Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამტკიცდა COVID-19-ის მკურნალობის „ქართული პროტოკოლი“


მსოფლიოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან დღემდე, 85 დღე გავიდა. კითხვაზე, არსებობს თუ არა კონკრეტული პრეპარატი კორონავირუსის მკურნალობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი ძალიან მოკლე პასუხს სცემს - „ჯერ არა“. ამ დროისათვის, არც კონკრეტული წამალი და არც ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ, შექმნილი არ არის.

ჯანდაცვის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, ვაქცინაციის დაწყებამდე, მსოფლიოს, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთწლიანი ლოდინი დასჭირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არანაირ კონკრეტულ თარიღზე არ აკეთებს აქცენტს და უბრალოდ წერს, რომ „შესაძლო ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატები კვლევის პროცესშია“.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ, ჯერჯერობით, არ დამტკიცებულა ერთი კონკრეტული პრეპარატი, ექიმები და მეცნიერები მსოფლიოში რამდენიმე პრეპარატზე შეჯერდნენ, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება და შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისას, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. მათ შორისაა საქართველოც.

თუკი აქამდე ქართველი ექიმები ე.წ. მარსელის პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდნენ, რომელიც COVID-19-ის სამკურნალოდ, მარსელის უნივერსიტეტის ინფექციურმა კათედრამ დაამუშავა და რომლის თანახმადაც, პაციენტების მკურნალობის პროცესში, სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად, მედიკამენტი პლაქვენილიც გამოიყენებოდა, 24 მარტიდან საქართველოს „ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო პროტოკოლი“ აქვს, სადაც კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად სწორედ პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობა სახელდება.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პრეპარატი პლაქვენილი კორონავირუსით ინფიცირებულ პირველივე პაციენტთან იქნა დანიშნული:

„ჩვენ ძალიან ბევრ გამოკვლევასა და შრომას გავეცანით ამ პრეპარატთან დაკავშირებით. დავამუშავეთ მონაცემები, ინტენსიურად გვქონდა ტელეხიდები ჩინეთთან და საბოლოოდ, ვარჩიეთ, რომ ამ პრეპარატის გამოყენება იქნებოდა ეფექტური. ცხადია, პრეპარატს აქვს გვერდითი მოვლენები, ამიტომ ის ძალიან ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული და სწორედ ამიტომ მისი გამოყენების პროცესში მიმდინარეობს პაციენტების აქტიური კონტროლი“.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი მკურნალობს. მათ შორის არიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე, ლევან რატიანი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ დღეს, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მძიმე პაციენტების სამკურნალოდ სწორედ ამ პრეპარატს იყენებს:

„პირველივე პაციენტს, რომელიც ჩვენს კლინიკაში, 17 მარტს შემოვიდა, მთავარ ინფექციონისტთან შეთანხმებით, პლაქვენილით დავუწყეთ მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში, მოგეხსენებათ, საკმაოდ მძიმე კონტინგენტი მკურნალობს. ამ ეტაპზე, ყველა პაციენტთან ვინარჩუნებთ სასიცოცხლო პარამეტრებს და იმედია, ასეც გაგრძელდება. ველოსიპედის გამოგონებას აზრი აღარ აქვს, რადგან ამისი დრო აღარ არის, პანდემიაა. დღეს შეიძლება ეს მეთოდია კარგი, მაგრამ ხვალ თუ უკეთესი გამოჩნდება, იმაზე უნდა გადავიდეთ“.

„ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო სტანდარტი“ - რა წერია პროტოკოლში?

37-გვერდიანი პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტრომ 24 მარტს დაამტკიცა. პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა საზოგადოების მიერ შემუშავებული COVID-19-ის კლინიკური მართვის პროტოკოლებს და რეკომენდაციებს, აგრეთვე, სხვადასხვა გავლენიან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებს.

პროტოკოლი განიხილავს ახალი COVID-19-ით დაავადებულთა კლინიკურ გამოვლინებებს, დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, დაავადების თავიდან აცილების პრევენციულ ღონისძიებებს.

როგორც 24 მარტს დამტკიცებულ სახელმწიფო პროტოკოლში ვკითხულობთ, COVID-19-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, თუმცა შესწავლის სტადიაშია დაახლოებით 11-12 მედიკამენტი და ზოგიერთი მკვლევრის და ექსპერტის აზრით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას.

მსოფლიოში არსებული გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, COVID-19-ის ყველაზე ეფექტიან სამკურნალო მედიკამენტად ითვლება ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი).

უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობას არ საჭიროებენ. მსუბუქი მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

პროტოკოლის თანახმადვე, პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ, ვინაიდან მისმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას:

„ამ პრეპარატს აუცილებლად ნიშნავს გამოცდილი ინფექციონისტი და, რაც მთავარია, კონკრეტული დოზირებით. ზუსტი დანიშნულების გარეშე მედიკამენტის გამოყენება შესაძლოა დასრულდეს ლეტალურად ან გამოიწვიოს მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის, მხედველობის დაქვეითება. ეს არ არის საღეჭი რეზინა, რომ როცა მოგეპრიანება, მაშინ დაღეჭო. ამ პრეპარატის დანიშნულების გარეშე მიღებამ, შესაძლოა, მოახდინოს გულის გამტარი სისტემის ბლოკირება, მოიშალოს გულის რიტმი და გამოიწვიოს უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლევან რატიანი.

გარდა პლაქვენილისა, „ქართული პროტოკოლის“ თანახმად, COVID 19-ის მკურნალობის პროცესში, ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 9 დასახელების მედიკამენტი, მათ შორის, რემდესივირი, რომელიც თავის დროზე შეიქმნა ამერიკული კომპანია Gilead Science-ის მიერ ებოლას ცხელების სამკურნალოდ, თუმცა, ამ დაავადების დროს ის ეფექტიანი არ აღმოჩნდა.

დღესდღეობით, ამ პრეპარატის დამაიმედებელი შედეგების შესახებ ლაპარაკობენ ჯანდაცვის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორისაა აშშ-ის ნაციონალური ინსტიტუტის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი.

საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ენტონი ფაუჩიმ გაუწია ერთგვარი ოპონირება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, განაცხადა, რომ პლაქვენილი COVID-19-თან ბრძოლის „თამაშის წესებს“ ცვლის. 1944 წელს, მალარიის წინააღმდეგ შექმნილი წამალი, ტრამპმა კორონავირუსთან ბრძოლის „დამტკიცებულ“ პრეპარატად დაასახელა. მის ამ განცხადებას ფაუჩიმ მეორე დღესვე „ცივი წყალი“ გადაასხა. 20 მარტს გამართულ ბრიფინგზე ფაუჩიმ ტრამპის განცხადებას „ანეკდოტური“, მეცნიერულად დაუდასტურებელი მტკიცებულება უწოდა.

ჰიდროქსიქლოროქინი, საქართველოში ქინაქინად ცნობილი პრეპარატი, მალარიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. თანამედროვე პრეპარატს შედარებით ფართო სპექტრი აქვს და ის რევმატიული დაავადებების დროსაც გამოიყენება.

იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე, ამბობს, რომ იმისათვის, რათა საბოლოოდ დამტკიცდეს ამ პრეპარატის ეფექტიანობა COVID-19-ის მკურნალობის პროცესში, საჭიროა უფრო ღრმა გამოკვლევა და დრო:

„ფრანგმა ექიმებმა, მარსელში, ამ ექსპერიმენტში პირველი 24 პაციენტი ჩართეს. გამოკვლევებმა მართლაც აჩვენა, რომ პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესი უფრო მალე წავიდა. თუმცა, მხოლოდ ერთ ჯგუფში ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება არ აჩვენოს ზუსტი შედეგი. შესაძლოა, მათთან ვირუსი შედარებით მსუბუქ ფორმაში მიდიოდა და ამიტომ აჩვენა ასეთი ეფექტი“.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგის, ლევან რატიანის თქმით, პლაქვენილი, როგორც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი პრეპარატი, უკვე ჩართო თავის გაიდლაინში მასაჩუსეტსის მთავარმა ჰოსპიტალმა.

24 მარტის 19 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 67 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 9 გამოჯანმრთელდა.

XS
SM
MD
LG