რატომ ვერ თანხმდებიან უკრაინელები და პოლონელები საერთო ისტორიაზე? – კანადელი ისტორიკოსის პასუხები

მიროსლავ შკანდრიი - მანიტობას უნივერსიტეტის გერმანული და სლავური კვლევების დეპარტამენტის პროფესორი და მრავალი ნაშრომის ავტორი

უკრაინასა და პოლონეთს შორის ისტორიული მეხსიერების გამო დაძაბულობა კვლავ არ ცხრება. ამ ფონზე კანადელი ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე მიროსლავ შკანდრი ცდილობს, ОУН-ისა და УПА-ს ისტორია მითებისა და პოლიტიკური შეფასებების მიღმა, ისტორიული კონტექსტისა და დოკუმენტების საფუძველზე გააანალიზოს.

“უკრაინული ნაციონალიზმი: პოლიტიკა, იდეოლოგია და ლიტერატურა, 1929–1956“ - ასე ჰქვია კანადელი ლიტერატურათმცოდნისა და ისტორიკოსის, მიროსლავ შკანდრის წიგნს, რომელიც უკრაინულ ენაზე გამომცემლობა „Локальна історія”-ს მიერ გამოიცა.

მიროსლავ შკანდრი მანიტობის უნივერსიტეტის (The University of Manitoba) პროფესორია, გერმანისტიკისა და სლავისტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და მრავალი ნაშრომის ავტორი.

როგორი იყო უკრაინული მოძრაობა და რომელი იდეოლოგიების გავლენას განიცდიდა ის? როგორ შეიქმნა „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია“ (ОУН) და ვინ იყვნენ მისი იდეოლოგები? რა როლი ითამაშა „უკრაინის აჯანყებულთა არმიამ“ (УПА) უკრაინის ისტორიაში? ამის შესახებ კანადელ მკვლევარს რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქცია ესაუბრა.

– უკრაინულ ნაციონალიზმს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს; სხვადასხვა სიტყვებით, მნიშვნელობებითა და კონოტაციებით ახასიათებს. უკრაინული მოძრაობა დამახინჯებულია - მრავალი მითითა, რომელთა შექმნაშიც კრემლს დიდი წვლილი მიუძღვის. ბატონო პროფესორო, რას ნიშნავს თქვენთვის უკრაინული ნაციონალიზმი? რა შინაარსს დებთ ამ ცნებაში?

– ამ კითხვაზე სხვადასხვა პასუხი არსებობს. ნაციონალიზმის სხვადასხვა ფორმა გულისხმობს ბრძოლას უკრაინის იდეისთვის, უკრაინული იდენტობის გამოვლენისთვის, ავტონომიის ან დამოუკიდებლობისთვის.

ჩემი აზრით, თითოეულ ისტორიულ პერიოდში ადამიანები განსხვავებულად იბრძოდნენ და მათ, გარკვეულწილად, განსხვავებული იდეოლოგიაც ჰქონდათ. მაგრამ მთავარი იყო თვითგამორკვევა - სურვილი, იყო ის, ვინც ხარ, იყო უკრაინელი, იყო უკრაინა, და ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვითგამორკვევა. თუმცა, როგორ განიმარტავთ ამ თვითგამორკვევას? თითოეულ დეკადასა და თაობაში იგი განსხვავებულ სახეს იღებდა. არსებობდა დემოკრატიული ეროვნული მოძრაობა, სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ერისა და უკრაინული სახელმწიფოსთვის იბრძოდნენ; იყვნენ ასევე ეროვნული (ნაციონალ) ბოლშევიკებიც. ყოველ თაობაში ეს მოძრაობა განსხვავებულად გამოიყურებოდა.

ჩემს წიგნში მხოლოდ ერთ თაობაზე - ომებს შორის პერიოდზე (პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის - რედ.) - დავწერე, რადგან ამ ეპოქას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. იმ პერიოდში, გერმანიისა და იტალიის გავლენით, თითქმის მთელი ევროპა მემარჯვენე პოლიტიკისკენ გადაიხარა. ჩამოყალიბდა ახალი იდეოლოგია, რომელსაც ზოგი უკიდურეს მემარჯვენეობას უწოდებს. თუმცა ამ თაობაშიც კი ნაციონალიზმის სხვადასხვა გაგება და ეროვნული განთავისუფლებისთვის ბრძოლის განსხვავებული მიდგომები არსებობდა.

ვეცადე, სწორედ ამ თაობაზე მესაუბრა და ვცადე ეს მოძრაობა უფრო ფართო ისტორიულ კონტექსტში დამენახვებინა.

ასევე ნახეთ

პოლონეთმა ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა

– არსებობს პოლონური ნაციონალიზმი, იტალიური, ფრანგული, გერმანული... მაგრამ დღემდე თანამედროვე დისკურსში ხშირია მცდელობა სწორედ უკრაინული ნაციონალიზმი წარმოაჩინონ უარყოფითად. რატომ?

– იმიტომ, რომ ყურადღებას მხოლოდ 1930-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1940-იანი წლების პირველ სამ წელზე ამახვილებენ. თუ ვისაუბრებთ კირილესა და მეთოდეს საძმოზე, XIX საუკუნის 1840-იან წლებზე, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებზე, XX საუკუნის 1920-იანი წლების კულტურულ აღორძინებაზე ან დისიდენტურ მოძრაობაზე, მაშინ ნაციონალიზმის ცნება გაცილებით გასაგები ხდება. ის ძალიან ჰგავს იმას, რაც XIX საუკუნეში ევროპაში ხდებოდა; იმას, რაც XX საუკუნის დასაწყისში ირლანდიაში ხდებოდა; ან იმას, რაც დღესაც ხდება შოტლანდიაში, უელსში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში.

ვფიქრობ, მისი შედარება შეიძლება ალჟირთან, ვიეტნამთან და დეკოლონიზაციის იმ მოძრაობებთანაც, რომლებიც იმპერიული ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუ უკრაინულ ნაციონალიზმს სწორედ ასეთ კონტექსტში ავხსნით და განვიხილავთ, ის სრულიად სხვაგვარად წარმოჩნდება. და ეს აუცილებელია. პოლიტოლოგი ალექსანდრ მოტილი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და უკრაინულ ნაციონალიზმს სწორედ ამგვარად განმარტავს.

მიროსლავ შკანდრიი

ОУН-ის იდეოლოგია

– წიგნში 1920–1956 წლების პერიოდს გამოყოფთ. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ უკრაინული ნაციონალიზმის ათვლა 1929 წლიდან, ОУН-ის შექმნის დროიდან უნდა დაიწყოს. რატომ შეარჩიეთ სწორედ ეს პერიოდი?

– ინგლისურენოვან გამოცემაში დავწერე - 1929-1956 წლები. თუმცა გამომცემლობის გადაწყვეტილებასაც თავისი ლოგიკა ჰქონდა, როდესაც საწყის თარიღად 1920 წელი აირჩია. საქმე ისაა, რომ წარუმატებელმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლებმა დასავლური სახელმწიფოებისა და დემოკრატიული საპარლამენტო სისტემების მიმართ ღრმა იმედგაცრუება წარმოშვა.

შეიქმნა განცდა, რომ უკრაინა ბედის ანაბარად დატოვეს, დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ მისცეს და სათანადოდ არ დაუჭირეს მხარი.

შეიქმნა განცდა, რომ უკრაინა ბედის ანაბარად დატოვეს, დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა არ მისცეს და უკრაინის რევოლუციის (1917–1921 წლები – რედ.) პერიოდში სათანადოდ არ დაუჭირეს მხარი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ დაიწყო უკრაინული ნაციონალიზმის სხვა მიმართულებით განვითარება. სიჩის მსროლელთა ფორმირებების (უკრ. Січові Стрільці) თაობის ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის სახალხო რესპუბლიკისთვის იბრძოდნენ, ღრმად იყვნენ იმედგაცრუებულნი იმდროინდელი მოვლენებით. 1920 წლიდან იატაკქვეშა მოძრაობის ორგანიზება დაიწყეს. თავდაპირველად შეიქმნა უკრაინის სამხედრო ორგანიზაცია (УВО), რომელიც 1929 წელს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციად (ОУН) გარდაიქმნა. ამიტომ, ფართო კონტექსტი უნდა ავიღოთ. და ეს სავსებით გამართლებულია, როცა ვსაუბრობთ ერთ თაობაზე, რომელმაც ომებს შორის პერიოდის უკრაინული ნაციონალიზმი ჩამოაყალიბა.

– ეს მოხდა სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში. როდესაც იმდროინდელ პოლონეთის სახელმწიფოში მცხოვრები უკრაინელები ზეწოლას განიცდიდნენ, როდესაც ირღვეოდა შეთანხმებები. სწორედ ამ დროს გაერთიანდნენ ისინი უკრაინულ მოძრაობაში.

– დიახ. და ისინი მხოლოდ დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლები არ ყოფილან. ჩემთვის ერთ-ერთი მოულოდნელი აღმოჩენა იყო ის, რომ ამ მოძრაობას აღმოსავლეთ უკრაინის მრავალი ინტელექტუალიც შეუერთდა. განსაკუთრებით მწერლები, რომელთაგან ბევრი იმდროინდელი ტერმინით „დიდი უკრაინიდან“ იყო. სწორედ ისინი მონაწილეობდნენ ამ იდეოლოგიისა და მითოლოგიის შექმნაში, რომელიც ლიტერატურაშიც აისახა.

– ОУН-ის იდეოლოგებს შორის 16 გალიციელი და 14 „ნადნიპრიანშჩინელი“ იყო.

Наддніпрянщина - ისტორიული რეგიონი ცენტრალურ უკრაინაში, მდინარე დნეპრის ხეობაში.

– დიახ, და ეს ბევრისთვის მოულოდნელია, რადგან გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ОУН-ი მხოლოდ გალიციისა და დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლებმა შექმნეს. სინამდვილეში ეს ბევრად უფრო ფართო მოვლენა იყო და სწორედ ამიტომაც არის საინტერესო.

– თქვენი წიგნის პირველი გამოცემა, უპირველეს ყოვლისა, დასავლელი მკითხველისთვის იყო განკუთვნილი. რაზე გაამახვილეთ ყველაზე მეტად ყურადღება? თქვენ ხომ უამრავი საარქივო მასალა შეისწავლეთ. რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა?

– წიგნი პოლიტიკით დავიწყე, რადგან დასავლეთში ОУН-თან დაკავშირებულ უკრაინელ ნაციონალისტებს ძალიან მწვავედ აკრიტიკებდნენ როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს მათი ქმედებების, ისე იდეოლოგიის გამო. ამიტომ გადავწყვიტე, თავიდანვე ფაქტებზე მესაუბრა - რა მოხდა სინამდვილეში. ვკითხულობდი ОУН -ის იდეოლოგიურ ტექსტებს და ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, რომ ყველაფერი გაცილებით რთული იყო, ვიდრე ამას ზოგადად წარმოაჩენდნენ. შევისწავლე მათი ჟურნალები, პოლიტიკური პროგრამები და დავინახე, რომ იქ ბევრად უფრო რთული სურათი იკვეთებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ.

ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო იმ მწერლების მხატვრული ლიტერატურის გაცნობაც, რომლებიც ОУН -თან იყვნენ დაახლოებულნი. ამან თვალი ამიხილა იმაზე, რომ მათ მიერ შექმნილ მითოლოგიაში არსებობდა გარკვეული კოდირებული მიზნები, კოდირებული სტრუქტურა და აზროვნების განსაკუთრებული მოდელი. ამან სრულიად ახალი პერსპექტივიდან დამანახვა ეს თაობა. მივხვდი, რომ ეს თაობა ვითარდებოდა, რომ მასში სხვადასხვა ადამიანი და განსხვავებული მიდგომები არსებობდა. ისინი ერთმანეთთან ხშირად კამათობდნენ და ჩხუბობდნენ.

კონოვალეცის პერიოდში ОУН-ის დამფუძნებელ ლიდერებსა და ოფიცრებს შორის მიმოწერაში ჩანს, რამდენად მწვავე დისკუსიები ჰქონდათ ერთმანეთთან – იტალიურ ფაშიზმზე, ჰიტლერიზმზე, ანტისემიტიზმზე, იმაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა სახელმწიფო ავტორიტარული და საერთოდ როგორი სახელმწიფო უნდა შეექმნათ. ისინი ხშირად ვერ თანხმდებოდნენ. გარეგნულად ეს ყოველთვის არ ჩანდა, მაგრამ ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რაც ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ამ ყველაფერზე წიგნშიც მომეყოლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იდეოლოგიას ვეხებოდი.

ეს ისტორიის ისეთი ფურცელია, რომელიც ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი.

პროფესორ მიროსლავ შკანდრიის შეხვედრა მკითხველებთან

თაობათა კონფლიქტი

– თქვენს წიგნში ბევრ უკრაინელ იდეოლოგსა და მწერალზე წერთ - კონოვალეცზე, სციბორსკიზე, მარტინეცზე, ლიპაზე და სხვებზე. თუ მათ წარმომავლობასა და განათლებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი განათლებული, ინტელიგენტი ადამიანები იყვნენ. უმეტესობა ძალიან ახალგაზრდა - ოცდაათ წლამდეც კი - უკვე წერდა, მოქმედებდა და საკუთარ იდეებს აყალიბებდა. როგორ დაახასიათებდით ომებს შორის პერიოდის ამ უკრაინულ თაობას?

– ძნელია ამ ადამიანების ერთიანი შეფასება ან მათთვის ერთი მახასიათებლის მორგება, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, განსხვავებული შეხედულებები და მიდგომები ჰქონდათ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც მათ აერთიანებდათ, იმედგაცრუება იყო. ღრმად იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა ვერ მოიპოვა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ შენარჩუნდა. ეს იმედგაცრუება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა.

ბევრ მათგანს უკმაყოფილება და სიბრაზეც ახასიათებდა. ყველა ცდილობდა, წარუმატებლობის მიზეზი ეპოვა. რატომ ვერ შეინარჩუნა არსებობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ (УНР)? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი ჰქონდა. საერთოდ, ОУН-ის თაობა, ანუ ომებს შორის პერიოდის ეს თაობა, სხვაგვარად აზროვნებდა.

მაგრამ უფროსმა თაობამ - ადამიანებმა, რომლებიც УНР-ის შექმნის მცდელობაში მონაწილეობდნენ (მაგალითად, ისააკ მაზეპა, მიკიტა შაპოვალი და პავლო ქრისტიუკი) შესანიშნავი მემუარები დაწერეს. ისინი ღრმად აანალიზებდნენ მარცხის მიზეზებს. მათი აზრით, მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი წყობის დამახინჯებული სტრუქტურა იყო. უკრაინელები ქალაქებში გავლენიან ძალას არ წარმოადგენდნენ. ქვეყანა, უმეტესწილად, ჯერ კიდევ არ იყო ურბანული ცივილიზაცია. ქალაქები მათთვის გაუცხოებულ სივრცედ რჩებოდა. არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის ტექნიკური ინტელიგენცია - ადამიანები, რომლებიც უკრაინული სახელმწიფოს აშენებას შეძლებდნენ. სწორედ ასე ხსნიდნენ ისინი წარუმატებლობას.

უმცროს თაობას კი - იმ ადამიანებს, რომლებმაც ОУН -ის შექმნა დაიწყეს და ახალგაზრდების გადაბირება მოახერხეს - სხვა წარმოდგენა ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ წინა თაობა საკმარისად მტკიცე, შეუვალი და თავდადებული არ იყო, რომ უკრაინელ ხალხში ნებისყოფა უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მოუწოდებდნენ ერთიანი არმიის შექმნისკენ, ერთგული, თავგანწირული ადამიანების გაერთიანებისკენ, რომლებიც დიდი მიზნისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდოდნენ.

– და ამან იმუშავა?

– დიახ. სწორედ ამის გაგებას ვცდილობდი, რატომ იზიდავდა ასეთი იდეოლოგია ამდენ ახალგაზრდას, განსაკუთრებით გალიციაში. ერთ-ერთი პასუხი ასეთია: უნდა წაიკითხოთ იმდროინდელი მხატვრული ლიტერატურა. ამ იდეების დიდი ნაწილი პოეზიაში, რომანებსა და მოთხრობებში გადავიდა. გაჩნდა მწერლებისა და პოეტების მთელი თაობა, რომელიც საზოგადოებას შთააგონებდა, რომ იარაღით ბრძოლისთვის ყოფილიყვნენ მზად, საკუთარი თავი დიადი მიზნისთვის შეეწირათ. ვფიქრობ, ეს ძალზე საინტერესო ისტორიული მოვლენაა.

გაჩნდა მწერლებისა და პოეტების მთელი თაობა, რომელიც საზოგადოებას შთააგონებდა, რომ იარაღით ბრძოლისთვის ყოფილიყვნენ მზად, საკუთარი თავი დიადი მიზნისთვის შეეწირათ.

ბევრი, ვინც ჩემს წიგნს კითხულობს, გაკვირვებულია იმით, რამდენად ბევრი იბეჭდებოდა იმ პერიოდში და რა უზარმაზარ ენერგიას დებდნენ უკრაინელები ლიტერატურაში. როგორც გალიციაში, ისე ბუკოვინასა და ემიგრაციაშიც - იქმნებოდა დიდი რაოდენობით საინტერესო ლიტერატურა, რომელმაც ამ ახალგაზრდა თაობის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

– და ეს ახალგაზრდობა აღარ უსმენდა მშობლებს, აღარ უსმენდა ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას, კერძოდ, მიტროპოლიტ ანდრეი შეპტიცკის, რომელიც აფრთხილებდა მათ, არ დაჰყოლოდნენ უცხო სახელმწიფოების გავლენას, არ გადასულიყვნენ რადიკალიზმში და არ ჩაედინათ დანაშაული, ანუ არ მოეკლათ.

– ახალგაზრდა თაობა ძალიან ხშირად არ უსმენს მშობლებს - ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ყველა თაობა უშვებს შეცდომებს. უფროსი თაობა და საერთოდ გალიციის მოსახლეობის უმეტესობა ხმას აძლევდა უკრაინის ეროვნულ-დემოკრატიული გაერთიანების (УНДО) პარტიას, რომელიც დემოკრატიულ პოზიციებზე იდგა, მზად იყო მოლაპარაკებების, დისკუსიებისა და პოლონეთის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვისაც კი. ახალმა თაობამ კი ეს გზა უარყო. მათი აზრით, კომპრომისზე წამსვლელი ადამიანები ზედმეტად რბილები იყვნენ და საკმარის სიმტკიცეს არ იჩენდნენ. ახალგაზრდობისთვის დამახასიათებელი შეუწყნარებლობა მაშინ პოლიტიკაშიც მკაფიოდ იგრძნობოდა. მათი განწყობა ასეთი იყო: საქმე და მოქმედება – და არა საუბარი. სწორედ ასეთი სულისკვეთება სუფევდა ომებს შორის პერიოდის უკრაინელ ახალგაზრდებში.

– სტეპან ბანდერა ამ რადიკალური ახალგაზრდა თაობის ლიდერი გახდა გალიციაში. სხვათა შორის, 1930 წელს ბანდერა მხოლოდ 21 წლის იყო. ის ბუნებრივად შეერწყა ამ ახალგაზრდულ გარემოს თუ თავიდანვე იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რათა მოძრაობის ლიდერი გამხდარიყო?

– დარწმუნებული არ ვარ. ვფიქრობ, ის ბუნებრივად ეკუთვნოდა იმ „ცხელთავიანებს“, რომლებსაც ყველაფერი დაუყოვნებლივ და სრულად სურდათ. მათ სჯეროდათ, რომ უკრაინის ყველა ნაწილი უნდა გაერთიანებულიყო, უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი უკრაინა - კარპატებიდან აზოვის ზღვამდე. და ამ მიზნისთვის ისინი მზად იყვნენ ებრძოლათ ჩეხოსლოვაკიის, პოლონეთის, რუმინეთისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს სრულიად უკომპრომისო დამოკიდებულება იყო.

– სრული თავგანწირვის იდეა?

– სინამდვილეში ისინი ძალიან ბევრნი არ იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ორგანიზაციას, ალბათ, დაახლოებით 9 ათასი წევრი ჰყავდა, თანამგრძნობების გარეშე. ცხადია, ეს დიდი რიცხვი არ არის, მაგრამ ისინი გალიციაში კარგად ორგანიზებულნი იყვნენ და ძლიერი იატაკქვეშა ქსელი ჰქონდათ. მათ გარკვეული პოპულარობა სწორედ ფანატიკური ხელმძღვანელობის წყალობით მოიპოვეს.

თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ყველა პოლიტიკური პარტია მყისიერად აიკრძალა. პოლონეთის სახელმწიფო გაქრა, მოვიდნენ გერმანელები, მოგვიანებით კი გალიციაზე კონტროლი დაამყარა საბჭოთა წითელმა არმიამ. ყველა უკრაინული პარტია გაქრა, ОУН კი არსებობას განაგრძობდა, რადგან იატაკქვეშა ორგანიზაცია ჰქონდა. ამან დიდი ავტორიტეტი შესძინა ორგანიზაციას, რომლის წევრები ამბობდნენ: „ხედავთ, ჩვენ თავიდანვე ვხვდებოდით, რომ შეიარაღებული ბრძოლა გარდაუვალი იყო და ამიტომ იატაკქვეშა ორგანიზაცია შევქმენით. ახლა მხოლოდ ჩვენ წარმოვადგენთ უკრაინას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას.“

– და იმ დროისთვის მართლებიც იყვნენ, ამიტომაც გაიზარდა მათი ავტორიტეტი.

– დიახ. გარკვეულწილად ეს ხსნის იმასაც, თუ რატომ არიან ისინი დღესაც პოპულარულები. რამეთუ ამ ორგანიზაციამ აჩვენა, რომ შეიარაღებული ბრძოლის გარეშე დამოუკიდებელი უკრაინა ვერ იარსებებს. იმავეს ამბობდა სიმონ პეტლიურაც.

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მონაწილეები მუდმივად იმეორებდნენ, რომ ხალხი მზად უნდა ყოფილიყო ბრძოლისთვის. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ რჩება პეტლიურაც პოპულარულ ფიგურად უკრაინაში, ისევე როგორც ისინი, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს მზად იყვნენ ბრძოლისთვის.

ОУН-ი და დონცოვი

– ОУН-ში სამ მიმდინარეობას გამოყოფთ - ეროვნულ-დემოკრატიულს და ორ რადიკალურს: საკუთრივ ОУН-ის და დონცოვის მიმართულებებს. დმიტრო დონცოვი ლვოვში ცხოვრობდა და მუშაობდა. ახალგაზრდობაც უსმენდა, პოპულარულიც იყო და გავლენიანიც. თუმცა ОУН-ში არასოდეს გაწევრიანებულა. რატომ თანამშრომლობდა მასთან ОУН-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ევგენ კონოვალეცი, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ბევრი წევრი მის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი?

– კონოვალეცსა და ОУН-ის ხელმძღვანელობას სურდათ, რომ დონცოვი მათ მოძრაობას შეერთებოდა. მაგრამ დონცოვს არც შეეძლო და არც უნდოდა რომელიმე ორგანიზაციის დაქვემდებარებული ყოფილიყო. ამავე დროს, „ოუნელებსაც“ ეშინოდათ მისი გავლენისაც. დონცოვს ხომ საკუთარი ჟურნალი ჰქონდა.

დონცოვი მშვიდად ცხოვრობდა ვარშავაში და აქვეყნებდა ძალიან მწვავე სტატიებს საბჭოთა კავშირისა და ბოლშევიზმის წინააღმდეგ. ეს პუბლიკაციები დიდი პოპულარობით სარგებლობდა განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ОУН-ს კი სწორედ ახალგაზრდების მიეზიდვა სურდა და ძალისხმევას არ იშურებდა, რათა დონცოვს ისინი ორგანიზაციისგან არ ჩამოეშორებინა. ამიტომ საჯაროდ დონცოვის კრიტიკას ერიდებოდნენ, თუმცა პირად მიმოწერასა და საუბრებში ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ. განსაკუთრებით მწვავედ გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ ანდრიევსკი, მარტინეცი და ონაცკი. ონაცკი რამდენჯერმე აპირებდა საჯარო კრიტიკას, მაგრამ კონოვალეცი აჩერებდა და ეუბნებოდა: „ჯერ ამის დრო არ არის, ასეთი დისკუსიისთვის ჯერ მზად არ ვართ.“

ამ თვალსაზრისით დონცოვს გარკვეულწილად გაუმართლა. თუმცა გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება - დონცოვს პოლონეთის ხელისუფლებასთან განსაკუთრებული შეთანხმება ჰქონდა. ის არასოდეს აკრიტიკებდა პოლონეთის ხელისუფლებას. არადა, ამავე დროს, პოლონეთის ხელისუფლება ОУН-ის წევრებს აპატიმრებდა, საჯაროდ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა, მუდმივად დევნიდა, ასამართლებდა და ციხეებსა თუ ბანაკებში გზავნიდა. დონცოვი კი მშვიდად ცხოვრობდა, რადგან არსებობდა შეთანხმება: თუ მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და ბოლშევიზმს გააკრიტიკებდა, ხელს არ ახლებდნენ.

– ანუ პოლონეთის ხელისუფლებისთვის ის სასარგებლო ფიგურა იყო?

– დიახ, და ამას ორივე მხარე კარგად აცნობიერებდა. პოლონეთის ხელისუფლებას სჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მთელ აგრესიას ბოლშევიზმის წინააღმდეგ მიმართავდა და პოლონეთის შიდა პრობლემებზე არ ისაუბრებდა. თუმცა დონცოვი ყოველთვის ერთი სქემით მოქმედებდა: მისთვის აუცილებელი იყო ფარი, ძლიერი სახელმწიფოს სახით. ის სკოროპადსკის ჰეტმანურ სახელმწიფოში პრესმდივნის თანამდებობას მაშინ იკავებდა, როცა ხელისუფლებას გერმანელები აკონტროლებდნენ. ასე რომ დონცოვმა იცოდა, რომ მის უკან გერმანია იდგა.

შემდგომ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, დონცოვი ძალიან სწრაფად გადაიხარა ჰიტლერის პოლიტიკისკენ. პრაღაში გერმანული ინსტიტუტისთვისაც კი მუშაობდა. იმ პერიოდში აქვეყნებდა აშკარად რასისტული შინაარსის ტექსტებს. თუმცა მას ყოველთვის ზურგს უმაგრებდა ძლიერი სახელმწიფო და სწორედ ამან იქონია გავლენა მის იდეოლოგიაზე.

დონცოვი მოუწოდებდა ფანატიზმისკენ, მაგრამ, სინამდვილეში, უბრალო ადამიანები დიდად არ უყვარდა. მისთვის ისინი მხოლოდ ბრბო იყვნენ – „წიწიბურაჭამიები“, „ბალახისმჭამელები“, ადამიანები, რომლებსაც უნდა მართავდე და საკუთარი მიზნებისთვის იყენებდე. დონცოვი საკუთარი უპირატესობის, აღმატებულობის განცდით ცხოვრობდა.

ОУН-ის წევრებმა ეს იგრძნეს და ამის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ. ისინი ცდილობდნენ, ხალხი ОУН-ში გაეერთიანებინათ და მათთვის მნიშვნელოვანი იყო უკრაინელებისა და უკრაინელი ხალხის დადებითი სახის შექმნა. დონცოვის ნეგატიურ დამოკიდებულებას ისინი საშიშად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს მოძრაობას დააზიანებდა.

დონცოვს მიაჩნდა, რომ თავად უნდა ემართა გამოცემა, რომელიც მის იდეებს გაავრცელებდა. მოგვიანებით ფინანსებიც მოიძია და დამოუკიდებლად გამოსცემდა ჟურნალ „Вестник“-ს („მაცნე“). ამ გამოცემაში ძალიან ცოტა ავტორი თანამშრომლობდა - ხშირად დონცოვი თავად წერდა სტატიებს, მათ შორის ფსევდონიმებით. და ეს ჟურნალი საკმაოდ პოპულარული იყო.

მიროსლავ შკანდრიი

– საერთოდ, როგორ ახერხებდა ОУН-ი ფინანსური რესურსების მოზიდვას? ჟურნალები, გაზეთები და სხვა საქმიანობა ხომ მნიშვნელოვან დაფინანსებას მოითხოვდა.

– ეს სხვადასხვა პერიოდზეა დამოკიდებული. თავდაპირველად ევგენ კონოვალეცმა და ОУН-მა ფინანსური დახმარება ლიეტუვისგან მიიღეს. მათ მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებთან. მოგვიანებით თანხებს ემიგრაციაშიც აგროვებდნენ - სპეციალურ კამპანიებს აწყობდნენ როგორც კანადაში, ისე შეერთებულ შტატებში.

მუდმივად ცდილობდნენ დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებას. ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ევროპაში მცხოვრები უკრაინელი ემიგრანტებიც. გარკვეული დახმარება გერმანიიდანაც მოდიოდა, თუმცა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მხარდაჭერა შეწყდა. გერმანიის სახელმწიფოსთან ისედაც არცთუ მყარი კონტაქტები ფაქტობრივად გაწყდა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ პირებს. ОУН-ის ზოგიერთი წევრი აბვერთან (გერმანიის სამხედრო დაზვერვა) თანამშრომლობდა, თუმცა მათგანაც სერიოზულ დახმარებას ვერ იღებდნენ. ამასთან, არც ხელისუფლებაში მყოფი ნაცისტური პარტია იყო კეთილგანწყობილი უკრაინელების მიმართ.

როცა შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად უკრაინელებიც სწირავდნენ თანხებს ОУН-ს. ორგანიზაციას მუდმივად ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამიტომაც მიმართავდნენ ე.წ. „ექსპროპრიაციებს“ . ძარცვავდნენ და ყველგან ცდილობდნენ ფულის მოპოვებას, სადაც ამის შესაძლებლობას ხედავდნენ.

პარტია თუ ფორმირება?

– თქვენი აზრით, ОУН-ი პოლიტიკური პარტია იყო თუ უფრო ფორმირება?

– ისინი საკუთარ თავს მოძრაობას ან ორგანიზაციას უწოდებდნენ, თუმცა რეალურად ეს პოლიტიკური პარტია იყო. მათ ჰქონდათ პროგრამა, ჰყავდათ ლიდერი, წევრებს ავალდებულებდნენ პარტიული წესებისა და დისციპლინის დაცვას. თავიანთ რიგებში არ იღებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ იდეოლოგიას არ იზიარებდნენ.

ევგენ კონოვალეცი პოლიტიკურად უფრო ბრძენი და მოქნილი იყო. ამ მოძრაობას თუ ორგანიზაციას უფრო ფართო ფენომენად აღიქვამდა. მისი აზრით, უკრაინული რევოლუცია მომავლის საქმე იყო, რომლისთვისაც მზადება მიმდინარეობდა. მას ОУН-ი ამ მომავალი რევოლუციის ხერხემლად და საყრდენად მიაჩნდა. კონოვალეცი ხშირად ფიქრობდა იმაზეც, როგორი უნდა ყოფილიყო ეს რევოლუცია და როგორ უნდა ჩაერთო მასში საზოგადოების სხვადასხვა ფენა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1938–1939 წლებში „ბანდერელები“ მელნიკის ОУН-ს გამოეყვნენ, მათი ორგანიზაცია უფრო ჩაკეტილი გახდა. სხვა ძალებს აღარ უშვებდნენ. უფრო მეტიც, ღიად უპირისპირდებოდნენ ძველ ОУН-ს, რომელსაც იმ დროისთვის უკვე ОУН (м) - მელნიკელთა ორგანიზაცია ეწოდებოდა.

ხოცავდნენ კიდეც ОУН(м)-ის წევრებს, რადგან სურდათ ძალაუფლების სრული მონოპოლია. სწორედ ასე ხედავდა საკუთარ თავს ОУН(б), რომლის წევრებმა ომის დაწყების შემდეგ ქუჩებში აღმართეს თაღები, რომლებზეც ჰიტლერისა და ბანდერას პორტრეტები ერთად იყო გამოსახული. ამით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უკრაინულ მოძრაობას მხოლოდ ერთი ბელადი ჰყავდა, ბანდერა, რომელსაც გერმანიის პროტექტორატი ჰქონდა. ОУН(б)-ს წევრები სხვა ლიდერების არსებობას და ავტორიტეტს არ აღიარებდნენ. ჩემი აზრით, ამან მოგვიანებით სერიოზული ზიანი მიაყენა მათ, რადგან გერმანიასთან ასეთი მჭიდრო ასოცირება და ბელადის კულტის მსგავსი მიდგომა მიუღებელი აღმოჩნდა „დიდ უკრაინაში“ მცხოვრები ხალხისთვის. ორგანიზაციამ ეს თითქმის მაშინვე უარყო. თუმცა მოსახლეობის ცნობიერებაში დარჩა წარმოდგენა, რომ ისინი „გერმანელების ხელის ბიჭები“ იყვნენ. ეს სტერეოტიპი დღემდე გამოიყენება მთლიანად უკრაინული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.

...მოსახლეობის ცნობიერებაში დარჩა წარმოდგენა, რომ ისინი „გერმანელების ხელის ბიჭები“ იყვნენ. ეს სტერეოტიპი დღემდე გამოიყენება მთლიანად უკრაინული ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ.

– მესმის, რომ ისტორიას პირობითობა არ უყვარს. 1938 წელს სტალინის ბრძანებით საბჭოთა აგენტმა პავლე სუდოპლატოვმა მოკლა ევგენ კონოვალეცი, რომელიც რამდენიმე კვირაში 47 წლის გახდებოდა, ანუ ჯერ კიდევ ძალებით სავსე ადამიანი იყო. თქვენი აზრით, კონოვალეცი რომ გადარჩენილიყო და ОУН-ის სათავეში დარჩენილიყო, ორგანიზაცია მაინც გაიხლიჩებოდა?

– რთული სათქმელია. კონოვალეცს უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა. ახალგაზრდა თაობისთვის მისი ავტორიტეტის უგულებელყოფა ძალიან ძნელი იქნებოდა. თუმცა მოვლენები საბოლოოდ როგორ განვითარდებოდა, ამის თქმა შეუძლებელია.

– სტალინი კარგად აცნობიერებდა, რა მნიშვნელობის ფიგურას აშორებდა უკრაინულ მოძრაობას.

– დიახ. შინსახკომი და მოგვიანებით კგბ მუდმივად მუშაობდნენ იმისთვის, რომ უკრაინული მოძრაობისათვის ზიანი მიეყენებინათ. მაგალითად, კონოვალეცი ბანდერას აფრთხილებდა, რომ ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისას განსაკუთრებული სიფრთხილე იყო საჭირო. მეორე მსოფლიო ომამდე ОУН(б)-ს დაახლოებით 63 ადამიანი ჰყავდა მოკლული. მათი უმრავლესობა უკრაინელი იყო. კონოვალეცი ეუბნებოდა ბანდერას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან ფრთხილად უნდა მიეღოთ; ხალხისთვის უნდა აეხსნათ, ვის და რატომ კლავდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა ეს მკვლელობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თავად ორგანიზაციის წინააღმდეგ შემობრუნდებოდა. მოსახლეობა ასეთ ქმედებებს კეთილგანწყობით არ შეხედავდა.

და ის მართალი აღმოჩნდა. მიტროპოლიტმა ანდრეი შეპტიცკიმ და მთლიანად ეკლესიამ ეს ტერაქტები ძალიან მკაცრად დაგმეს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს პარტია გალიციაში განხეთქილებასა და ანარქიას თესავდა და რომ ასეთი ქმედებები ზნეობრივად მიუღებელი იყო. მათი შეფასებით, დონცოვის მიერ ქადაგებული ამორალიზმი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ სწავლებას.

ვფიქრობ, ევგენ კონოვალეცი ცდილობდა, მსგავსი ქმედებები სხვა მიმართულებით წარემართა. თუმცა, როგორც თავად აღიარებდა, მათ გალიციაში მოქმედ იატაკქვეშა ქსელზე კონტროლი დაკარგეს. ანუ ცენტრალურ ევროპაში მოქმედი უკრაინელი ნაციონალისტების ხელმძღვანელობა (ПУН) ვეღარ აკონტროლებდა, თუ რა ხდებოდა იქ.

1938 წელს კონოვალეცი მოკლეს. სწორედ იმ პერიოდში მიმდინარეობდა ბრძოლა კარპატული უკრაინისთვის, სადაც საბრძოლველად ბევრი ОУН-ელი გაემართა. როდესაც კარპატების უკრაინულმა სახელმწიფომ თუ ავტონომიურმა წარმონაქმნმა, არსებობა ვერ შეინარჩუნა, ОУН-ის შიგნით დაიწყო კონფლიქტები. დაპირისპირება 1938 წლის ბოლოსა და 1939 წლის დასაწყისში გაღრმავდა და სწორედ მაშინ მოხდა ორგანიზაციის გახლეჩა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ახალგაზრდები ფიქრობდნენ, თითქოს მელნიკის ხელმძღვანელობით მოქმედი ორგანიზაცია საკმარისად აქტიურად არ უჭერდა მხარს კარპატულ უკრაინას და ამ მცირე სახელმწიფოს გადასარჩენად საკმარისი ძალისხმევა არ გასწია. ამიტომ ისინი მომხდარში მელნიკსა და ПУН-ს ადანაშაულებდნენ.

თუმცა ПУН-ი და მელნიკი უფრო ახლოს იდგნენ გერმანიის ადმინისტრაციასთან და მიაჩნდათ, რომ ამ ავტონომიური სახელმწიფოს შენარჩუნება შეუძლებელი იყო. მათი აზრით, თუ გერმანიასთან შეთანხმებას მიაღწევდნენ და ურთიერთობას მოაწესრიგებდნენ, შესაძლოა მომავალში გერმანელები უფრო კეთილგანწყობილნი გამხდარიყვნენ და, ვინძლო, გერმანიის პროტექტორატის ქვეშ უკრაინული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობაც გაჩენილიყო. სწორედ მაშინ, 1938–1939 წლებში დაიწყო ეს პოლიტიკური ფლირტი გერმანიასთან. ახალგაზრდებს ეს ძალიან არ მოსწონდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ბანდერა და ე.წ. „სამხარეო ხელმძღვანელობა“, ანუ გალიციის ორგანიზაცია, უკვე მზად იყვნენ, მთელი ორგანიზაცია საკუთარ ხელში აეღოთ.

– ე.ი. ამისთვის მზად იყვნენ?

– დიახ. გალიციის თითქმის მთელი ტერიტორია მათ კონტროლქვეშ იყო. ისინი მართავდნენ იატაკქვეშა ქსელს. მათ აღარ სჭირდებოდათ საზღვარგარეთ მყოფი ავტორიტეტები, რომლებიც პრაღასა და ვენაში ისხდნენ და ყავას წრუპავდნენ. მათთვის ეს უკვე მოძველებული, წარსულს ჩაბარებული უფროსი თაობა იყო.

“უკრაინული ნაციონალიზმი: პოლიტიკა, იდეოლოგია და ლიტერატურა, 1929–1956“ - მიროსლავ შკანდრიის წიგნი, რომელიც უკრაინულ ენაზე გამომცემლობა „Локальна історія”-მ გამოსცა. გამოიცა.

ისტორიული გაუგებრობა

– უკრაინის ისტორიის ეს რთული ფურცლები დღემდე იწვევს დისკუსიებს. განსაკუთრებით ОУН(б)-სა და УПА-ს ისტორია, რამაც კიდევ ერთხელ გაამწვავა უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობები. როგორ უნდა ვისაუბროთ დღეს УПА-ზე? ზოგი პოლიტიკოსი ცდილობს, ვოლინის ტრაგედია, რომელიც 1942–1943 წლებში დაიწყო და 1944 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა, მეორე მსოფლიო ომის საერთო კონტექსტს მოსწყვიტოს. როგორ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე უკრაინელებმა და პოლონელებმა?

– ვოლინი მხოლოდ ერთი ეტაპია, ერთი ნაწილი, ერთი ეპიზოდი. ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე და მტკივნეული საკითხია პოლონელებთან საუბრისას. თუმცა, ზოგადად, ვფიქრობ, შესაძლებელია დიალოგი და ისეთი საერთო ნარატივის პოვნა, რომელიც სხვადასხვა ხედვას გააერთიანებს.

არსებობენ პოლონელი ისტორიკოსები, რომლებიც ცდილობენ უკრაინული პოზიციის გაგებას. დასავლეთშიც არიან ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემების გააზრებას ცდილობენ. არსებობს განსხვავებული მიდგომები, შეხედულებები და მკვლევრები, რომლებიც ამ საკითხებს იკვლევენ. მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

პოლონეთში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ ცდილობენ ელექტორატის გახურებას

სხვა საკითხია, როგორ იყენებენ ამ თემას პოლიტიკოსები და როგორ სპეკულირებენ მასზე. პოლონეთში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ ცდილობენ ელექტორატის გახურებას. დღეს პოლონეთში ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს და ადვილია იმის თქმა, რომ უკრაინელები პოლონელებს სამუშაო ადგილებს ართმევენ ან რომ მიგრანტები ქვეყანას არ სჭირდება. ასეთი რამ თითქმის ყველა ქვეყანაში ხდება.

მაგრამ მეცნიერებს შორის დიდწილად არსებობს კონსენსუსი და საერთო გაგება იმისა, რა მოხდა და რატომ არის დღეს აუცილებელი უკრაინელებთან კავშირისა და პარტნიორობის შენარჩუნება. ჟურნალ „კულტურისა“ და ეჟი გედროიცის მიერ ჩამოყალიბებულმა იდეებმა მთელი თაობა აღზარდა და დემოკრატიული, პროევროპული პოლონეთის საფუძველი შექმნა. დღევანდელი პოლონელი პოლიტიკური ლიდერებიც სწორედ ამ იდეებზე არიან აღზრდილნი. ეს ძალიან ჰგავს იმას, რასაც უკრაინული ემიგრაცია ჟურნალ „ Сучасність“ („თანამედროვეობა“) გარშემო ამბობდა. ОУН(б)-დან გამოყოფილმა ფრთამ შექმნა ОУН(з) - უცხოეთში (უკრ. закордонну) მოქმედი ОУН, რომლის პოზიციებიც „კულტურის“ იდეებთან ძალიან ახლოს იყო. ამ თემაზე შესაძლებელია საერთო ბედსა და საერთო ინტერესებზე საუბარი.

უკრაინელებმა ზუსტად უნდა გამოიკვლიონ, რა მოხდა, სად მოხდა და რამდენი მსხვერპლი იყო. ზუსტად ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელები იქცეოდნენ, ან როგორც სხვა ხალხები ცდილობენ საკუთარი ისტორიის რთული ეპიზოდების გააზრებას. თუ მომხდარი სერიოზულად და პასუხისმგებლობით იქნება აღწერილი, ეს საზოგადოების დამშვიდებასაც შეუწყობს ხელს.

ასევე ნახეთ

ბზარი ვარშავისა და კიევის ურთიერთობაში? - ჩამოართმევენ თუ არა ზელენსკის პოლონეთის უმაღლეს ჯილდოს

– УПА-ს დემონიზება თუ გმირად წარმოჩენა?

– შესაძლოა ორივე მიდგომა არსებობდეს. ეს დამოკიდებულია პერიოდზე, კონკრეტულ პიროვნებებსა და მოვლენებზე. იყო დრო, როდესაც ОУН ძალიან ტოტალიტარული გახდა. მისი 1939 წლის პროგრამა პირდაპირ აცხადებდა, რომ მოითხოვდნენ დამოუკიდებელ და ტოტალიტარულ უკრაინას. ამას ღიად აცხადებდნენ. მოგვიანებით ეს შეიცვალა. 1943 წელს აირჩიეს ანტიკოლონიური და ანტიიმპერიალისტური ხაზი და ბრძოლა გააგრძელეს. 1943 წელს მხოლოდ ვოლინის მოვლენები არ ყოფილა - პარალელურად მიმდინარეობდა ბრძოლა წითელი არმიისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც.

ჩემთვის, ალბათ, УПА-ს ყველაზე გმირული ეპიზოდი ომის მიწურულს მოხდა, როდესაც УПА ვოლინიიდან და გალიციიდან განდევნეს. УПА-ს წევრები პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონებში აღმოჩნდნენ იმ დროს, როდესაც პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინელების საკუთარი სოფლებიდან და მიწებიდან გაძევება დაიწყო. საუბარია ხოლმშჩინაზე, პერემიშლის რეგიონსა და ლემკივშჩინაზე. იმ პერიოდში УПА ადგილობრივ მოსახლეობას შეუერთდა და მათთან ერთად იბრძოდა იძულებითი გადასახლების წინააღმდეგ. ამ ხალხს დღემდე მიაჩნია, რომ УПА-ს მებრძოლები გმირები იყვნენ, რადგან მათ დიდი დახმარება გაუწიეს. ამ ეტაპზე იდეოლოგიაც გარკვეულწილად სხვა იყო.

УПА-ს მებრძოლები თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს იდეისთვის იბრძოდნენ, ხოლო ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ერთი, ძალიან პრაქტიკული სურვილი ჰქონდათ: „საკუთარ მიწაზე დარჩენა. დაგვიცავით, დაგვეხმარეთ, მოვიგერიოთ შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი სახლიდან გაძევებას ცდილობენ.“

იყო მთელი რეგიონები, სადაც პოლონეთის არმია შესვლასაც კი ვერ ბედავდა. უკრაინელები ძალიან მტკიცედ და შეუპოვრად იბრძოდნენ.

ეს გადასახლება კი მართლაც საშინელი იყო. თითქმის 500 000 უკრაინელი პოლონეთიდან უკრაინაში გადაასახლეს, ხოლო უკრაინიდან პოლონეთში დაახლოებით ამდენივე, ან შესაძლოა უფრო მეტი პოლონელი გადაიყვანეს. სრული ქაოსი სუფევდა. წავიკითხე ფრანგი მკვლევრის წიგნი, რომელიც ამ მოვლენებს აღწერს. რკინიგზის სადგურებზე ათასობით ადამიანი ელოდებოდა მატარებლებს, ადგილობრივი მოსახლეობა კი მათ ძარცვავდა. შემდეგ ბევრი მათგანი საკუთარ სოფლებში ბრუნდებოდა და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდა. УПА მათ სწორედ ამ ბრძოლაში ეხმარებოდა. იყო მთელი რეგიონები, სადაც პოლონეთის არმია შესვლასაც კი ვერ ბედავდა. უკრაინელები ძალიან მტკიცედ და შეუპოვრად იბრძოდნენ. ბოლოს მათი სრულად განადგურება და გადასახლება დაიწყეს.

კულმინაცია იყო ოპერაცია „ვისლა“, რომლის ფარგლებში დაახლოებით 140 ათასი უკრაინელი იძულებით გადაასახლეს და პოლონეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში გაფანტეს, რისი არანაირი აუცილებლობაც არ არსებობდა. ბევრი გადასახლებული აცხადებდა, რომ მზად იყო კათოლიკე გამხდარიყო, პოლონურ ენაზე ელაპარაკა და, რომ თავს პოლონელადაც კი მიიჩნევდა. თუმცა ეს უკვე შურისძიება იყო - იმის გამო, რაც, პოლონური მხარის შეფასებით, უკრაინელებმა ვოლინში ჩაიდინეს, ან იმის გამო, რომ მათ პოლონეთის მხარდაჭერა არ სურდათ და პოლონეთის ნაწილად ყოფნას არ თანხმდებოდნენ. ეს უკვე ადამიანების მიმართ სასტიკი მოპყრობა იყო. სწორედ ამ ეპიზოდს უსვამენ ხაზს პოლონეთიდან გადასახლებული უკრაინელები, როდესაც УПА-ს ისტორიაში ყველაზე გმირულ პერიოდზე საუბრობენ.

УПА-ს რაზმ "ლომების" მებრძოლები 1944 წლის ივლისში, ლვოვის ოლქის სოფელ სპრინიაში.

– თქვენი წიგნი 2015 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა, ახლა კი - უკრაინულადაც. დარჩა თუ არა ისეთი კითხვები უკრაინული ნაციონალიზმისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შესახებ, რომლებზეც პასუხის პოვნა კვლავ გსურთ?

– რაც უფრო ღრმად იკვლევ ამ თემას, მით უფრო მეტ ისეთ პრობლემას აწყდები, რომლებიც ახსნას მოითხოვენ. ეს წიგნი ჩემი სტუდენტებისა და დასავლელი მეცნიერებისთვის დავწერე, რათა ამ საკითხზე საკუთარი ხედვა ჩამომეყალიბებინა. ამ თვალსაზრისით კმაყოფილი ვარ, რადგან საკუთარი ინტერპრეტაცია ჩამოვაყალიბე. თუმცა, ბუნებრივია, შეიძლება გამაკრიტიკონ იმის გამო, რომ რომელიმე საკითხი ზედმეტად დეტალურად აღვწერე ან, პირიქით, ზოგიერთ მნიშვნელოვან თემას საკმარისი ყურადღება არ დავუთმე. დღემდე ვფიქრობ დამატებით საკითხებზე. წიგნის დაწერით ავტორი მუშაობას არ ამთავრებს - ის, გარკვეული გაგებით, მის წერას აგრძელებს.

არსებობს დამატებითი წყაროებიც, რომელთა გამოყენებაც მაშინ ვერ მოვახერხე. შეიძლება არსებობდეს ისტორიის ცალკეული ეპიზოდები ან ადამიანების ბიოგრაფიები, რომელთა შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცი. ამიტომ ეს უკვე სხვა მკვლევრების საქმეა - შეავსონ არსებული ცოდნა, დაეყრდნონ უკვე დაწერილს და გააგრძელონ კვლევა.