რკინით ნაქსოვი თბილისი

„როგორ უნდა აღსდგეს ძველი თბილისის რკინის სამოსელი: მოაჯირები, ბჭისკარები, ცხაურები, კიბეები, ღობურები, უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ მაღალმხატვრული იერი?“ -იკითხა თბილისის იერსახის შეცვლით შეწუხებულმა მწერალმა ნოდარ წულეისკირმა ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, - „რასაკვირველია, რკინას ვერ დავივიწყებთ. უნდა აღსდგეს მე-19 საუკუნის რკინის თბილისი. ესეც ცოტაა. უნდა აღსდგეს ძველისძველი ქართული კვერით ხუროობა “.

კარის იდუმალება

ძველი თბილისი ყოველთვის რკინით იწყებოდა, უფრო ზუსტად, იწყებოდა რკინის კარებით, რომლებიც შებმული იყვნენ ქალაქის კედელში.
XIX საუკუნის 20-იან წლებამდე, როგორც ალექსანდრე ორბელიანი ამბობს, ძველი თბილისი „იდგა დიდს ქვიტკირის გალავანსა შუა“, გალავნის კედელს კი ჰქონდა სიმაღლე 3-4 საჟენი (1 საჟენი - 2,13მ), სიგანე - 1 საჟენზე მეტი.
სწორედ „ამ ერთიანს მოვლებულს გალავანში“ დატანებული იყო „ხუთი ალაყაფის კარი რკინისა“:

  • ჩრდილოეთის კარს ერქვა „წყალის კარი“ (მტკვარზედ ახლოს იყო);
  • დასავლეთ- ჩრდილოეთისას - დიღმის კარი (დიღომის ხეობას გაჰყურებდა);
  • მეორე დასავლეთის კარს - კოჯრის კარი (კოჯრის მთისკენ იყო მიმართული);
  • აბანოების პირდაპირ კარს - განჯის კარი („განჯიდან და იმაზედ ქვემოდინ მოდიოდნენ მგზავრნი“);
  • მტკვრის გაღმით კარს - ავლაბრის კარი.

რკინის ჭიშკარი, თბილისი

ეს ხუთი კარი იყო ქალაქის მთავარი ხუთი კარი როგორც სიდიდით და სიმტკიცით, ასევე ყველაზე მეტი იდუმალებითაც. არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას თქმით, კარი ხომ ნაგებობის იშვიათად საინტერესო ელემენტია, რომელიც „ემსახურება ორი სივრცის როგორც გამიჯვნას, ასევე მათ შეერთებას. კარის მეშვეობით შიდა და გარე სამყარო - შეცნობილი და შეუცნობადი - ხვდებიან ერთმანეთს. კარი ეს უსაფრთხოებაა. კარი ეს საფრთხეა. კარი ეს არის ზღვარი. კარი ეს არის გასასვლელი უსაზღვროებაში. კარი ფსიქოლოგიური საზღვარია. კარი ფიზიკური საზღვარი. კარი გვაახლოებს. კარი გვაშორებს“.

რკინის თბილისის იანუსობაც

ცხადია, თბილისში მხოლოდ ეს „ხუთი ალაყაფის კარი რკინისა“ არ იყო. ძველი თბილისის უბნებში დღესაც ბევრგან შეხვდებით ეზოებში შესასვლელ რკინის არაერთ დიდ კარს, რომლებსაც ნოდარ წულეისკირი ჯიუტად არ უწოდებს „ალაყაფის კარს“, სიტყვის უცხოური ფესვებისა და ქართული შესატყვისების არსებობის გამო.

რკინის ჭიშკარი, თბილისი

„დიდი კარისთვის ქართულ ენაში მრავალი სიტყვა მოგვეპოვება: ბჭე, ბჭისკარი, კარიბჭე, ჭიშკარიო“, წერდა ის.

თბილისი - სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია - სავსეა რკინის ამგვარი მოჩუქურთმებული ჭიშკრებითა თუ კარიბჭეებით, რომლებიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ ქალაქის როგორც ყოფას, ასევე იერსახეს, რადგან, როგორც ჯერ კიდევ 2005 წელს შენიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ავსტრიელმა ხელოვნებათმცოდნემ ელისაბედ კრებსმა, თბილისის კარიბჭეები გამორჩეულია ჭედვის ე.წ. შერეული სტილით:

რკინის ჭიშკარი

„ჩემთვის უჩვეულო და მოულოდნელი იყო ამდენი ორიგინალური, მაღალხარისხოვანი ნიმუშის ნახვა. თანაც, თბილისში არსებობს ჭედვის თავისებური სტილი, რომელსაც ევროპაში სხვაგან ვერ შეხვდებით. ჭიშკრის გისოსები მოჩუქურთმებულია. ანუ, გარდა იმისა, რომ გისოსებს სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ, ჩუქურთმით რთავდნენ თავად ცალკეულ გისოსებსაც. სტილი, ერთი მხრივ, ევროპულია, მეორე მხრივ კი მასში აღმოსავლურ გავლენასაც ამოიცნობთ. ჩემი ინტერპრეტაციით, ეს აღმოსავლურისა და ევროპულის ნაზავია“.

რუსთაველის თეატრის მეორე სოცოცხლე

თბილისის ყველაზე ცნობილი რკინის კარი, ალბათ, რუსთაველის თეატრის ეზოს ჭიშკარია (სიმაღლე 5 მ, ცალი ფრთის სიგანე - 1,64 მ) , რომელიც ბაროკოს სტილში აგებულ შენობასთან ერთად, 1899-1900 წლებში, ამავე სტილით გამოიჭედა გაუფის მექანიკურ საამქროში.

რუსთაველის თეატრის ეზოს კარი

როგორც ნოდარ წულეისკრი წერს მჭედლობისადმი მიძღვნილ ვრცელ წერილში „შმაგი სიყვარული რკინისა“, XX საუკუნის 80-იან წლებში საჭირო გახდა როგორც თეატრის შენობის შეკეთება, ასევე მისი ბჭისკარის განახლებაც, შესაბამისად საჭირო გახდა სათანადო კვალიფიკაციის „კვერით ხუროს“ პოვნაც:

„ნამდვილი კვერით ხურო, ვინც თავის სამჭედლოში სასწაულებს მოახდენდა, ლუგვს რკინას სასურველ ფორმას მისცემდა, მხატვრულად რომ ვთქვათ, ფერხორცს შეასხამდა და ენასაც ამოადგმევინებდა, არ მოიპოვებოდა ქალაქში, ნამდვილი მკვერავნი რკინისა და რვალისა. იმ ქვეყანას წასულიყვნენ. ეს ქვეყანა ვაიმჭედლებს დარჩენოდათ. ის ვაიმჭედლებით აგერ-ეგერ კივკივებდნენ რაჭასა და სამეგრელოს მიყრუებულ სოფლებში“.

ნოდარ წულეისკირი (ცენტრში)

ვის უნდა გამოეჭედა გუფის „ზავოდში“ შექმნილი ეს მონუმენტური რკინის ტილო?!

გამოჩნდნენ ახალგაზრდა მჭედლები: თემურ და ლექსო სულხანიშვილები, ვანო ტოგონიძე, ტარიელ გამყრელიძე, რომლებმაც „ძველ მოტივებზე ახალი მხატვრული ნაწარმოები შექმნეს და შავ რკინაში გააცოცხლეს“.

ამღერებული რკინა

გასული საუკუნის 80 -იან წლებში განახლებული რუსთაველის თეატრის ეზოს კარიბჭე დღესაც იქცევს გამვლელთა ყურადღებას. ახალგაზრდა „მჭედელმა მხატვრებმა“ ისე შეასრულეს სამუშაო, რომ კარი თეატრის შენობის შესაფერისიც გამოვიდა, საიმედოც და რუსთაველის გამზირიც არ დააუშნოვა.
ლითონის მხატვრულად დამუშავების ტექნიკურ სახელოსნოს საქმიანობამ მაშინდელი პრესის ყურადღებაც მიიპყრო.

თემურ და ლექსო სულხანიშვილები, ვანო ტოგონიძე, ტარიელ გამყრელიძე

„იგრიხება და მხატვრულ ჩანაფიქრად ცოცხლდება გავარვარებული რკინაო“, - წერდა 1985 წლის „დროშის“ მე-6 ნომერში გამოქვეყნებული სტატიის, „ამღერებული რკინის“ ავტორი, ალექსანდრე ტერ-ოგანოვი, რომელიც თბილისის ძველ უბნებში შემორჩენილი რკინამჭედლობის საუკეთესო ნიმუშების შენარჩუნების აუცილებლობაზეც ამახვილებდა ყურადღებას, სტატია კი მთავრდებოდა ახალგაზრდა მჭედლების ოცნებით, თბილისის ძველ უბანში ეთნოგრაფიული სიზუსტით აღგენილიყო თბილისური სამჭედლო:

Your browser doesn’t support HTML5

რკინით ნაქსოვი თბილისი

„ორ კურდღელს დავიჭერთ. ეს სამჭედლო ჩვენთვის სახელოსნო იქნება, თბილისში ჩამოსული სტუმრებისათვის კი ძველი ქალაქური ყოფის ამსახველი ერთ-ერთი კოლორიტული ნიმუში“.

მხატვარ-მჭედელი ზაქრო

ძანგ! რაკა! რუკ! ძანგ!
ცეცხლი სწვავს ჟანგს...
ქურა გუგუნებს მშრომელთა ჰანგს.
გრდემლზე ჩაქუჩი რაკუნებს: ძანგ!
სანამ ცხელია ბარსაკვეთს სჭედს!
გუთანს შეუდგავს სახნავად გლეხს.
დააფოლადებს, ხელცულა, ცელს.
და ოფლს მოიწმენდს ხანდახახან ცხელს.
არ უფრთხილდება ის თავის ჯანს:
ძანგ! რაკა! რუკ! ძანგ!

ასე აღწერდა (ლექსი „მჭედელი ზაქრო“) ასი წლის წინ პოეტი სანდრო შანშიაშვილი მჭედლის მძიმე და საჭირო შრომას, რომელიც ასე აკლია დღეს ძველი ქალაქის ლითონის ნაწილს. თვალშისაცემია, როგორც გამოდის მწყობრიდან თბილისის ქუჩებისა და სახლების სამკაულები - კარიბჭეების, ცხაურებისა და მოაჯირების სახით, აღდგენის ნაცვლად კი, ხშირ შემთხვევაში, მათი დიდი ნაწილი, ახალი, უგემოვნო „რეშოტკებით“ იცვლება. არადა, კვლავ ავსტრიელ ხელოვნებათმცოდნეს, ელიზაბეთ კრებს რომ დავესესხოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჭიშკრები ხელოვნების ნიმუშებია და რომ რემონტისა თუ ახალმშენებლობის დროს მათი გადაგდება დაუშვებელია:

აივნის რკინის მოაჯირი

„მეორე მხრივ, არც იმის დაშვება შეიძლება, რომ ვისაც მოესურვება და საშუალება გაუჩნდება, საკუთარი ძალებით დაიწყოს ჭიშკრების რესტავრაცია. ეს სპეციალისტის საქმეა. ჩვენთან, ვენაში, მაგალითად, როცა შენობის რემონტს იწყებენ, ლითონის რესტავრატორებს წინასწარ აფასებინებენ ჭიშკრების მდგომარეობას და სამუშაოები მხოლოდ მათი რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებით სრულდება“.

ძველ ქალაქში რკინის ცხაური და ჭიშკარიც ავთენტური უნდა იყოს. შესაბამისად, მათ განახლებაზეც არა "ნაცნობი შემდუღებელი", არამედ ხელოვნებათმცოდნეები და მხატვრები უნდა ზრუნავდნენ, მხატვრები, რომლებიც „სახატავად“ იყენებენ არა საღებავს, არამედ "ლუგვ რკინას, კვერ რკინას, შოლტ რკინას, ფიცარ რკინას, ზოდ რკინას, ფეშტ რკინს, შანთ რკინას" და სხვა მეტალებს...