რისთვის სჭირდება ყაზახეთს ახალი კონსტიტუცია?

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა ახალ კონსტიტუციას, რომელიც ეროვნული რეფერენდუმით მიიღეს. ასტანა, 2026 წლის 17 მარტი. ფოტო გამოაქვეყნა Akorda-ს პრესსამსახურმა.

15 მარტის რეფერენდუმზე ყაზახეთის ამომრჩეველთა 87%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა მნიშვნელოვნად შეცვალა. რეფორმა, ხელისუფლების თქმით, მოდერნიზაციას ემსახურება, თუმცა კრიტიკოსები პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერებაზე მიუთითებენ.

15 მარტის სარეფერენდუმო კითხვა ასე იყო ჩამოყალიბებული: ეთანხმებით თუ არა ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე თქვა, რომ 15 მარტი ამიერიდან ყაზახეთის კონსტიტუციის დღედ გამოცხადდება, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომამდე ყაზახეთის მოქალაქეები აირჩევენ ახალ პარლამენტს, რომელიც მიღებული კონსტიტუციით ერთპალატიანი იქნება.

რეფერენდუმზე აქტივობამ 73% შეადგინა: ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა 9,1 მილიონმა ადამიანმა (12,5 მლნ-დან).

16 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტო ტოყაევმა განაცხადა, რომ „მოქალაქეებმა ერთიანობის უაღრესად ნათელი მაგალითი აჩვენეს“.

„ყაზახეთმა თავისი ისტორიული არჩევანი ახალი კონსტიტუციის სასარგებლოდ გააკეთა. ამგვარად, ჩვენმა ხალხმა კენჭისყრით განსაზღვრა ქვეყნის ისტორიის მსვლელობა და შემდგომი ბედი. თქვენს მიერ გამოვლენილი ნება სამუდამოდ დარჩება მსოფლიო მატიანეში, რადგან ის იქცა ჩვენი თანამემამულეებისათვის დამახასიათებელი პატრიოტიზმის ნამდვილ სიმბოლოდ“, - თქვა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ასევე ნახეთ ყაზახეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლის საკითხზე

ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ 15 მარტი ამიერიდან კონსტიტუციის დღედ გამოცხადდება. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, აქამდე 31 წლის განმავლობაში, ეს დღესასწაული 30 აგვისტოს აღინიშნებოდა, რადგან 1995 წლის 30 აგვისტოს რეფერენდუმზე დამტკიცდა ე.წ. ნაზარბაევის კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ მასში არაერთხელ შევიდა ცვლილებები, რომლებიც ძირითადად ამყარებდნენ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძალაუფლებას და ანიჭებდნენ მას ფართო უფლებამოსილებებს.

ე.წ. ნაზარბაევის კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა 2022 წლის „იანვრის მოვლენების“ შემდეგ, ტოყაევის მიერ ინიციირებული რეფერენდუმის შედეგად, რამაც საგრძნობლად შეასუსტა ნაზარბაევის პოზიციები. მაშინ კონსტიტუციიდან არა მხოლოდ ამოიღეს პირველი პრეზიდენტის სტატუსი, არამედ აღადგინეს თვითწარდგენის ინსტიტუტი პარლამენტის არჩევნებში, შეზღუდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა ერთჯერადი შვიდწლიანი მანდატით და აკრძალეს სახელმწიფოს მეთაურის ახლო ნათესავების მიერ საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება. ამის შემდეგ ტოყაევი აცხადებდა, რომ კონსტიტუციას აღარ შეცვლიდა. თუმცა 2025 წლის შემოდგომაზე მან განაცხადა, რომ ცხოვრება „ადგილზე არ დგას და, რომ საჭიროა ახალი კონსტიტუციური რეფორმა".

თავდაპირველად ტოყაევი მხოლოდ პარლამენტის რეფორმირების ინიციატივით გამოდიოდა: უნდა გაუქმებულიყო ორპალატიანი ორგანო და შექმნილიყო ერთპალატიანი, რომელიც პროპორციულ სისტემით ანუ პარტიული სიებით აირჩეოდა. თუმცა იანვარში 2026 წლის იანვარში განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს არ შეეხებოდა. პრეზიდენტის დავალებით შექმნილმა კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ დეპუტატები, ჩინოვნიკები და იურისტები, რამდენიმე სხდომაზე განიხილა ცვლილებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა არა ძველი კონსტიტუციის გადაკეთება, არამედ ახალი კონსტიტუციის დაწერა.

ახალი კონსტიტუციის საბოლოო პროექტი 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. უფლებადამცველებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების მოწოდებების ფონზე - არ დაეჩქარებინათ ძირითადი კანონის შემუშავება და განხილვა უფრო ფართო გაეხადათ - პრეზიდენტმა ტოყაევმა კენჭისყრა (რეფერენდუმი) 15 მარტს დანიშნა.

ახალი კონსტიტუციით:

  • იქმნება ერთპალატიანი პარლამენტი (ყურულთაი), რომელიც პარტიული სიებით აირჩევა შემოდის ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამასთან ვიცე-პრეზიდენტს ნიშნავს თვითონ პრეზიდენტი, რომლის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში მისი უფლებამოსილებები გადაეცემა ვიცე-პრეზიდენტს.
  • იქმნება საკონსულტაციო ორგანო - სახალხო საბჭო, რომელსაც ექნება საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. საბჭოს ფორმირების პარამეტრები კონსტიტუციაში გაწერილი არ არის.
  • პრეზიდენტს ენიჭება უფლება დაშალოს ყურულთაი (პარლამენტი), თუ ის ორი მცდელობის განმავლობაში არ დაამტკიცებს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან ყურულთაის სპიკერის კანდიდატურებს; პარლამენტის დათხოვნის პერიოდში პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებებს, რომლებსაც კანონის ძალა აქვთ.
  • პრეზიდენტს გენერალური პროკურორის, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების, ეროვნული ბანკისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელების დანიშვნისთვის პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება.


ახალი კონსტიტუციის კრიტიკოსები აღნიშნავენ პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერებისა და საკანონმდებლო შტოს დასუსტების რისკებს, თუმცა ხელისუფლება ამ არგუმენტებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს:

  • კონსტიტუციით, ყურულთაის (პარლამენტის) დეპუტატებს შეუძლიათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ინიციირება - რაც მოქმედ კონსტიტუციაში არ არის გათვალისწინებული. თუმცა არსებობს ერთი პირობა: თუ ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლო არ დაადასტურებს ყურულთაის გადაწყვეტილებას, იმპიჩმენტის ინიციატორები საკუთარ მანდატებს დაკარგავენ.
  • ახალი პროექტი კონსტიტუციურ დონეზე განსაზღვრავს ომბუდსმენის ინსტიტუტს, როგორც სისტემურ უფლებადამცველ ორგანოს;
  • ადვოკატურას ანიჭებს კონსტიტუციურ სტატუსს და ადგენს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმის გზით უნდა მიიღებოდეს.
  • განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობით კავშირს;
  • აცხადებს ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობას საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე;
  • კონსტიტუცია აფართოებს მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვებს და აცხადებს, რომ ამ უფლების განხორციელება შეიძლება შეიზღუდოს, სხვა საკითხებთან ერთად, „საზოგადოებრივი მორალის“ დაცვის მიზნით. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, სიტყვის თავისუფლებამ და ინფორმაციის თავისუფლებამ „არ უნდა დააზიანოს სხვათა პატივი და ღირსება, მოქალაქეთა ჯანმრთელობა ან საზოგადოების მორალი “.


ყაზახი უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ასეთი შეფასებითი კატეგორიები შეიძლება გამოიყენონ კრიტიკის ჩასახშობად.

ახალი კონსტიტუციით, ასევე იცვლება რუსული ენის სტატუსი: ჩანაწერი „რუსული ენა გამოიყენება თანაბრად ყაზახურ ენასთან ერთად“ შეიცვალა ჩანაწერით „რუსული ენა გამოიყენება ყაზახურ ენასთან ერთად“.

2025 წლის დასაწყისის მონაცემებით, ყაზახეთში დაახლოებით 2.96 მილიონი ეთნიკური რუსი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 14,6%-ს შეადგენს. რუსები რჩებიან სიდიდით მეორე ეთნიკურ ჯგუფად, რომლებიც ძირითადად რესპუბლიკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და ცენტრში ცხოვრობენ, თუმცა მათი წილი 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სტაბილურად მცირდება.

რას მოიტანს ახალი კონსტიტუცია

ახალი კონსტიტუცია ძალაში შედის 2026 წლის 1 ივლისიდან, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი ყაზახეთში უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

ოფიციალური ასტანა აცხადებს, რომ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები გააუმჯობესებს წარმომადგენლობით სისტემას და პარლამენტარების კვალიფიკაციას. ხელისუფლების კრიტიკოსები ჯერ კიდევ კონსტიტუციის პროექტის განხილვის ეტაპზე ამბობდნენ, რომ შეიზღუდება მოქალაქეთა უფლება, არჩეულ იქნენ საკანონმდებლო ორგანოში, რადგან პარტიებში არმყოფი ყაზახეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ პარლამენტში კენჭისყრას. მით უფრო, რომ ოპოზიციური გაერთიანებები წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ იუსტიციის სამინისტროში პარტიების რეგისტრაციას.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს. 15 მარტს ასტანაში კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2029 წელს გაიმართება - კანონით დადგენილ ვადებში. ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, წარადგენს თუ არა საკუთარ კანდიდატურას. ახალი კონსტიტუცია - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მანდატს ერთ შვიდწლიან ვადამდე ზღუდავს ექსპერტებისა და დასავლური მედიის შეფასებით, ტოყაევის მოქმედ ვადას „ანულებს“ და მას ხელახალი კენჭისყრის შესაძლებლობას აძლევს.

2022 წელს „საკონსტიტუციო რეფერენდუმი“ გაიმართა „იანვრის მოვლენების“ შემდეგ, რომლებიც თავდაპირველად დაიწყო გაზის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლებით, თუმცა სწრაფად გადაიზარდა მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისში, რასაც თან ახლდა ძალადობა, მასობრივი დაკავებები და წამება. მაშინ პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა, რომელიც ცდილობდა წინამორბედისგან, ნურსულთან ნაზარბაევისგან დისტანცირებას, განაცხადა, რომ აუცილებელი იყო პოლიტიკური სისტემის „გადატვირთვა“. ოფიციალურად, 2022 წლის რეფორმა წარდგენილი იყო, როგორც გადასვლა სუპერსაპრეზიდენტო მოდელიდან უფრო დაბალანსებულ მმართველობის სისტემაზე. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მონაცემებით, მაშინ ცვლილებებს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 77%-ზე მეტმა (68%-იანი აქტივობის პირობებში). შეიცვალა კონსტიტუციის 33 მუხლი. ძირითადი კანონიდან ამოიღეს ყველა დებულება, რომელიც დაკავშირებული იყო პირველი პრეზიდენტის განსაკუთრებულ სტატუსთან; თავად ნურსულთან ნაზარბაევმა მოგვიანებით დაკარგა „ელბასის“ (ერის ლიდერის) ტიტული. ბევრი დამკვირვებლისთვის ეს რეფერენდუმი იქცა ორხელისუფლებიანობის ეპოქის სიმბოლურ დასასრულად. მანამდე მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები ერთდროულად ახდენდნენ გავლენას პოლიტიკურ სისტემასა და პროცესებზე.

ასევე ნახეთ ყაზახეთის პროკურატურა: საპროტესტო აქციებში 225 ადამიანი დაიღუპა

15 მარტის რეფერენდუმით განახლებულ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი ირჩევა ერთი, შვიდწლიანი ვადით და, რომ მას არ აქვს მეორე ვადით კენჭისყრის უფლება. სიახლე აიხსნა ხანგრძლივი მმართველობის გამო ხელისუფლების პერსონალიზაციის თავიდან აცილების სურვილით.

ყაზახი პოლიტოლოგი დიმაშ ალჟანოვი აღნიშნავს, რომ ეს მუხლი „თავისთავად დაუძლეველ შეზღუდვებს არ აწესებს“. ის ფაქტი, რომ 2026 წლის 15 მარტის რეფერენდუმზე გატანილი ცვლილებები წარმოდგენილია არა როგორც ახალი რედაქცია, არამედ როგორც ახალი კონსტიტუცია, ექსპერტის აზრით, ქმნის ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, დაიწყოს ახალი „ერთი შვიდწლიანი ვადის“ ათვლა.

სააგენტო Reuters-ი 2026 წლის თებერვალში წერდა, რომ ყაზახეთის ახალმა კონსტიტუციამ „შეიძლება ტოყაევს მისცეს პრეზიდენტობის კიდევ ერთი ვადა, თუ კონსტიტუციის მიღება შეფასდება როგორც მისი წინა ვადის გაუქმება“; „დიპლომატიურ წრეებში არსებული წყაროს ცნობით, ახალი ვადა შესაძლებელია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - აღნიშნავდა სააგენტო.

ცვლილებებს შორის, რომლებიც ასტანა „რევოლუციურად“ წარმოაჩენს, არის ორპალატიანი პარლამენტიდან ერთპალატიანზე (ყურულთაიზე) გადასვლა, რომელიც პარტიული სიებით აირჩევა, და საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე საკონსულტაციო ორგანოს, „სახალხო საბჭოს“ შექმნა. ამ საბჭოს ფორმირების წესი პროექტში გაწერილი არ არის, თუმცა ადრე ტოკაევმა განაცხადა, რომ მასში იქნება 164 ადამიანი, რომლებსაც პრეზიდენტი დანიშნავს ყაზახეთის ხალხთა ასამბლეის ეთნოკულტურული გაერთიანებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასლიხატების (ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების) წარმომადგენლებიდან.

ყაზახეთში ზოგიერთი დამკვირვებელი მიიჩნევს, რომ პროექტი აძლიერებს სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლებას. ყაზახი პოლიტოლოგისა და „რისკების შეფასების ჯგუფის“ დირექტორის, დოსიმ სატპაევის აზრით, ახალი კონსტიტუციის პროექტი კი არ ამცირებს სუპერ საპრეზიდენტო სისტემას, არამედ პირიქით — უფრო მასშტაბურსა და ფუნდამენტურს ხდის მას ყველა მიმართულებით.

დოსიმ სატპაევი

„ეს ეხება ხელისუფლების როგორც სხვა შტოებზე (საკანონმდებლოსა და სასამართლოზე) კონტროლის გაძლიერებას, ასევე სახელმწიფოს მეთაურის ხელშეუხებლობის გაზრდას, რომელსაც, ფაქტობრივად, იმთავითვე ექნება ინდულგენცია ნებისმიერი შესაძლო ბრალდებისგან, გარდა სახელმწიფო ღალატისა; გარდა ამისა კიდევ უფრო რთულდება იმპიჩმენტის პროცესი“, - ამბობს პოლიტოლოგი.

სატპაევი აღნიშნავს, რომ ახალი კონსტიტუცია არ წარმოადგენს პოლიტიკური სისტემის რეალურ „გადატვირთვას“. მისი თქმით, „ეს არის ნაზარბაევის მმართველობის მოდელის გაგრძელება“.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch მიიჩნევს, რომ ყაზახეთის ხელისუფლების მიერ ინიციირებული ცვლილებები „ემუქრება შეკავებისა და ბალანსის სისტემას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, ასუსტებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმებს და ახდენს მთელი ძალაუფლებას პრეზიდენტის ხელში კონცენტრირებას.

თუმცა ასტანა ამ არგუმენტებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეკავებისა და წონასწორობის სისტემა, პირიქით, ძლიერდება და, რომ ახალი კონსტიტუცია წარმოადგენს „სრულად განახლებულ და პროფესიონალურად მომზადებულ დოკუმენტს, რომელმაც საფუძვლიანი ექსპერტიზა გაიარა“. პრეზიდენტი ტოყაევი, რომელსაც გარემოცვა ახალი კონსტიტუციის ავტორად მოიხსენიებს, ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღება განპირობებულია „ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფოს საფუძვლიანი გადაკეთების და საზოგადოებრივი ცნობიერების განახლების აუცილებლობით“.

რა უნდა ყაზახეთს?

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, პოლიტოლოგ ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ყაზახეთი აკეთებს რეალპოლიტიკას, ბალანსირების პოლიტიკას: აქტიურად ურთიერთობს ერთგვარ ე.წ. სამკუთხედთან, რომლის შიგნითაც ცდილობს თანაბარი მანძილით იყოს დაშორებული ყველა კუთხიდან: არ წყვეტს ურთიერთობას რუსეთთან, მაღალ დონეზე ინარჩუნებს ურთიერთობას ჩინეთთან, რომელსაც ახალ სუპერსახელმწიფოდ და მოთამაშედ აღიარებს, რაც ასევე არის ერთგვარი დაცვა რუსეთისგან.

„ამიტომ, როცა ამბობენ, რუსეთი დაიწყებს ომს ყაზახეთთანო, ეს არასერიოზულად ჩანს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სერიოზული ინტერესები აქვს ჩინეთს ყაზახეთში. თანაც რუსეთიც იმდენად ძლიერად არის ჩინეთზე დამოკიდებული, რომ ამის წარმოდგენაც კი ძნელია. ამავდროულად ყაზახეთს ძლიერი ორიენტაცია აქვს დასავლეთისკენ და ეს კეთდება პირველი ორის - რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი, რომლის თქმითაც, ყაზახეთმა 2022 წელს გადაიტანა უმძიმესი შიდა კრიზისი და გადაიტანა ის პუტინის დახმარებით, მაგრამ ტოყაევმა, რომელმაც ჯერ შეუშვა თავის ქვეყანაში რუსეთი, შემდეგ მაინც მოახერხა მოსკოვისგან დისტანცირება, რაც, პასტუხოვის თქმით, ცოტა ვინმეს თუ გამოსვლია.

ვლადიმირ პასტუხოვის თქმით, ყაზახეთის მსგავსად პრაგმატულ და ეფექტიან საგარეო პოლიტიკას ატარებენ აზერბაიჯანი და უზბეკეთი.

ვლადიმირ პასტუხოვი

„ეს ქვეყნები ცილობენ შექმნან აზიური ავტორიტარიზმი, ოღონდ ტოტალიტარიზმის დაბალი ჰორმონებით, ბევრად უფრო მსუბუქი ვიდრე რუსეთშია. ცდილობენ ჰქონდეთ სამოქალაქო წყობა, შეკავებისა და წონასწორობის გარკვეული ელემენტები, დისტანცირდნენ რუსეთისგან, მაგრამ არა ისე, რომ მისი მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვიონ. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის შემხედველი მოსკოვთან მიმართებით ისინი მოქმედებენ პრინციპით: მტრად არ მოგეკიდები, მაგრამ მეგობრებიც არ ვიქნებით ანუ გვექნება პრაგმატული თანამშრომლობა დისტანცირებით. მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყაზახეთში მთლიანობაში უპასუხებენ ამ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს“, - ამბობს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციით ფორმალურად ხდება ავტორიტარიზმის გამყარება, თუმცა, მისივე თქმით, ფორმალური გამყარება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ავტორიტარიზმის ხარისხი გაიზრდება.

„სტალინის კონსტიტუცია არ იყო ძალიან ცუდი, მაგრამ საბჭოთა კავშირი იყო ყველაზე სასტიკი დიქტატურა. პირიქითაც ხდება ხოლმე“, - ამბობს ვლადიმირ პასტუხოვი.

  • 15 მარტი - რეფერენდუმის დღე დაკავებებით აღინიშნა. ასტანაში საარჩევნო უბნიდან, სადაც მოგვიანებით თავად ტოყაევმა მისცა ხმა, პოლიციამ გაიყვანა რადიო თავისუფლების ცენტრალური აზიის რედაქციის კორესპონდენტი და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც რამდენიმე საათის შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტოყაევმა ხმა მისცა და უბანი დატოვა. ალმატიში სულ მცირე სამი ადამიანი დააკავეს ქალაქის ცენტრში, სადაც მთელი დღის განმავლობაში პოლიციის გაძლიერებული ყოფნა შეინიშნებოდა. დაკავებულებიც მოგვიანებით ბრალის გარეშე გაათავისუფლეს.
  • რეფერენდუმამდე, სააგიტაციო კამპანიის პერიოდში, ახალი კონსტიტუციის კრიტიკოსები ზეწოლასა და დევნაზე საუბრობდნენ. სოციალურ ქსელებში პოსტების ავტორები, რომლებიც ძირითადი კანონის ახალ რედაქციას არ ეთანხმებოდნენ, აცხადებდნენ, რომ პოლიცია მათთან „განმარტებითი მუშაობისთვის“ მიდიოდა. ყაზახეთის რამდენიმე მოქალაქე ადმინისტრაციულ პატიმრობაშიც კი მოათავსეს „კონსტიტუციის პროექტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით. 2026 წლის დასაწყისში ასტანაში დააპატიმრეს აქტივისტი ერმეკ ნარიმბაი, რომელიც Facebook-ზე აქვეყნებდა კრიტიკულ მასალებს; მას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა დასდეს ბრალად. ალმატიში კი დააპატიმრეს სამოქალაქო აქტივისტი ორაზალი ერჟანოვი, ფონდ Elge Qaitaru-ის ხელმძღვანელი, რომელსაც ბრალად დასდეს „საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლა“. ერჟანოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებდა რეფერენდუმის „გონივრული ბოიკოტის“ მხარდამჭერ პოსტებს, რომლებიც ასევე წაიშალა აქტივისტის დაპატიმრების შემდეგ.