“ოჯახებით მიდიან, უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ” - როგორ ცვლის მიგრაცია დემოგრაფიულ სურათს საქართველოში

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი - წარმოიდგინეთ ორი ქალაქის - ზუგდიდისა და გორის მოსახლეობა ერთად. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი საქართველო დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა დაახლოებით იმდენივე ადამიანი, რაც მის ერთ რეგიონში - შიდა ქართლში ცხოვრობს, ანუ 244 966. საქართველოდან გასულთა მონაცემებს ყოველ წელს საქსტატი აჯამებს. რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოდან იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი გადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, ვიდრე უკან ბრუნდება ემიგრაციიდან.

მეტი აჩვენე

2023 წლის მარტში, NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებდა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.

მათი რიცხვი კი, ვისაც ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს საზღვარგარეთ და მისი გამოგზავნილი ფულით ინახავს ოჯახს, 2019 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე 12-დან 16%-მდე გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს მშპ-ს 13%-ს ემიგრანტების გამოგზავნილი ფულადი გზავნილები შეადგენდა.

ამ სტატიაში ემიგრანტების ისტორიების და ოფიციალური სტატისტიკის დახმარებით ვეცდებით გაჩვენოთ, როგორც იცვლებოდა წლებთან ერთად ქართველი მიგრანტების დანიშნულების ადგილები და მიზეზები, რის გამოც საქართველოს ტოვებდნენ.

“დავიღალე, მთელი ცხოვრებაა აქციებზე ვდგავარ“

ერთი თვეც არ არის, რაც თბილისიდან ბრიუსელში ერთი ზურგჩანთით და ერთი ჩემოდნით წავიდა ერეკლე აბაშმაძე, 34 წლის მასწავლებელი. ერეკლე საქართველოში უკან დაბრუნებას აღარ აპირებს და ბელგიისგან თავშესაფარს ითხოვს.

“მარტის აქციების შემდეგ გადავწყვიტე. არასდროს ვფიქრობდი, რომ შეიძლება ეს ნაბიჯი გადამედგა. მარტო ვცხოვრობდი, სამსახური მქონდა, წარმატებულ ადამიანად ვითვლებოდი და შეიძლება რაღაცებზე თვალი დამეხუჭა, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი არ იცვლება. არც პროფესიულად განვითარების შანსი გაქვს, არც ეკონომიკურად გაძლიერების. რაც მაწუხებდა 20 წლის ასაკში, ის არ უნდა მაწუხებდეს 34 წლის ასაკშიც. პროგრესულად მოაზროვნე ხალხი გარბის და რჩება ეს პრორუსული, მოძალადე ადამიანები, ვისაც მოსწონს ის ყოფა, რომელშიც ვართ. ბოლოს რომ მოვიხედე, მეგობარი აღარ მყავდა დარჩენილი, ყველა წასული იყო”, - ამბობს ერეკლე და ამატებს, რომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო თავისი ყოფილი მოსწავლეების დანახვა საპროტესტო აქციებზე. ამ დროს მიხვდა, რომ ისინიც იმავე წრეზე სიარულისთვის იყვნენ განწირულები, რაზეც თვითონ დადიოდა.

თავშესაფრის მიღებამდე ერეკლე ენის კურსებზე დადის და იმედი აქვს, რომ ემიგრაციაშიც შეძლებს მასწავლებლის პროფესიის შენარჩუნებას.

“ყველაზე მეტს ბავშვებზე ვფიქრობ, რანაირები იქნებიან, ვემახსოვრები თუ არა, რანაირ ცხოვრებას აირჩევენ, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ. დანაშაულის შეგრძნება არ მაქვს, რომ წამოვედი. კარგი მოქალაქე ვიყავი, ყველას მხარს ვუჭერდი და სულ ვიბრძოდი უსამართლობის წინააღმდეგ. ჩემ პროფესიაშიც მყარად ვიყავი და იმ სიყვარულს, რასაც გავცემდი, ასმაგად ვიღებდი. უბრალოდ, ძალიან დავიღალე”, - ამბობს ერეკლე და იხსენებს, რა იყო ბოლო წვეთი, რამაც ქვეყნიდან წასვლა გადააწყვეტინა.

ერეკლე აბაშმაძე აღსაზრდელებთან ერთად, 2015 წელი

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არტისტმა ანდრო დადიანმა საქართველოს საპატრიარქოსთან ინსტალაცია განათავსა - ეს იყო კალათბურთის ფარი ხორცის ნაფლეთებით იმის ნიშნად, რომ ეკლესია ადამიანებს ღმერთის სიყვარულის სახელით ანადგურებდა. ერეკლე ანდროს მეგობარია და მას ამ ინსტალაციის მოწყობაში დაეხმარა - ფოტოებზე ამოიცნეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში უწყვეტად იღებდა მუქარის წერილებს სოციალურ ქსელებში.

“ყოველდღე მწერდნენ: მოგკლავ, დაგწვავ, დაგასახიჩრებ. ადრე არ მეშინოდა, როცა უფრო პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა შევშინდი: არც დაცული ხარ სახელმწიფოს მხრიდან და აღარ ბრძოლის უნარი მაქვს”, - ამბობს ერეკლე. ის ახლა “ორ რამეს სთხოვს განგებას”: მშვიდ ცხოვრებას თავისთვის და უკეთეს ქვეყანას მისი საქართველოში დატოვებული მოსწავლეებისთვის.

ერეკლე და ანდრო დადიანი "ხორცის ფარით" საპატრიარქოსთან. 2023 წლის 17 მაისი.

სანამ ერეკლე თავშესაფარს ელოდება, ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო, რაც ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლებს გაუმარტივებს იმის დამტკიცებას, რომ საქართველოში მათი სიცოცხლე და თავისუფლება შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს.

საქართველო, რომელიც ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის საიტზე ალბანეთთან, სერბეთთან, კოსოვოსთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილო მაკედონიასა და ინდოეთთან იყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში, 10 ივლისის შემდეგ აღარ იძებნება ამ ქვეყნების გვერდით.

“ახლა ოჯახებით მოდიან და უკან დაბრუნებას აღარ აპირებენ”

“ადრე, იტალია-საბერძნეთს რომ მიაწყდნენ ქართველები, მაშინ ოჯახიდან მოდიოდა ერთი ადამიანი და რასაც შოულობდა, საქართველოში აგზავნიდა იმ ფულს. ახლა ოჯახებით მოდიან, ორსულები მოდიან, ბავშვებით მოდიან და აღარ აპირებენ უკან დაბრუნებას”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 31 წლის თამარა ლამაზოშვილი.

თამარამ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო და პოლიტიკური დევნილის სტატუსი ირლანდიაში მოითხოვა. ახლა ლონდონში ცხოვრობს და მუშაობის უფლებას ელოდება. სანამ ლეგალურად მუშაობა შეეძლება, ერთ-ერთ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე იურიდიულ კომპანიაში გადის სტაჟირებას და მიგრანტებს ეხმარება. ყოველდღიურად ათ ქართველს მაინც უწევს კონსულტაციას.

თამარას საქართველოდან წამოსვლა ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად პოლიტიკურმა შეხედულებებმაც განაპირობა. 2017 წელს ის იყო მერობის 369 კანდიდატიდან 47 ქალს შორის ერთ-ერთი და ყველაზე ახალგაზრდა - კენჭს თელავში “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით იყრიდა. ბოლო ათი წელი “პარლამენტის წინ აქციებზე გაატარა” და მისმა პროტესტმა და პოლიტიკურმა აქტიურობამ თავსატეხის გარდა ბევრი არაფერი მოუტანა.

თამარა საპროტესტო აქციაზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან. 2021 წლის 2 მარტი

“სამსახური არ მაღირსეს, სადღაც დავიწყებდი მუშაობას, მერე რაღაც აქციაზე გავიდოდი, გამომიშვებდნენ. გასაუბრებაზე მივიდოდი, ამიყვანენ, სუსიდან მირეკავდნენ, ჩვენთან თუ ითანამშრომლებ, იმუშავებ, თუ არა, არ იმუშავებო. ამას ის დაემატა, რომ სახლის პატრონმა, რომლისგანაც [თბილისში] ბინას 700 ლარად ვქირაობდი, დამირეკა და მითხრა, 700$-ს თუ გადამიხდი, დარჩი, თუ არადა, რუსები მყავს და იმათ მივაქირავებ. ეს იყო ბოლო წვეთი.

ერთ ზურგჩანთაში ჩავალაგე ორი ხელი ტანსაცმელი და ისე წამოვედი, არანაირი გეგმა არ მქონდა. მადრიდში ჩავედი და იქიდან ირლანდიაში გადმოვედი. 2022 წელს 10 000-ზე მეტი ქართველი მიგრანტი შევიდა ირლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნით, საშინელი მდგომარეობაა. საერთო თავშესაფარში ვიყავი, სკამებზე მეძინა რამდენიმე კვირა”, - გვიყვება თამარა. ის ირლანდიაში საჰაერო გზით შევიდა, მაგრამ იცნობს ადამიანებს, ვინც აქ მოსახვედრად საშიშ, საზღვაო გზას იყენებს.

საფრანგეთის სანაპიროებზე პოულობენ ადამიანებს, ვინც გასაბერი ნავით უშვებს ბრიტანეთის წყლებში მოსახვედრად ღია ზღვაში ადამიანებს გამყოლის გარეშე იმ იმედით, რომ ბრიტანული საზღვაო პოლიცია მათ შეამჩნევს და ხმელეთზე გაიყვანს. თამარა ამბობს, რომ ეს გზა გაცილებით საშიშია, ვიდრე მექსიკის საზღვრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლა.

რა ხდება მექსიკის საზღვარზე?

მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა უკვე ათასობით საქართველოს მოქალაქემ სცადა. ესაა გრძელი, ძვირი და საშიში გზა, რომელიც ათასობით დოლარი ჯდება. ე.წ. გადამყვანების დახმარებით თავშესაფრის მაძიებლები, ხშირად ფეხით, გადადიან მექსიკიდან ამერიკის საზღვარზე, ბარდებიან ამერიკელ მესაზღვრეებს და ხვდებიან საემიგრაციო ციხეში, სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ ქვეყანაში, საიდანაც გამოიქცნენ, მათთვის ცხოვრება უსაფრთხო არ არის და ემიგრაციის გარდა სხვა არჩევანი არ გააჩნიათ.

მექსიკაში ლეგალურად მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეებს ორი გზა აქვთ - მექსიკის ვიზა ან პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.

სწორედ პოლონეთის სამუშაო ვიზით წავიდა ამერიკაში მექსიკის გავლით 2022 წლის ბოლოს ცოლთან და ორ შვილთან ერთად მეღვინე, აკაკი ბახსოლიანი.

“თბილისიდან რვა თვის და ორი წლის ბავშვებთან ერთად გამოვფრინდით ათენში, ათენიდან მადრიდში, მადრიდიდან მექსიკაში, ქალაქ კანკუნში და იქიდან ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ჩამოვაღწიეთ ამერიკაში”, - გვიყვება აკაკი.

ახლა ის და მისი ოჯახი საემიგრაციო სამსახურთან გასაუბრებას ელოდება, რომელიც უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ, ავიწროებდნენ და ხელს უშლიდნენ ბიზნესის წარმოებაში. აკაკი საკუთარი ვენახებიდან ღვინის წარმოებისთვის შვედეთიდან საქართველოში 2019 წელს დაბრუნდა დიდი გეგმებით - მალევე მიხვდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოების გარეშე გრანტების მოპოვებაც გაუჭირდებოდა ბიზნესისთვის, პროდუქციის დისტრიბუციაც გაუჭირდებოდა და ღვინის გამოფენებში მონაწილეობაზეც პრობლემები შეექმნებოდა. სექტემბერში დაგეგმილ გასაუბრებაზე საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელს ამ ამბებს დაწვრილებით მოუყვება.

მიგრანტები მექსიკის საზღვართან. 2023 წლის 10 მაისი

ბოლო თვეებში სამუშაო ვიზის მიღება პოლონეთში გართულდა, ამიტომ ქართველი მიგრანტების ნაწილმა ახალი გზა იპოვა - ნიკარაგუის გავლით, უვიზოდ. ამ გზაზე გამოცდილებები განსხვავებულია.

ნიკარაგუიდან მანქანით გადმოვედით მექსიკაში ტაპაჩულაში.

ტაპაჩულიდან გადავფრინდით ტიხუანში.

10 დღე ვიყავით გზაში რადგან 5 პატარა გვყავდა და მგზავრობის დროს ძალიან იღლებოდნენ. სამი დღეა რაც გამოვედით დეთენშენიდან [წინასწარი დაკავების ოთახი]. კალიფორნიის დეთენშენში ვიყავით ჩაბარებულები. 2 დღე ვიყავით ქალები და ბავშვები. კაცები ჯერ არ გამოუშვიათ”, - 8 დღის წინ დაწერა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა ფეისბუკის ჯგუფში, სადაც ათასობით მექსიკიდან ამერიკაში გადასვლის მსურველია გაწევრიანებული.

“გზა ნიკარაგუიდან მექსიკამდე არის ჯოჯოხეთი!

სანამ წამოხვალთ კარგად დაფიქრდით გიღირთ თუ არა ამ გზის გამოვლა, ლაპარაკის დროს სულ სხვა გზას გვისახავდნენ და რეალობა სულ სხვა დაგვახვედრეს. 2 და 8 წლის ბავშვებთან ერთად გამომატარეს ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი უფრო მარტივად აღსათქმელია ვიდრე ამ გზის გამოვლა!“ - ეს სხვა ქალია, რომელიც “გადამყვანს” სთხოვს, უკან დაუბრუნოს ფული, რომელიც ამ გზის გავლისთვის გადაუხადა. “გადამყვანი” არის ადამიანი, ვინც პირობას იძლევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე მოსახვედრად გასავლელ გზას უსაფრთხოდ გაგატარებს და ყველა ეტაპზე გაუწევს დახმარებას კლიენტს - ამ სერვისისთვის, რომელსაც ემიგრაციაში წასვლის მსურველები ხშირად ვერ ან ნაწილობრივ იღებენ, რამდენიმე ათას დოლარს იხდიან.

ასევე ნახეთ ემიგრაცია კანადაში „უნარიან მუშად“

“რამდენ დედას ჰყავს შვილი დატოვებული”

“ზუსტად 7 თვე გახდა რაც აქ ვარ. ვმუშაობ, არ ვწუწუნებ სამსახურზე, არ ვარ ცუდ ოჯახში, პირიქით, შეძლებისდაგვარად რაც შეუძლიათ მაქსიმალურად მეხმარებიან, უბრალოდ, ვერ ვეგუები. ვერ ვეგუები ჩემი შვილების გარეშე ყოფნას, ვერ ვუძლებ.

ხან ვფიქრობ, რომ რამდენ დედას ჰყავს შვილი დატოვებული, მხოლოდ მე ხომ არ ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვეგუები. სული მეხუთება. მგონია რომ ყელში ვიღაც მიჭერს ხელს და ვიხრჩობი. არ ვიცი რატომ ვწერ და რას ვითხოვ თქვენგან. მხარდაჭერას? შევძლებ, გამომივა? თუ დავნებდე და წავიდე? მგონია, რომ არ აღმოვჩნდი საკმარისად ძლიერი საიმისოდ, რომ ამ ყველაფერს გავუძლო”, - ეს ახალგაზრდა ქალის პოსტია ფეისბუკის დახურულ ჯგუფში, რომელიც იტალიაში მცხოვრებ ათასობით ქართველ მიგრანტს აერთიანებს.

ჯგუფის წევრები ქალს ამხნევებენ, რომ ესმით მისი, რომ თვითონაც იგივე, არცთუ მარტივი გზა გაიარეს. ზოგი ურჩევს შვილებს დაუბრუნდეს, ვინაიდან ამ დროს ვეღარ დაიბრუნებს, ზოგი ეუბნება, რომ 7 თვე ცოტაა ადაპტაციისთვის, გზადაგზა ყველაფერს შეეჩვევა და თუკი უკვე იტალიაშია და სამსახურიც უშოვია, სჯობს დარჩეს და ბავშვების მომავლისთვის ფული მოაგროვოს.

“იცი რა ცუდად ვარ? სახლში სამი შვილი მელოდება და ჩემს ტანსაცმელს ეხუტებიან. იცი რა საშინელებაა? მაგრამ ეცადე მუსიკებს მოუსმინო, ფილმებს უყურო ყურადღების გადასატანად, როცა დრო გექნება. ეცადე არ დაისტრესო, აიყვანე თავი ხელში”, - ურჩევს ერთ-ერთი ქალი ახლად ჩამოსულს. ვიღაც კითხულობს, რატომ ლაპარაკობენ ქალები მხოლოდ შვილების მონატრებაზე და არ ახსენებენ საქართველოში დატოვებულ ქმრებს.

იტალია წლებია იზიდავს საქართველოში ქვეყნის გარეთ სამსახურის მაძიებლებს - 2022 წლის მონაცემებით ამ ქვეყანაში 22 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს - იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში, 2012-დან 2022 წლამდე თითქმის გასამმაგდა. ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყოველთვიურად საქართველოდან იტალიაში ჩასული ორასი მოქალაქე მაინც ითხოვდა თავშესაფარს - 2017 წლამდე ამდენი ქართველი მთელი წლის განმავლობაში არ ჩადიოდა იქ თავშესაფრის საძებრად.

მეტი აჩვენე

სავიზო ლიბერალიზაცია თუ სიღარიბე - რატომ მიდიან სამუშაოდ სხვა ქვეყნებში

საქართველოს ხელისუფლება ევროპაში საქართველოს მოქალაქეების ასეთ დიდ ნაკადს 2017 წლის შემდეგ ამოქმედებული სავიზო ლიბერალიზაციით ხსნის.

42 წლის ნონა, რომელიც იტალიის პატარა ქალაქ ავეძანოში სამსახურის საშოვნელად 2018 წლის თებერვალში წავიდა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ უვიზოდ ევროპაში წასვლის შესაძლებლობამ მას იტალიაში მოხვედრა კი გაუმარტივა, მაგრამ ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულა.

ნონა მარტოხელა დედაა, საქართველოშიც ბევრს და დაუღალავად მუშაობდა, მაგრამ იმ ფულით, რასაც სამშობლოში შოულობდა, ვერასოდეს შეძლებდა ფიქრს ბინის ყიდვაზე ან თუნდაც შვილებთან ერთად ევროპის ქვეყნებში მოგზაურობაზე. ამიტომაც 5 წლის წინ ნონამ ორი შვილი და ტანსაცმლის მაღაზია ტყუპისცალ დას დაუტოვა და სამხრეთ იტალიაში წავიდა, სადაც მეგობრები ეგულებოდნენ, მასზე ადრე წასული ქალები. ისინი დაეხმარნენ მოხუცის პოვნაში, რომელსაც ნონა მოუვლიდა.

პირველი ოთხი წელი სამუშაო უფლების მოპოვების მოლოდინში არალეგალურად მუშაობდა, რამდენიმე თვეა, რაც მიიღო სტატუსი, რომელიც უფლებას აძლევს იმუშაოს იტალიაში, იმოგზაუროს შენგენის ზონის ქვეყნებში და თუკი მოუნდება, საქართველოშიც ჩავიდეს.

“ახლა მილანში ვარ. იმის გამო, რომ ლეგალურად ვმუშაობ, ხელფასიც უკეთესი მაქვს. რაც ამ ქვეყნიდან სარგებელი მივიღე, არის ის, რომ ამათი ენა ვისწავლე, ამათ კულტურას მეტ-ნაკლებად გავეცანი, უამრავი ქალაქი ვნახე, რაც საქართველოდან ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, მენახა”, - გვიყვება ნონა.

ნონა დასვენების დღეებს მოგზაურობისთვის იყენებს. 2022 წლის ივნისი

70% ქალი

იტალია, საბერძნეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და ბელგიასთან ერთად ქართველი მიგრანტების მთავარი მიმართულებებია. ამ ქვეყნებში ეძებდნენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოდან ყველაზე ხშირად სამუშაოს, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას თუ განათლებას ან სულაც პოლიტიკურ თავშესაფარს.

მეტი აჩვენე

ევროპის ქვეყნებში ქართველი ემიგრანტების თითქმის 70% ქალია, რომელთა ძირითადი სამუშაო საოჯახო საქმეებში დახმარება და მოხუცების მოვლაა. მიგრანტებს შორის გენდერული ბალანსი დაცულია მხოლოდ გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ქართველი ემიგრანტი კაცები ქალებს სჭარბობენ მხოლოდ პოლონეთში, სადაც 2022 წლის მონაცემებით უკვე 27 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მათი 87% კაცია. ქართველები პოლონეთში ძირითადად საწარმოებში ან მშენებლობაზე საქმდებიან. პოლონეთის სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტის მონაცემებით, ჯერ კიდევ 2015 წელს პოლონეთში ქართველი მიგრანტების რაოდენობა ათასს არ აღემატებოდა.

მეტი აჩვენე

ემიგრანტების რიცხვი იმატებს, შობადობა და უმუშევრობა იკლებს

ინტენსიური ემიგრაციის პარალელურად, საქართველოს დემოგრაფიისთვის გამოწვევაა შობადობის კლებაც. 2022 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ახალშობილების რაოდენობა 2014 წლის შემდეგ სტაბილურად იკლებს.

მეტი აჩვენე

უარყოფითი მიგრაციული სალდოს და შობადობის კლების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2014-დან 2022 წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება და სტაბილურად 3,7 მილიონ ადამიანს ითვლის.

მოსახლეობის რიცხვის უცვლელობის საიდუმლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმიგრაციაა. 2012 წელთან შედარებით 2022 წელს გაორმაგებულია იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც საქართველოში სამუდამოდ ან დროებით საცხოვრებლად შემოდის და უარს ამბობს თავის ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებაზე.

მეტი აჩვენე

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს რუსეთის 56 369 მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად. ეს უფრო მეტია, ვიდრე გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ 2022 წლის თებერვლიდან ამ დრომდე, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 20 000-ზე მეტი ბიზნესი დაარეგისტრირეს და ასობით ბინა იყიდეს. IDFI-ს მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში - 5%-დან 17,6%-მდე.

საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია და რუსეთის მოქალაქეების გრძელვადიანი გეგმებით გადმოსახლება საქართველოში ცვლის როგორც დემოგრაფიულ სურათს, ისე დასაქმებულთა სტატისტიკას.

რუსი მიგრანტების თითქმის ნახევარი თვითდასაქმებულია ან უცხოური კომპანიებისთვის მუშაობს დისტანციურად.

მეტი აჩვენე

საქართველოში საქსტატის მონაცემებით, 2015-2020 წლებში სამუშაო ძალის, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა. 2020 წლის შემდეგ ეს მონაცემები განსხვავებულია - სამუშაო ძალამ ზრდა დაიწყო, უმუშევრობამ - შემცირება.

პოლიტიკური ჯგუფი, “ევროოპტიმისტები” ფიქრობენ, რომ ეს ზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე ხდება. მეტიც, მათი აზრით, უმუშევრობის შემცირებაც ემიგრაციაში წასული საქართველოს იმ მოქალაქეების ხარჯზე ხდება, ვინც უმუშევრობის გამო მიდის საზღვარგარეთ და აკლდება როგორც სამუშაო ძალას, ისე უმუშევართა საერთო რიცხვს.

ხელისუფლება უმუშევრობის შემცირებას ეკონომიკურ ზრდას მიაწერს, სოციალურად დაუცველებისთვის კი დასაქმების სპეციალურ პროგრამებს ქმნის, რომლის ფარგლებშიც გასულ, 2022 წელს 12 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა.