პუტინმა „ვირტუალურად აიღო“ კიდევ ერთი ქალაქი - რა ხდება სინამდვილეში დობროპოლიეში?

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის გენშტაბის მეთაურმა პუტინს დობროპოლიეს „აღება“ მოახსენა, თუმცა რეალურად ქალაქისთვის ბრძოლები გრძელდება და უკრაინის ძალები მის კონტროლს ინარჩუნებენ. მოსკოვის ეს მიდგომა, რომელსაც ექსპერტები „ვირტუალურ წარმატებებს“ უწოდებენ, მკაცრ კრიტიკას იწვევს როგორც ფრონტზე, ისე სამხედრო ბლოგერებში.

რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს კვლავ უპატაკა მნიშვნელოვანი „წარმატებების“ შესახებ, მათ შორის, დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპოლიეს აღებისა და რუსული ჯარების სწრაფი წინსვლის თაობაზე. თუმცა, როგორც არაერთხელ ყოფილა (კუპიანსკი, სვიატოგორსკი), გერასიმოვის პატაკი, სავარაუდოდ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ვალერი გერასიმოვის განცხადებით, 1 სექტემბრიდან რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1800 კვ. კილომეტრი და 92 დასახლებული პუნქტი დაიკავა, მათ შორის დაიკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების ისეთი მსხვილი გამაგრებული თავდაცვითი რაიონები, როგორებიცაა დობროპოლიე (დონეცკის ოლქი) და ველიკომიხაილივკა (დნეპროპეტროვსკის ოლქი).

გერასიმოვის სიტყვებს ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის Z-ბლოგერები და ე.წ. ვოენკორები, რომლებიც იხსენებენ ასევე წინსწრებით გაკეთებულ განცხადებებს სვიატოგორსკისა და კუპიანსკის თითქოსდა აღების შესახებ.

„პიპას (Пыпа - პუტინის კნინობითი ინტერნეტ-მეტსახელი - რედ.) ისევ მიჰყიდეს მორიგი სვიატოგორსკი და კუპიანსკი. ეს უკვე რაღაც სამარცხვინო ამბავია!“ - დაწერა Z-ბლოგერმა Alex Parker Returns.

ასევე ნახეთ

„ვინც კუპიანსკშია - ან მოკვდება, ან დანებდება“ - უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის მექანიკა

დობროპოლიეს აღების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც.

რაც შეეხება ზაპოროჟიეს ოლქს. რუსეთის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ აიღეს სოფელი მალოკატერინივკა და 5 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. რუსეთის გენერალური შტაბი ასევე ამტკიცებს, რომ სუმის ოლქში სოფელ სადკის მახლობლად თითქოსდა გაანადგურეს უკრაინული ჯარების დაჯგუფებები, ხარკივის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი - „ალყაში მოქცეული მოწინააღმდეგე“.

თუმცა რუსეთის ხელისუფლებას ამ თითქოსდა წარმატებების დამადასტურებელი არც ფოტო და არც ვიდეომასალა არ გაუვრცელებია.

ვლადიმირ პუტინი და ვალერი გერასიმოვი

უკრაინა არა მხოლოდ უარყოფს ინფორმაციას რუსეთის ჯარების მნიშვნელოვანი წინსვლის შესახებ, არამედ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრძოლის ველზე ვითარება დიამეტრულად საპირისპიროა.

„მიმდინარე წლის ტენდენცია კვლავაც გრძელდება: შემოდგომის დასაწყისიდან ჩვენმა მეომრებმა უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ვიდრე რუსებმა შეძლეს დაეკავებინათ. წლის სხვა პერიოდებშიც ასე იყო“, - განაცხადა 18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • რა ვითარებაა ამჟამად დობროპოლიეში?
  • რატომ მოახსენეს პუტინს ქალაქის თითქოსდა აღების შესახებ?
  • როგორ განვითარდება ქალაქისთვის ბრძოლა მომავალში?

ვირტუალური აღება

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დობროპოლიეს უკრაინის თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ კვანძად მოიხსენიებს და ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცეული ქვედანაყოფების თითქოსდა განადგურების შემდეგ ქალაქი რუსეთის არმიის სრულ კონტროლქვეშ გადავიდა და რომ ამჟამად იქ „წმენდის ოპერაცია მიმდინარეობს“.

ვიდეოში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დობროპოლიეს აღების მტკიცებულებად გამოაქვეყნა, რუსი ჯარისკაცი რუსეთის სამფეროვან დროშას აფრიალებს შენობის ფანჯრიდან. თუმცა დროშის არაბუნებრივ მოძრაობაზე ყურადღება გაამახვილეს რუსმა სამხედრო ბლოგერებმაც, რომლებმაც გამოთქვეს ვარაუდი, რომ ვიდეოს შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტია გამოყენებული.

„როგორც ჩანს, დაჯგუფება „ცენტრის“ სამხედროებმაც აითვისეს ხელოვნური ინტელექტი, მსგავსად კოლეგებისა დაჯგუფება „დასავლეთიდან“ - დაწერა ერთ-ერთი Z-არხის ავტორმა.

რუსი სამხედრო ბლოგერის ერთ-ერთი ტელეგრამ-არხიდან აღებული სკრინშოტი

ვიდეო გააანალიზეს უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის მე-20 ბრიგადის, „ლუბარტის“ წარმომადგენლებმაც. ბრიგადის შტაბის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის, მიხაილო ბუტკოს თქმით, ვიდეოში ნაჩვენებ შენობებში სამხედროები ან მათი ყოფნის რაიმე კვალი ვერ აღმოაჩინეს.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ვიდეო მართლაც მონტაჟით არის შექმნილი და მასში გამოყენებულია ან ხელოვნური ინტელექტი, ან ვიდეომონტაჟის რომელიმე სხვა საშუალება“, - უთხრა მიხაილო ბუტკომ რადიო "დონბას.რეალიის".

ისრაელელი სამხედრო მიმომხილველის, დევიდ შარპის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქსა და მის მისადგომებთან ბრძოლები მიმდინარეობს, თავად დობროპოლიე რუსეთის არმიას არ აუღია. შარპის განმარტებით, რუსი მეთაურები ზემდგომი ხელმძღვანელობის წინაშე თავის გამოსაჩენად ან პირიქით - საყვედურის თავიდან ასაცილებლად, ისეთ წარმატებებზე იუწყებიან, რომლებისთვისაც სინამდვილეში არ მიუღწევიათ.

„ამისთვის ისინი არც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას არ ერიდებიან და არც ფოტოს გადასაღებად ცალკეული სამხედროების გაწირვას. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ხელმძღვანელობას დროებით დაუდასტურონ ეს წარმატება, მერე კი, მათი აზრით, გამოჩნდება, როგორმე ჩაცხრება თუ არა [ვითარება] და შეძლებენ თუ არა ქალაქის მართლა აღებას. ასე ხელმძღვანელობიდან ხელმძღვანელობამდე, მოხსენებების ჯაჭვის გავლით, ადის ზემოთ რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო ინფორმაცია“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, დობროპოლიე უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, თუმცა ქალაქის სამხრეთ გარეუბნებში ფიქსირდება რუსეთის ძალების შეღწევის ცალკეული ზონები. DeepState-ის რუკაზეც ქალაქს უკრაინის თავდაცვის ძალები აკონტროლებენ, თუმცა მის დასავლეთ და აღმოსავლეთ მისადგომებზე ნაცრისფერი ზონებია.

18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დობროპოლიე უკრაინის კონტროლქვეშ იმყოფება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც უარყო ცნობები რუსეთის არმიის მიერ ქალაქის აღების შესახებ.

დობროპოლიე - დონბასის გასაღები?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დობროპოლიეს აღებას” უწოდა მოვლენა, რომელიც რუსეთის არმიას პირდაპირ უხსნის გზას დონეცკის ოლქის საზღვრებისკენ. სამხედრო მიმომხილველის, დევიდ შარპის თქმით, ეს განცხადება გაზვიადებული იქნებოდა იმ შემთხვევაშიც კი, ქალაქი მართლა რომ აეღო რუსეთის არმიას.

„როდესაც ვინმე ამბობს რაღაც „ხსნის გზაზე“, მაშინვე ჩნდება ასოციაცია სწრაფ და ღრმა წინსვლასთან. რუსეთის არმიას აქ სწრაფი და ღრმა წინსვლა პრაქტიკულად არ აქვს, მაშინაც კი, თუ შედარებით წარმატებულ მოქმედებებს ახორციელებს“, - ამბობს დევიდ შარპი.

მისი თქმით, დობროპოლიე თავდაცვის მნიშვნელოვანი კვანძია, თუმცა ნებისმიერი ქალაქი მნიშვნელობას კარგავს, როდესაც მასში ან მის შემოგარენში ბრძოლები იწყება. ქალაქი, რომელიც ლოგისტიკური ცენტრია და რომლის გავლითაც ფრონტის სხვა მონაკვეთებიც მარაგდება, საყრდენ პუნქტად იქცევა ხოლმე.

ფრანგი OSINT-ანალიტიკოსის, კლემან მოლენის თქმითაც, ქალაქ დობროპოლიეს კვლავ უკრაინის ძალები აკონტროლებენ, თუმცა მასში რუსი სამხედროების შეღწევა სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

კლემან მოლენი დობროპოლიეში არსებულ ვითარებას ერთი წლის წინ კონსტანტინოვკაში შექმნილ მდგომარეობას ადარებს: ორივე შემთხვევაში რუსი სამხედროები მცირე ქვეითი ჯგუფებით ცდილობენ ქალაქში შეღწევას და იქ საკუთარი ყოფნის თანდათან გაფართოებას, მაშინ როდესაც უკრაინის ძალები ტერიტორიის ნაწილს კვლავ ინარჩუნებენ და ფლანგებს აკონტროლებენ.

ნიკოლაი მიტროხინი

სამხედრო ექსპერტის, ნიკოლაი მიტროხინის თქმით, ფრონტის ამ უბანზე რუსეთის ჯარის მთავარი ამოცანაა, მიაღწიოს დრუჟკივკის სამხრეთ კიდემდე, იქიდან კი კრამატორსკამდე, რათა ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში „მოიკიდონ ფეხი“.

„როდესაც რუსეთის არმია ამას ახერხებს, დასახლებული პუნქტიდან მისი გამოდევნა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. კუპიანსკში ეს თითქმის მოხერხდა, თუმცა, პრინციპში, სტრატეგია სწორედ ასეთია. მთავარია, სამხედროებმა მინდვრები სწრაფად გაირბინონ და შენობებში „მოიკიდონ ფეხი“. რაც შეეხება დობროპოლიეს, იქაც მსგავსი ვითარება შეიქმნა. თუ 2025 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, რუსეთის ჯარები ქალაქის მისადგომებთან შეეჩერებინათ და შემდეგ მინდვრების გავლით უკუეგდოთ, წელს ამის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. რუსი სამხედროები ჩრდილოეთიდან სისტემატურად აღწევენ დობროპოლიეში. განსხვავებული შეფასებები არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენმა მათგანმა მოახერხა ქალაქში შესვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, დობროპოლიესთვის ბრძოლები მიმდინარეობს. შესაძლოა, ამ მონაკვეთზე ბრძოლა ახალ წლამდე გაგრძელდეს”, - ამბობს მიტროხინი.

DeepState-ის რუკის თანახმადაც, კონსტანტინოვკის ნაწილზე კონტროლი დღემდე სადავოა.

„უკრაინა [დობროპოლიეში] თავდაცვით უპირატესობას ინარჩუნებს, რადგან კვლავ აკონტროლებს ფლანგებს, რომლებსაც თავდაცვითი ხაზები ამაგრებს. ეს ხაზები იცავენ როგორც ქალაქის ზურგს, ისე მის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეებს“, - აღნიშნავს მოლენი.

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის პროექტ „დონბას.რეალიისთან“ საუბრისას მიხაილო ბუტკო განმარტავს, რომ შეზღუდული ლოგისტიკური შესაძლებლობების გამო, დობროპოლიეს მიმართულებით რუსი სამხედროები იძულებული არიან, ქვეითად გადაადგილდნენ ან იშვიათ შემთხვევაში მოტოტექნიკაც გამოიყენონ.

„ერთი ან ორი ქვეითი ზოგჯერ ნისლისა და ამინდის პირობების წყალობით ახერხებს ჩვენი საბრძოლო პოზიციების გვერდის ავლით გადაადგილებას. მაგრამ როდესაც ჩვენი დრონების აქტივობა იზრდება, სწრაფად ხდება მათი იდენტიფიცირება და განადგურება“, - ამბობს ბუტკო.

მაგალითისთვის მას მოჰყავს რუსი სამხედროების მცდელობები, მიაღწიონ დობროპოელიემდე უმოკლესი გზით როდინსკის მხრიდან ტყის ზოლების, ბელიცკოესა და სვეტლოეს გავლით. Playfra-ს OSINT-ანალიტიკოსებმა ამ მარშრუტის 100-მეტრიან მონაკვეთზე რუსი სამხედროების 41 ცხედარი დათვალეს. ბუტკოს თქმით, მთლიანობაში საუბარია დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.

„ჩემთვის გაუგებარია ერთი რამ - რუსეთის სამხედროები არ უფრთხილდებიან საკუთარ პირად შემადგენლობას. მათი სამობილიზაციო რესურსისა და პირადი შემადგენლობის რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლებოდა ამ ყველაფრის გაცილებით ეფექტიანად გაკეთება - ვგულისხმობ იმავე შეტევით მოქმედებებს, ქვეითი ძალებისა და ტექნიკის უფრო ეფექტიან გამოყენებას“, - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი.

ასევე ნახეთ

პუტინს სიმართლეს ვერ ეუბნებიან - დონბასის სრულად დაპყრობის მორიგი ვადა ისევ იშლება

გაიმეორებს თუ არა დობროპოლიე კონსტანტინოვკის სცენარს?

ომის შემსწავლელ ამერიკულ ინსტიტუტში (ISW) მიიჩნევენ, რომ რუსეთის ძალები კვლავ პრიორიტეტს ანიჭებენ დობროპოლიესა და პოკროვსკის მიმართულებებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაიონებში მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

თუმცა უფროსი ლეიტენანტი მალსახმობი სახელით „ალექსი“ (Telegram-არხ „ოფიცრის“ ავტორი - რედ.) მიიჩნევს, რომ ოპერატიული მასშტაბით აგრესორმა დობროპოლიესთვის ბრძოლაში 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კამპანია უკვე წააგო, მიუხედავად იმისა, რომ ეს კამპანია ჯერ არ დასრულებულა.

„მოწინააღმდეგემ ამ მიმართულებით დასახული ყველა ამოცანის შესრულების ვადა ჩააგდო, ზოგიერთი კი საერთოდ არ შეუსრულებია. ამიტომ ერთადერთი, რაც შეუძლია, საკუთარ მოხსენებებში ზღაპრების შეთხზვაა. ზოგჯერ ისეთ რამეებს იუწყებიან, რომ კაცს თავში აზრადაც არ მოუვა“, - წერს „ალექსი“.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე სტანისლავ ბუნიატოვი (ავტორი Telegram-არხისა „სნაიპერი ამბობს“) კი ამბობს, რომ წელიწადის დროების ცვლილება პირდაპირ გავლენას ახდენს ფრონტზე რუსული ძალების ტაქტიკაზე. ზაფხულში ხშირი მცენარეულობა სამხედროებს შენიღბვის საშუალებას აძლევს და ტყის ზოლების გავლით სიღრმეში შეუმჩნევლად შეღწევას უადვილებს.

ასევე ნახეთ

“პუტინის შემდეგ” - რა ელის სისტემას? - ინტერვიუ ჯულიან უოლერთან

„ამინდის ცვლილებასთან ერთად ბრძოლის ველზე პირობებიც იცვლება. ის, რაც ზაფხულში მუშაობს, შემოდგომაზე ან ზამთარში შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს. ამიტომ სეზონურ პირობებთან ადაპტაცია თავდაცვითი მოქმედებების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რჩება“, - ამბობს სტანისლავ ბუნიატოვი.

თუმცა ბრძოლების შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ქალაქში შეღწევის (რუსულ) მცდელობებზე, არამედ იმაზეც, შეძლებენ თუ არა უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქის მისადგომებისა და მომარაგების გზების კონტროლის შენარჩუნებას.

Playfra-ს OSINT-ანალიტიკოსები, რომლებიც დობროპოლიეში შექმნილ ვითარებას ადარებენ 2026 წლის მარტ-აპრილში კონსტანტინოვკაში არსებულ მდგომარეობას, ვარაუდობენ, რომ რუსეთის არმია შეეცდება, გაარღვიოს თავდაცვა და შეაღწიოს სვიატოგორივკასა (დობროპოლიეს ჩრდილო-დასავლეთით) და განნივკაში (ჩრდილო-აღმოსავლეთით), რათა ფიზიკურად გადაჭრას ლოგისტიკური გზები.

„თუმცა, სავარაუდოდ, მათი წინსვლა შეჩერდება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს უკრაინის დამხმარე ნაწილების მობილიზება, რუსული ძალების ნაწილობრივი გამოფიტვა ან ორივე ფაქტორის ერთობლიობა“, - ასკვნიან ანალიტიკოსები.

რაც შეეხება გერასიმოვის მორიგ პატაკს დობროპოლიეს აღების თაობაზე, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ნიკოლაი მიტროხინი ამბობს, რომ ამას სერიოზულად უკვე აღარავინ აღიქვამს.

“გასაგებია, რომ გერასიმოვს ყოველ შეხვედრაზე მისთვის დაქვემდებარებული ჯარების წარმატებების დემონსტრირება სჭირდება. ამიტომაც, შესაძლებლობის ფარგლებში, სწორედ ამას აკეთებს. როგორც ჩანს, რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებმა კახოვკის წყალსაცავის ფსკერზე გაიარეს და ზაპოროჟიედან ხუთ კილომეტრში მდებარე სოფელს მიაღწიეს. ან იქ დრონი გაგზავნეს უკრაინის დროშის მოსახსნელად. მაგრამ ეს რეალური წინსვლა არ არის - ეს ცალკეული ჯგუფების მოქმედებაა. ზოგჯერ ასეთი ტაქტიკა მუშაობს, თუმცა ხშირად უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ჯგუფებს ტერიტორიიდან განდევნიან. ასეთ შემთხვევებში კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის ტერიტორიების აღების შესახებ მოხსენებები სრული სიცრუეა”, - ამბობს ნიკოლაი მიტროხინი.