როგორ ეხმარებოდა კომპანია Coca-Cola უზბეკეთის ხელისუფლებას მოგებიანი ბიზნესის ხელში ჩაგდებაში

Your browser doesn’t support HTML5

ავტორები: მაიკ ეკელი, კრისტიან ლასლეტი. რადიო „ოზოდლიყი“

უზბეკეთის ხელისუფლება ცდილობს გაყიდოს საკუთარი წილი უალკოჰოლო სასმელების მოგებიან კომპანია Coca-Cola-ში, რის გამოც ეს საინვესტიციო აუქციონი, შესაძლოა, ბოლო წლების ყველაზე მსხვილ აუქციონადაც იქცეს.

ათეულ და, შესაძლოა, ასეულ მილიონ დოლარად შეფასებული ფრანშიზის წილად მოდის 24-მილიონიანი უზბეკეთის უალკოჰოლო ბაზრის თითქმის ნახევარი. ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო წილის გაყიდვით არა მხოლოდ ბიუჯეტი მიიღებს სერიოზულ თანხებს, არამედ ეს წაადგება ქვეყნის იმიჯსაც: უზბეკეთი კორუმპირებული და საინვესტიციო თვალსაზრისით ჩამორჩენილი ქვეყნიდან „ახალ მოგებიან ბაზრად“ გადაიქცევა.

მაგრამ ისტორია, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უძღვის წინ, კიდევ დიდხანს დარჩება მეხსიერებაში და სამომავლოდ უცხოელ ინვესტორებს მწარე გაკვეთილადაც გამოადგებათ.

რატომ ჩივის გულნარა ქარიმოვას ყოფილი ქმრის ოჯახი?

უზბეკეთში გამოცხადებული ეს აუქციონი უკვე აღძრავს ეჭვებს. სულ რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც უზბეკეთის მთავრობამ საჯაროდ მოუწოდა დაინტერესებულ კომპანიებს, შემოეტანათ შესაბამისი განაცხადები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ ჯერ გამოაქვეყნა და მერე სასწრაფოდ უკანვე წაიღო განცხადება, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ აუქციონის პროცესს ახლდა ხარვეზი, რის გამოც საჭირო იყო მისი შეჩერება. კერძოდ, აუქციონის მონაწილეთა „შორთ-ლისტში“ აღმოჩნდა ქვეყნის პრეზიდენტის, შავკატ მირზიიოევის, შვილთან დაკავშირებული კომპანია.

ამის მიღმა კიდევ უფრო დიდი პრობლემა იმალება იმ სასამართლო დავის სახით, რომელიც, ორი ათეული წელია, გრძელდება და რომელშიც ჩართული აღმოჩნდნენ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის, ქალიშვილი, ვაშინგტონში არსებული მძლავრი ლობისტური ფირმა და უზბეკურ-ამერიკული ოჯახი, რომელიც ამტკიცებს, რომ უზბეკეთის მთავრობამ მას წაართვა 300 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების წილი.

გარდა ამისა, სასამართლო დავაში გარეული აღმოჩნდა ცნობილი ამერიკული ბრენდი Coca-Cola Company.

ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი გულნარა ქარიმოვა 2012 წელს პეკინის მოდის კვირეულზე წარადგენს თავის კოლექციას.

როგორც აშშ-ში მდებარე Coca-Cola-ს შტაბბინისა და კომპანიის თურქული რეგიონალური ქვედანაყოფის მენეჯერთა მიმოწერიდან ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან იურიდიული პრეტენზიების საგანი გახდებოდა ის გარიგება, რომლის ძალითაც ნიუ-ჯერსიში მცხოვრები მაქსუდების ოჯახის კუთვნილი აქტივები უზბეკეთის მთავრობის კუთვნილებაში გადავიდა.

მოგვიანებით, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა, ეს წილი დაბალ ფასად მიეყიდა ნაკლებად ცნობილი ამერიკული კომპანიის კუთვნილი ერთობლივი საწარმოსთვის, გაირკვა, რომ Coca-Cola-ს ხელმძღვანელობამ თვალი დახუჭა იმ სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც შეშფოთებას იწვევდა. ამას ადასტურებს ელექტრონული მიმოწერა და სხვა სამსახურებრივი ჩანაწერები, მათ შორის ისეთები, რომლებიც მანამდე არასოდეს გამოქვეყნებულა.

ნაკლებად ცნობილი ამერიკული კომპანიის უკან, როგორც შემდეგ გაირკვა, უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი, გულნარა ქარიმოვა, მდგარა.

2004 წლის მაისში Coca-Cola-ს რეგიონალურმა ფინანსურმა დირექტორმა გააფრთხილა კომპანიის მენეჯერები, რომლებმაც მისგან შემდეგი შინაარსი ელექტრონული წერილი მიიღეს: „ვფიქრობ, თუ აშშ-ის მთავრობა არ ამბობს კატეგორიულ „არას“, ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ საქმიანობა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სარისკოა და რომელიმე ჩვენი პარტნიორი ოდესმე, შესაძლოა, შეეჯახოს ამა თუ იმ პრობლემას“. ამ წერილის შესაძლო ადრესატი უნდა ყოფილიყო ატლანტაში მდებარე Coca-Cola-ს ოფისის წამყვანი იურისტი.

„ჩვენ მოგვიწევს იმასთან შეგუება, რომ უზბეკეთში საქმიანობის საფასური არის დიდი რისკი და გაუგებრობა“, - წერდა დირექტორი.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს რისკი გულისხმობდა გულნარა ქარიმოვას მიერ კომპანია Coca-Cola Bottling Uzbekistan-ის ხელში ჩაგდებას. ოჯახი, რომელმაც Coca-Cola-სთან ერთად შექმნა აღნიშნული კომპანია, მრავალი წელია ცდილობს დაამტკიცოს, რომ გულნარამ ის „მოიპარა“.

თვალი თვალისა წილ

Coca-Cola-ს ისტორია უზბეკეთში საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ორი წლის შემდეგ იწყება.

1993 წელს The Coca-Cola Export Corporation-ი, კომპანია Coca-Cola-ს შვილობილი საწარმო, ამერიკული გაზიანი და სხვა გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმისა და გაყიდვის მიზნით სამმხრივი ერთობლივი საწარმოს შექმნასა და ინვესტიციის ჩადებაზე დათანხმდა.

მანსურ მაქსუდი (მე-2 მარცხნივ) და ფარიდ მაქსუდი (მარჯვნივ) ტაშკენტის კოკა-კოლას ქარხანაში.

ორი სხვა პარტნიორი გახდა უზბეკეთის კვების წარმოების სახელმწიფო გაერთიანება „უზპიშჩეპრომი“ და კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია Roz Trading-ი.

ეს Roz Trading-ი ეკუთვნოდა ავღანეთთან ისტორიული კავშირების მქონე ეთნიკური უზბეკების, მაქსუდების, ოჯახს. ოჯახის დიდი ნაწილი 1970-იან წლებში აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. ოჯახის თავკაცი, აბდულ მაქსუდი, გავლენიანი და წარმატებული ბიზნესმენი, 1979 წელს, საბჭოთა კავშირის ინტერვენციის შემდეგაც, მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ავღანეთში. ერთობლივი საწარმოს შექმნიდან ორი წლის თავზე აბდულ მაქსუდის ერთ-ერთმა შვილმა, მანსურმა, ცოლად შეირთო გულნარა ქარიმოვა, უზბეკეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვის, უფროსი ქალიშვილი.

საწარმოს აქციები თავდაპირველად სამ პარტნიორს შორის თანაბრად განაწილდა. მოგვიანებით Roz Trading-მა საკუთარი წილი 55 %-მდე გაზარდა, კომპანია Coca-Cola-მ - 43 %-მდე.

საწარმო, სახელწოდებით CCBU, რომლის კუთვნილებაშიც იყო ცენტრალურ აზიაში უმსხვილესი სასმელების ჩამომსხმელი ქარხანა, წარმატებული გამოდგა. 2000-იან წლებში კომპანიის გაყიდვების წლიურმა მოცულობამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

1996-1997 წლებში მანსურ მაქსუდი და მისი ძმა, ფარიდი, წლის „საუკეთესო ბოთლერებად“ აღიარეს, ხოლო 1998 წელს ძმები აშშ-ში მდებარე Coca-Cola-ს შტაბბინაში მათ პატივსაცმად გამართულ მიღებას ესწრებოდნენ.

მაგრამ 2001 წლიდან მანსურ მაქსუდისა და გულნარა ქარიმოვას ურთიერთობა გაფუჭდა. 29 ივლისს, მორიგი ცოლქმრული ჩხუბის შემდეგ, გულნარა თავის ორ შვილთან ერთად აშშ-იდან გაიქცა და ტაშკენტში, საკუთარ სახლში, განაგრძო ცხოვრება.

რამდენიმე დღეში მაქსუდმა ნიუ-ჯერსის სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომელშიც ამტკიცებდა, რომ გულნარამ მათი საერთო შვილები მოიტაცა.

თავის მხრივ, პრინციპით „თვალი თვალისა წილ“, უზბეკეთის სპეცსამსახურებმა თვალთვალი დააწესეს მაქსუდის ტაშკენტში მცხოვრებ ნათესავებზე, Coca-Cola-ს ჩამომსხმელი ერთობლივი საწარმოს თანამშრომლებსა და მუშებზე.

მალე დააკავეს მანსურის სამი ნათესავი, მათ შორის მისი ბიძა, და მათ პატიმრობა მიუსაჯეს. კომპანიის სამი მთავარი მენეჯერი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა. CCBU-ს კუთვნილმა ოთხმა ობიექტმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო კომპანია Roz Trading-ის კუთვნილ აქციათა 55 %-მდე უზბეკეთის სახელმწიფოს ხელში გადავიდა.

„არ დავუშვათ პეპსის შემოსვლა“

ამ მოვლენებმა შეაშფოთა აშშ-ში მოქმედი კომპანია Coca-Cola-ს ხელმძღვანელობა.

ჯანეტ ჰოვარდი, 2001 წლის 17 აგვისტოს კომპანიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, და სხვა ხელმძღვანელები ვაშინგტონში უზბეკეთის ელჩს შეხვდნენ.

„ელჩმა გვითხრა, რომ საჭიროა კომერციული დავა საოჯახო საკითხებისგან გაიმიჯნოს. ელჩის თქმით, ფარიდმა (მაქსუდმა) უზბეკეთის მთავრობას ომი გამოუცხადა“, - დაწერა იმ დღეს ჯანეტ ჰოვარდმა.

გავიდა კიდევ ერთი თვე და 2001 წლის 24 დეკემბერს უზბეკეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს ტაშკენტსა და მის გარეუბანში მცხოვრები მაქსუდების ორი ათეული ნათესავი, მათ შორის, ქალები და ბავშვები, მოხუცი ბებია. დაახლოებით, 15-საათიანი მგზავრობის შემდეგ ისინი ავღანეთის საზღვართან დატოვეს და უბრძანეს უკან აღარ დაბრუნებულიყვნენ.

იმავე დღეს ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში Coca-Cola-ს პრეზიდენტმა, აჰმეთ ბოზერმა, კომპანიის მაღალი რანგის ხელმძღვანელებს „უზბეკეთში აქციონერთა პრობლემების“ შესახებ ელექტრონული წერილი გაუგზავნა.

„საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ახალი პარტნიორობა მაქსუდის გარეშე“, - წერდა ბოზერი.

უზბეკეთის მთავრობასთან თანამშრომლობის „გადატვირთვის“ მნიშვნელობაზე როდესაც წერდა, ბოზერი ხაზს უსვამდა კომპანიის წინაშე მდგარ ერთ-ერთ ძირითად გამოწვევას: „მთავარ პრიორიტეტს ჩვენთვის წარმოადგენს ის, რომ არ დავუშვათ Pepsi“, - წერდა აჰმეთ ბოზერი 2001 წლის 24 დეკემბრის ელექტრონულ წერილში.

აჰმეთ ბოზერმა, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ Coca-Cola-ს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა 2016 წლამდე, ანუ პენსიაში გასვლამდე, არ უპასუხა რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახურის, რადიო „ოზოდლიყის“, ჟურნალისტების ზარებს და მათი წერილობითი შეკითხვებიც უკომენტაროდ დატოვა.

როგორც ჩანს, კომპანია Coca-Cola-ს ხელმძღვანელობის მთავარი საზრუნავი იყო საწარმოს შემდგომი მუშაობის უზრუნველყოფა უზბეკეთში და არა ის, თუ ვინ გააკონტროლებდა იქ ერთობლივ საწარმოს.

„ეჭვი არ არის, რომ მაქსუდმა წარმატებული ბიზნესი შექმნა“, - უთხრა რადიო თავისუფლების უზბეკურ სამსახურს ტიმ ლეინმა, CCBU-ს საკონსულტაციო საბჭოში შემავალი სასმელების ინდუსტრიის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

„Coca-Cola უსმენდა იმას, ვინც სიტუაციას აკონტროლებდა. უეჭველია, რომ ბრენდის დასაცავად ხელმძღვანელობას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო სიუჟეტური ხაზი, ისინი მას მხარს დაუჭერდნენ“.

ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში კომპანია Coca-Cola-ს პრეზიდენტმა, აჰმეთ ბოზერმა, 2002 წლის 22 ივლისს კონფლიქტიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა. მათ შორის იგი წერდა უზბეკეთის მთავრობის მიერ გულნარა ქარიმოვას ყოფილი ქმრის, მანსურ მაქსუდის, კომპანია Roz Trading-ის აქციათა ლიკვიდაციის შესახებ.

„მაშინ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა ამ აქციათა 24 %, წინააღმდეგ უზბეკეთის კანონმდებლობისა, გადასცა სახელმწიფო კომპანია „პიშჩეპრომს“, რომლის აქციათა 33 % სახელმწიფოს ეკუთვნის“, - წერდა აჰმეთ ბოზერი. ამასთან, მაქსუდის ქონების ხელში ჩასაგდებად ხელისუფლება თავის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს იყენებდა.

„უზბეკეთის სასამართლოები სისტემატურად გამოიყენებოდა და სასამართლოებიც ხშირად მოქმედებდნენ უზბეკეთის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, იმისთვის რომ საერთო საწარმოში Roz Group-ის კუთვნილი 55 % 2001 წლის მაისიდან 2002 წლის ივლისამდე 0-მდე შემცირებულიყო“, - წერს ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში კომპანია Coca-Cola-ს პრეზიდენტი, აჰმეთ ბოზერი.

2003 წლის აპრილში უზბეკეთის მთავრობამ კომპანია Coca-Cola-ს შეატყობინა, რომ ერთიან საწარმო CCBU-ში სახელმწიფოს წილი პრივატიზებული იქნებოდა და სხვა ერთობლივ საწარმოს გადაეცემოდა.

გაუმჭვირვალე ტენდერი პრეზიდენტის სიძის მონაწილეობით

მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტი, ისლამ ქარიმოვი, მისმა მემკვიდრემ, შავკატ მირზიიოევმა, შეცვალა, ახალმა პრეზიდენტმა ხელი მიჰყო იმ რამდენიმე რეფორმის გატარებას, რომლებიც ქარიმოვის მმართველობის პროცესში ჩამოყალიბებულ მანკიერებათა აღმოფხვრისკენ არის მიმართული.

მირზიიოევი ცდილობს გააუმჯობესოს ქვეყნის შელახული იმიჯი და მოიზიდოს ქვეყნის ეკონომიკური მოდერნიზებისათვის საჭირო უცხოური ინვესტიციები.

2018 წელს უზბეკეთის მთავრობამ გამოაცხადა ზემოხსენებულ კომპანია CCBU-ში თავისი წილის გაყიდვის შესახებ და ამ პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) სთხოვა დახმარება.

ბანკმა, რომელიც მრავალ პროექტს ახორციელებს ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ეს წინადადება მიიღო, მაგრამ მოგვიანებით უზბეკეთის მთავრობამ თავისივე გადაწყვეტილებით შეაჩერა კომპანიის წილის გაყიდვაში ბანკის მონაწილეობა.

„EBRD მზად არის განიხილოს და მხარი დაუჭიროს ბანკისთვის მისაღებ პროექტებს, რომლებიც, ჩვენი კრიტერიუმების თანახმად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უხსნის გზს“, - აცნობა რადიო „ოზოდლიყს“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრესმდივანმა ანტონ უსოვმა.

2019 წელს მირზიიოევმა აუქციონზე ათეულობით სახელმწიფო საწარმოსა და ობიექტის გაყიდვის თაობაზე განკარგულებას მოაწერა ხელი.

გასული წლის ივნისში ცნობილი გახდა გადაწყვეტილება კომპანია CCBU-ში სახელმწიფოს კუთვნილი 57,1 %-ის გაყიდვის შესახებ.

მთავრობის განცხადების თანახმად, აღნიშნული საწარმო გახდა ძალიან მოგებიანი. 2020 წელს მან 160 მილიონი დოლარის, ანუ, დაახლოებით, 46 %-ით მეტი მოგება ნახა, ვიდრე წინა წელს.

2020 წლის 16 დეკემბრის წარდგინებაში სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო აცხადებდა, რომ 31 დეკემბრამდე მიიღებდა ტენდერში მონაწილეთა წერილებს და პირველი ეტაპის კონკურენტებს 14 იანვრამდე შეარჩევდა.

სააგენტო იმასაც იტყობინებოდა, რომ მთელ ამ პროცესში ექსკლუზიური კონსულტანტის როლში იქნებოდა უმსხვილესი ევროპული ბანკი Rothschild & Co.

ორი კვირის თავზე კომპანია Coca-Cola-ს თურქეთის განყოფილებამ, რომელიც უკვე აწარმოებს ოპერაციებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, განაცხადა, რომ აპირებს ტენდერში მონაწილეობას, რასაც შესაბამისი წერილითაც დაადასტურებს.

წარმატების შემთხვევაში Coca-Cola-ს კორპორაციულ სტრუქტურას შესაძლებლობა ექნება, სრულად აღადგინოს კონტროლი უზბეკეთის განყოფილებაზე.

ამგვარმა პერსპექტივამ შეაშფოთა კომპანია CCBU-ში სახელმწიფოს კუთვნილი წილის შეძენის მსურველი სხვა ბიზნესმენები თვით უზბეკეთში, რის გამოც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ცოტა ხნის წინ შექმნილი სააგენტო უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა და ტენდერის შეჩერება მოითხოვა.

მაგრამ ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთ დღეში სააგენტომ თავისი სიტყვები უკან წაიღო და აუქციონის „მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარების“ პირობა დადო.

10 თებერვალს უზბეკმა იურისტმა, ზაფარ სოლიჟინოვმა, ტენდერის ფინალისტთა სია გამოაქვეყნა. უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების სააგენტოს მიერ შერჩეულ „შორთ-ლისტში“ აღმოჩნდა კომპანია Coca-Cola-ს თურქული განყოფილება და, ასევე, მსხვილი დანიური ლუდსახარში კომპანია Carlsberg-ი.

მათ გარდა სიაშია, ასევე, ნაკლებად ცნობილი კომპანია, სახელწოდებით „უზბეკეთ-ომანის საინვესტიციო კომპანია“ (Uzbek-Oman Investment Company), რომლის ერთ-ერთ მთავარ აქციონერად პრეზიდენტ შავკატ მირზიიოევის უმცროსი სიძე, ოტაბეკ ომაროვი, ითვლება.

პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი

30 მარტს უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერის პირველი ეტაპის დასრულება, მაგრამ არ არსებობს ცნობა მასში მონაწილე კომპანიების რაოდენობისა და მათი მფლობელების ვინაობის შესახებ.

უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების სააგენტოს პრესმდივანმა, მუმინ იბიდოვმა, რადიო „ოზოდლიყს“ ურჩია, ყველა შეკითხვა გაუგზავნოს იმ უცხოურ კომპანიებს, მათ შორის ბანკ Rothschild-ს, რომელიც უზბეკეთის მთავრობას კონსულტანციებს უწევს.

ბანკმა კი ჩვენი კოლეგების ელექტრონული წერილები უპასუხოდ დატოვა.

მაგრამ CCBU-ში სახელმწიფოს კუთვნილი წილის გაყიდვა უზბეკეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც წინააღმდეგობას აწყდება.

„რამდენჯერ უნდა ეცადოს უზბეკეთის ხელისუფლება კომპანია Coca Cola Bottlers Uzbekistan Ltd-ის აქციების პრივატიზებას? ეს კორუფციული პროცესი, 20 წელიწადზე მეტია, გრძელდება. იგი დაიწყო კომპანია CCBU-ში ჩვენი 55 %-ის უკანონო კონფისკაციით, რაც შემდგომში CCBU-ს აქციათა არაერთი „პრივატიზებით“ გაგრძელდა. არადა, აქ CCBU-ს აქციათა 55 %-ის "ნამდვილი მფლობელები" ჩვენ ვართ“, - წერს მაქსუდი აშშ-იდან გამოგზავნილ წერილში.

მაქსუდების ოჯახი, რომელმაც Coca-Cola-სთან ერთად უზბეკეთში თავის დროზე პირველი ერთობლივი საწარმო შექმნა, სარჩელის შეტანას აპირებს როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მით უფრო, რომ 2017 წელს უზბეკეთის ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილ გულნარა ქარიმოვას სახელმწიფოს ქონების დატაცების მუხლით დამატებითი ბრალდება წაუყენა.

სავარაუდოდ, მის მიერ დატაცებულ ქონებად პროკურატურა 2004 წელს პრივატიზებულ კომპანია CCBU-ს აქციათა 57,1 %-საც მიიჩნევს.

ცოტა ხნით შიდა პატიმრობაში ყოფნის შემდეგ გულნარა ქარიმოვა ტაშკენტის მახლობლად მდებარე ქალთა კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც იგი, სავარაუდოდ, დღესაც უნდა იმყოფებოდეს.