნისს გაიმართა, ყალბი ამბების გავრცელების პრობლემას ეხებოდა.

“ეს არის კარგი სტრატეგია: რაშიც შენ გადანაშაულებენ, იმაზე პასუხი კი არ აგო, იმავე საქციელში დაანაშაულო სხვა, შენი მოწინააღმდეგე. როდესაც ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ RT და Sputnik-ი არიან მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციის გამავრცელებლები, ჩამოდის RT-ის რედაქტორი და სპუტნიკის ოფისში ატარებენ ლექციას დეზინფორმაციის შესახებ.“ - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიის განვითარების ფონდის მკვლევარმა სოფო გელავამ.

რუს რედაქტორთან გამართულ შეხვედრა სხვებთან ერთად ესწრებოდნენ პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძის შვილი, ანზორ ბიწაძე, მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი, “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი ზაზა დავითაია, “საქართველო და მსოფლიოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი ტარას გაგნიძე და სხვა ტოპ-მენეჯერები, როგორც მათ სპუტნიკი მოიხსენიებს.

RT და Sputnik-ი - მედია თუ რუსეთის პროპაგანდის ინსტრუმენტები?

საერთაშორისო კვლევების მიხედვით, RT და Sputnik-ი ორივე კრემლის პროპაგანდის მთავარი იარაღია, რომლებსაც, თითქმის სრულად, რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს.

RT რუსეთის მთავრობის სტრატეგიული ორგანიზაციების ოფიციალურ სიაშია, Sputnik-ი კი 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ამ ორგანიზაციების პოლიტიკა თითქმის მთლიანად ეყრდნობა კრემლიდან მიღებულ ინსტრუქციებს.

“არაპარტიული ჟურნალისტიკის დრო დასრულდა, ობიექტურობა მითია” - ამბობს RT-ის მთავარი რედაქტორი დმიტრი კისელიოვი, რომელიც ცნობილია ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით.

„[გეებს] უნდა აეკრძალოთ სისხლის, სპერმის დონორად ყოფნა, ხოლო საავტომობილო ავარიის შემთხვევაში მათი გულები მიწაში უნდა ჩაფლან ან დაწვან, როგორც გამოუსადეგარი სხვისი სიცოცხლის გასაგრძელებლად“ - თვლის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პროპაგანდისტი, რომელის მისიაც რუსეთის გარეთ კრემლისთვის სასურველი გზავნილების გავრცელებაა.

დმიტრი კისილიოვი ერთ-ერთია იმ 150 პირს შორის, რომელთა მიმართ ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. მას გაყინული აქვს ანგარიშები და ეკრძალება ევროკავშირის ზონაში შესვლა.

საქართველო და უკრაინა RT-ისა და Sputnik-ის გამოგონილ ამბებში

არსებობდა ასეთი მითითება: ოკუპირებული ყირიმის შესახებ დაწერილ ყველა სტატიაში ნახსენები უნდა ყოფილიყო, რომ რეფერენდუმის შედეგად, რუსეთთან მიერთებას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა.

სპუტნიკის ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ფეინბერგი.

  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს Russia Today ქართველებს ოსების ეთნიკურ წმენდაში და გენოციდში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ აგრესორი საქართველო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა.
  • სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მოიხსენიებს ომიდან 10 წლის შემდეგ მომზადებულ სიუჟეტშიც, სადაც ეთნიკური ოსები „ქართველების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე“ საუბრობენ. მაგალითად, 9-10 წლის ბავშვი იხსენებს, „როგორ გადაუარა ქართულმა ტანკმა მის თვალწინ პატარა გოგონებს“. RT 10 წლის წინაც და ახლაც ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ ომში ცდილობდა მშვიდობის და სამართლიანობის დამყარებას.

  • Sputnik-მა 2018 წელს ჯონდი ბაღათურიას მიერ გაეროს მიგრაციის პაქტის არასწორი ინტერნპრეტაციის საფუძველზე გამოაქვეყნა მასალა საქართველოში აზიიდან და აფრიკიდან მიგრანტების რაოდენობის მოსალოდნელი ზრდის შესახებ.

  • RT პერმანენტულად ამტკიცებს, რომ თბილისის გარეუბანში, ლუგარის ლაბორატორიაში ამერიკელები ადამიანებზე უკანონო ბიოლოგიური ცდების ატარებდნენ და ამის შედეგად 73 ადამიანია მკვდარი. Russia Today წყაროდ 93-94 წლებში უშიშროების მინისტრის, ტერორმზმში ბრალდებულ იგორ გიორგაძეს იყენებს. ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ განცხადებები გაუკეთებია გრიგორი კარასინსაც, რომელიც Sputnik-ის თქმით, ირწმუნება, რომ რუსეთის შეშფოთება ლუგარის ლაბორატორიით მზარდია.

ამ ტიპის გზავნილების მთავარი მიზანი დასავლური ღირებულებების მიმართ სკეპტიციზმის დათესვა, საზოგადოებების პოლარიზება, ჰომოფობიური განწყობების გაღრმავება და რუსეთის, როგორც სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს ხატის შექმნაა.

როგორ იცავს თავს დასავლეთი - სანქციები პროპაგანდისტული არხებისთვის

  • 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დროს, რუსეთის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკის საპასუხოდ უკრაინელ ჟურნალისტთა ნაწილმა ყალბი ამბების სამხელად Stopfake.org შექმნა. ეს იყო პირველი ორგანიზებული თავდაცვა, რომელმაც ათასობით ცრუ ინფორმაცია გამოააშკარავა.
  • დიდი ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა უწყებამ, Ofcom-მა უკრაინასა და სირიაში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ შეცდომაში შემყვანი მასალების გამო 2016 წელს სანქციები დაუწესა RT-ს, მათ შორის შეუზღუდა მის თანამშრომლებს გადადგილების თავისუფლება. ​
  • შეერთებული შტატებში RT უცხო ქვეყნის აგენტად არის რეგისტრირებული. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციის იარაღად გამოყენებაზე დებატები მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს, 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამოძიება დაიწყო. იანვარში ეროვნული დაზვერვის დირექტორატმა დაასკვნა, რომ კრემლი იყენებდა ამ მედიასაშუალებებს რათა, 2016 წლის არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. ​უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრაცია მედიებს მაუწყებლობას არ უკრძალავს, მაგრამ მათ დაფინანსების წყაროების განსაკუთრებული გამჭვირვალეობას ავალდებულებს. რუსული მედიასაშუალებების აგენტად რეგისტრაციის საპასუხოდ რუსეთმაც მიიღო მსგავსი კანონი.

  • Russia Today-ს ჟურნალისტები ვერ მუშაობენ აშშ-ს კონგრესში.
  • 2017 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვერსალში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის სახელმწიფო მედია პუტინის თანდასწრებით დაადანაშაულა ყალბი ამბების მეშვეობით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში და RT-სა და Sputnik-ს კრემლის „გავლენისა და პროპაგანდის ორგანოები“ უწოდა.

უფრო ადრე, 2017 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ყალბი ინფორმაციის გავრცელების მსხვერპლი თავად მაკრონიც იყო. მაშინ, „სპუტნიკმა" ფრანგ დეპუტატ ნიკოლას დიუიკთან ინტერვიუ დაბეჭდა, სადაც დიუიკი ისე ამბობდა მაკრონს ფარული გეი ცხოვრება აქვსო, თითქოს ეს უკანონო იყო და თანაც ამის არანაირი მტკიცებულება არ მოჰყავდა.

  • 2018 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო მედიის საწინააღმდეგო განცხადება დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯონ მაკდონელმაც გააკეთა. მან ლეიბორისტ პარლამენტარებს კრემლის მიერ დაფინანსებული Russia Today-ის ბოიკოტისკენ მოუწოდა. სოლსბერის ცნობილი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართული დამახინჯების შემდეგ ბრიტანელი დეპუტატების ამ არხზე გამოჩენა მიუღებელი უნდა ყოფილიყო.

სკრიპალების მოწამლაში ეჭვმიტანილ რუსეთის ორი მოქალაქესთან RT-ს ინტერვიუში მთავარი კითხვა, რომელიც რჩებოდა, მათ სექსუალურ ორიენტაციას შეეხებოდა და ეს აქცენტი მალევე აიტაცა მთელმა რუსულმა მედიამ.

  • Russia Today-ს არხს სახელმწიფოსგან დაფინანსებული მედიის სპეციალური აღნიშვნა აქვს Youtube-ზეც. ვიდეო პლატფორმამ ამ ტიპის აღნიშვნები მეტი გამჭვირვალობისთვის დაამატა და ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე გვხვდება.

რა შედეგები აქვს რუსეთის საინფორმაციო ომს საქართველოში?

პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსული პროპაგანდა საქართველოში კომპლექსურია. რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებთან ერთად რუსული პროპაგანდის ქსელი მოიცავს ასევე ქართულენოვან ტაბლოიდურ მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეგრეთ წოდებულ საბჭოთა ინტელიგენციას, რომელსაც ისევ აქვს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე.

NDI-ისა და კავკასიის ბარომეტრის გამოკითხვები ადასტურებენ იმასაც, რომ საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ინფორმაციას არაქართულენოვანი ტელევიზიებიდან იღებს, ძირითადად უყურებს რუსეთის პირველ არხს (21%), Russia Today-ს (11%), Россия1-ს (9%) და Россия 24-ს (6%).

NDI-ს კვლევის შედეგები 2018 წლის გაზაფხულზე.
NDI-ს კვლევის შედეგები 2018 წლის გაზაფხულზე.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში ქართული არხები ან არ მაუწყებლობს, ან უმნიშვნელო რეიტინგი აქვთ, რაშიც, სავარაუდოდ, დიდ როლს სახელმწიფო ენის არცოდნა ასრულებს.

საინფორმაციო ომში პრობლემაა ისიც, რომ ქართული სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის ნაწილი, იმავე ანტიდასავლურ ან ნაციონალისტურ გზავნილებს ავრცელებს, რასაც რუსული პროპაგანდისტული არხები.

მაგალითად,2018 წლის 26 მაისს ტვ “ობიექტივის” წამყვანმა და პარტია “ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს” ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ გადაცემაში “ოქროს კვეთა” განაცხადა, რომ ავღანეთში აშშ-ის ჯარების შესვლის შემდეგ იქ ნარკოტიკული საშუალებების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა.

იგივეს ამბობდა RT ჯერ კიდევ 2013 წელს. RT მაშინ ეყრდნობოდა "რუსეთის ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის” ხელმძღვანელის, ვიქტორ ივანოვის განცხადებას, რომ "NATO-ს მიერ "ტერორის წინააღმდეგ ომის” დაწყების შემდეგ ავღანეთში ნარკოტიკების წარმოება 40-ჯერ გაიზარდა”.

ტვ კავშირი ობიექტივი გარდა იმისა, რომ პოპულისტურ პარტიასთან, საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან აფილირდება, გამორჩეულია სიძულვილის ენითა და ანტიდასავლური განწყობებით.

ევროპის საბჭოს კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ქვეყნის ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან შეუსაბამოდ მიიჩნია ის, რომ საქართველოს მთავრობამ, 2015 წელს, ინფორმაციის და რეკლამების გავრცელებაზე მომსახურების კონტრაქტები გაუფორმა ტვ ობიექტივსა და სხვა ბეჭდურ ტაბლოიდურ მედიასაშუალებებს, რომლებიც სიძულვილს და შეუწყნარებლობას აღვივებდნენ. ეს პრაქტიკა 2016 და 2017 წლებშიც გაგრძელდა, როდესაც ზოგმა სამინისტრომ და სხვა ქვემდებარე უწყებამ ინფორმაციის გავრცელებაზე მომსახურების კონტრაქტები ისეთ მედიასაშუალებებს გაუფორმეს, რომლებსაც ღიად კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკა აქვთ (ონლაინ გამოცემები „თბილისი 24“, „ნიუსპრესი“).

საჯარო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირებული “სპუტნიკ ჯორჯიას” მფლობელი ანტონ ლასხიშვილია, რომელიც 1991 წლიდან გაზეთ “სვაბოდნაია გრუზიას” ხელმძღვანელია. სპუტნიკის ოფისი თბილისში პერიოდულად სივრცეს უთმობს არა მხოლოდ პარტნიორი ორგანიზაცია, Russia Today-ს რედაქტორს, არამედ ადგილობრივ იდეურ მოკავშირეებსაც.

დამოუკიდებლობა.com-ის ანგარიშის თანახმად, სპუტნიკის ოფისში პრესკონფერენციები გამართული აქვთ ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურ კოალიციას“ (რევაზ გოგიძე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი); ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელ შოთა აფხაიძეს, ”საქართველოს სლავი ხალხების ნაციონალურ კონგრესა”; ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობას (ნოდარ ცოტნიაშვილი) და სხვებს.

სპუტნიკის თბილისის ოფისი არის ინიციატორი ვიდეოხიდებისა, რომლებზე განხილული თემებიც დიდწილად ასევე რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.

მაგალითად, 2016 წელს გამართულ ვიდეოხიდში მსჯელობა შეეხებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, სადაც ჩართული იყვნენ მოსკოვიდან იგორ მოროზოვი, თბილისიდან კი სანდრო ბრეგაძე და ჯონდი ბაღათურია.

„საქართველოსა და რუსეთს სხვა გზა არა აქვთ. საქართველო და რუსეთი ბუნებრივი მოკავშირეები არიან და აუცილებელია ამ ურთიერთობების აღდგენა. საქართველოს რუსეთთან მოკავშირეობის გარეშე განვითარება ძალიან გაუჭირდება. ეს ძალიან მსუბუქად არის ნათქვამი. რუსეთი კავკასიაში სტაბილურობის ერთადერთი ფაქტორია… საქართველოს რუსეთთან კავშირის გარეშე თავისი ეკონომიკის, სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია“, — განაცხადა სპუტნიკისვე ინფორმაციით ამ ღონისძიებაზე ჯონდი ბაღათურიამ.



XS
SM
MD
LG