რატომ ყიდულობს სახელმწიფო „ასაწყობ სკოლებს“? – განმარტება

მოდულური სკოლა (საილუსტრაციო ფოტო)

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ასაწყობი სკოლების“ შესაძენად თითქმის 22.5 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

მედიაში ტენდერის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უწყებაში განმარტეს, რომ მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენა ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად გადაწყვიტეს.

„ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება“, - ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ასევე ნახეთ

რევაზ სოხაძე: რატომ შენდება კორპუსი რამდენიმე თვეში და ვერ შენდება 3-სართულიანი სკოლა 1 წელში?!

უწყების განმარტებით, „მოდულური სკოლები“ წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.

ფონდის ინფორმაციით, მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, „უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში“.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა - 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.

საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.

ასევე ნახეთ

როდის, სად და როგორ იყიდით სასკოლო ფორმებს?

ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი - კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.

„მსგავსი მოდულური დროებითი სასწავლო სივრცეების გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც დროებითი სასწავლო სივრცეების სწრაფად მოწყობის საჭიროება დგება“, - ამბობენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ტენდერში წინადადებების წარდგენა 28 სექტემბერს დასრულდება.

  • საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, არაერთი სკოლაა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა მაინც ვერ დასრულდა. ამ სკოლის მოსწავლეები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არიან გადანაწილებული.