25 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ომსკში მიმდინარე რუსეთ-ყაზახეთის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმზე ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას უკრაინაში ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ტოყაევის თქმით, კონფლიქტის გაგრძელება ხელს აძლევს „როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოწინააღმდეგეებს“.
„სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა ადამიანები იღუპებიან. ეს ხომ მოძმე ხალხების გენოფონდია, - განაცხადა ტოყაევმა, - ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე გასაგები არ არის. ამის გაგება რთულია.“
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, „ევროპისა და შეერთებული შტატებისგან ბევრ სიგნალს იღებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით“.
ტოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში პატივს სცემენ უკრაინელ ხალხს, მის ენასა და კულტურას, ხოლო რუსეთს დიდ სახელმწიფოდ მიიჩნევენ. ყაზახეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია და არა სამოქალაქო ომი.
„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელ ხალხს. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, ბოლომდე ნათელი არ არის. <…> ვიცი, რომ ალასკაში მაქსიმალური დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინეთ; ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. შესაძლოა, დროა, კონფლიქტი გავყინოთ და სტამბოლის შეთანხმებებს, 2.0-ს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, ისეთი დიდი ძალების გარანტიით, როგორიცაა შეერთებული შტატები“, - თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ
ყაზახეთში წელს ასობით საქმე აღძრეს რუსეთის მხარეს საომრად უკრაინაში წასულთა წინააღმდეგტოყაევის განცხადებით, ბოლო პერიოდში უკრაინაში ომის საკითხზე ევროპელ, ამერიკელ და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ჰქონდა საუბრები და სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა საკუთარი მოსაზრებების საჯაროდ გამოთქმა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პასუხად, პუტინმა პირობა დადო, რომ „ტოყაევს უკრაინაში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა“. მოგვიანებით პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ „(უკრაინაში ომის) გაყინვა შეუძლებელია“.
„კიევის პოზიციის გათვალისწინებით, გაყინვა, როგორც ასეთი, შეუძლებელია. ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა: ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ისინი ნათელი და თანმიმდევრულია. ამიტომ, ყველაფრის შეჩერება დღესვე შეიძლება, დღის ბოლომდე, თუ კიევის რეჟიმი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ კრემლის პრესსპიკერის სიტყვებს.
ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმაც განაგრძო თავისი საომარი რიტორიკა. რუს სამხედრო მეზღვაურებთან შეხვედრაზე მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაკარგავს უკრაინა ადრე თუ გვიან თავის დასავლეთ ტერიტორიებს, რომლებსაც პუტინმა „ლენინის საჩუქარი“ უწოდა.
დისტანცირების აქტი?
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ტოყაევის საქციელი აჩენს ორ კითხვას: რატომ თქვა და როგორ გაბედა?
„თუ ვიკითხავთ, რატომ გამოთქვა თავისი კრიტიკული აზრი ომთან დაკავშირებით, პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ეს ომი ნელ-ნელა ყაზახეთსაც მისწვდა. უკრაინული დრონების დარტყმები შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებში ასევე აფერხებს ყაზახური ნავთობის ექსპორტს. ასე რომ, ომი ყველას ეხება. ზარალდება არა მხოლოდ რუსეთი და უკრაინა, არამედ ყველა, ვინც მათ მახლობლადაა, - განაცხადა ვლადიმირ პასტუხოვმა Youtube-არხ Ходорковский LIVE-ში სტუმრობისას, - უფრო საინტერესოა კითხვა, როგორ გაბედა? აღმოსავლური დიპლომატიისათვის არ არის დამახასიათებელი პოზიციის ასეთი საჯარო გამოხატვა. ტოყაევს ჰქონდა 1001 საშუალება პირად საუბარში ეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ ასე არ მოიქცა. საკითხავია, რატომ? როგორ ჩანს, ეს უნდა იყოს დისტანცირების აქტი. პირად საუბარში რაც გინდა უთხარი, მაგრამ როცა საჯაროდ კეთდება ასეთი განცხადება და თანაც არა მტრული ქვეყნისგან, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირისგან, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.“
ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც: რომ არა ყაზახეთი, რუსეთის ევრაზიული სივრციდან აღარაფერი დარჩება, ისევე როგორც ОДКБ-დან.
ვლადიმირ პასტუხოვი
„აღარ გამოვა დიდი დერჟავობის იმიტაცია. ამიტომ ასეთი მოკავშირისგან ასეთი სიტყვების მოსმენა საკმაოდ სერიოზული ამბავია. ეს რომ მეგობრულად ნათქვამი ყოფილიყო, ჩუმად გაკეთდებოდა და არა საჯაროდ“, - ამბობს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, ტოყაევის ნათქვამში საყურადღებოა ის, რომ რუსეთისა და ყაზახეთის პოზიციები დიამეტრულად აცდენილია სტრატეგიულ საკითხებში:
ტოყაევი ამბობს, რომ ყაზახეთი ამ კონფლიქტს იმთავითვე უყურებდა, როგორც სახელმწიფოთაშორის კონფლიქტს და არა სამოქალაქო ომს, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა. ამით ხდება პუტინის მთელი ლოგიკის უარყოფა. ამ განცხადებით, ტოყაევი კონცეპტუალურად უარყოფს ყველაფერს, რის კულტივირებასაც რუსული პროპაგანდა ათეულობით წელი ცდილობდა. მეტიც, ყაზახეთის პრეზიდენტმა ეს ომი შეადარა აზერბაიჯან-სომხეთის ომს, რაც ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის სტრატეგიულ პოზიციას, რომ შეუძლებელია რამე სახის ზავის დადება, რუსეთის მოთხოვნილების გათვალისწინების გარეშე.
ტოყაევმა ასევე უთხრა პუტინს, რომ არ ღირს ანკორიჯზე ჩაჭერა და რომ რუსეთმა უნდა გამოიჩინოს მოქნილობა და დაუბრუნდეს სტამბოლის მოლაპარაკებებს (სტამბოლი 2.0).
„ეს სერიოზული განცხადებაა და ამ განცხადების პარადოქსი მდგომარეობს სცენაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ „ბიჭი და შიშველი მეფე“: ტოყაევმა, როგორც შედარებით თავისუფალმა ლიდერმა, თქვა ის, რასაც დიდი სიამოვნებით ეტყოდა პუტინს რუსეთის (პოლიტიკური თუ ეკონომიკური) ელიტის ყოველი მეორე წარმომადგენელი“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი.
ყაზახეთის პოზიცია - რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ყაზახეთი აცხადებს, რომ ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა ქვეყანა რუსეთთან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსთან ერთად "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (ОДКБ/CSTO) წევრია. უკრაინის სამხედროებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) ობიექტებზე, რომლებიც საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. ბოლო თავდასხმა რამდენიმე დღის წინ განხორციელდა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეტევებს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების „დაუშვებელი ხელყოფა“ უწოდა. კიევში ხაზგასმით განაცხადეს, რომ დარტყმები ყაზახეთის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული და მათი მიზანი რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტებაა.
ჩინეთისა და რუსეთის თამაში?
ყაზახეთის ხელისუფლება უკრაინაში ომის ოთხი წლის განმავლობაში ხაზგასმით ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, თუმცა ამავე დროს რუსეთი აქტიურად იყენებდა ყაზახეთს სანქციების გვერდის ავლისთვის და იძენდა სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიებს ყაზახეთში რეგისტრირებული შუამავალი კომპანიების მეშვეობით.
კითხვა, რამ აიძულა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი პუტინთან შეხვედრისას ღიად ელაპარაკა უკრაინასთან ომის დასრულების აუცილებლობაზე, კიევშიც აღელვებთ. უკრაინელი პოლიტოლოგი რუსლან აისინი მიიჩნევს, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის სიტყვები მისი პირადი პოზიცია კი არა, ჩინეთის ხელმძღვანელობის ერთგვარი გზავნილია პუტინისადმი.
“ვფიქრობ, ტოყაევმა ეს ყველაფერი თავად პუტინთან წინასწარ შეათანხმა. დიდი ალბათობით, მან ეს სი ძინპინის თხოვნით გააკეთა. ტოყაევი ძალიან გამოცდილი და დახვეწილი დიპლომატია და უმიზეზოდ ასეთ რისკზე არ წავიდოდა. ამიტომ, სავარაუდოდ, ყველაფერი შეთანხმებული იყო, - ამბობს რუსლან აისინი რადიო თავისუფლების პროექტ The CurrentTimes-თან საუბარში, - აშკარად ჩანდა, რომ პუტინისთვის ამის მოსმენა უსიამოვნო იყო - ვიდეოში ჩანს, როგორ ჩახარა თავი. მაგრამ ტოყაევმაც და მანამდე ალიაქსანდრ ლუკაშენკამაც (ბელარუსის ლიდერი პუტინს ივნისის ბოლოს ვალდაის ფორუმზე შეხვდა, რის შემდეგაც ჩინეთში გაემგზავრა.) ერთმნიშვნელოვნად მიანიშნეს: „ძვირფასო მეგობარო, საქმეები კარგად არ მიგდის და რაღაც უნდა შეცვალო.“
რუსლან აისინი
უკრაინელი პოლიტოლოგის ვარაუდით, კამერების წინ უხერხულ საუბარსაც აქვს გამართლება:
„ვფიქრობ, ეს პუტინის მცდელობაა, გარკვეული „სამშვიდობო დღის წესრიგი“ შექმნას, ოღონდ ისე, რომ არ გამოჩნდეს, თითქოს ვაშინგტონმა ან უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებმა აიძულა დათმობაზე წასვლა. ის ცდილობს აჩვენოს, რომ გადაწყვეტილებას მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების თხოვნით იღებს და თითქოს კეთილი ნების ნიშნად მიდის მათთან კომპრომისზე. ეს არის ერთგვარი ნარატივი „ჩვენი პასუხი ჩემბერლენს“: თითქოს არსებობს უკრაინისა და ვაშინგტონის ახალი შეთანხმება და რუსეთი მის საპასუხოდ საკუთარ ინიციატივას სთავაზობს. ძნელი სათქმელია, რა შედეგი ექნება ამას. არ ვფიქრობ, რომ პუტინს რეალურად მშვიდობის დამყარება სურს. თუმცა ის შეეცდება აჩვენოს, რომ რუსეთსაც აქვს საკუთარი „სამშვიდობო ნარატივი“ და სწორედ ამას შესთავაზებს საერთაშორისო საზოგადოებას. ამ ნარატივის არსი კი ასეთია: „ჩვენ გვთხოვენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას.“
პოლიტიკის ანალიტიკოსთა ყურადღება მიიქცია ტოყაევის ომთან დაკავშირებულმა ფრაზამ, რომ, მისი აზრით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არანაირი „სამოქალაქო ომი“ არ არის და რომ ეს პირდაპირ სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია. უფრო ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
რატომ ისმის ეს განცხადებები სწორედ ახლა? ტოყაევი და ალიევი, რომლებიც ერთ დროს რუსეთის უახლოეს მოკავშირეებად მიიჩნეოდნენ, ახლა პუტინის სისუსტეს გრძნობენ?
ამ კითხვების პასუხად უკრაინელი პოლიტოლოგი რუსლან აისინი ამბობს, რომ რუსეთის ყოფილი მოკავშირეები ნამდვილად გრძნობენ პუტინის სისუსტეს:
ასევე ნახეთ
პრეზიდენტი ტოყაევი აცხადებს, რომ ყაზახეთი დაიცავს რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს„ომის დასაწყისში, თუ პირდაპირ ვიტყვით, ყაზახეთმა ეკონომიკური სარგებელიც კი მიიღო. მაგრამ ახლა, როდესაც დაწესებულია მეორეული და მესამეული სანქციები და დარტყმები უშუალოდ მის ინფრასტრუქტურასაც ეხება, ვითარება შეიცვალა. ყაზახეთიც და აზერბაიჯანიც რუსეთის ენერგეტიკულ სისტემასთან არიან დაკავშირებული და ამის გამოც ზარალდებიან. გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ პუტინმა უკრაინის შემდეგ ყურადღება სხვა მიმართულებაზე გადაიტანოს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ყაზახეთს საკუთარი სახელმწიფოებრიობა არ ჰქონია და ის თითქოს „აჩუქეს“. ანალოგიური რიტორიკა შეინიშნება აზერბაიჯანის მიმართაც - გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა პუტინი აზერბაიჯანს და ასევე თურქეთს, რომელიც ბაქოს მთავარი მხარდამჭერია. ასე რომ, რეგიონში დაძაბულობა კვლავ არსებობს“.
პუტინი ემზადება... მობილიზაციისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Sky News-თან ინტერვიუში, რომელიც პუტინისა და ტოყაევის შეხვედრის შემდეგ ჩაიწერა, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „ომის შეჩერებისთვის მზად არ არის“ და რომ 21 სექტემბერს დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ ახალი მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ ის [პუტინი] მობილიზაციისთვის ემზადება. ამის გაკეთება 21 სექტემბრის, დუმის არჩევნების შემდეგ სურს. პუტინი გეგმავს მობილიზაციის გაფართოებას. ამას ღიად არ გააკეთებს, რადგან საკუთარი საზოგადოების ეშინია, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისში ამას მაინც გააკეთებს, თუ ჩვენ პრობლემებს არ შევუქმნით ლოგისტიკაში, იარაღის, ბენზინისა და დიზელის მიწოდებაში და თუ ჩვენი პარტნიორები მისი აგრესიის საპასუხოდ სრულმასშტაბიან სანქციებს არ დააწესებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს „დიდი პრობლემა“ იქნება, რადგან პუტინი 300-დან 500 ათასამდე ადამიანის მობილიზაციას გეგმავს.
„მისთვის ასეთი რაოდენობის ადამიანის მობილიზება არც ისე რთულია. რა თქმა უნდა, შიდა პრობლემები ექნება, რადგან, როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, რუსული საზოგადოება მობილიზაციას ეწინააღმდეგება. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც ომის წინააღმდეგია, თუმცა, მიუხედავად ამისა, პუტინს მაინც უჭერენ მხარს. ის ამ ადამიანების სწრაფად მომზადებას ვერ შეძლებს. ეს კი ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებებში კვლავ არასათანადოდ მომზადებულ სამხედროებს გაგზავნის, რაც დიდ დანაკარგებს გამოიწვევს“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, პუტინი ომს მხოლოდ დამარცხების შემთხვევაში შეწყვეტს.
„ჩვენ ვცდილობდით, ომის შედეგები რუსებსაც ეგრძნოთ, რადგან სხვაგვარად ისინი ვერ მიხვდებიან, რომ ომი ყველგანაა... სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ და ეს ომი რუსეთში დავაბრუნოთ - იქ, საიდანაც ის ჩვენთან მოვიდა... სწორედ ამიტომ დავიწყეთ საშუალო და შორი სიღრმის დარტყმის ოპერაციები“, - ციტირებს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს Sky News-ის კორესპონდენტი სტიუარტ რემზი.
პოლიტიკოსი თუ ბანდის მეთაური?!
ომის შედეგები, რომელთა შესახებაც ვოლოდიმირ ზელენსკი Sky News-თან საუბრობდა, მართლაც იგრძნეს რუსეთში მცხოვრებმა ადამიანებმა: ბოლო ორი თვის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა ომის ფორმატი - უკრაინული ქალაქების მსგავსად, ყოველდღიურად იბომბება რუსეთის ქალაქებიც. როგორც სამხედრო ექსპერტები შენიშნავენ, ეს უკვე აღარ არის პერიფერიაზე მიმდინარე მცირე ომი, რომელიც ყველას არ ეხება. ხდება გადაფორმატირება: მიმდინარეობს დიდი ომი, რომელიც ყველას ურტყამს, მათ შორის რუსეთის სიღრმეშიც, სადაც იწვიან როგორც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ასევე მარკეტ-პლეისების ლოგისტიკური ცენტრები, რაც ათეულობით მილიონ ადამიანს აზარალებს.
„ადამიანები უკმაყოფილო არიან და თავიანთ უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამენ. ეცემა ხელისუფლების რეიტინგი, ომში წასვლის მსურველთა რიცხვი მცირდება, - ამბობს რუსი პოლიტოლოგი და ვლადიმირ პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი აბას გალიამოვი თავის იუტუბ-არხზე, - სადაც კი არსებობს მინიმალური უკუკავშირი, ყველაფერი ამ უკმაყოფილებაზე მიუთითებს. მაგრამ ეს არ მოქმედებს პუტინზე. რატომ? რამენაირად რომ იყოს დამოკიდებული ხალხზე, ამომრჩევლებზე, პუტინსაც ექნებოდა ამ ყველაფერზე რეაქცია. მაგრამ პრინციპულად არ რეაგირებს, რადგან ის თავს მათ არ მიაკუთვნებს“.
ასევე ნახეთ
ინტერვიუ პუტინის ყოფილ სპიჩრაიტერთან: “მარცხი მაგიას გააქრობს, რუსები აღარ იქნებიან მონუსხული პუტინით”აბას გალიამოვის თქმით, ყველა ცდილობს გარკვევას, რაში სჭირდება პუტინს დონბასი, რომელსაც ათობით ათასი ადამიანი ეწირება; რატომ არ თანხმდება საომარი მოქმედებების ფრონტის ხაზით შეზღუდვას, სადაც, მისივე სიტყვებით, რუსეთი წარმატებით მიიწევს წინ?
„ჩვენ ვცდილობთ, გავერკვეთ მის ლოგიკაში, მაგრამ მას შეცდომით მივიჩნევთ პოლიტიკოსად, - ამბობს აბას გალიამოვი, - სინამდვილეში პუტინი პოლიტიკოსია მხოლოდ თანამდებობით, მაგრამ მენტალობით, ქცევით ის ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელია. რა განსხვავებაა პოლიტიკოსს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის (ОПГ) ლიდერს შორის? ნებისმიერი ბანდიტი საკუთარი სოციალური ბაზის (საყრდენის) მიმართ განწყობილია ზიზღით. შესაძლოა ეს ზიზღი ყოველთვის აშკარა არაა, მაგრამ ამ ადამიანებს ბანდიტი არასოდეს აღიქვამს დამოუკიდებელ სუბიექტებად. ისინი მხოლოდ ობიექტები, შემოსავლის წყაროა. შესაბამისად, მათ წინაშე რაიმე ვალდებულებასაც არ გრძნობს”.
აბას გალიამოვის თქმით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერისთვის ხალხი, რომლის ხარჯზეც ის ცხოვრობს, განწირულია „მსხვერპლობისთვის“.
„მათი მოტყუება და გაძარცვა არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მეთოდია, არამედ - ცხოვრების წესი და უმთავრესი მიზანიც. ამის შესახებ ვარლამ შალამოვის ნაწარმოებებშიც შეგიძლიათ წაიკითხოთ. არ არსებობს ტანჯვის ისეთი ზღვარი, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს გააჩერებდა და აიძულებდა, საკუთარი „მსხვერპლის“ ძარცვა შეეწყვიტა. პოლიტიკოსისთვის ადამიანების თანაგრძნობა და მათი ტკივილის გაზიარება ბუნებრივია. ბანდიტისთვის კი „ლოხების“ შეცოდება ნიშნავს, რომ თავადაც „ლოხად“ იქცევა. პუტინი მხოლოდ საქმიანობით (სამსახურით) არის პოლიტიკოსი, აზროვნებითა და ღირებულებებით ის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია”, - ამბობს აბას გალიამოვი.
ასევე ნახეთ
„საქართველო მარტივი ნადავლი იქნებოდა“ - პროფ. ნილ მაკფარლეინი რუსეთის შესაძლო გეგმებზეყაზახეთის პრეზიდენტი ადრეც ყოფილა შემჩნეული პუტინისათვის სიმართლის პირში ზრახვით. 2022 წლის ზაფხულში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ვლადიმირ პუტინის გვერდით სცენაზე მდგომმა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა (ДНР) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას (ЛНР) - სეპარატისტულ წარმონაქმნებს უკრაინის ოკუპირებულ აღმოსავლეთში. ტოყაევმა მათ კვაზისახელმწიფოებრივი ტერიტორიები უწოდა.
„თუ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე დღეს გაეროს წევრი 193 სახელმწიფოს ნაცვლად, 500 ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. ეს, რა თქმა უნდა, ქაოსს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს. შესაბამისად, იგივე პრინციპი გავრცელდება იმ კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, როგორებადაც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკია“, - განაცხადა მაშინ ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა.