როგორ დარწმუნდე, რომ შენი შვილი პირველკლასელია

თბილისი. 15 სექტემბერი, 2022 წელი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში რეგისტრაციის საყოველთაო, ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო. ეს პროცესი 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა მოსწავლეების ჩარიცხვა მხოლოდ ამ ეტაპით არ სრულდება და კიდევ ერთი, სავალდებულო ნაბიჯია გადასადგმელი.

ვინ შეძლებს პირველ კლასში წასვლას?

წელს ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა, რადგან რამდენიმე თვის წინ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი შეიცვალა და პირველ კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით, ანუ სასწავლო წლის დაწყების დღემდე უსრულდებათ.

ამას პროტესტი მოჰყვა.

პროტესტმა შედეგი გამოიღო და გამონაკლისის სახით, მომავალ, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების უფლება მისცეს იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

კიდევ რა სიახლე დაემატა მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს?

ეს არის „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომელიც პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 15 მაისს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდა. განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ ამ სიახლის მიზანი მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (ჩაწერის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდაა.

ამ პროცესში, საპილოტე პრინციპით, სულ 12 ქალაქი ჩაერთო. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.

დედაქალაქის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს უფლება მიეცათ, დარეგისტრირებულიყვნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით.

ასე დაარეგისტრირა შვილიშვილი სასურველ სკოლაში, საბურთალოს რაიონში, მანონი კოდუამ:

„წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის წინა პერიოდი იყო სტრესული. მოვბილიზდით შვიდ სხვადასხვა კომპიუტერთან დილის 9 საათზე, ერთ-ერთმა წამებში დაარეგისტრირა. მაგრამ ჰოი, საოცრებავ, საღამოსაც კი იყო 80 ადგილი თავისუფალი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი 25 მაისს დასრულდა. მშობლებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხეს შვილების იმ სკოლებში დარეგისტრირება, რომლებიც მათთვის სწორედ ტერიტორიულად იყო ხელსაყრელი, ბავშვები უკვე საყოველთაო რეგისტრაციის პროცესისას დაარეგისტრირეს სასურველ სკოლებში.

სწორედ ასე დაარეგისტრირა შვილი სკოლაში თათია კოკაიამ 15 ივნისის დილას, საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში.

რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ბავშვის დარეგისტრირება საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში ჯერ კიდევ 15 მაისს სურდა, მაშინ, როცა „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი გაიხსნა, თუმცა აღმოაჩინა, რომ შვილი ბაბუის სახლის მისამართზე, სულ სხვა რაიონში იყო ჩაწერილი და მოუწია, რომ ბავშვის სასურველ სკოლაში რეგისტრაცია ერთი თვით გადაედო:

„ძალიან ვემზადებოდი ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის. ის სკოლა, სადაც მინდოდა ბავშვის დარეგისტრირება, ძალიან მოთხოვნადია. აქამდე არასდროს დამჭირვებია ჩემი შვილის ჩაწერის მისამართი და სწორედ წინა დღეს აღმოვაჩინე, რომ ბავშვი ჩემი მამამთილის სახლში იყო ჩაწერილი, სხვა რაიონში და შესაბამისად, მაშინ ვერ დავარეგისტრირე.

საბედნიეროდ, საყოველთაო რეგისტრაციისათვის ჩვენს სასურველ სკოლაში კვლავ იყო დარჩენილი ადგილები. დღეს დილით (15 ივნისი, 09:00) მე და ჩემი სამი მეგობარი დავსხედით კომპიუტერებთან და ბავშვის დარეგისტრირება საკმაოდ მარტივად, ერთ წუთში მოვახერხე“, - უყვება თათია კოკაია რადიო თავისუფლებას.

როგორ რეგისტრირდებიან პირველკლასელები?

ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად უნდა გახსნათ ვებგვერდი registration.emis.ge.

რეგისტრაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჰქონდეს მშობელს ან ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს მომზადებული ბავშვისა და საკუთარი პირადი ნომრები. დასარეგისტრირებლად ასევე საჭიროა მშობლის (დედა/მამა/მეურვე) სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა.

მშობელი შესაბამის ველში ირჩევს რეგიონს, რაიონს, სკოლას, ცვლას, შენობას. მნიშვნელოვანია, რომ რეგისტრაციისას ყურადღება მიექცეს სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობას. თავისუფალი ადგილების ლიმიტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ვებგვერდზე - https://skolebi.emis.ge

ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოჩნდება რეგისტრაციის პროცესში მითითებული ყველა ინფორმაცია – სკოლა, მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ასევე რეგისტრატორის სახელი, გვარი, მობილური და რაც მთავარია, რეგისტრაციის კოდი. ეს ინდივიდუალური კოდი თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს ავტომატურად ენიჭება და ის იგზავნება რეგისტრატორის, ანუ მშობლის, მეურვის მობილურსა და ელექტრონულ ფოსტაზე.

ლანა შენგელიამ მომავალი, 2026-2027 სასწავლო წლისთვის მეგობრების შვილები, ორი პირველკლასელი დაარეგისტრირა - თბილისის სხვადასხვა რაიონში.

უკვე წლებია, ასე ეხმარება ახლობლებს ბავშვების დარეგისტრირებაში. შერჩეული აქვს მეთოდიც, რომლის დახმარებითაც გაცილებით სწრაფად ახერხებს საფეხურიდან საფეხურზე გადასვლას და შესაბამისად, სასურველ შედეგსაც აუცილებლად აღწევს:

„სახელი მაქვს გავარდნილი, რომ მარტივად ვარეგისტრირებ ბავშვებს. წელსაც ორმა მეგობარმა მთხოვა დახმარება. რა თქმა უნდა, ვუთხარი, რომ მხოლოდ ჩემს იმედზე არ უნდა დარჩენილიყვნენ და სხვა მოწყობილობებიდანაც უნდა ეცადათ ბავშვების დარეგისტრირება, რადგან ეს პროცესი სწორედ სისწრაფეზეა დამოკიდებული.

უკვე რამდენიმე წელია ვეხმარები ახლობლებს და ეს პროცესი გააზრებულიც მაქვს. წინასწარ მაქვს გამზადებული და აკრეფილი ყველა საჭირო მონაცემი და ე.წ. copy-paste-ის პრინციპით გადამაქვს შესაბამისი მონაცემი შესაბამის ველში და ასე ვიგებ დროსაც. მართალია ჩემს გარდა, ამ დილას ამ კონკრეტული ბავშვების დარეგისტრირებას სხვა მოწყობილობებიდანაც ცდილობდნენ ახლობლები, მაგრამ ორივე მე დავარეგისტრირე. საერთო ანგარიშით, ორივეს დასარეგისტრირებლად 5 წუთიც კი არ დამჭირდა“, - ეუბნება ლანა შენგელია რადიო თავისუფლებას.

სკოლაში ჩასარიცხად მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია არ არის საკმარისი

პირველკლასელთა ონლაინ საყოველთაო რეგისტრაცია, რომელიც 15 ივნისს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, არ არის მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი. პირველკლასელთა სასურველ სკოლებში ჩასარიცხად მშობლებმა კიდევ ერთი საფეხური უნდა გაიარონ - ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში.

ეს პროცესი წელს 6 ივლისს დაიწყება და 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი ამ დოკუმენტაციის წარდგენას დადგენილ ვადებში ვერ მოახერხებს, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მშობლებმა სკოლაში?

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება - საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.


მხოლოდ ამ დოკუმენტაციის სკოლაში წარდგენის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირველკლასელი უკვე ჩარიცხულია სასურველ სკოლაში.

რა ბედი ელის მათ, ვინც ვერ დარეგისტრირდება?

ასეთი ბავშვების სკოლებში ჩასარიცხად კიდევ ერთი, დამატებითი ეტაპი 20 ივლისიდან ამოქმედდება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ, ბოლო ეტაპზე, სკოლებში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომლებიც მშობლებმა მანამდე სკოლებში ვერ დაარეგისტრირეს ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მომდევნო სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026 წლის 18 თებერვლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

შემდეგ კი ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში, რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია ან რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველკლასელთა კლების ტენდენცია

თუკი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაციის ტენდენცია კლებისკენ მიდის.

2023-2024 სასწავლო წელს 53 903 პირველკლასელი დარეგისტრირდა;

2024-25 სასწავლო წელს - 50 771;

2025-2026 სასწავლო წელს - 47 630 მოსწავლე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში დაახლოებით 46-47 ათასი ბავშვი დაიბადა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დაახლოებით ამ რაოდენობის პირველკლასელი შევა.

პირველკლასელთა ზუსტ რაოდენობას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ზაფხულის მიწურულს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს.

ასევე ნახეთ

პირველკლასელთა რეგისტრაციის შეცვლილი ვადები - რა უნდა იცოდე, თუ შენი შვილი სკოლაში შედის