ქუჩის სანათები საარჩევნოდ - როგორ აზარალა მერიამ ბიუჯეტი 120 ათასი ლარით

გლდანში, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩებზე დაახლოებით 10 დღის წინ 300 ცალი ახალი, დიოდური LED სანათი დაამონტაჟეს. ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ეს სანათები, ქუჩას უკეთაც ანათებს და დიდხანსაც ძლებს. თუმცა მერიამ სანათები იმაზე ძვირად იყიდა, ვიდრე შეეძლო.

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, თბილისის მერის განკარგულებით, დედაქალაქის ხუთი ქუჩის გასანათებლად დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. სანათები დაჩქარებული წესით “თბილსერვის ჯგუფმა” 490 000 ლარად შეიძინა. იგივე სანათები მერიას ტენდერით რომ ეყიდა, 120 000 ლარით იაფი დაუჯდებოდა.

დაჩქარებული შესყიდვა მერიას იმიტომ დასჭირდა, რომ სანათებზე გამოცხადებული ტენდერი გაჭიანურდა - ასეთია ოფიციალური მიზეზი.

რადიო თავისუფლებას წყარო უყვება, რომ ტენდერი ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებულ კომპანიაზე იყო მორგებული, რაც კონკურენტმა კომპანიებმა გაასაჩივრეს და დღემდე ამიტომ ვერ დასრულდა.

გაჭიანურებული ტენდერი - რატომ ანიჭებს მერია უპირატესობას კომპანიას, რომელიც ყველაზე ძვირად სთავაზობს პროდუქციას?

თბილისის მთავრობის დავალებით “თბილსერვის ჯგუფმა” წელს, იანვარში 1 220 000 ლარის მოცულობის ტენდერი გამოაცხადა. უნდა ეყიდათ სხვადასხვა სიმძლავრის 1 700 ცალი LED სანათი, რომლებითაც დედაქალაქის ხუთ ქუჩაზე ძველი სანათები უნდა შეეცვალათ. ომარ ხიზანიშვილის, ხოჭოს ტბისა და ბარათაშვილის ქუჩები, კუს ტბის ასასვლელი - ეს გასანათებელი ქუჩების არასრული ჩამონათვალია.

ტენდერი ისე იყო დაგეგმილი, რომ სანათების ყიდვა და მონტაჟი თვითმმართველობის არჩევნებამდე ესწრებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ტენდერში, ამ ეტაპზე გასაჯაროებული ინფორმაციით, ექვსმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, “თბილსერვის ჯგუფმა” ხუთი კომპანია ტენდერიდან გამოთიშა. ყველა მათგანი სანათებს იმაზე იაფად სთავაზობდა მერიას, ვიდრე ის კომპანია, რომელიც კონტრაქტის გასაფორმებლად მიიწვიეს. “მონტაჟ ჯორჯია” მერიას სანათებში რამდენიმე ათეული ათასი ლარით მეტს სთხოვდა, ვიდრე დისკვალიფიცირებული კომპანიები.

ტენდერში მონაწილე კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასები

ვინ ფლობს და მართავს “მონტაჟ ჯორჯიას”

“მონტაჟ ჯორჯია” 2008 წელს ორმა მეგობარმა დავით კახიანმა და პაატა სულაბერიძემ დააფუძნეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში დავით კახიანი ჰყვება, ის ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფის” მთავარი ენერგეტიკოსი იყო, თუმცა პოსტი დატოვა და თავისი ბიზნესი წამოიწყო.

მეორე დამფუძნებელი, პაატა სულაბერიძე დღემდე “ქართუ ჯგუფში” შემავალ რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობს. ის არის პირადად ბიძინა და ბერა ივანიშვილების კუთვნილი კომპანიების დირექტორი, მათ შორის იმ კომპანიის, რომელიც შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს განკარგავს.

პაატა სულაბერიძემ “მონტაჟ ჯორჯიის” 50%-იანი წილი 2012 წელს დავით კახიანს უსასყიდლოდ დაუთმო, ეს ის პერიოდია, როცა ბიძინა ივანიშვილი ღიად დაუპირისპირდა მაშინდელ მთავრობას, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის გეგმა გამოაქვეყნა და რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში მოვიდა.

“პატარა კომპანია იყო და არაფერი გვქონდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახიანმა, როცა მას ვკითხეთ, რატომ აჩუქა პარტნიორმა კომპანიის ნახევარი.

მას შემდეგ “პატარა კომპანიის” ბიზნესი გაფართოვდა. ბოლო ფინანსური ანგარიშის მიხედვით, “მონტაჟ ჯორჯიის” ბრუნვა იყო:

  • 2018 წელს - 10 მილიონი ლარი
  • 2019 წელს - 27 მილიონი ლარი

2019 წელს კომპანიამ თითქმის 10 მილიონი ლარის სუფთა მოგება ნახა.

“მონტაჟ ჯორჯიის” საქმიანობა და სფერო მისსავე ვებსაიტზე ასეა აღწერილი: “კომპანიის პროფილია ელექტრო, სახანძრო, ვიდეომეთვალყურეობის, ავტომატიზაციის და შენობის ცენტრალიზებული მართვის (BMS) სისტემების პროექტირება და მონტაჟი”.

დავით კახიანი ამბობს, რომ “ქართუ ჯგუფიდან” ჯერ კიდევ 2009 წელს წამოვიდა და მისი კომპანიის წარმატება არ არის კავშირში “ქართუ ჯგუფსა” და ბიძინა ივანიშვილთან. “რა შუაშია “ქართუ ჯგუფი”, მე მარტო “ქართუს” შეკვეთებს ხომ არ ვაკეთებ, ახლა “თიბისის” მთავარ ოფისს ვაკეთებთ, “ომეგა” ჩემი გაკეთებულია და ა.შ.”

კომპანიას ბოლო წლებში ბევრი მსხვილი კერძო და სახელმწიფო შეკვეთა აქვს შესრულებული. სახელმწიფო შესყიდვებში 2012 წლიდან მონაწილეობს. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “მონტაჟ ჯორჯიამ” სახელმწიფო დაწესებულებებიდან ჯამში 15 მილიონი ლარის შეკვეთა მიიღო, აქედან თითქმის 4 მილიონი - უტენდეროდ, პირდაპირი კონტრაქტით.

ახალი განათება ბარათაშვილის ქუჩაზე

“მონტაჟ ჯორჯიამ” პირველად სახელმწიფო ტენდერში 2015 წელს გაიმარჯვა. მაშინ კომპანიამ 370 ათას ლარად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ელექტროსისტემა დაამონტაჟა, ამ ტენდერში მარტო მონაწილეობდა. მაშინ მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი იყო, “ქართუ ჯგუფის” ყოფილი ხელმძღვანელი.

მას შემდეგ “მონტაჟ ჯორჯიამ” კიდევ ბევრი სახელმწიფო შეკვეთა მიიღო. 2019 წელს უტენდეროდ 500 ათას ლარად თბილისის მერიაში ელექტროგაყვანილობა მოაწყო. 2020 წელს ისევ ტენდერის გარეშე მიიღო რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის განათებისთვის 1.5 მილიონი ლარი.

“თბილსერვისის” ბრძოლა ფავორიტის გასამარჯვებლად

“თბილსერვის ჯგუფმა” 29 ივლისს “მონტაჟ ჯორჯია” გამარჯვებულად კი გამოაცხადა, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოასწრო. კომპანიის კონკურენტებმა, რომლებიც “თბილსერვისმა” ტენდერიდან გამოთიშა, სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში იჩივლეს. ჯამში 7 საჩივრის განხილვა რამდენიმე თვე გაიწელა.

საბჭომ აგვისტოში გააუქმა “თბილსერვის ჯგუფის” გადაწყვეტილება. “თბილსერვის ჯგუფის” სატენდერო კომისიამ, ახალი გადაწყვეტილებით, ხელახლა გამარჯვებულად კვლავ “მონტაჟ ჯორჯია” გამოავლინა. ეს გადაწყვეტილება დავების საბჭომ მეორედაც გააუქმა და 16 სექტემბერს თავის გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ “თბილსერვის ჯგუფი” უკვე მეორედ ანიჭებს გამარჯვებას “მონტაჟ ჯორჯიას” ისე, რომ საკმარისად არ ასაბუთებს. მაგალითად, საბჭო წერს, რომ კარგად არ არის გამოკვლეული შეთავაზებული ლედ სანათების მოდელი, მისი მწარმოებლის გამოცდილება და ა.შ.

დავების საბჭოს პრეტენზიებს არ იზიარებს “მონტაჟ ჯორჯიის” დირექტორი დავით კახიანი და ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი მოწესრიგებულად წარუდგინა შემსყიდველს, თუმცა დავების საბჭოს ორი გადაწყვეტილება, რომლებმაც მას მოგებული ტენდერი დააკარგვინა, კახიანს არ გაუსაჩივრებია.

რადიო თავისუფლების ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ “თბილსერვის ჯგუფს” ტენდერი თავიდანვე “მონტაჟ ჯორჯიისთვის” უნდოდა, “ამიტომ სხვა მონაწილე კომპანიებს მეტწილად გამოგონილი მიზეზით შარი მოსდეს და ტენდერიდან გააგდეს. თუმცა დავების საბჭოში შეტანილმა საჩივრებმა “თბილსერვისს” “მონტაჟ ჯორჯიას“ გამარჯვებულად გამოვლენაში ხელი შეუშალა”.

რატომ იზარალა სახელმწიფომ 120 ათასი ლარი

საჩივრების განხილვის პარალელურად თბილისის მერია “თბილსერვის ჯგუფს” სანათების ყიდვას აჩქარებდა. თბილისის და საქართველოს მთავრობამ თბილსერვისს დაავალა, რომ LED სანათების ნაწილი უტენდეროდ, სწრაფად ეყიდა და ძველი სანათები ახლით 10 სექტემბრამდე შეეცვალა.

“თბილსერვის ჯგუფმა” დაიწყო კომპანიის ძებნა, რომელიც არჩევნებამდე მოასწრებდა სანათების შესყიდვას და საქართველოში ჩამოტანას. “მონტაჟ ჯორჯიამ” მცირე ვადაში ჩამოტანაზე უარი თქვა და “თბილსერვის ჯგუფი” ლატვიურ კომპანია “ვიზულო სოლუშენს” (VIZULO Solutions LLC-ს) შეუთანხმდა, რომელიც ადრე თავადვე გააძევა ტენდერიდან. ეს კომპანია თავად აწარმოებს სანათებს. “ვიზულო სოლუშენი” სანათების ვადაში ჩამოტანას დათანხმდა, თუმცა გაცილებით ძვირად, ვიდრე ეს ტენდერში ჰქონდა მითითებული. სანამ ტენდერიდან დისკვალიფიკაციას გაუკეთებდნენ, ის 165 ათასი ლარით უფრო იაფად სთავაზობდა სანათებს სახელმწიფოს, ვიდრე ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული “მონტაჟ ჯორჯია”. “თბილსერვის ჯგუფმა” “ვიზულო სოლუშენი” ტენდერიდან იმ საბაბით მოხსნა, რომ სანათების ფასი ევროში ჰქონდა მითითებული. ხარვეზის გამოსწორების უფლება სატენდერო კომისიამ ლატვიურ კომპანიას მაშინ არ მისცა.

საბოლოოდ “თბილსერვისი” იძულებული გახდა, სანათები მაინც “ვიზულოსგან” ეყიდა, ოღონდ გაცილებით ძვირად. მაგალითად, თუ ვიზულო 1 ცალ 155-ვატიანი სიმძლავრის სანათს ტენდერით 163 ევროდ აფასებდა, ახლა პირდაპირი კონტრაქტით მერიას 258 ევროდ მიჰყიდა. თუ ტენდერში 110-ვატიან ლედს 137 ევრო ედო ფასად, ახლა ღირებულება 179 ევრომდე გაიზარდა. ჯამში, “ვიზულოსთან” სასწრაფოდ გაფორმებული 2 კონტრაქტით თბილისის ბიუჯეტმა 120 ათასი ლარი იზარალა. თანაც ჯერ მხოლოდ 600 სანათი იყიდა, როცა ტენდერით 1700 სჭირდებოდა.

ცხრილი: რამდენით გაძვირდა სანათების ფასი

“თბილსერვის ჯგუფი” თბილისის მერიის შექმნილი და მას დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიაა, რომელმაც რადიო თავისუფლების შეკითხვებს წერილობით უპასუხა.

“თბილსერვისი” ამბობს, რომ ტენდერიდან “ვიზულო სოლუშენის” და სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაცია კანონიერი იყო. “თბილსერვის ჯგუფი” უარყოფს ფავორიტიზმს “მონტაჟ ჯორჯიის” სასარგებლოდ და ამტკიცებს, რომ სანათების დაჩქარებულად შეძენა მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება.

რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში სანათების ძვირად შესყიდვა მერიის დაქვემდებარებულმა სამსახურმა იმით ახსნა, რომ კომპანიისგან მათ სწრაფად შეიძინეს უფრო ცოტა სანათი, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ, ამან კი მათი საცალო ფასი გააძვირა.

ქალაქის ხუთ ქუჩაში ძველი, სოდიუმის სანათების გამოცვლა ახალი, LED სანათებით თბილისს ელექტროენერგიას დაუზოგავს, თუმცა სანათების დაჩქარებულად შესყიდვამ თბილისის ბიუჯეტს ჯერ მხოლოდ ზარალი მოუტანა.