რატომ გააქვთ ფული რუსული ბანკებიდან: შიში, პანიკა თუ პრაგმატიზმი?

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მდებარე ანგარიშებზე 321 მილიარდი რუბლი გადარიცხეს, რაც წლის დასაწყისიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.

რუსეთში ფულის მიმართ დამოკიდებულება იცვლება: მოქალაქეები ბანკებიდან ნაღდ თანხას სულ უფრო აქტიურად იღებენ, გრძელვადიან ანაბრებს კი მოკლევადიან და შემნახველ ანგარიშებს ამჯობინებენ. ამავე დროს, შეძლებული რუსები კაპიტალის საზღვარგარეთ გატანის გზებს ეძებენ. პანიკაა ეს თუ ცივი გაანგარიშება?

ეკონომისტების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა და საბანკო სისტემა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, რაც გამოწვეულია ხანგრძლივი ომით, დასავლური სანქციებითა და შიდა სტრუქტურული პრობლემებით. ექსპერტები გამოყოფენ კრიზისის ძირითად ნიშნებს:

  • მშპ-ს ვარდნა - 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 0,2%-ით შემცირდა.
  • ინვესტიციების კოლაფსი - კაპიტალდაბანდებები და ინვესტიციები დაეცა 14%-ით
  • საწვავის და სასურსათო კრიზისი - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებმა ბენზინის დეფიციტი და სოფლის მეურნეობის პრობლემები გამოიწვია.
  • საბიუჯეტო დეფიციტი - სამხედრო ხარჯების ზრდის გამო, კრემლი იძულებულია საგადასახადო ტვირთი გაზარდოს და „სახალხო პრივატიზაციით“ მოქალაქეების ანაბრები გამოიყენოს.
  • საბანკო სისტემის რისკები - სამხედრო სექტორის დაკრედიტებამ შექმნა ე.წ. „საპნის ბუშტი“, რაც სისტემური საბანკო კრიზისის საფრთხეს ზრდის.

რუსეთის ბიზნეს-გამოცემების მიხედვით, ბოლო დროს რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის გატანა, რაც რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებიდან ჩანს. ამასთან, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ფული ქვეყნიდან რუსეთის ყველაზე მდიდარ მოქალაქეებს გააქვთ.

რუსეთში ნაღდ ფულზე მოთხოვნის ზრდის აშკარა ტენდენციაა: რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 1 ივლისის მდგომარეობით მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ (მათ შორის ბანკების სალაროებში დარჩენილმა თანხებმა) 21,3 ტრილიონ რუბლს მიაღწია. 2026 წლის დასაწყისიდან ზრდამ 1,6 ტრილიონი შეადგინა. ამასთან, ამ თანხის დიდი წილი - თითქმის 1,5 ტრილიონი - მეორე კვარტალში დაგროვდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ნაღდი ფულის მოცულობა მხოლოდ 332,5 მილიარდი რუბლით გაიზარდა.

როგორც გერმანული DW შენიშნავს, ეს დინამიკა ძალიან ჰგავს საბანკო სისტემიდან პანიკურ გაქცევას. თუმცა, მთლიანი სურათის შესწავლით, ნათელი ხდება, რომ პანიკაზე მეტად, საუბარია პრაგმატულ ქცევაზე.

რუსეთში ნაღდი ფულის წილი თითქმის 15%-მდე გაიზარდა. ეს 2025 წლის ბოლოსთან შედარებით მეტია, თუმცა წლის დასაწყისის მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლებია. „ისტორიული მასშტაბით 15% მცირე მაჩვენებელია. მაგალითად, 2017-2019 წლებში ნაღდი ფულის წილი საშუალოდ დაახლოებით 20%-ს შეადგენდა“, - დაწერა Telegram-არხმა "Твердые цифры" („მყარი ციფრები“) რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით.

„ნაღდი ფულის წილი აშკარად იზრდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძველ მაჩვენებლამდე ჯერ კიდევ შორია. ამაში გასაკვირი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ეკონომიკის დიგიტალიზაციის (გაციფრების) გაზრდილ დონეს და დეპოზიტებზე დაახლოებით 20%-იან საპროცენტო განაკვეთებს“, - უთხრა DW-ს საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის ევროპული პრაქტიკის დირექტორმა ალექსანდრ კოლიანდრმა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფულის მოცულობა იზრდება, პარალელურად იზრდება უნაღდო სახსრების მოცულობაც. თუმცა ეკონომისტები საინტერესო ცვლილებებს ამ მიმართულებითაც აფიქსირებენ: რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებში შენახული სახსრების საერთო მოცულობა მართალია იზრდება (ივლისისთვის თითქმის 68,4 ტრილიონ რუბლს მიაღწია), მაგრამ შენელდა ზრდის ტემპი: წლის დასაწყისიდან ზრდამ 1,3 ტრილიონი რუბლი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4,7 ტრილიონი იყო. გარდა ამისა, რუსეთის ცენტრალური ბანკი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ბანკებში სახსრების შედინება კონცენტრირებულია მიმდინარე ანგარიშებისა და მოკლევადიანი დეპოზიტების სეგმენტში, მაშინ როდესაც ივნისში გრძელვადიან ანაბრებზე არსებული თანხები შემცირდა“.

2026 წლის ივლისში საკრედიტო ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა დააფიქსირა ფიზიკური პირების ვადიან ანაბრებზე სახსრების შემცირება, - ამის შესახებ გამოცემა РБК-მა დაწერა. გამოცემის ექსპერტთა თქმით, საერთო ჯამში, ეს მოსალოდნელიც იყო. რუსეთში შემოსავლების ზრდა ნელდება, ხოლო ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ძირითადი განაკვეთის შემცირების პარალელურად, ასევე იკლებს. გერმანიის მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდის (SWP) ექსპერტის, იანის კლუგეს აზრით, სწორედ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ უფრო პოპულარული გახდა შემნახველი ანგარიშები, რომლებსაც ასევე მოაქვთ შემოსავალი, თუმცა ფული ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.

ანაბრების კონფისკაციისა და გაყინვის რისკები

რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ხმები, რომ რუსეთის ხელისუფლება მალე ანაბრებს გაყინავს ან თანხების გატანას შეზღუდავს. ამ თემას ახალი ბიძგი მისცა ცოტა ხნის წინ The Washington Post-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც ნაღდ ფულზე მოთხოვნის ზრდა ნაწილობრივ იმით არის ახსნილი, რომ რუსებს საკუთარი დანაზოგების უსაფრთხოების ეშინიათ. ამის შესახებ გამოცემას უამბო ანონიმურმა წყარომ, რომელიც ფინანსური ბლოკის ყოფილ ჩინოვნიკად არის მოხსენიებული.

თუმცა, DW-ს მიხედვით, არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ასეთი შიში ფართოდ არის გავრცელებული ანაბრების მფლობელებში.

“Google-სა და Yandex-ში საძიებო მოთხოვნების დინამიკა მასობრივი ინტერესის არარსებობაზე მიუთითებს. მაგალითად, Yandex-მა, რომელზეც რუსეთში საძიებო ტრაფიკის 75% მოდის, ივლისში მოთხოვნა „ანაბრების გაყინვა“ მხოლოდ 20,5 ათასჯერ დააფიქსირა. ქვეყანაში, სადაც ინტერნეტაუდიტორია 100 მილიონ ადამიანს აღემატება, ეს “სტატისტიკური ხმაურის” დონეა. შედარებისთვის, იმავე ივლისში მოთხოვნამ „მობილიზაცია“ 3,4 მილიონი ჩვენება დააგროვა, ხოლო მოთხოვნამ „სად არის ბენზინი“ - 7,6 მილიონი. როგორც ჩანს, მომხმარებლებს სწორედ ეს თემები აღელვებთ. საძიებო მოთხოვნების ისტორია იმის გაგებაშიც გვეხმარება, თუ საიდან გაჩნდა საერთოდ წარმოდგენა, რომ ანაბრებს რაღაც საფრთხე ემუქრება. თემისადმი ინტერესის პიკი - 89 ათასი მოთხოვნა, Yandex-მა 2024 წლის ნოემბერში დააფიქსირა. მანამდე ეს თემა საძიებო სისტემაში პრაქტიკულად საერთოდ არ გამოჩენილა”, - წერს DW.

გამოცემის ვარაუდით, ამ ყველაფრის ერთგვარი ტრიგერი შესაძლოა გახდა რადიოსადგურ „Говорит Москва“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალა. ნაკლებად ცნობილმა ეკონომისტმა ალექსეი ზუბეცმა რადიოს განუცხადა, რომ „[ძირითადი] საპროცენტო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“ და ამის გამო რუსეთის მოქალაქეებს შეიძლება ერთდროულად ათობით ტრილიონი რუბლის დეპოზიტებიდან გამოტანა მოუნდეთ, რაც „გიჟურ ინფლაციას“ გამოიწვევსო. ზუბეცმა მაშინ ისიც თქვა, ბანკების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ შესაძლოა თანხების გატანაზე შეზღუდვების დაწესებაზეც კი იფიქროსო.

ასევე ნახეთ

ნაციონალიზაციიდან „სახალხო პრივატიზაციამდე“ - როგორ აპირებს კრემლი ხალხის 60 ტრილიონი რუბლის გამოყენებას?

თუმცა ექსპერტები ასეთ სცენარს პრაქტიკულად წარმოუდგენლად მიიჩნევენ. ხელისუფლებას მოქალაქეების დანაზოგების მითვისება, ფაქტობრივად, წმინდა ტექნიკური მიზეზების გამოც არ შეუძლია - ბანკები ანაბრებზე განთავსებულ თანხებს სეიფებში არ ინახავენ, არამედ სესხების სახით გასცემენ. ანაბრების გაყინვა გაცილებით მეტ პრობლემას შექმნიდა: შეშინებული მეანაბრეები მაშინვე შეეცდებოდნენ თანხების გატანას თუნდაც მიმდინარე და შემნახველი ანგარიშებიდან, რაც გარდაუვალად ფინანსურ კრიზისს გამოიწვევდა, აღნიშნავს ანალიტიკური ცენტრის NEST-ის ექსპერტი სერგეი ალექსაშენკო.

გერმანული გამოცემა არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფოსა და ბანკებისადმი ნდობის შემცირება რუსეთის მოქალაქეების ფინანსური ქცევის ცვლილების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს, თუმცა ზედაპირზე სხვა, უფრო აშკარა მიზეზებიც ჩანს. DW ციტირებს ეკონომიკური და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CASE) დამფუძნებლის, დმიტრი ნეკრასოვის კომენტარს:

„რაც შეეხება ნაღდი ფულის რაოდენობის ზრდას, ეს დანაზოგების კი არა, ბრუნვის საკითხია: ხან გადახდის ტერმინალები არ მუშაობს, ხან რაღაც იწვის, ბიზნესის ნაწილი კი, ცხადია, დღგ-ის ზრდამ და მისი ამოღების გამკაცრებულმა კონტროლმა ჩრდილოვან სექტორში გადაიყვანა. მარტივად რომ ვთქვათ, ნაღდი ფულის რაოდენობა იმიტომ იზრდება, რომ ამ ეტაპზე ბევრისთვის მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელი გახდა“.

ასევე ნახეთ

რა ანგრევს რუსეთის საბანკო სისტემას

იმის შესახებ, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მოცულობის ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, ბიზნესის ჩრდილოვან სექტორში გადასვლითაც აიხსნება, ცოტა ხნის წინ „სბერბანკის“ ფინანსურმა დირექტორმა ტარას სკვორცოვმაც განაცხადა: „იქ, სადაც კლიენტი ადრე ნაღდი ფულით იხდიდა, ეს თანხა ყოველთვის ბრუნდებოდა ინკასაციის გზით, ახლა კი ასე აღარ ხდება. თანხა კლიენტებთან რჩება, როგორც ჩანს, ამ ფულით ხელფასებს იხდიან, პარტნიორებს უსწორდებიან. და ეს ჩრდილოვანი ბრუნვა იზრდება“.

როგორ გადის ფული რუსეთიდან

DW ვარაუდით, არსებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეების პანიკაში არ არიან და, რომ ისინი, პირიქით, საკმაოდ რაციონალურად მოქმედებენ: მობილური ინტერნეტის მოსალოდნელი გათიშვის გამო, როდესაც გადახდის ტერმინალები და მობილური აპლიკაციები წყვეტენ მუშაობას, მოქალაქეები თან დაატარებენ ნაღდი ფულის აუცილებელ მარაგს. ამასთან, ძირითად დანაზოგებს ისინი კვლავ ბანკებში ინახავენ. ბიზნესი კი ნაღდი ფულის დახმარებით იმავე პრობლემებს ეგუება და გაზრდილი საგადასახადო ტვირთის ოპტიმიზაციას ცდილობს.

მსხვილი კაპიტალის მქონე მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი რაციონალური ნაბიჯი კაპიტალის ნაწილის საზღვარგარეთ გატანაა - თუნდაც ელემენტარული დივერსიფიკაციის მიზნით. რუსეთის ეკონომიკის პერსპექტივები ოპტიმიზმს თავად რუსეთის ხელისუფლებაშიც კი არ იწვევს. ამასთან, არც კერძო კომპანიების ნაციონალიზაციის პროცესი ანელებს ტემპს. რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გარე მართვის შემოღების უფლებას იძლევა. რუსეთში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღალია, თუმცა რისკებიც იზრდება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ არსებობს აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ კაპიტალის მასობრივი გადინების პროცესი მართლაც დაწყებულია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მდებარე ანგარიშებზე 321 მილიარდი რუბლი გადარიცხეს, რაც წლის დასაწყისიდან მაქსიმალური მაჩვენებელია. თუმცა რუსეთის ცენტრალური ბანკი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში თანხების მოცულობა დაახლოებით ამავე დონეზე იყო. ექსპერტთა თქმით კი, ვინაიდან წინა წლების დეტალური სტატისტიკა არ არსებობს, მკაფიო დასკვნების გაკეთება რთულია. ამასთან, პირდაპირი გადარიცხვები - განსაკუთრებით დასავლურ ბანკებში - სანქციების გამო იმდენად გართულებულია, რომ ასეთი გადარიცხვები კაპიტალის გატანის მთავარ არხად ვერ იქცევიან.

ასევე ნახეთ

რუსეთში საწვავის კრიზისი სოფლის მეურნეობასაც ურტყამს - ეკონომისტები სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

იმის შესახებ, რომ რუსეთიდან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თანხები გადის ისე, რომ სტატისტიკაში აშკარა კვალი არ რჩება, 2026 წლის ივლისში სააგენტო Bloomberg-მა დაწერა. სააგენტოს ინფორმაციით, ეს პროცესი გააქტიურდა 2025 წლის განმავლობაში (განსაკუთრებით ბოლო თვეებში). მთლიანობაში, 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან შესაძლოა ათობით მილიარდი დოლარი გასულიყო. Bloomberg-ის მონაცემებით, კაპიტალი საზღვარგარეთ გადააქვთ ვლადიმირ პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ პირებსაც. მთავარ მიზეზებად სახელდება რუსეთის ეკონომიკის ზრდის შენელება და ნაციონალიზაციის შიში. სააგენტოს წყაროების თქმით, კაპიტალის დასაცავად შესაძლოა გამოიყენებოდეს ოქრო, უძრავი ქონება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და აფრიკის ქვეყნებში, ასევე კრიპტოვალუტა და სტრუქტურები „მეგობრულ“ იურისდიქციებში, იმავე საამიროებში, სომხეთსა და ყაზახეთში.

The Washington Post-ის რესპონდენტებიც ამბობენ, რომ რუსეთიდან კაპიტალის გატანით არა მხოლოდ ყველაზე მდიდარი, არამედ უბრალოდ შეძლებული რუსებიც არიან დაკავებული.

„ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ცდილობს ფული გაიტანოს, თუმცა ამის გაკეთება სულ უფრო რთულდება“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. The Washington Post-ის წყაროებმა ყველაზე ხელმისაწვდომ არხად დაასახელეს ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში არსებული საბროკერო ანგარიშები. ექსპერტთა თქმით, სავარაუდო სქემა ასეთია: თანხა ყაზახეთში მოქმედი ბროკერის ანგარიშზე გადაირიცხება, იქიდან კი ჯერ ევროპელ ბროკერის, შემდეგ კი ევროპის რომელიმე ბანკის საბანკო ანგარიშზე გადააქვთ, რაც პირდაპირ საბანკო გადარიცხვაზე მარტივი და იაფია.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმისაწვდომი მონაცემები რუსი ფიზიკური პირების მიერ სხვა ქვეყნების ბროკერებთან განხორციელებული გადარიცხვების მოცულობა მთლიანობაში მართლაც გაზრდილია. 2026 წლის პირველ ნახევარში ამ თანხამ შეადგინა 183 მილიარდი რუბლი, რომლის ძირითადი ნაწილიც აპრილიდან ივნისამდე პერიოდში გადაირიცხა. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 175 მილიარდ რუბლს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში — 101,6 მილიარდ რუბლს.

„რუსებს რეგულარულად ვიღებთ - ნაკადი მოდის. ვიღაც ფულს ტრანზიტით სხვაგან გზავნის, ვიღაც ამ თანხას აქ ტოვებს“, - უთხრა DW-ს ერთ-ერთი ყაზახური ბანკის საინვესტიციო განყოფილების თანამშრომელმა.

ასევე ნახეთ

Financial Times-ი: გრეფმა და ნაბიულინამ პუტინი ვერ დაარწმუნეს არ შეჭრილიყო უკრაინაში

“ქეშის” დაწინაურება

2022 წლის შემდეგ პირველად, რუსეთში დანაზოგის შენახვის ყველაზე პოპულარული ფორმა ნაღდი ფული გახდა, ხოლო აქტივებისა და სახსრების მოცულობით რუსეთის სიდიდით მეორე ბანკის, ВТБ-ის აქციებმა, საჯარო განთავსების შემდეგ პირველად, ისტორიული მინიმუმი განაახლა და ნომინალურ ღირებულებაზე ქვემოთ ჩამოვიდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნდა მისივე დაკვეთით აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელიც ინფლაციურ მოლოდინებსა და მომხმარებელთა განწყობებს ეხება. ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა:

„თქვენი აზრით, ამჟამად რა ფორმით ჯობს დანაზოგის შენახვა - საბანკო ანგარიშზე (დეპოზიტზე, მოთხოვნამდე ანგარიშზე ან საბანკო ბარათის ანგარიშზე) თუ ნაღდი ფულის სახით, მათ შორის საბანკო სეიფში?“

გამოკითხვა ყოველთვიურად ტარდება. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად იმ რუსების წილი, რომლებიც ნაღდ ფულს ანიჭებენ უპირატესობას, იმ ადამიანების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, ვინც საბანკო ანგარიშს საკმარისად საიმედოდ მიიჩნევს. ნაღდი ფული აირჩია 37% -მა, ბანკები კი - 36%-მა. ეს იმას ნიშნავს, რომ საბანკო სისტემის მიმართ რუსეთის მოქალაქეების ნდობის დონე დაბრუნდა იმ დროის მაჩვენებელზე, როდესაც რუსეთში ომის პირველი შოკი და სრული გაურკვევლობა სუფევდა.

კიდევ ერთი სიახლე: რუსეთის სიდიდით მეორე, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ბანკ ВТБ-ის („ვითიბი“) აქციებმა 27 აგვისტოს ისტორიული მინიმუმი განაახლა. ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც ბანკის აქციები 2007 წელს საჯაროდ განთავსდა. აქციების ფასი დაეცა ნომინალურ ღირებულებაზეც კი დაბლა, რომელიც ამჟამად ერთ აქციაზე 50 რუბლს შეადგენს. გაუფასურებულია „სბერბანკის“ აქციებიც და MMVB-ის საფინანსო სექტორის ინდექსიც, რომელიც ამ წლის დასაწყისის მაჩვენებელზე დაბალია და აპრილთან შედარებით თითქმის 20%-ით ნაკლებს შეადგენს.

“თვეზე ოდნავ მეტი ხნის წინ, როდესაც სასაწყობო კომპლექსებზე დარტყმები დაიწყო, მე ვთქვი, რომ ამ თავდასხმების ერთ-ერთი შედეგი საბანკო სისტემაზე დარტყმა იქნებოდა. საქმე ის არის, რომ როგორც მარკეტპლეისები, ისე ასობით ათასი დაზარალებული გამყიდველი რუსული ბანკების მოვალეები არიან და ახლო მომავალში მათ შესაძლოა საკუთარი სესხების მომსახურება ვეღარ შეძლონ”, - ამბობს რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი, მაქსიმ ბლანტი, რომელიც “ნადდი ფულის“ გამოკითხვაში დაწინაურებასაც უძებნის ახსნას:

“პრიმორსკის მხარის ციფრული განვითარების სამინისტრომ რეგიონის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სექტემბრის პირველ დღეებში, ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ჩატარების პერიოდში, მოსალოდნელია სტაციონარული და მობილური კავშირის შეფერხება. ფორუმში ვლადიმირ პუტინიც მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ურჩია, ნაღდი ფული მოიმარაგონ”, - ამბობს ანალიტიკოსი.

ასევე ნახეთ

პუტინის ყველაზე რთული არჩევნები: ომი, ეკონომიკური კრიზისი და კრემლის შიშები