რაზე ვლაპარაკობთ, როცა ვლაპარაკობთ პრეპარატ პლაქვენილზე

რადიო თავისუფლებას კოვიდ-19-ით ინფიცირებულმა ორმა პირმა, მათი აღწერით მსუბუქმა პაციენტმა, სხვადასხვა დროს უთხრა, რომ მათთან მკურნალობისას ექიმები პრეპარატ პლაქვენილს იყენებდნენ. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე ჯერ კიდევ მარტში ამბობდა, რომ ეს პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულ პირველივე პაციენტთან იქნა დანიშნული. თენგიზ ცერცვაძემ კი 7 აპრილს თქვა, რომ წამალს, რომელსაც დონალდ ტრამპიც კი უწევდა რეკომენდაციას, ყველა პაციენტთან იყენებდნენ საქართველოში. ამერიკის პრეზიდენტი ამ წამლის ლობირების გამო მალევე გააკრიტიკეს. ჯერ კიდევ 20 მარტს ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ენტონი ფაუჩი დონალდ ტრამპის პლაქვენილით აღფრთოვანებაზე პასუხად ამბობდა, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობაზე covid-19-თან საბრძოლველად “მტკიცებულებები ანეკდოტური", ანუ არა მეცნიერული იყო. ზოგადად, პლაქვენილზე დებატებმა ამერიკაში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის გამო, პოლიტიკური ელფერიც შეიძინა.

8 აპრილს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ექიმებისთვის გაცემული პროტოკოლიდან, რომლითაც ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობაა განსაზღვრული, პლაქვენილის შესახებ ის აბზაცი ამოიღო, რომელიც, თავდაპირველად, პრეპარატის დოზირების შესახებ იმ ეტაპზე დაგროვილ გამოცდილებას ეყრდნობოდა.

ქართველი ექიმები ამერიკიდან და საქართველოდან დაობენ იმაზე, რამდენად ეფექტურია ამ წამლის გამოყენება ვირუსთან საბრძოლველად, მსოფლიო მედია წერს მის გვერდით მოვლენებზე, ქვეყნდება კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინი, იგივე პლაქვენილი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური არ არის. 20-21 აპრილს თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ამ წამლის გამოყენების საკითხის გადახედვა, დღის წესრიგში არ დგას.

ქართული პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი პლაქვენილის გამოყენების პრინციპი: - ის არ გამოიყენება უსიმპტომო პაციენტებთან, მსუბუქ პაციენტებთან გამოყენება წყდება ინდივიდუალურად ყოველი შემთხვევისთვის, საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე პაციენტები 5-დან 10 დღემდე გადიან ამ წამლით მკურნალობას დაავადების განვითარებიდან გამომდინარე. იმის გამო, რომ covid-19-ის შესახებ მკურნალობისას სხვადასხვა სამედიცინო საზოგადოებები განსხვავებულ გზებს ირჩევენ და მკურნალობა არა უშუალოდ ვირუსის წინააღმდეგ, არამედ მისით გამოწვეული გართულებებისა და სიმპტომების მოსახსნელად მიდის, პროტოკოლები, რომლებიც მოქმედებს, გამუდმებით საჭიროებს გადახედვას და განახლებას ახალი კვლევებისა და გამოცდილებების მიხედვით.

მაგალითად ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი პლაქვენილის გამოყენების შემთხვევაში ექიმებს ავალდებულებს, მიაწოდონ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) მისი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია თითოეული პაციენტის მკურნალობის შედეგების შესახებ, "როგორც ეს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციით არის განსაზღვრული. აგრეთვე ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენის შესახებ და მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებულ შეცდომებზე."

საქართველოში ამბობენ, რომ “კოვიდის მენეჯმენტი ზოგადად და კონკრეტულად კლინიკური მენეჯმენტი, ჩვენთან უკეთესია ვიდრე აშშ-ში.” ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს და ექიმები, რომლებიც ამერიკიდან რჩევებს იძლევიან, კითხვებს სვამენ ან საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ, “პოლიტიკურად არიან ანგაჟირებულები”.

პირველი რესპონდენტი, რომელმაც გვითხრა, რომ საქართველოში პლაქვენილით მკურნალობდნენ, 30 მარტს ჩავწერეთ. ლიბანელი ჰიშამ უებე ამბობდა, რომ საკმაოდ მსუბუქად მიდიოდა მასთან დაავადების განვითარება და აღფრთოვანებული იყო იმით, როგორც მართავდა საქართველო ეპიდსიტუაციას.

20 აპრილს გამოვაქვეყნეთ ინტერვიუ კიდევ ერთ ინფიცირებულთან, რომლის ერთადერთი სიმპტომიც სიცხეა, რომელიც 37,3-ს ზემოთ არ ასულა გასული 13 დღის განმავლობაში და რომელიც მკურნალობას 17 აპრილის შემდეგ გადის რესპუბლიკურ საავადმყოფოში - 30 წლის ქალი გვიყვება, რომ მას თავიდან 2 აბი პლაქვენილი მისცეს, შემდეგ დოზა შეუმცირეს და როცა სიცხე აღარ ექნება, ამ წამლის მიღებას შეწყვეტს.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ ინფიცირებულთან. ორშაბათი, რესპუბლიკური საავადმყოფო


პროტოკოლის მიხედვით ეს დოზა, რასაც მსუბუქი პაციენტი იღებს, მძიმე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ასეთი შემთხვევებისთვის თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ „შეიძლება ვიღაცა ექიმმა ჩათვალოს, რომ მაინც სჭირდება და ვიღაცამ ჩათვალოს, რომ არ სჭირდება... მსუბუქი და საშუალო სიმპტომებიანს, შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, მისცეს, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. პლაქვენილი რას შვება? - ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას და ამსუბუქებს ვირუსის განდევნას. ამაში არაფერი შავდება. ამით არაფერი დაშავდება. რევმატოლოგები თვეობით და წლობით უნიშნავენ „პლაქვენილს“, ელემენტარული სახსრების ტკივილის გამო“.

ასევე ნახეთ ინტერვიუ კოვიდ-19-ით ინფიცირებულთან: მე ვარ ასიმპტომური პაციენტი. ჩემნაირი, დარწმუნებული ვარ, ბევრია

და მაინც, რას შვრება პლაქვენილი?

შავდება თუ არა რაიმე ამ წამლის საჭიროების გარეშე დანიშვნით, პასუხი გარკვეულწილად ქართულ პროტოკოლში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, სადაც ამ პრეპარატის გვერდითი მოვლენებია ჩამოთვლილი. ესაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ხმაური ყურებში, გაღიზიანებადობა, დერმატიტი, ფსორიაზი, გაჭაღარავება, თმის ცვენა, ნეირომუსკულარული ტკივილი, თავის ტკივილი. სპეციალისტები ამბობენ, რომ არ შეიძლება მისი გამოყენება გულის დაავადებების მქონე პაციენტებისთვის და შესაძლოა შეუთავსებელი იყოს დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის სხვა წამლებთან ერთად.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაზე (FDA) დაყრდნობით, პლაქვენილის მიღებისას შეიძლება მოხდეს თვალის ბადურის შეუქცევადი დაზიანება, არითმია, სისუსტე, სისხლში შაქრის დონის უეცარი ვარდნა და სხვა.

ბრაზილიაში ამ პრეპარატთან დაკავშირებული კვლევები შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა 11 პაციენტი, რომლის მკურნალობაშიც თავდაპირველად მალარიის საწინააღმდეგოდ შექმნილი წამალი გამოიყენებოდა. გარდაცვალების მიზეზად მაღალი დოზით გამოწვეული არითმია სახელდება.

ქართული პროტოკოლი გარკვეულწილად ე.წ. მარსელის პროტოკოლს ეყრდნობა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ქართველი ექიმები საკუთარი დოკუმენტის შექმნამდე. პლაქვენილის შესახებ კითხვის ნიშნები აპრილის დასაწყისში საფრანგეთშიც გაჩნდა: კოვიდ-ინფიცირებულ 43 პაციენტს, რომლებსაც ქლოროქინით მკურნალობდნენ, გულის სხვადასხვა სიმძიმის პრობლემები შეექმნა.

ასევე ნახეთ დამტკიცდა COVID-19-ის მკურნალობის „ქართული პროტოკოლი“

12 აპრილს ტანნერის საავადმყოფოს ინტენსივისტი/რეანიმატოლოგმა და კლივლენდ კლინიკის კარდიოლოგიის ფელოუმ, ბექა ბახტაძემ ტელეკომპანია პირველთან საუბრისას ახსენა მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა, რომელშიც ჩართული იმ 30 პაციენტის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რომლებიც პლაქვენილს იღებდნენ, ვიდრე დანარჩენი 30-ის, რომელთა მკურნალობა ამ პრეპარატის გარეშე მიდიოდა.

“მიჩიგანის ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც შეადარა 60 პაციენტის მკურნალობა. ამ პაციენტების ნახევართან ჰიდროქსიქლოროქინი გამოიყენებოდა, დანარჩენში კი მათი მკურნალობის კურსი იდენტური იყო. იმ 30 პაციენტის მდგომარეობა, რომლებმაც ჰიდროქსიქლოროქინი მიიღეს, უფრო დამძიმდა, ვიდრე მეორე საკონტროლო ჯგუფის პაციენტები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინი ვარგისიანობას ადასტურებს არ უარყოფს, მაგრამ მისი გამოყენება ძალიან საფრთხილოა ამის გამოყენება, თუნდაც საავადმყოფოს პირობებში და ბევრი საავადმყოფო ამაყად უკან იხევს და უარს ამბოპლაქვენილიბს მის გამოყენებაზე.” - თქვა ქართველმა ექიმმა ერთი კვირის წინ.

21 აპრილს მან კიდევ ერთი კვლევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ფეისბუქით, რომელიც ცხადს ხდის, რომ პლაქვენილი covid-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის კურსს არ ამსუბუქებს.

პრეპარატის გვერდით მოვლენებზე რადიო თავისუფლებას ის ექიმებიც ელაპარაკებოდნენ, ვინც მას ქართველი პაციენტების სამკურნალოდ იყენებდა.

“ცხადია, პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, ამიტომ ის ძალიან ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული და სწორედ ამიტომ მისი გამოყენების პროცესში მიმდინარეობს პაციენტების აქტიური კონტროლი” -ამბობდა 24 მარტს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე.

ექიმები მოსახლეობას იმასაც კი აფრთხილებენ, რომ ამ წამლის პროფილაქტიკის მიზნით მიღება საშიში იყო და ასე არ მოქცეულიყვნენ. მოწოდება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზარზე დეფიციტი გაჩნდა იმის გამო, რომ ადამიანები მას სახლში მოხმარებისთვის ყიდულობდნენ კორონავირუსისგან თავის დასაცავად.

ასევე ნახეთ „პლაქვენილის“ გარეშე დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები

„ამ პრეპარატს აუცილებლად ნიშნავს გამოცდილი ინფექციონისტი და, რაც მთავარია, კონკრეტული დოზირებით. ზუსტი დანიშნულების გარეშე მედიკამენტის გამოყენება შესაძლოა დასრულდეს ლეტალურად ან გამოიწვიოს მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის, მხედველობის დაქვეითება. ეს არ არის საღეჭი რეზინა, რომ როცა მოგეპრიანება, მაშინ დაღეჭო. ამ პრეპარატის დანიშნულების გარეშე მიღებამ, შესაძლოა, მოახდინოს გულის გამტარი სისტემის ბლოკირება, მოიშალოს გულის რიტმი და გამოიწვიოს უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილი“, - ამბობდა მარტში ქართული პროტოკოლის დამტკიცებისას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლევან რატიანი.

მან დღეს, 21 აპრილს ქართულ პროტოკოლთან დაკავშირებულ მიმდინარე დისკუსიის პასუხად თქვა, რომ ქილიკის დრო არ არის და თუ ვინმეს რამე შენიშვნა აქვს, რეანიმაციაში შეუძლიათ მივიდნენ მათთან დასახმარებლად.

ასევე ნახეთ ლევან რატიანმა კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლის კრიტიკოსებს მიმართა, "ტვინს მოუხმონ"

ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც საქართველო პლაქვენილის გამოყენების გამო გააკრიტიკა, ამბობდა, რომ ამ პრეპარატს ამერიკაშიც იყენებდნენ, თუმცა კვლევებზე დაყრდნობით პროტოკოლები იცვლება და პლაქვენილით მკურნალობა უკვე მოძველებულად და უშედეგოდ ითვლება, მეტიც, შესაძლოა მისმა გამოყენებამ საფრთხე შეუქმნას ზოგიერთ პაციენტს. გურულის სტატუსს ფეისბუქში, სადაც ის პროტოკოლების განახლების აუცილებლობაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ პლაქვენილი მალე სრულიად არაეფექტურ წამლად გამოცხადდება კორონავირუსთან საბრძოლველად, 20 აპრილს საგანგებო განცხადება მიუძღვნა თენგიზ ცერცვაძემ.

განცხადების შემდეგ, 21 აპრილს გამართული საგანგებო ბრიფინგიც ამ თემას ეხებოდა.

კიდევ ერთი ექიმი ამერიკიდან, ნანა გეგეჭკორი, რომელიც covid-19-ით ინციფირებულ მძიმე პაციენტებთან მუშაობს უკვე თვეზე მეტია და თვითონაც იყო covid-19-ით ინფიცირებული, ამბობს, რომ მას არაერთი ადამიანი მიმართავდა საქართველოდან ამ მედიკამენტების გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით კითხვებით.

“ხშირად იყო შემთხვევები, როცა სრულიად გაუმართლებლად ღებულობდნენ პაციენტები პლაქვენილს და არც თუ იშვიათად აზითრომიცინთან კომბინაციაში. ეს ორი პრეპარატი იმის მიუხედავად, რომ ცალ-ცალკე ქრონიკული შემთხვევების ან პნევმონიის დროს საკმაოდ უსაფრთხოდ ითვლება, კორონავირუსით ინფიცირებულების შემთხვევაში მეტი სიფრთხილეა საჭირო იმის გამო, რომ ასეთ პაციენტებს მძიმე ელექტროლიტური დარღვევები აღენიშნებათ” - ხსნის ექიმი.

10 აპრილს რადიო თავისუფლება ელაპარაკა თერაპევტს და რევმატოლოგნინო მიქაბერიძეს, რომელიც ნიუ-იორკში, ლენოქს ჰილის ჰოსპიტალში მუშაობს. ჩვენთან საუბარში ის საუბრობდა როგორც პრეპარატის გვერდით მოვლენებზე, ასევე პრაქტიკაზე, რაც ექიმებს აქვთ. ის ამბობდა, რომ პრეპარატს იყენებენ მანამ, სანამ მასზე უკეთესი წამალი გამოჩნდება ვირუსით გამოწვეული გართულებების შესამსუბუქებლად.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე თვლის, რომ არსებულ ვითარებას სამეცნიერო კამათი და გარჩევა სჭირდება და ქართველი ექიმების გამოცდილება, რომლებიც ახერხებენ ამ დრომდე დაბალი სიკვდილიანობის ნიშნულის შენარჩუნებას, მთელი მსოფლიოსთვის საინტერესოა, შესაბამისად, არსებული გამოცდილება აღწერილობითი კვლევების სახით კოლეგებს უნდა გააცნონ.

ქართული პროტოკოლი 24 მარტს დამტკიცდა. თითქმის ერთი თვის შემდეგ მის გადახედვაზე საუბარი ქართველი ინფექციონისტების მხრიდან არ ისმის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კვლევები და სრულყოფილი სტატისტიკა საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა და მათი მკურნალობის მეთოდების შესახებ ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. არც ისაა ცნობილი, მიეწოდებათ თუ არა ჰოსპიტალიზებულ ინფიცირებულებს სრულყოფილი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდების, გართულებების შესაძლო შემთხვევების შესახებ.

21 აპრილს, ექიმ ზურაბ გურულის საპასუხოდ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ თუკი უკეთესი პრეპარატი გამოჩნდებოდა, მასზე გადავიდოდნენ და პლაქვენილი არ არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ქართველი ექიმები იყენებენ. მან ახსენა პრეპარატი ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება, მძიმე პაციენტებთან.

20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში კი თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ "როგორც კი დაიდება სარწმუნო მონაცემები რომელიმე მედიკამენტის, მაგ. რემდესივირის, ან მკურნალობის რომელიმე ახალი მეთოდის სასარგებლოდ, გვერწმუნეთ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ სიახლეს დანერგავს და არც პლაქვენილზე უარის თქმა გაგვიჭირდება".

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "ახლა იწყებს ოთხი მედიკამენტის, მათ შორის რემდესივირის და იგივე პლაქვენილის დიდ, მულტიცენტრულ კვლევას (Trial), რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ესეც დაგვეხმარება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევაში."