ბოლო დროს რუსეთის კვლევით დაკავებული ზოგიერთი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი იმ აზრამდე მივიდა, რომ პუტინს საკუთარი იდეოლოგია აქვს. თუმცა ყველა მცდელობა, ზუსტად განესაზღვრათ, რაში მდგომარეობს ამ იდეოლოგიის თავისებურებები, ჯერჯერობით უშედეგოდ დასრულდა. მიზეზი მარტივია: სინამდვილეში კრემლს იდეოლოგია არ გააჩნია.
იდეოლოგიების დასასრულის ეპოქაში, მეხსიერების პოლიტიკა - უპირველესად კი „დიადი გამარჯვების“ კულტი - იქცა პუტინის რეჟიმის ლეგიტიმაციის მთავარ ინსტრუმენტად. ამიტომ „იდეოლოგიის“ ცნება მხოლოდ აფერხებს იმის გაგებას, თუ რას წარმოადგენს პუტინიზმი. რატომ ცხოვრობენ რუსები ბოლო 25 წლის განმავლობაში მაფიოზური სპეცსამსახურების მმართველობის ქვეშ, ტოტალურად კორუმპირებულ საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება არაფრით აქვს გარანტირებული „არც პოეტს და არც მოქალაქეს“? რაშია პუტინის რეჟიმის მდგრადობის საიდუმლო?
უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ამის მიზეზი პუტინის მმართველობის „ობიექტური წარმატებები“ იყო. აქაოდა პუტინია „სტაბილურობისა და წესრიგის“ გარანტი, რაც თითქოს განსაკუთრებით სურდათ რუსებს 90-იანი წლების განუკითხაობის შემდეგ. და ვიდრე ნავთობის მილიდან იმდენი ფული მაინც ჟონავდა რუსულ საზოგადოებაში, რომ მთავრობას კეთილდღეობის ილუზია შეენარჩუნებინა (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში), ეს არგუმენტი ბევრისთვის დამაჯერებლად მოჩანდა. ახლა კი, როცა უკრაინის წინააღმდეგ ომმა რუსეთის მხრიდან ასიათასობით მსხვერპლი გამოიწვია, ხოლო დრონების იერიშები რუსეთის სიღრმეში ისეთ ყოველდღიურობად იქცა, რომ პუტინს სამხედრო აღლუმის ჩატარებაც კი აღარ შეუძლია ზელენსკის „ნებართვის“ გარეშე, ბევრად უფრო გაუგებარი გახდა, რატომ „დუმს ხალხი“. ამიტომ მოსაზრებას, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა კრემლის იდეოლოგიის წარმატებით და რუს ობივატელზე მისი გავლენით აიხსნება (ფაშიზმისა და კომუნიზმის ანალოგიურად), დღეს მრავალი გამზიარებელი გამოუჩნდა.
ასევე ნახეთ
„რაშიზმის“ სამართლებრივი დამკვიდრება - ახალი „ნიურნბერგის“ საფუძველი?ფაშიზმის ნაირსახეობა?
მოსაზრება, რომ პუტინიზმი ფაშიზმის ერთ-ერთი ფორმაა, პუტინის მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში გახდა პოპულარული. პოლიტოლოგმა ალექსანდრ მოტილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა ეს ჰიპოთეზა. მისი აზრით, „ჰიპერნაციონალიზმი, იმპერიალიზმი და სუპრემასიზმი“ ორივე რეჟიმის იდეოლოგიის დამახასიათებელი ნიშნებია. ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი მიუთითებს პროფაშისტი ფილოსოფოსის, ივან ილინის გავლენაზე, რომელსაც პუტინი ხშირად ციტირებს თავის გამოსვლებში და რომლის ნეშტიც, პუტინის ინიციატივით, შვეიცარიიდან მოსკოვში, დონის მონასტრის ნეკროპოლისში გადაასვენეს.
ასევე ნახეთ
პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი და ომიგარდა ამისა, პუტინიზმის ბევრი რუსი მხარდამჭერი ღიად საუბრობდა ფაშიზმისადმი სიმპათიებზე — რა თქმა უნდა, მანამდე, ვიდრე კრემლის პროპაგანდამ ფაშისტებად უკრაინელები არ გამოაცხადა.
ეჭვგარეშეა, პუტინიზმსა და ფაშიზმს შორის მსგავსებები არსებობს: ძალისა და ლიდერის კულტი, ტერორი, წარსულის ნოსტალგია და მილიტარიზმი. პუტინის რეჟიმისთვის „ფაშისტურის“ წოდების სურვილი გასაგებია, რაც მისი დანაშაულებრივი ბუნების აღიარების მოთხოვნის ერთ-ერთი გზაა. თუმცა ყველა დანაშაულებრივი რეჟიმი ფაშისტური როდია, ხოლო ფაშიზმთან მსგავსებების გადაჭარბებული ხაზგასმა გვაკარგვინებს პუტინიზმის თავისებურებების აღქმას, ფაშიზმისგან მისმა აშკარა განსხვავებებმა კი ზოგიერთი შეიძლება საერთოდაც დააეჭვოს პუტინიზმის დანაშაულებრივ ბუნებაში.
2009 წლის 24 მაისი. ვლადიმირ პუტინი (რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი) სტუმრობს რუსი ემიგრანტი მოღვაწეების საფლავებს, რომლებიც ადრე დონის მონასტერში იყვნენ გადასვენებული: გენერალ ანტონ დენიკინი, ფილოსოფოსი ივან ილინი და მწერალი ივან შმელევი.
პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: პუტინიზმის ფაშიზმთან გატოლების დისკუსიამ გარკვეულწილად მისი ნორმალიზებაც კი გამოიწვია. ყირიმის ანექსიის წინ ამერიკელი ისტორიკოსი სტივენ ფ. კოენი მძაფრად აპროტესტებდა პუტინის რეჟიმის ფაშიზმთან შედარებას. კოენი ამტკიცებდა, რომ პუტინის „დემონიზაციითა“ და მისი ახალ ჰიტლერად წარმოჩენით, პუტინიზმის კრიტიკოსებს მსოფლიო ახალი „ცივი ომისა“ და ბირთვული კატასტროფის ზღვრამდე მიჰყავდათ.
პოლიტოლოგი მარლენ ლარუელი, რომელიც პუტინიზმს „ნეოლიბერალიზმის ფართო სპექტრში“ ათავსებს, მიიჩნევს, რომ პუტინის რეჟიმი არც ფაშისტურია და არც თუნდაც ისეთი, რომელშიც ულტრამემარჯვენეები დომინირებენ. მისი აზრით, პუტინიზმი განსაკუთრებული ურჩხული კი არა, მრავალთაგან ერთ-ერთი კონსერვატიული რეჟიმია. პუტინიზმის უარყოფით მხარეებთან ერთად, ლარუელი ხაზს უსვამს იმ ასპექტებსაც, რომლებსაც დასავლელი მემარცხენეები დადებითად აღიქვამენ — მაგალითად, „აშშ-ის გეოპოლიტიკური დაქვემდებარების“ უარყოფას, „დასავლეთის ჰეგემონიის“ მიუღებლობას და „ეკონომიკურ ნეოლიბერალიზმთან“ წინააღმდეგობას. ლარუელის ინტერპრეტაციით, პუტინის რეჟიმი „პოსტლიბერალურ“ რეჟიმად გადაიქცა, რადგან, მისი თქმით, რუსეთმა „ლიბერალიზმის ნაკლოვანებები საკუთარ თავზე გამოცადა“. მიჰყვება რა მსჯელობაში გლებ პავლოვსკის, ლარუელი პუტინიზმს ადარებს ჯაზ-ორკესტრს, რომელშიც „სხვადასხვა ინსტრუმენტი“ უკრავს. თუმცა ბევრად უფრო ზუსტი იქნებოდა პუტინიზმის შედარება სულ სხვა „მუსიკოსებთან“ — ვაგნერელებთან (რიხარდ ვაგნერი, გერმ. კომპოზიტორი; ვაგნერი - რუსული კერძო სამხედრო კომპანია, რომელმაც თავი გამოიჩინა სისასტიკით უკრაინასთან ომში - რ.თ.) .
მართლაც და, პუტინიზმი განსხვავდება ფაშიზმისგან. ფაშიზმში — განსაკუთრებით კი ნაციონალ-სოციალიზმში — არსებობდა სოციალიზმის ელემენტები, თუნდაც მხოლოდ „არიული რასისთვის“. პუტინიზმი უარყოფს ნებისმიერ სოციალისტურ იდეას და, მიუხედავად საკუთარი პოპულიზმისა, ღიად დასცინის თანასწორობის იდეას. გარდა ამისა, ფაშისტების უმეტესობა ათეისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბენიტო მუსოლინი ინარჩუნებდა ურთიერთობას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან, რელიგიური მესიანიზმი უცხო იყო როგორც ფაშისტური იტალიისთვის, ისე ნაცისტური რაიხისთვის. მაშინ როცა პუტინიზმმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მესიანიზმი საკუთარი პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.
იდეოლოგიური ძიებანი
დისკუსიამ პუტინიზმის ფაშისტურ ბუნებაზე კიდევ უფრო მეტად გაამყარა მკვლევართა რწმენა, რომ პუტინიზმს ნამდვილად აქვს იდეოლოგია — თუნდაც არა ფაშისტური, მაგრამ მაინც იდეოლოგია. ბევრმა დაიწყო მისი ნიშნების აღწერის მცდელობა. მაგრამ შესაძლებელია კი ეს? რადგან ისინიც კი, ვინც პუტინიზმს იდეოლოგიად მიიჩნევენ, აღიარებენ, რომ პუტინიზმს არც აბსტრაქტული წარმოდგენები არ გააჩნია და არც - უნივერსალური იდეები.
XX საუკუნის ყველაზე გავრცელებული იდეოლოგიები წარმოადგენდნენ იმ აბსტრაქტული „რეცეპტების“ სისტემას, რომელთა შესრულებასაც კაცობრიობა „უკეთესი მომავლის“ - მსოფლიო კომუნიზმის ან ათასწლოვანი რაიხის - აშენებამდე უნდა მიეყვანა. ისინი ცდილობდნენ ამ რეცეპტების გლობალურ დონეზე განხორციელებას, რაც მათი მიმდევრების თვალში ამ რეჟიმების მსოფლიო ბატონობის უფლებას ამართლებდა - იქნებოდა ეს „არიული რასის“ დომინირება თუ მსოფლიო რევოლუცია. მომავლისკენ სწრაფვა ამ იდეოლოგიების მნიშვნელოვანი ნიშანი იყო. კრემლს კი მომავლის არანაირი პროექტი არ გააჩნია, გარდა რუსეთის ისტორიულ წარსულში - მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ეპოქაში ან საერთოდ შუა საუკუნეებში - დაბრუნებისა.
ნებისმიერ იდეოლოგიას აქვს ჩარჩოები. რამდენადაც წარმოუდგენელიც უნდა ყოფილიყო საბჭოთა და ფაშისტური პროპაგანდის სიცრუე, ორივე შემთხვევაში არსებობდა საბაზისო პოსტულატები, რომელთა დარღვევასაც ისინი ვერ ბედავდნენ. სტალინს რამდენადაც უნდა ჰყვარებოდა ივანე მრისხანე, არ შეეძლო ცარიზმის ქება. ანალოგიურად, ნაცისტები ვერ უარყოფდნენ საკუთარ „რასობრივ თეორიას“.
ასევე ნახეთ
ივანე მრისხანის დაბრუნებაროგორც ზუსტად აღნიშნავს ნიკიტა სავინი, პუტინი და კრემლის პროპაგანდისტები, მიმდინარე დღის წესრიგის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა იდეოლოგიური სისტემების ნატეხებით მანიპულირებენ და მათზე უარსაც ყოველგვარი პრობლემის გარეშე ამბობენ ნებისმიერ მომენტში. წინააღმდეგობრიობა და სპონტანური არათანმიმდევრულობა პუტინის პროპაგანდის განუყოფელი ნიშნებია. ისეთი პროპაგანდისტები, როგორიც ვლადიმირ მედინსკია, პოსტმოდერნიზმის სულისკვეთებით პირდაპირ აცხადებენ, რომ ისტორიაში არანაირი ობიექტურობა არ არსებობს, რაც მათ სრულ თავისუფლებას აძლევს როგორც წარსულის, ისე აწმყოს დამახინჯების საქმეში.
კრემლი ფაქტობრივად მოქმედებს პრინციპით: რაც უფრო მეტია წინააღმდეგობა, მით უფრო ადვილია ადამიანებით მანიპულირება. საკუთარ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ხელისუფლება ჰიბრიდული ომის ტაქტიკას იყენებს. კომუნიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით, პუტინიზმი არ გვთავაზობს სამყაროს მთლიან, ერთიან ახსნას, არ იძლევა „ოქროს გასაღებს“ სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოსახსნელად. რაც შეეხება მსოფლიო ბატონობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კონსტიტუციაში მოხვდა ფრაზა რუსეთის ათასწლოვანი ისტორიის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგ ოთხწლიანმა კატასტროფულმა ომმა დიდად ვერ წასწია წინ პასუხი კითხვაზე — როგორ უნდა შექმნას კრემლმა ახალი მსოფლიო წესრიგის სურათი.
ფაშიზმის ცნობილი ისტორიკოსი რობინ გრიფინი მიიჩნევს, რომ ფაშიზმი, ისევე როგორც კომუნიზმი, საკუთარ თავს რევოლუციურ მოძრაობად წარმოაჩენდა. კრემლს კი რევოლუციების ისე ეშინია, როგორც ცხოველს ცეცხლისა. თვით რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამაც — ამ „ჯიბის ოპოზიციამ“ — თავისი ლიდერის, გენადი ზიუგანოვის პირით ახლახან განაცხადა, რომ დღევანდელი კრიზისის პირობებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან რუსეთში 1917 წლის რევოლუციის გამეორება.
ამიტომ ისინი, ვინც ცდილობენ პუტინიზმს მიაწერონ იდეოლოგია, იძულებულნი არიან გამოიყენონ ისეთი ცნებები, როგორიცაა „იმპერიალიზმი“, „ნაციონალიზმი“, „კონსერვატიზმი“, „დასავლეთთან დაპირისპირება“. მაგრამ ეს ცნებები არა მხოლოდ ვერ ხსნიან პუტინის რეჟიმის არსს, ისინი უნებლიედ მიანიშნებენ მის მსგავსებაზე სრულიად განსხვავებულ და არცთუ კრიმინალურ საზოგადოებებთან, რითაც, ავტორთა ნების საწინააღმდეგოდ, ახდენენ დღევანდელი რუსული რეჟიმის ნორმალიზებას.
ზოგჯერ კრემლის პროპაგანდაში რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მესიანიზმს რუსული იდეოლოგიის ნიშნად წარმოაჩენენ. თუმცა ისტორიულად „იდეოლოგიის“ ცნება სწორედ იმისთვის გაჩნდა, რომ საერო მოძრაობები გაემიჯნა რელიგიურისგან. თუ ამ ცნებას იმდენად გააფართოებენ, რომ მასში რელიგიაც მოექცეს, არსებობს რისკი, რომ მან საერთოდ დაკარგოს ანალიტიკური ღირებულება.
ომის კულტი კრემლის სამსახურში
საყურადღებოა, რომ „პუტინიზმის იდეოლოგიის“ სასარგებლოდ მოტანილი არგუმენტების უმეტესობა მეხსიერების პოლიტიკის სფეროს ეხება. ისინი, ვინც პუტინიზმის იდეოლოგიად გადაქცევას ცდილობენ, მიუთითებენ „დიდი სამამულო ომის“ კულტის შექმნაზე, ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდის მზარდ ბიუჯეტზე, სამხედრო-პატრიოტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, მულტიმედიური პარკის „რუსეთი — ჩემი ისტორია“ (Россия – моя история) გახსნაზე, პროკრემლური ისტორიის სახელმძღვანელოების შექმნაზე — განსაკუთრებით ვლადიმირ მედინსკის 2023 წლის სახელმძღვანელოზე (არც ალექსანდრ ფილიპოვის 2007 წლის სახელმძღვანელოს დავიწყება ეგების).
გამარჯვების კულტზე „სახალხო რეაქციის“ ერთ-ერთი ფორმა. სევასტოპოლი ანექსირებულ ყირიმში
მაგრამ ეს ყველაფერი ერთად აღებული მაინც ვერ ჩაითვლება იდეოლოგიად. ეს არის რუსეთის მეხსიერების პოლიტიკის სხვადასხვა ღონისძიება, რომლებსაც კრემლი 2000 წლიდან ატარებს. მეხსიერების პოლიტიკა (ან ისტორიული პოლიტიკა) ეწოდება სტრატეგიებს, რომლებიც გამოიყენება პროპაგანდისთვის და წარსულის პოლიტიკური ინტერპრეტაციების გასამართლებლად. მეხსიერების პოლიტიკა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფასდება წარსული და რა მნიშვნელობას იძენს იგი შთამომავლების თვალში. პოპულისტური “მეხსიერების პოლიტიკა” საშუალებას იძლევა, წარსულიდან თვითნებურად ამოიღონ ცალკეული მოვლენები და გადააქციონ ისინი დღევანდელი პოლიტიკური ამოცანების ახსნის თვალსაჩინო, მარტივ და შთამბეჭდავ საშუალებებად. იმან, რომ მემორიალურმა პოლიტიკამ ჩაანაცვლა იდეოლოგია, მათ შორის ლიბერალური იდეოლოგიაც, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა როგორც პუტინის რეჟიმის, ისე მთელი რიგი მემარჯვენე პოპულისტური პარტიების ჩამოყალიბება. ამაში კი თავისი როლი ითამაშეს როგორც გლობალურმა, ისე უშუალოდ რუსულმა ფაქტორებმა.
დავიწყოთ გლობალურით. კრემლის იდეოლოგიური ჭინთვები დაემთხვა იდეოლოგიების დაცემით გამორჩეულ ეპოქას. მომავლის კრიზისმა — სოციალური ოპტიმიზმის დაკარგვამ და მომავალი კატასტროფის შიშმა — 1970-იანი წლების ბოლოს შეარყია პროგრესის თეორიის რწმენა და ეჭვქვეშ დააყენა წარმოდგენა დროზე, როგორც შეუქცევად ნაკადზე, რომელიც ბნელი წარსულიდან ნათელი მომავლისკენ მიედინება.
რუსეთში იდეოლოგიებით იმედგაცრუება (როგორც მარქსიზმით, ასევე პოსტსაბჭოთა რეფორმების ეპოქის დასავლეთზე ორიენტირებული ლიბერალიზმის ფორმით) იქცა მნიშვნელოვან ადგილობრივ ფაქტორად, რომელმაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის ხელსაყრელი პირობები შექმნა. საკუთარი ლეგიტიმურობის (როგორც რუსეთის სრულუფლებიანი მფლობელებისა) დამტკიცების მწვავე საჭიროებამ, პუტინსა და მის გარემოცვას დიდი სამამულო ომის კულტის შექმნისკენ უბიძგა. ეს პოსტსაბჭოთა კულტი წარმოადგენს ისტორიული მეხსიერებით პოლიტიკური მანიპულაციის უკიდურეს ნიმუშს და პუტინის მემორიალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა.
ასევე ნახეთ
პუტინი VS სტალინი - „ჩანაცვლების ოპერაცია“დიდი სამამულო ომის კულტმა პუტინსა და მის გუნდს საშუალება მისცა, იდეოლოგიის გარეშე ემართათ ქვეყანა. ამ ისტორიული მოვლენის ჰეროიზებული მეხსიერება საერთო გამოცდილებად რჩებოდა როგორც პუტინის „საძმოსთვის“, ისე მისი მომავალი ქვეშევრდომებისთვის. ომის კულტმა პუტინის რეჟიმს საშუალება მისცა, ესაუბრა მარტივ და გასაგებ ენაზე, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა მათი მთავარი პოლიტიკური ოპონენტების იდეოლოგიური ენისგან — როგორც 90-იანი წლების ჩავარდნილი ლიბერალური რეფორმების მხარდამჭერთა მოწოდებებისგან, ისე კომუნისტური ლოზუნგებისგან.
უდავოა, რომ დიდი სამამულო ომის კულტმა უზარმაზარი როლი ითამაშა პუტინის რეჟიმის ლეგიტიმაციასა და მოსახლეობის მილიტარიზაციაში. თუმცა ეს სულაც არ აქცევს ამ ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციას იდეოლოგიად. ისტორია შეიძლება იდეოლოგიურ მიზნებს ემსახურებოდეს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ თავად იდეოლოგია უკვე არსებობს.
სტალინის დაბრუნება
ომის კულტმა, რომელიც ადიდებს სტალინს, როგორც გამარჯვებულ მთავარსარდალს, განსაზღვრა პუტინის მიერ მხარდაჭერილი მეხსიერების პოლიტიკის მთავარი ტენდენცია, კერძოდ — რესტალინიზაცია. ომის შესახებ სტალინური მითი დღემდე რჩება ამ პოლიტიკის „ცოცხალ სულად“.
ომის წლებში ჩამოყალიბებული სტალინური მითი ამტკიცებს, რომ საბჭოთა კავშირი მშვიდობისმყოფელი ქვეყანა იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა გერმანიასთან ერთად დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, როდესაც ხელი მოაწერა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს; მშვიდობისმყოფელი იყო მიუხედავად მისი მონაწილეობისა ესპანეთის ომში, ფინეთის წინააღმდეგ ომში, პოლონეთის მეოთხე გაყოფაში, რუმინეთისა და ბალტიის ქვეყნების ნაწილების ოკუპაციაში. ამავე მითის თანახმად, საბჭოთა კავშირმა პრაქტიკულად მარტო იხსნა მსოფლიო ფაშიზმისგან, გამარჯვების სამსხვერპლოზე კი მილიონობით სიცოცხლე მიიტანა (ზუსტი რიცხვი, სხვათა შორის, დღემდე უცნობია).
ომის შესახებ სტალინური მითის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ მომხდარიყო საბჭოთა რეპრესიების მეხსიერების გადაფარვა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაღებული გმირული მსხვერპლის მეხსიერებით. და კიდევ: რადგან მსოფლიო ვალშია საბჭოთა კავშირთან „ყავისფერი ჭირისგან“ გათავისუფლების გამო, სწორედ მას — ახლა კი მის სამართალმემკვიდრე რუსეთს — ეკუთვნის აღმოსავლეთ ევროპის რუკის საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაკეთების განსაკუთრებული უფლება. ისინი, ვინც მაშინ საბჭოთა კავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ვინც დღეს რუსეთის გეოპოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, თავად არიან ფაშისტები. უკრაინელებიც ასე იქცნენ „ფაშისტებად“. სტალინურ მითს კი პოსტსაბჭოთა დანამატად მართლმადიდებლური მესიანიზმი დაემატა.
რესტალინიზაცია, როგორც ამას ზოგჯერ დამკვირვებლები ვარაუდობენ, რუსული საზოგადოებრივი აზრის შემთხვევითი შემობრუნება არ ყოფილა; რესტალინიზაცია შედეგია მეხსიერების პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ორი ათწლეულის განმავლობაში თანმიმდევრულად ატარებდნენ. ეს პროცესი მოიცავს როგორც სახელმწიფო ღონისძიებებს, ისე ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს, რომლებიც სტალინიზმის ნორმალიზებასა და პროპაგანდას ემსახურება — ძეგლებს, მუზეუმებს, სახელმძღვანელოებს, ისტორიოგრაფიას, ომის შესახებ უსასრულო ფილმებს…
იოსებ სტალინის ბიუსტი სტალინგრადის ბრძოლის პანორამის მუზეუმში იოსებ სტალინის, გეორგი ჟუკოვისა და ალექსანდრ ვასილევსკის ბიუსტების გახსნის ცერემონიაზე. ვოლგოგრადი 2023 წლის თებერვალი.
რეპრესიების მეხსიერების ცენტრების — საერთაშორისო „მემორიალის“, „პერმ-36-ისა" და მოსკოვში „გულაგის“ მუზეუმის — განადგურება, რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლების დანგრევა ტომსკში, სანდარმოხში, იაკუტსკსა და ეკატერინბურგში, „უკანასკნელი მისამართის“ მემორიალური დაფების ჩამოხსნა — ასე ხდებოდა სტალინიზმის მეხსიერების ამპუტაცია და გადაფორმატება. ისტორიის ცინიკურმა აბუჩად აგდებამ და მეხსიერების ამგვარმა პოლიტიკამ სტალინის ეპოქის პოზიტიური გადაფასება გამოიწვია.
პუტინური რესტალინიზაცია სერიოზულ მიზანს ისახავს — ტერორი წარმოაჩინოს სახელმწიფოს მართვის საუკეთესო მეთოდად, ხოლო სისხლიანი, დანაშაულებრივი წარსულის მეხსიერება თანამედროვე რუსეთის გმირულ ტრადიციად გადააქციოს.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რესტალინიზაცია მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკით არ შემოიფარგლება და მხოლოდ ზემოდან თავსმოხვეულ იძულებას არ ეფუძნება: ეს მასობრივი მოძრაობაცაა. მაგალითად, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სტალინის 110 ძეგლიდან თითქმის 90 პუტინის მმართველობის პერიოდში დაიდგა, თუმცა ხშირად ადგილობრივი ხელისუფლების ან კერძო პირების ძალისხმევით, ზოგჯერ რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიას მხარდაჭერით, ზოგჯერ კი მის გარეშეც. ამასთან, ყირიმის ანექსიის შემდეგ “სტალინების” დადგმის ტემპი ორჯერ გაიზარდა.
ასევე ნახეთ
დაბრუნება უკანასკნელ მისამართზემაგალითის სახით შეიძლება მოვიტანოთ „ხალხთა მამის“ კულტი ვოლგოგრადში. 2026 წლის მარტში ქალაქში აღადგინეს მემორიალური დაფა იმ სახლზე, სადაც სტალინი „მუშაობდა“. შარშან პუტინმა ვოლგოგრადის აეროპორტს სტალინგრადის სახელი მიანიჭა, ხოლო 2023 წლის თებერვალში, პუტინის სტუმრობის წინ, ქალაქში სტალინის ბიუსტი დადგეს. მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს მცდელობები, ქალაქს ძველი სახელი — სტალინგრადი — დაუბრუნონ. ამ პროცესს საფუძველი ჯერ კიდევ 2000 წლის 22 თებერვალს ჩაეყარა, როდესაც უკვე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პუტინი მამაის ყორღანის მემორიალს ეწვია. ომის ვეტერანებთან მისი შეხვედრის შემდეგ ვოლგოგრადის სტალინგრადად გადარქმევის იდეა დღის წესრიგიდან აღარ მოხსნილა. 2014 წლის ივნისში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, პუტინი გამოვიდა ინიციატივით, ეს საკითხი ვოლგოგრადელთა რეფერენდუმზე გაეტანათ, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ქალაქის ხელისუფლების პრეროგატივაა. მიუხედავად ამისა, 2015 წელს რუსეთის პარლამენტმა უარყო შესაბამისი ინიციატივა, რომელიც სახელმწიფო დუმაში კომუნისტურმა პარტიამ შეიტანა. მაგრამ 2023 წლის თებერვალში ქალაქს მაინც დაარქვეს სტალინგრადი… ოღონდ ერთი დღით — სტალინგრადის ბრძოლის წლისთავისა და პუტინის მორიგი სტუმრობის აღსანიშნავად.
ასევე ნახეთ
სტალინს ვოლგოგრადში ბიუსტი გაუხსნესრა თქმა უნდა, დღევანდელი ბელადი ამ მისწრაფებებს ყველანაირად უწყობდა ხელს და აღვივებდა, თუმცა არც ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევა არ უნდა დავივიწყოთ: ბოლო წლებში ვოლგოგრადელი ბიზნესმენის ფინანსური დახმარებით ქალაქში გაიხსნა სტალინის მუზეუმი. ის ფაქტი, რომ ვოლგოგრადისათვის სახელის გადარქმევის იდეა 25 წელია დღის წესრიგიდან არ ქრება, მიუხედავად ქალაქის ხელისუფლების ცვლილებისა, ასევე სტალინის კულტის ლოკალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
პოსტსაბჭოთა რესტალინიზაცია ბრეჟნევის ეპოქის ფარული რესტალინიზაციისგან მხოლოდ მასშტაბით როდი განსხვავდება. ალბათ პუტინური რესტალინიზაციის მთავარი თავისებურება ისაა, რომ მან წაახალისა სტალინის სტიქიური „კანონიზაცია“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჯერ ოფიციალურად არ არის მზად სტალინის წმინდანად შერაცხვისთვის, მართლმადიდებლებს შორის სტალინის, როგორც წმინდანის, თაყვანისცემა სულ უფრო მასობრივ ხასიათს იღებს. საქმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ალექსანდრ პროხანოვის მიერ სამხედრო აეროდრომზე სტალინის ხატით გამოჩენაში არ არის. ზოგიერთი მართლმადიდებელი როგორც წმინდანზე, ისე ლოცულობს „ხალხთა მამაზე“, რომელმაც პირადად მოაწერა ხელი 40 ათას სასიკვდილო განაჩენს. ე.წ. იოსებ დიდისადმი ტროპარში სტალინი წარმოდგენილია, როგორც რწმენის ფარული, საკრალური მოღვაწე, „ფარი და მცველი ხალხისა ჩვენისა“, „ღვთის მიერ სამეფო იერით მოსილი მმართველი“. ყოველივე ამას თან ახლავს სახასიათო ანტისემიტური გამოხდომები.
რესტალინიზაციას ეხმიანება პუტინის მეხსიერების პოლიტიკის კიდევ ერთი მიმართულება — შუა საუკუნეების განდიდება თავისი ტერორით, ძალადობითა და სოციალური უთანასწორობით. ჩემს წიგნში „ტერორი და მეხსიერება“ ვაჩვენებ, რომ ივანე მრისხანისა და ოპრიჩნინის განდიდებით ეს ტენდენცია იმავე ამოცანას ასრულებს, რასაც რესტალინიზაცია — ამზადებს რუსულ საზოგადოებას ავტორიტარიზმიდან ნეოტოტალიტარიზმზე გადასასვლელად.
იდეოლოგიური ჩავარდნა
რუსეთში მეხსიერების პოლიტიკა ყვავის, თუმცა ახალი იდეოლოგიის შექმნის მცდელობები მარცხით დასრულდა. მაგალითად, პუტინიზმის ყველაზე ამბიციური „თეორიული“ დასაბუთება — ვლადისლავ სურკოვის 2006 წლის „სუვერენული დემოკრატიის“ იდეა — მალევე ოფიციალურად იქნა დისკრედიტირებული. ვლადიმირ მედინსკის „სახელმწიფო კულტურული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები“ (2014) კი მეხსიერებაში ბიუროკრატიული აბსურდის მაგალითად დარჩა.
პუტინიზმის მკვლევრებისგან განსხვავებით, თვითონ პუტინისტები აღიარებენ, რომ სურთ ახალი იდეოლოგიის შექმნა, მაგრამ ვერ ახერხებენ. 2022 წელს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია „მომავალი მსოფლიო წესრიგის მიმზიდველი იდეოლოგიური საფუძვლების“ განვითარებისკენ მოუწოდებდა. ამ იდეას აღფრთოვანებით გამოეხმაურა ალექსანდრ დუგინი და პუტინიზმის, როგორც „ახალი იდეოლოგიის“, შექმნის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა ამ რთულ ამოცანას დღემდე ვერ გაართვა თავი. თავად პუტინმაც ვერ მოიფიქრა იმაზე უკეთესი, ვიდრე 2025 წელს გაკეთებული განცხადებაა, რომლის მიხედვითაც, კომუნისტური იდეოლოგია „პატრიოტიზმით“ უნდა ჩანაცვლდეს. შესაძლოა, ეს იდეა პუტინის სპიჩრაიტერის კალმის წვერზე იმ დასავლელი პოლიტოლოგების ნაშრომებიდან მოხვდა, რომლებიც პატრიოტიზმს პუტინის იდეოლოგიის ნაწილად განიხილავენ. არ არის გამორიცხული, რომ თავად მოსაზრებაც, რომ თითქოს ყველა თავმოყვარე რეჟიმს თავისი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს, იმავე წყაროებიდან მომდინარეობდეს.
პუტინის რეჟიმის საჭიროებებს ბევრად უფრო ზუსტად უპასუხებს მეხსიერების პოპულისტური პოლიტიკა, ვიდრე იდეოლოგია. რუსეთის ისტორია, რომელიც ყველასთვის სკოლის მერხიდანვეა ნაცნობი, იქცევა იმ ენად, რომლითაც ხელისუფლება ხალხს ესაუბრება. მეხსიერების პოლიტიკა შესაძლებლობას იძლევა, წარსულის სისხლიანი ფრაგმენტები თვითნებურად შეაწებონ და „კეთილ ეროვნულ ტრადიციად“ გადააქციონ დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე დამახინჯებებითა და მათთვის კონიუნქტურული შინაარსების მინიჭებით. იდეოლოგიებისთვის დამახასიათებელი ჩარჩოებისგან თავისუფალი და უფრო მოქნილი მეხსიერების პოლიტიკა, რუსეთში წარმატებული გამოცდის შემდეგ, მემარჯვენე პოპულიზმის საყვარელ იარაღად იქცა არა მხოლოდ კრემლის სამფლობელოებში, არამედ დასავლეთშიც.
პუტინიზმი ახალი ტიპის დანაშაულებრივი რეჟიმია. ისტორიისა და მეხსიერების გამოყენებისადმი მისი მიდგომები ამ სიახლის შემადგენელი ნაწილია. თუმცა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.